კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 მარიამ ჟორდანია: არ მინდოდა, ოჯახის წევრებს გაეგოთ, რა გზას გავდიოდი და როგორ მიჭირდა მისი გავლა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  17 წლის მარიამ ჟორდანია განსხვავებული ხმის ტემბრით, სასწაული ენერგიით, ჩაცმისა და მაკიაჟის სტილით ყოველთვის გამოირჩევა სხვებისგან. ის ახლა, ქართული მუსიკალური პროექტების მერე, უკრაინულ „ვოისში“ გამოდის და უკვე მოახერხა როგორც ჟიურის წევრების, ისე მსმენელის აღფრთოვანება.
  მარიამ ჟორდანია: პატარაობიდანვე ვმღერი და სცენაზე დგომა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. მომღერლის კარიერა ისეთია, არასდროს იცი, საით წაგიყვანს ცხოვრება. წელს სკოლას ვამთავრებ და ვგეგმავ, ბერლინის ჯაზ-სკოლაში ჩავაბარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოცნება ამერიკაა, უსახსრობის გამო, ამას ჯერჯერობით, ვერ მოვახერხებ. ასე რომ, ჯერ გერმანიით დავიწყებ და მერე ამერიკაში გადავალ. ზოგადად, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და მინდა, ყველაფერს ჩემით მივაღწიო. სცენაზე დგომა ჩემთვის ყველაზე დიდი „კაიფი“, სიამოვნება და ემოციაა.
– კიევში, „ვოისის“ კონკურსზე საკმაოდ წარმატებული გამოსვლა გქონდა. როცა მღეროდი, დარბაზი და ჟიურის წევრები ფეხზე იდგნენ. ამას ელოდი? ვინ გირჩია საზღვრებს გარეთ კონკურსში მონაწილეობა?
– „საქართველოს ვარსკვლავის“ შემდგომ ვფიქრობდი, ახლა რა გავაკეთო, რა არის შემდეგი ეტაპი-მეთქი. მინდოდა, უფრო მეტი გამოცდილება დამეგროვებინა, გავხსნილიყავი და მაქსიმალური შედეგი დამედო. სოციალურ ქსელში წავაწყდი – კიევში ცხადდებოდა ქასთინგი. დიდხანს არ მიფიქრია, მარტო წავედი და გამიმართლა. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ისეთი გარემო დამხვდა, შიში მომეხსნა. პრექასთინგზე ვიმღერე და მითხრეს, დაგირეკავთო. საქართველოში დავბრუნდი და მთელი სამი თვე ველოდი ზარს. იმედი რომ გადამეწურა, გაისმა ტელეფონის ზარი და ეს ზარი გადამწყვეტი აღმოჩნდა – მითხრეს, პროექტში აყვანილი ხარო.
– ფაქტობრივად, შენი ემოციით, ენერგიითა და ნამღერით ფურორი მოახდინე, ჟიურის წევრებისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები გქონდა. ცდილობდნენ შენს გადაბირებას, თუმცა მენტორად პატაპი და ნასტია აირჩიე. რატომ?
– სცენაზე გასვლამდე, ცოტა მეშინოდა, მაგრამ როცა სცენაზე გავდივარ, თავდაჯერებულობა მემატება, თითქოს მე დედამიწელი არ ვარ და სხვა განზომილებაში გადავდივარ. წამითაც არ მიფიქრია, რომ არ შემობრუნდნენ-მეთქი. მოკლედ, ვიმღერე და ისეთი წარმოუდგენელი ემოცია იყო, მივხვდი, ის ოცნება ამიხდა, რომლის ახდენაც მთელი ცხოვრება მინდოდა. სანამ სცენაზე გავიდოდი, მანამდე ვფიქრობდი, თუ შემობრუნდნენ, პატაპთან და ნასტიასთან წავსულიყავი.
– მარიამ, მეტსახელი – მემე დაირქვი. რატომ?
– ბავშვობიდან ასე ვეძახდი ჩემს თავს. თან, მიხდება ეს სახელი. დააკვირდით – მე-მე, ანუ მე, მე ვარ, ანუ ინდივიდი.
– ვიცი, გარდა სიმღერისა, ბოდი-არტით ხარ გატაცებული და ეს შენს ვიზუალსაც ემჩნევა – ქუჩაში თვალშისაცემად მოხატული, სვირინგ-პირსინგ-ტატუთი და ფერადად ჩაცმული დადიხარ. ამის გამო, უცნობი ადამიანებისგან, უარყოფითი შეფასებები არ მოდის?
