კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№9 ვერონიკა კალანდარიშვილი: სულ ვიღაც მომწონდა და ვინც მომწონდა, იმას კიდევ უფრო მეტად ვცემდი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბავშვობიდან უნდოდა, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ჰქონოდა და ამიტომ ცდილობდა, პროფესიად ისეთი საქმე აერჩია, რომელიც მოწყენის საშუალებას არ მისცემდა. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი მსახიობობაზე გააკეთა და დღეს ახმეტელის თეატრის დასის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.
  ვერონიკა კალანდარიშვილი: ძალიან გამიჭირდა პროფესიის არჩევა. სკოლას რომ ვამთავრებდი, წარმოდგენა არ მქონდა, სად უნდა ჩამებარებინა. იმ მომენტში გგონია, ამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, მთელი ცხოვრება გაწერილი გაქვს, მაგრამ მინდა, ყველა აბიტურიენტს ვუთხრა, რომ ასე არაა – არჩევანი ნებისმიერ დროს შეგიძლია, შეცვალო. მთავარია, ის პროფესია იპოვო, რომელიც გიყვარს. საბედნიეროდ, მე თავიდანვე სწორი არჩევანი გავაკეთე. თუმცა, მანამდე ხან დეტექტივობა მინდოდა, ხან პოლიციელობა. მერე ამიხსნეს, რომ ამ პროფესიის რომანტიზირება სწორი არაა და რომ მას ძალიან ბევრი საფრთხე ახლავს. მსახიობობის სურვილი პირველად მერვე კლასში გამიჩნდა. ვიფიქრე, რომ ეს პროფესია მომცემდა საშუალებას, საკუთარ თავზე ბევრი თავგადასავალი გამომეცადა. ჩემები რომ მიხვდნენ, ამაზე სერიოზულად ვფიქრობდი, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყეს ჭკვიანურად ჩაწვეთება, რომ მსახიობობა არც თუ ისე კარგი ვარიანტი იყო და მეც გადავიფიქრე. გადაწყვეტილების მიღების დრო რომ მოვიდა, ძალიან გამიჭირდა არჩევნის გაკეთება. მახსოვს, ჩვენთან დედას მეგობარი მოვიდა, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგი იყო და მეკითხებოდა, რას ვაპირებდი. თურმე, შემოგზავნილი იყო, გადაწყვეტილების მიღებაში რომ დამხმარებოდა (იცინის). საუბრის შემდეგ მითხრა, შემოქმედებითი პროფესია გჭირდებაო. რითაც დიდი სტიმული მომცა და მსახიობობასთან დაკავშირებით გულის სიღრმეში ჩაკლული სურვილები „ამიფეთქა“. გადავწყვიტე, მეცადა. ახლა ვფიქრობ, რომ თუ მაქსიმალურად მოინდომებ და ამ პროფესიაში მთელ შენს რესურსს ჩადებ, ყველაფერი გამოვა. თეატრალურში ჩავაბარე, მაგრამ უნივერსიტეტში ერთი შეშინებული გოგო ვიყავი, რომელმაც არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. საკუთარი თავის რწმენა არ მქონდა. პირველი ქასთინგიდან რომ გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ამიყვანეს, ოფლი მასხამდა, ლამის გასაწური ვიყავი (იცინის). თუმცა, მერე ძალიან ბევრი უარი ყოფილა და ჩვენს პროფესიაში ესეც ძალიან ჩვეულებრივია. ამის გამო საკუთარ შესაძლებლობებში არ უნდა დაეჭვდე.
– მერე ეკრანზეც გამოჩნდი...
– მეორე კურსზე ვიყავი, „შუა ქალაქში“ რომ გამოვჩნდი. ზუსტად მისი ქასთინგიდან გამოვედი ფეხის კანკალით და გასაწური (იცინის). ამ სერიალმა ძალიან ბევრი რამ მომცა, გამოცდილება და რაღაც დოზით – ცნობადობაც. შემდეგ იყო „ჩემი ცოლის დაქალები“ სულ რამდენიმე სერიაში ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე.
– უნივერსიტეტში ძალიან დამფრთხალი ვიყავიო, როდის მოგემატა თავდაჯერებულობა?
 – წლების განმავლობაში ქასთინგების პანიკური შიში მქონდა. თავდაჯერებულობა ნელ-ნელა პრაქტიკით მოვიდა, თუნდაც იმით, რომ თეატრში ძალიან კარგი როლები მანდეს. ამ საქმის პროფესიონალებმა თავიათი შეფასებით ძალიან დიდი სტიმული მომცეს და თავდაჯერებულობაც შემმატეს. ახლა, საბედნიეროდ, კარგი ამბები ხდება ჩემს თავს. ნელ-ნელა, შრომით, ოფლით თუ ცრემლით პროფესიაში წინ მივდივარ და ეს ძალიან მახარებს.
