კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ცნობილი ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი – პირველი ეგზოსკოპი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  ცნობილ და წარმატებულ ნეიროქირურგს, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელს – ბატონ გოგი მაღალაშვილს წარდგენა არ სჭირდება. სწორედ, მისი ინიციატივითა და ფირმა olimpus-თან შეთანხმებით, შეიძინა ცოტა ხნის წინ  თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ იაპონური კონცერნების – olimpus-სა და sony-ს, ერთობლივი ნაწარმი, უახლესი თაობის მიკროსკოპი-ეგზოსკოპი, რაც არა თუ საქართველოში, არამედ ევროპაშიც კი პირველია. რა ახალი მიმართულებები დაინერგა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში და რა უპირატესობები აქვს ეგზოსკოპს, ამის შესახებ თავად ბატონი გოგი მაღალაშვილი გვესაუბრა.
  გოგი მაღალაშვილი: დაახლოებით, სამი წლის წინ ჩვენს კლინიკაში დავნერგეთ, ეგრეთ წოდებული, ინტრაოპერაციული ელექტროფიზიოლოგიური მონიტორინგი, რაც ნიშნავს ძილის მდგომარეობაში ავადმყოფის ტვინის ფუნქციების გაკონტროლებას. მეთოდი გვაძლევს საშუალებას, რომ  ინტრაოპერაციულად გვქონდეს  მაჩვენებელი, თუ რა სიღრმისაა ძილი. ვაკონტროლოთ ნარკოზის სიღრმე ელექტროფიზიოლოგიურად, გარდა ამისა, კონტროლი გავუწიოთ ტვინის სხვადასხვა ფუნქციებს, რათა არ მოხდეს მათი ინტრაოპერაციული დაზიანება, რაც შესაბამისად, ტვინის არსებული ფუნქციების შენარჩუნებაში გვეხმარება. ინტრაოპერაციული ელექტროფიზიოლოგიური მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ, თუ რა რადიკალიზმით ვიმუშაოთ. ამ ტექნოლოგიამ 20-25 პროცენტით შეგვიმცირა პოსტოპერაციული გართულებები და ინვალიზაცია. მთელი რიგ ქვეყნებში ნეიროქირურგიული ოპერაციები ელექტოფიზიოლოგიური მონიტორინგის გარეშე, უბრალოდ, აკრძალულია. საქართველოში ეს ტექნოლოგია  მხოლოდ ჩვენს  კლინიკაშია დანერგილი, ამიტომ ბევრი კლინიკა  იწვევს  ჩვენს პერსონალს, რათა ოპერაციების ელექტრონული მონიტორინგი გამოიყენონ.  
– ეგზოსკოპის აპარატი ევროპაში პირველებმა თქვენ შეიძინეთ...
– მსოფლიოს ორმა უდიდესმა ბრენდმა – olimpus-მა და sony-მ გადაწყვიტა, შეექმნათ ეგზოსკოპი, ანუ უახლესი თაობის ნეიროქირურგიული მიკროსკოპი, რომელიც  ხუთი თვის წინ შევიძინეთ. ჩვენი აპარატი რიგით  მეცხრეა მსოფლიოში, აქედან ხუთი გაყიდულია იაპონიაში, სამი – ამერიკაში, ევროპაში კი ჩვენ ვართ პირველები.  ეგზოსკოპის სანახავად ჩვენთან ჩამოსულები იყვნენ ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და მათაც გადაწყვიტეს შეძენა.
– რა კომფორტს უქმნის ქირურგს ეგზოსკოპით მუშაობა?
– ეგზოსკოპი 3D აპარატია და აქვს 16K გამოსახულება, მონიტორი გაყოფილია 4 ნაწილად და თითო ნაწილში პიქსელების რაოდენობა მიეწოდება, როგორც 4K, ჯამში – 16K, ვერ წარმოიდგენთ, როგორი ხარისხია, მგონი, რეალურზე უფრო უკეთესი გამოსახულებაა. ოპტიკური გადიდების ნაცვლად, რაც აქვს დღეს მსოფლიოში არსებულ ყველა მიკროსკოპს, ეგზოსკოპს დიგიტალური ზუმი აქვს, რამდენიც არ უნდა გაადიდო, გამოსახულება არ ფუჭდება და  30 და 40 გადიდებაზე ფოკუსური სიღრმე ისეთი აქვს, როგორიც 12 გადიდებაზე. ეს ამ მიკროსკოპის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა დიგიტალური გადიდება, დიგიტალური ზუმი გვაძლევს საშუალებას, რომ გავადიდოთ ობიექტი 40-50-ჯერ, ისე რომ ფოკუსი არ დაიკარგოს. ეს არანორმალურად მოსახერხებელია ქირურგისთვის.
