კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 გიორგი კალატოზი: იმ კადრებმა რომ გაჟონოს, შეიძლება, ჩემი კარიერა დაინგრეს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სპორტი, ჟურნალისტიკა, მსახიობობა, იუმორი – ეს ყველაფერი გიორგი კალატოზის მრავალფეროვანი ცხოვრების შემადგენელი ნაწილებია. ბევრისთვის ეს უკვე ხუმრობის თემადაც იქცა და პარალელებს დუტა სხირტლაძესთანაც ავლებენ. სულ ახლახან გიორგი „ჩცდ-შიც“ გამოჩნდა.
  გიორგი კალატოზი: „პოდკასტზე“ სტუმრად მყავდა მოწვეული „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი გიორგი ნაზარიშვილი და იქ თქვა, სერიალში ფეხბურთი დიდი დოზით შემოვაო. მაგრამ მაშინ საუბარი ჩემზე არ ყოფილა. დაახლოებით, ერთ კვირაში დამირეკა, კომენტატორის პერსონაჟს ვქმნით, რომელიც სპორტული დირექტორი ხდება. ბუნებრივი იქნება, რომ ეს როლი შენ მოირგოო. მსახიობობასთან არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ  საცდელი ვერსია ჩავწერეთ და როგორც ჩანს, გამოვიდა. ასე აღმოვჩნდი ამ სერიალში.
– მაყურებელში მოლოდინი გაჩნდა, რომ შენსა და თამუნას შორის შეიძლება, რამე მოხდეს. რას უნდა ველოდოთ?
– სხვათა შორის, გადასაღებ მოედანზეც ბევრი საუბრობს მაგაზე, მაგრამ სცენარში ჯერ მსგავსი არაფერია. პირველივე გამოჩენისას დაიწყო ხალხმა ამაზე საუბარი, კომენტარებში წერდნენ. დატანჯული პერსონაჟია ეს თამუნა და ალბათ, უნდათ, გაახარონ და ნორმალური ადამიანი შეახვედრონ. თუმცა, სცენარისტების ჩანაფიქრი ნამდვილად არ ვიცი.
– ბოლო პერიოდში კიდევ ერთი სიახლე გაქვს – „იუმორინას“ ნაწილი გახდი, თუმცა, უკვე დიდი ხანია, რაც პაროდიების კეთებით ხარ დაკავებული.
– პაროდიებითა და მაიმუნობებით ბავშვობიდანვე ვიყავი დაკავებული. სოფელში რომ მივდიოდით, „იუმორინას“ ჯერ „მარშუტკაში“ გვასმენინებდნენ და პლუს, ჩემს ბიძაშვილებს კასეტაზე ჰქონდათ ჩაწერილი ყველა წლის. ეზოში სირბილი და ხეზე ასვლა – კი ბატონო, მაგრამ ჩვენი მთავარი გასართობი ტელევიზორში „იუმორინას“ ყურება იყო. მამახსოვრდებოდა მათი გამოსვლები და მერე ვიმეორებდი ხოლმე. ეგ ყველაფერი გადაღებულია და იმ კადრებმა რომ გაჟონოს, შეიძლება, დაინგრეს ჩემი კარიერა (იცინის). ძალიან არ მომწონს, პატარა ბავშვი რომ რაღაცას მაიმუნობს. ბიცოლაჩემის ძმას ჰქონდა ბატონები და მისი გადალოცვის რიტუალი გვქონდა. მითხრეს, შენც გაამხიარულეო. მეც გამოვდივარ და პაროდიებს ვაკეთებ. ჩემი ძმა მემუქრება, ერთ დღეს აგიტვირთავ სადმეო და შეიძლება, მართლა დამენგრეს კარიერა (იცინის). იმ დროიდან დავიწყე პაროდიების კეთება, თუმცა პირველი შევარდნაძის პაროდია გავაკეთე, კომენტატორების ხმასაც ვიმახსოვრებდი და ვიმეორებდი. 18 წლის ვიყავი, პირველი ვიდეოები რომ ავტვირთე სოციალურ ქსელში, შემდეგ „იუთუბზე“ და იმ პერიოდიდან დაიწყო ჩემი „მრავალმხრივობა“. ინტერესი ამ ვიდეოებმა გამოიწვია. მერე რადიოში მიმიწვიეს, ფეხბურთზე ვსაუბრობდით, თან სხვადასხვა პერსონაჟების ხმით ვლაპარაკობდი. ძალიან მხიარული ეთერი გამოვიდა. მაშინ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი.
– ერთი შეხედვით, მსახიობობა უნდა აგერჩია, ჟურნალისტიკაზე რატომ ჩააბარე?