– ყოველთვის მინდოდა, მოსიარულე არტ-გალერეა ვყოფილიყავი, რომელსაც ხალხი დაათვალიერებდა. ჩემს სხეულს იმისთვის ვიყენებ, რომ ის გამოვხატო, რასაც ვგრძნობ. ამით საკუთარ ხასიათს გადმოვცემ. მინდა, მივაღწიო იმ დონეს, როცა ჩემი სხეულის გამრავალფეროვნებით დავკმაყოფილდები (იცინის). ხალხის რეაქცია კი სხვადასხვანაირია. როცა ყველას არ ჰგავხარ, აგრესიაც მოდის, ძირითადად, უფროსი ასაკის ადამიანებისგან, თუმცა, იშვიათად. ბევრი გაკვირვებული თვალით მაკვირდება და მეკითხება, ეს რა გიკეთია, რა გახატიაო. ჩემთვის ყოველი დღე სხვადასხვა ფერია.
– შენი გარეგნობის, უფრო სწორად, ჭარბი წონის გამო თანატოლებისგან ბულინგის, დაცინვისა და დამცირების მსხვერპლიც გახდი. როგორ გადაიტანე ის პერიოდი და ახლა, როცა წარმატებული ხარ, ისინი, ვინც გაბულინგებდნენ, რა დამოკიდებულებაში არიან შენთან?
– მარტო მე არა, გარკვეულ ასაკში, ყველა ჩემნაირი ადამიანი იყო ბულინგის მსხვერპლი. ეს ის ასაკია, როცა სხვისი დაჩაგვრა და დაბულინგება არასწორად არ მიაჩნიათ. იმ პერიოდმა, როცა მაბულინგებდნენ, ბევრი რამ დამანახვა და მასწავლა, გამზარდა და დღეს ამის წყალობაცაა, რომ ვარ ის, ვინც ვარ. ახლა რომ მქონდეს შანსი, იგივე პერიოდი გამოვიარო, უარს არ ვიტყოდი.
– ანუ, რა გასწავლა იმ პერიოდმა, როცა ბულინგის მსხვერპლი იყავი?
– მასწავლა ჩემი თავის სიყვარული, პატივისცემა და დაფასება. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა დეპრესია, ჩაკეტილობა და რომ არავის შევემჩნიე, მხოლოდ, შავი ფერის ტანსაცმელს ვიცვამდი. იმ დონემდე დავეცი, მივხვდი, ასე აღარ შეიძლებოდა და ცვლილების დრო იყო.
– შენს განცდებს თუ ანდობდი ვინმეს?
– მიჭირდა, მრცხვენოდა ამ თემაზე საუბარი. არ მინდოდა, ოჯახის წევრებს გაეგოთ, რა გზას გავდიოდი და როგორ მიჭირდა მისი გავლა. ბევრი ვიმუშავე, ვეცადე, საკუთარი თავი ჭაობიდან ამომეყვანა და ამაში უდიდესი წვლილი დედას და ბებიას მიუძღვის. ისინი ყოველდღე მეუბნებოდნენ: ყველაზე ლამაზი, ყველაზე კარგი ხარო. ეს მაბედნიერებდა, რომ მათ მოვწონდი და მიღებდნენ ისეთს, როგორიც ვარ. ბებია ზაფხულში გარდაიცვალა. სწორედ, მისი ოცნება იყო, უკრაინულ „ვოისში“ გამოვჩენილიყავი. ეს ოცნება ავუხდინე და ვიცი, იქ, სადაც არის, ჩემით ამაყობს. ზოგადად, მეგობრებმა და სამყარომ, ისეთი უნდა მიგვიღოს როგორიც ვართ. ამ შემთხვევაში ფიზიკურობა არაფერ შუაშია. როგორც წარმოაჩენ შენს თავს, ისე გხედავს სამყარო. როცა მითხრეს, მსუქანი და მახინჯი ხარო, აგრესიული გავხდი, არ ვიღიმოდი, ადამიანებისგან შორს მეჭირა თავი. არც დღეს ვარ გამხდარი, მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირად მიყურებენ – ბევრს მოვწონვარ და ვუყვარვარ. ეს იმიტომ, რომ შევცვალე სამყაროს დამოკიდებულება ჩემ მიმართ და ადამიანებში მეტი სიმპათია. ვინც ადრე მაბულინგებდა, დღეს მათთან კარგ დამოკიდებულებაში ვარ. მე პატიებაც შემიძლია და წყენასაც არ ვიტოვებ გულში. ამას სუსტი ადამიანები აკეთებენ, მე კი ძლიერი ვარ.  არასდროს ვყოფილვარ ის ადამიანი, ვინც სიყვარულს ეძებს. ჩემნაირ ადამიანებთან ის თავისით მოდის. მოსულა კიდეც, მაგრამ წავიდა (იცინის). ეს ყველაფერი გამოცდილებაა და სამყარო ჩემნაირ ძლიერ ადამიანს, აუცილებლად გამომიგზავნის (იცინის). თან, უზომოდ რომანტიკულიც ვარ.



скачать dle 11.3