  გარდა ამისა, როდესაც ჩვეულებრივ მიკროსკოპში კუთხეს ცვლი, იცვლი შენს პოზიციასაც და ზოგჯერ დგომა ძალიან მოუხერხებელ პოზაში გიწევს, რაც ქირურგისთვის ძალიან დამღლელია, ეგზოსკოპის შემთხვევაში შენ არ იყურები ოკულარში, უყურებ მონიტორს, უშველებელი მონიტორია და პრაქტიკულად, ჭრილობაში ხარ. აქვს ძალიან დიდი გადიდება, გარდა ამისა, გაუნძრევლად ზიხარ და ამოძრავებ ტუბუსს მხოლოდ და იმ კუთხიდან შეხედავ, რა კუთხეც შენ გინდა, ამიტომ ქირურგი არ იღლება. როდესაც სიღრმეში ვმუშაობთ და მაგალითად, ჭრილობის ზედაპირიდან მანძილი 25 სანტიმეტრია, შენივე ინსტრუმენტი გეფარება და ვერ ხედავ.  ეს რომ არ მოხდეს, გამოგონილია სპეციალური ფორმის ინტრუმენტები, თუმცა ეს ართულებს მანიპულაციას, რაც ძალიან მოუხერხებელია. ეგზოსკოპს კი საშუალება აქვს, განახორციელოს ფოკუსური მანძილი  22 სანტიმენტრიდან 1 მეტრამდე. აღსანიშნავია, რომ ღრმა ჭრილობაში  მუშაობის შემთხვევაში, განათების კუთხე, რაც შეიძლება, დაბალი უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა ემთხვეოდეს შენი მხედველობის მიმართულებას. თუ გვერდითი განათებაა, გვერდებს ანათებს და სიღრმეში არ ჩანს. ამ აპარატს ისეთი განათების სისტემა აქვს, რომ ორი მეტრის მანძლიდან რომ დაანათო, ყველაფერი კაშკაშებს. შესაბამისად, სიღრმეში უფრო უკეთეს განათებას იძლევა.
– შედეგების მხრივ, როგორ გეხმარებათ?
– ეგზოსკოპს აქვს ისეთი ფუნქცია, რასაც ჰქვია blue light imagine, ეს არის ულტრაიისფერი ხედვა. ძალიან ხშირად ტვინის სიმსივნეები ტვინის ქსოვილისგან ძნელი გასარჩევია და სიმსივნის ამოკვეთის დროს ზოგჯერ ტვინის ქსოვილსაც ვიღებთ ან, პირიქით, სიმსივნის ნაწილი გვრჩება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, საზღვარი ზუსტად იყოს დადგენილი. blue light imagine-ს შემთხვევაში, ულტრაიისფერი განათების ფონზე, იხმარება პრეპარატი, რომელიც სიმსივნეს ფერავს  ვარდისფრად და შესაბამისად, სიმსივნისა და ნორმალური ქსოვილების გარჩევა მკვეთრად გაუმჯობესებულია. პრეპარატი პაციენტს ეძლევა 2-3 საათით ადრე და ოპერაციის დროს სიმსივნე ულტრაიისფერ სხივებში იფერება. რაც უფრო ავთვისებიანია სიმსივნე, შეფერვა უფრო ინტენსიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, სიმსივნის ავთვისებიანობის ხარისხი თვალით დავინახოთ. საზღვარი სიმსივნესა და ნორმალურ ქსოვილს შორის საშუალებას გვაძლევს არც იმაზე მეტი ამოვკვეთოთ, რაც საჭიროა და არც –  ნაკლები.
 აპარატს აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია – ეს არის ინტრაოპერაციული ანგიოგრაფია. მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის დროს არ დაზიანდეს სისხლძარღვი. ეგზოსკოპს აქვს ინფრაწითელი გამოსახულების მიღების საშუალებაც – ჩვენ შეგვიძლია, ჩავრთოთ infrared და სისხლძარღვები, გაჭრის გარეშე, ტვინის ზედაპირიდან 6-8 სანტიმეტრის სიღრმეში დავინახოთ. ეგზოსკოპში   სისხლძარღვის გამოსახულება ძალიან მკვეთრია, კაპილარები ისე ჩანს, როგორც აორტა და დაზიანება პრაქტიკულად შეუძლებალია. მიკროსკოპს აქვს შესაძლებლობა, გაარჩიოს რკინის შემცველი ობიექტები, შესაბამისად, ჰემოგლობინის შემცველი სისხლძარღვი და ამ ობიექტს საზღვარზე დამატებითი შტრიხირება გაუკეთოს, რაც საშუალებას იძლევა, გაცილებით მკვეთრად იყოს წარმოდგენილი უწვრილესი კაპილარებიც კი, ვიდრე სხვა, რომელიმე დღემდე წარმოებულ მიკროსკოპში.
– ეგზოსკოპის შეძენის ინიციატივა თქვენ გეკუთვნით...
– დიახ. olimpus-ის ფირმამ დამპატიჟა მიკროსკოპის პრეზენტაციაზე და გამოსახულება რომ ვნახე, შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩი და მისი შეძენა გადავწყვიტეთ. საკმაოდ ძვირად ღირებული აპარატია, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ღირს. ეს მიკროსკოპი, ალბათ, ორი წლის განმავლობაში არ იქნება არც ყაზახეთში, არც ბელორუსიაში,  არც უკრაინაში და არც რუსეთში. ამ მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი ლიდერები ვართ.
– რამდენად მაღალია პაციენტების მომართვიანობა?
– მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. მიმაჩნია,  რომ ქირურგის საქმიანობის რეკლამას წარმოადგენს მისი კარგად გაკეთებული  ოპერაცია. კარგი შედეგი განაპირობებს მაღალ მომართვიანობას და არა ქალაქში ჩამოკიდებული ბილბორდები და რადიოში რეპის სტილში მოწოდებული სამედიცინო საქმიანობის რეკლამირება.

скачать dle 11.3