– ჩაბარებას რომ ვაპირებდი, ოჯახში ვისაუბრეთ, მსახიობობის სურვილი მქონდა, მაგრამ მშობლებთან კონსულტაციის შემდეგ, ჟურნალისტიკა ავირჩიე. პრინციპში, ახდა, რაც მითხრეს. ფილმში თამაშზე ყველას გვიოცნებია, მაგრამ მითხრეს, ამ ოცნების ასასრულებლად, მსახიობობის პროფესიად არჩევა აუცილებელი არ არისო. შეგიძლია, შეთავსებით მსახიობიც იყო, მაგრამ ჯობს სხვა პროფესიაც გქონდესო. ეგრეც გამოვიდა.
– პაროდიების ნიჭი შენს სასარგებლოდ და ცოტა სახალისოდ არ გამოგიყენებია?
– სოფელში სამეზობლოს სერიალის ყურების რიტუალი როგორ აერთიანებდა, ხომ იცით. მათ შორის მე და ჩემი ნათესავის ბავშვებიც ვიყავით. ამ ნათესავის პაროდია კარგად გამომდიოდა. ჩავწერე ტელეფონში მისი ხმა, ვითომ თავის შვილებს ეძახდა. დავსხდებოდით სერიალის საყურებლად, ჩავრთავდი ტელეფონში ამ ხმას, ამ ბავშვებს ეგონათ, მამამისი ეძახდა და გარბოდნენ გარეთ. პატარა ვიყავი და შევარდნაძის ხმით დავურეკე ბაბუას, მაგრამ მიცნო და ძალიან განვიცადე, ესე იგი, არ გამომდის კარგად-მეთქი. მაშინ პროფესიონალიზმი მაკლდა (იცინის).
– „იუმორინას“ რეალური ნაწილი როგორ გახდი?
– გია ბაღაშვილი მყავდა გადაცემაში სტუმრად. თბილისი არის ურთიერთობა და ახლობლობით კეთდება ყველაფერი (იცინის). მანამდეც გადავკვეთილვართ, მაგრამ პაროდიების ამბავი არ იცოდა. მერე გადაცემას რომ უყურა, ალბათ, ჩემს ვიდეოებს გადახედა და დამირეკა, როგორ მომივიდა, რომ აქამდე არ ვიცოდი ამის შესახებო. მკითხა, საიუბილეო „იუმორინა“ გვაქვს და შენ მაგ დროს რას აკეთებო. ნომერი მოვამზადე და მივედი. „იუთუბი“ კარგია, ახალგაზრდულია, დღემდე მეკითხებიან, რა გინდოდა „იუმორინაშიო“, მაგრამ ასე უფრო მეტ ადამიანს დავანახვე საკუთარი თავი. ისეთ სფეროში ვარ, სადაც საკუთარი თავის პიარზე მუშაობა გიწევს, გინდა არ გინდა, საჭიროა და „იუმორინაში“ გამოსვლამ ამ კუთხითაც მომიტანა სიახლე. თან, ძალიან საინტერესო იყო კოლორიტული და ლეგენდარული ადამიანების გაცნობა და მათთან ერთად სცენაზე დგომა.
– სკოლაში არ სარგებლობდი ამ შესაძლებლობით?
– სკოლაში ძალიან მორცხვი ვიყავი. ბევრს არ ვლაპარაკობდი. ჩემს კლასელებს დღემდე უკვირთ, ლაპარაკი რომ გახდა ჩემი პროფესია. თუმცა, ბოლო კლასებში გადავაგორე კომპლექსების ამბავი და იქაც ვაკეთებდი პაროდიებს.
– სპორტით როდის დაინტერესდი?
– ჯერ კალათბურთს ვთამაშობდი, მერე ფეხბურთზე გადავედი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა – ფეხბურთი ან სწავლა. არ მოვიტყუები და ფეხბურთის ნიჭით დიდად არ გამოვირჩეოდი, უფრო სწავლის უნარი მქონდა. თუმცა სპორტზე უარი არ მითქვამს. ბავშვობაში, კომპიუტერზე რომ ვთამაშობდი ფეხბურთს, თან ვახმოვანებდი ხოლმე. მომწონდა და კარგად გამომდიოდა ეს ამბავი. შემდეგ იყო ისევ მშობლებთან კონსულტაცია, მითხრეს, ხომ არ გინდა, კომენტატორობა რომ სცადოო. თან, მამა „დინამოში“ მუშაბდა, კონტაქტებიც მაქვს და თუ საჭირო იქნება, დაგეხმარებიო. ამ წინადადებამ მომხიბლა. სხვა რამეზე აღარ მიფიქრია.
– პრინციპში, რაც გინდოდა, ყველაფერი შეძელი, კიდევ რა გინდა?
