კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როდის აღმოჩნდა დიმიტრი ცინცაძე ბნელ სამყაროში და რის შემდეგ გადაწყვიტა მან გერმანიაში დარჩენა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  „შინდისის გმირები“ – ფილმი, რომელმაც უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა და რომელსაც მაყურებლის ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რეალური ისტორიის მსოფლიოსთვის გაცნობას ემსახურება. მისი რეჟისორი დიმიტრი ცინცაძეა, რომლის პროფესიული გზა, ჯერ კიდევ თორმეტი წლის ასაკიდან იწყება და დღემდე უამრავ წარმატებას ითვლის.
  დიმიტრი ცინცაძე: „შინდისის გმირების“ იდეა ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის. მისი ბავშვობის მეგობარი იყო იქ დაღუპული ბიჭების რიგში. ამიტომ ედმონდმა მიზნად დაისახა, რომ ამ ისტორიას მსოფლიოს გააგებინებდა. ედმონდი და ვოვა კაჭარავა არიან ფილმის პროდიუსერები. ისინი დაუკავშირდნენ მინდია ესაძეს და ამ სამმა ადამიანმა დაიწყო ამბის შეკვრა. რეჟისორის ამპლუაში რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდნენ და საბოლოოდ, ჩემზე შეაჩერეს არჩევანი. ბევრი არ მიფიქრია, გუმანით მივხვდი, რომ ამ ფილმისთვის აუცილებლად უნდა მომეკიდა ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ფილმი არასდროს გამიკეთებია. ეს ისტორია ძალიან მტკივნეულია და პირადად მეც ძალიან შემეხო ადამიანურად. მეორე მხრივ, ეს პროფესიული გამოწვევა იყო. თუნდაც მასშტაბის და თუნდაც 15-წუთიანი ბრძოლის სცენის გამო, რომელიც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საკმაოდ წარმატებულად გავაკეთეთ.
ამ ისტორიის გმირების ნაწილი, მათი ახლობლები, ოჯახის წევრები – ცოცხლები არიან. ამიტომ, როცა ასეთ ფილმს აკეთებ, შეცდომის დაშვება ძალიან სარისკოა, ეს ყველას კარგად გვესმოდა. აქამდე ფილმებს ანტიგმირებზე ვაკეთებდი ჩემივე სცენარებით. იქ კი, რასაც მინდოდა, იმას ვიზამდი, მაგრამ აქ სხვა პასუხისმგებლობა გვქონდა და მგონი, საზოგადოების მხრიდან ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პატარა შენიშვნას. კინოკრიტიკოსებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ არის პათეტიკური მომენტები. მინდა ვუპასუხო: მე ვფიქრობ, მათ ეშლებათ ერთი რამ – ამ ფილმს უყურებენ, როგორც საავტორო ფილმს და იმ კრიტერიუმებით საზღვრავენ. ეს მართლაც საავტორო ფილმია, თუმცა მას სულ სხვა მიზანი ჰქონდა და მოვახერხეთ საავტორო ფილმი ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ მესიჯში გაგვეერთიანებინა. ეს ფილმი, რაღაც მომენტში, აუცილებლად უნდა ყოფილიყო პათეტიკის ზღვარზე. ზოგმა ჩათვალა, რომ ეს ზღვარი ვერ დავიცავით. მე ვთვლი, რომ დავიცავით. როცა იცი, რომ შენმა გმირმა, რეალურად წაიკითხა „მამაო ჩვენო“ და ეს არაა პათეტიკისთვის გამოგონილი ფაქტი, თუ ვინმეს მაინც პათეტიკურად მოეჩვენება, ეს უკვე მისი პრობლემაა, რადგან მართლა ასეთი იყო ამ გმირის ბოლო წუთები. მგონი, მათ ვერ გაიგეს, რა მიზანი ჰქონდა ფილმს.
– ფილმმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა.
– ვარშავის კინოფესტივალზე ორი პრიზი ავიღეთ. „ჰოლივუდში“ აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე გავიმარჯვეთ – იქ საუკეთესო რეჟისორის პრიზი ავიღეთ. სამწუხაროდ, „ოსკარის“ ათეულში ვერ მოვხვდით. რას იზამ, იქ კიდევ სხვა ამბები ტრიალებს. ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი და მგონი, იქაურ აგენტებში არ გაგვიმართლა. შევცდით მათ არჩევაში, რადგან ყველაზე მეტი ენთუზიაზმი მათგან მოდიოდა. არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, რაც საჭირო იყო, ის ვერ გააკეთეს.
– რაც შეეხება თქვენს პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში? როგორ დაიწყო რეჟისორ დიმიტრი ცინცაძის გზა?