– ოჯახის წევრები მეუბნებიან, ინატრე რამე კიდევ, არ გინდა მილიონერობაო?! მართლა გამომივიდა და მადლობა ყველას, ვინც ხელი შემიწყო. მინდა, იუმორისტულ სფეროში უფრო აქტიურად ვიმუშაო, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი სცენარისტი.
– სოციალურ ქსელში ხშირად ხუმრობენ შენს ყველგანყოფნაზე და შენც ხალისობ ხოლმე ამაზე.
– ვიღაცას ჰგონია, რომ მწყინს – რა უნდათ, რას გერჩიანო? არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება, პირიქით, კეთილგანწყობილი და იუმორისტული მიმებია. რამდენიმე ძალიან სასაცილო იყო, ხშირადაა დუტასთან შედარება. სხვათა შორის, დუტა მყავდა სტუმრად და გავიარეთ დეტალები, რაღაცები მასწავლა (იცინის). კიდევ იყო ფოტოები, რომლებზეც ვარ მე ჩემს სხვადასხვა ამპლუაში კომენტარით – „როცა ჯგუფურ სამუშაოში ყველაფერი შენ შეასრულე“. წლების მიხედვითაც იყო დალაგებული ჩემი ფოტოები და ბოლოს „ოსკარზე“ ვიყავი (იცინის).
– ამ დროს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არაფერი. ამწუთას იმდენ რამეს ვაკეთებ, გართობისა და პირადი ცხოვრებისთვის, სამწუხაროდ, ნაკლები დრო მრჩება. მაგრამ, ალბათ, შესაბამისი მონდომებაც არ ყოფილა, თორემ ამისთვის ყოველთვის გამონახავს დროს ადამიანი.
– საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა გქონდა, დასრულდა?
– კი, დაახლოებით, ხუთწლიანი, მაგრამ რას ვიზამთ. დამთავრდა და ძალიან დამწყდა გული. რთული იყო, დეპრესიული პერიოდიც გამოვიარე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ასეთი ადამიანი. მერე ვარჯიში დავიწყე და დავთრგუნე ეს დეპრესია.
– რაც უფრო ცნობილი ხდები, ალბათ, გოგოების აქტიურობაც იზრდება?
– კი და სოციალურმა ქსელმა კომუნიკაციაც გაამარტივა. „იუმორინა“ რომ ეთერში გავიდა, მეგობრობის თხოვნების რაოდენობა უნდა გენახათ. ცოტა ხნის შემდეგ ისევ წამოვიდა ეს აქტიურობა და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. თურმე „იუმორინა“ გადიოდა განმეორებით. სხვათა შორის, კომენტატორი რომ ვიყავი, ეკრანზე არ ვჩანდი, მხოლოდ ჩემი ხმა ისმოდა და „ფეისბუქზე“ ჩემი მეგობრებისთვის რომ გადაგეხედა, მარტო ბიჭებს ნახავდი და ჩემზე რაღაცას იფიქრებდი (იცინის). მაგრამ ახლა გოგოებიც მეტად გახდნენ სპორტის გულშემატკივრები, ეკრანის ამბებიც დაიწყო და  მშვიდად ვარ, ახლა მათაც გამოიხედეს ჩემკენ და ხშირად მამატებენ. მწერენ კიდეც, შეხვედრაც უთხოვიათ.
– და შენ უარზე ხარ?
– რომ არ დაგიმალოთ, კი. მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ძალიან ზარმაცი ვარ და სახლიდან გასვლა მეზარება ხოლმე. სხვათა შორის, დავაფიქსირე, გოგოს რომ ბიჭი სთხოვს შეხვედრას და გოგო უარს ეუბნება, ეს მართლა არას კი არ ნიშნავს, ანუ, კიდევ უნდა შესთავაზო, პირველივე თქმაზე, ხომ არ გამოგყვება. მაგრამ ბიჭი რომ გოგოს ეუბნება არას, ამას ნამდვილ არად აღიქვამენ და შეურაცხყოფილები არიან, როგორ გაბედაო (იცინის). არადა, არჩევანი ორი ადამიანის უნდა იყოს და არა ერთის.
– წარმატებების, თუნდაც, გოგოების აქტიურობის ფონზე, თავში ავარდნის მომენტები არ ჩნდება?
– კი, თავხედდები. როცა ბევრი ადამიანი გწერს კომპლიმენტს, მერე გგონია, რომ ვიღაც შენთვის ადვილად მისაღწევია. რას  ჰქვია, ასი კაცი მწერს და ამასთან რატომ არ გამომივა? ეს მომენტი გიჩნდება. ცუდია, თუ ეს მომენტი ბოლომდე მიგყვება, მალე უნდა „დაატორმუზო“. თავიდან მეც მქონია ეგ მომენტი, მაგრამ დავუშვივართ მიწაზე, მალევე გამიცნობიერებია რეალობა.

скачать dle 11.3