– ყოველთვის ვიცოდი, რა მინდოდა. ექიმების ოჯახიდან ვარ, ორივე მხრიდან ყველა ექიმი მყავდა. ჩემი მასწავლებლები უშნოდ მეხუმრებოდნენ, რომ „ლაფატკით“ შემდებდნენ სამედიცინო უნივერსიტეტში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ჩარლი ჩაპლინის ფილმები რომ ვნახე პირველად და მაშინ მივხვდი, ეს საქმე უნდა მეკეთებინა. ცხრა წლის ვიყავი. მერე ბაბუამ კამერა მიყიდა და თორმეტი წლისამ პირველი ფილმი გადავიღე. ჩემი უფროსი ძმა დამეხმარა. საერთოდ, ჩემი ძმა – ნიკა ცინცაძე უნიკალურ ადამიანია, რომელიც ყველაფერში გვერდით მიდგას. ის ექიმია, კარდიოლოგი. მან მასწავლა წიგნის სიყვარული, მწერლები, სწორად კითხვა. სამყაროსადმი დამოკიდებულება და ამ ყველაფრის გარდა, მისი ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ექიმობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ოჯახიც ჩამომეხსნა (იცინის). მთავარი იყო, ერთი მაინც გამხდარიყო ექიმი.
სამწუხაროდ, ჩვენი პროფესია ასეთია, სცენარის შექმნიდან ფილმის გადაღებამდე ხანგრძლივი პროცესია. ამასობაში იცვლები. რამდენიმე პროექტი მაქვს გერმანიაში, რომელთა მიმართაც ინტერესი უკვე დაკარგული მაქვს. ოთხი-ხუთი წლის წინ დავწერე, ფულის ნაწილი ნაშოვნია, ნაწილი – არა. ასე არ შემიძლია, ვიღლები უკვე არსებული ისტორიით და სულ ახალი და ახალი მინდა. თუმცა, პროფესიონალიზმი ისიცაა, რომ ძველი ისტორიის გაცოცხლება შეძლო. მაგრამ ასაკში რაც უფრო შედიხარ, ეს მით მეტად გიჭირს.
– პირველი აღიარება...
– სტუდენტურ ფესტივალზე ოთარ იოსელიანმა მომცა მთავარი პრიზი – მაშინ ოცი წლის ვიყავი და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. შემდეგ ჩემმა ფილმმა – „ზღვარზე“, ლოკარნოს ფესტივალზე გაიმარჯვა. ეს მსოფლიოში ახლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, მაშინ – მით უმეტეს. შემდეგ იყო საშინელი წლები.
– იმ წლებში როგორ მოახერხეთ, რომ არ დაიკარგეთ?
– ძალიან დამეხმარა ლოკარნოს ფესტივალი. საგიჟეთი იყო ქვეყანაში. ჩემი ახლობლებიდან ზოგი დაიხოცა, ზოგი სმას გადაჰყვა, ზოგი სხვა რამეს. დაიქცა ჩემი სამყარო. გამიმართლა იმაში, რომ გავიქეცი აქედან. ჩემთვის ლოკარნო გახდა გზა. ჩემი ფილმი, რომელმაც ლოკარნო მოიგო, უკვე „ბილეთი“ იყო. შემდეგ სტიპენდიები მივიღე ბერლინში. თუმცა, მანამდე გერმანიაში მეგობართან დავდიოდი და უკვე ნიადაგს ვამზადებდი, რა შეიძლებოდა, იქ გამეკეთებინა. ამაში ძალიან დამეხმარა ჩემი ცოლი – მარიკა გიორგობიანი. თუ ასეთ დროს გვერდით ვინმე არ გიდგას, ამას ვერ გააკეთებ. აქ ყველაფერი გავყიდე და წავედი. ახლა მინდა, მულტიმილიარდერებს ვუთხრა, დადონ ფულები და ერთი ბინა მიყიდონ აქ, ძალიან მადლობელი ვიქნები.
– იქ როგორ აეწყვეთ?
– იქ ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, უკან გამოსაქცევი მქონდა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ არ გამოვიდა და გამოვიქცეოდი კიდეც, აქ რომ რამე მქონოდა,
მაგრამ ყველა გზა მოჭრილი იყო. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველაფერი დაკარგული მეგონა, უცებ გამოჩნდა სრულიად ახალი პროექტი. მიუნხენში ძალიან ბნელ სამყაროში მოვხვდი – ხალხში, ვინც ყიდდა ნარკოტიკებს, დაკავებული იყო პროსტიტუციით, ვიღაც თირკმელს ყიდდა და ასე შემდეგ. ამ სიტუაციაში ვცხოვრობდი ერთი კაფის მეპატრონესთან. ამ კაფეში იკრიბებოდა ეს საზოგადოება და ყოველ საღამოს მათთან მიწევდა შეხვედრა. იმ მომენტში რომ ეს პროექტი არ გამოჩენილიყო, სტიპენდია რომ არ მიმეღო და არ წამოვსულიყავი, მერე საერთოდ ვეღარ წამოვიდოდი. იქ გაჩერება კი აღარ შეიძლებოდა. გერმანელებმა მომცეს ფული ახალი პროექტისთვის. პარალელურად, სულ ვმუშაობდი, თან, ისეთ გარემოში რომ აღმოვჩნდი და ის ხალხი გავიცანი, დიდი ინსპირაცია მოვიდა, მასალა „დაიყარა“ (იცინის). ყველაფერი დავალაგე, შევკარი პროექტი, რომელმაც გაიმარჯვა და დამიფინანსეს. ასე გადავიღე „დაკარგული მკვლელები“, რომელიც იმავე წელს მოხვდა „კანის“ ფესტივალზე. ამან აბსოლუტურად შეცვალა ჩემი რეალობა. წამოვიდა შემოთავაზებები, წარმატებები და მარიკამ – ჩემმა ცოლმა მაშინ პირველად მითხრა, ხომ არ დავრჩეთო. საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ვერ გაიგეს პოლიტიკოსებმა, რომ ხალხს უნდა ემსახურონ და არა პირიქით. კინოში ძალიან ცოტა ფულია. გერმანიაში ნეპოტიზმი არ არსებობს, არც კორუფცია. მე ჩემს სფეროზე ვლაპარაკობ. სამაგიეროდ, არის ბევრი ფული. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ჩახვედი. გერმანულად კარგად ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ ექვსი ფილმი გადავიღე ამ ენაზე.  
– საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობთ, როცა კარგად ხედავთ, რა რეალობაცაა?
– საზოგადოება გახლეჩილია. იქიდან რომ ვუყურებ ჩვენს ქვეყანას, ვფიქრობ, როგორ უნდა გაქრეს ამდენი ზიზღი?! თუ ეს ზიზღი მოჩვენებითია და ვინც ჯერ ერთმანეთს ლანძღავს, მერე ეხუტებიან, მაშინ ამაზე გენიალური ფილმის გაკეთება შეიძლება. სამწუხაროდ, არა მგონია, ეგრე იყოს. ძალიან დიდი სიყალბე იგრძნობა. აქ რომ ჩამოხვიდე, მტერი გახდები. შენი ახლობლების გარდა არავის უყვარხარ. უცხო სხეულივით გიყურებენ, ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე, მაგრამ მე ასეთი შეგრძნება მაქვს. თუმცა, საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპირებ. ჩემთვის აუცილებელია ეს მოძრაობა, ხიდი, სხვანაირად ვერ ვიფუნქციონირებ.
– რაც შეეხება ოჯახს. თქვენი მეუღლე პროფესიით მსახიობია.
– პროფესიით არასდროს ყოფილა მსახიობი. უბრალოდ, გეგა კობახიძესთან ერთად, კარგი გარეგნობის გამო გადაიღეს,  ფილმში – „ოთხი შარვალი და ერთი კაბა“. ჩვენი ურთიერთობაც ფილმზე მუშაობის დროს დაიბადა. ლამაზ ქალებს ყოველთვის ვიღებდი ფილმში. ახლა გერმანიაშიც ასე ვაგრძელებ. მაგრამ იმ შემთხვევაში სიყვარული გაჩნდა. ოჯახი გვაქვს, შვილები გვყავს და ბედნიერი ვარ ამით. ოცდაათი წელია ერთად ვართ. ეს მესამე ცოლია, ყოველთვის ძიებაში გახლდით. პირველ მეუღლესთან ერთი შვილი მყავს, მეორესთანაც და მესამესთანაც თითო-თითო. თუმცა სულ ოთხი შვილი მყავს, რადგან ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი. ახლა უკვე ოთხი შვილიშვილი მყავს.
  22 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი გამიჩნდა და ვერც გავაცნობიერე, რა მოხდა. უამრავი შეცდომა დავუშვი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ, რის გამოც ძალიან მრცხვენია. რაც ასაკში შევდივარ, მით უფრო მაწუხებს ეს ამბავი.
– ქართული კინოს მომავალი...
– ახალგაზრდების იმედი მაქვს. ახალგაზრდა ყველა საზოგადოებაში ის ენერგიაა, რომელიც ყველა წინააღმდეგობას ანგრევს. თუმცა ახალგაზრდებმაც უნდა გაიგონ, რომ დრო ძალიან სწრაფად  გარბის. მე გუშინ ვიყავი ოცი წლის, დღეს სამოცდაორის ვარ. ამიტომ, წინასწარ ვაფრთხილებ, რომ მათაც იგივე პრობლემა შეექმნათ. გასაგებია – „ახალი სისხლი“, ჩვენც ასეთები ვიყავით, მაგრამ ფორმის მოძებნაა საჭირო, რომ ახალგაზრდა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა მშვიდობიანი თანაცხოვრება შევძლოთ. რასაკვირველია, ახალგაზრდებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეთ, მაგრამ უფროს თაობას ხაზი არ უნდა გადაუსვათ, არ უნდა „ჩარეცხოთ“. ჩარეცხავ და შენც ჩაგრეცხავენ. მაგრამ რეალური ინტელექტუალური ძალა ახალგაზრდები არიან, სწორედ მათ შეუძლიათ ყველაფრის შეცვლა.

скачать dle 11.3