– როგორი ბავშვი იყავი?
 – ახტაჯანა. ნაბოლარა გოგო ვარ და ჩემებს ძალიან უნდოდათ ბიჭი. ექოზე ორჯერ არასწორად გამოჩნდა სქესი და მოკლედ, ყველა ბიჭს ელოდა, მაგრამ დავიბადე გოგო. ხომ ამბობენ, ორსული ქალის განწყობა ნაყოფზე მოქმედებსო, ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად გოგო გავჩნდი, უფრო ბიჭური ვიყავი (იცინის). ძალიან მიყვარდა ჩხუბი, ვეძებდი ხიფათებსა და თავგადასავლებს. ზოგჯერ ბიჭები მე მიმყავდა საჩხუბრად (იცინის). მაგრამ რომ შემომხედავდი, გამხდარი, დიდ და მოწყენილთვალება გოგო ვიყავი. ფიქრობდნენ, არ დაჩაგრონ ეს ბავშვიო და ამ დროს... (იცინის) როგორც კი უფროსი გამოჩნდებოდა, გადავიკრავდი ღიმილს სახეზე, ავაფახურებდი თვალებს და არასდროს არავის ვეგონე დამნაშავე. არადა, უმეტეს შემთხვევაში, მე ვაშავებდი. ერთხელ ძალიან „ჩავიჭერი“. მეგობართან ვისვენებდით აგარაკზე. სულ ომი გვქონდა – გოგოები ბიჭების წინააღმდეგ. ერთ ღამეს გადავწყვიტეთ, ბიჭები გაგვეპასტა. მაგრამ ეს ძალიან ბანალური მოგვეჩვენა და პასტა „ზელიონკით“ ჩავანაცვლეთ. ველოდით, როდის დაიძინებდნენ, სიჩუმე რომ ჩამოწვა, შევიპარეთ ოთახში „ზელიონკით“ და ბამბით. უკუნეთი სიბნელეა და ძალიან ვფრთხილობთ. ერთს მივეპარეთ და კარგად „დავაზელიონკეთ“, რომ უცებ გვესმის ხვრინვის ხმა და მე რომ ბედნიერი ვდგავარ, უცებ მივხვდი, რომ დაქალის მამას ვუსვამ ამ „ზელიონკას“ (იცინის). აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ამას ვიკადრებდით და ყველაფერი ბიჭებს დაბრალდა, თუმცა მე ძალიან მრცხვენოდა ჩემი საქცილის გამო (იცინის).
– ბიჭებთან ურთიერთობაში როგორი იყავი?
– ძალიან ვმეგობრობდი. მაგრამ ჩხუბი ჩვენი ჰობი იყო. მე კარატეზე დავდიოდი და ცოტა ვერეოდი ხოლმე. საერთოდ, კარატეზეც სპეციალურად შევედი. რაღაც ასაკის შემდეგ, გოგოსთან შედარებით, ბიჭი ფიზიკურად უფრო ძლიერი ხდება და გადავწყვიტე, კარატეს დახმარებით აღმედგინა ძალთა თანაფარდობა. მაგრამ არც ამან მიშველა, მივხვდი, რომ მაინც მერეოდნენ და მას შემდეგ მე და ბიჭები დავმეგობრდით (იცინის). სხვათა შორის, ერთხელ ძალიან მაგრად მცემეს. ხუთი ბიჭი წავიდა, ხის ტოტები მოხერხეს და ლამის კომბლებით მომადგნენ. ერთს საერთოდ არ ვიცნობდი და არ ვიცი, რას მერჩოდა (იცინის). ვდგავარ გოგოებთან ერთად და ვფიქრობ, ვაიმე, რა მეშველება-მეთქი. მაგრამ „სამი მუშკეტერი“ მქონდა ახალი ნანახი და გოგოებს ვუთხარი, თქვენ არ ინერვიულოთ-მეთქი. მივვარდი ერთს, გამოვგლიჯე ის „კომბალი“ და გადავწყვიტე, ყველა მე მომეგერიებინა. თითქოს დარტანიანი ვიყავი (იცინის). რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდი და მაგრად მცემეს. სახლში რომ ავედი, ატყდა პანიკა. ადგილზე არაფერი შევიმჩნიე, როგორ ვიკადრებდი ცრემლის გადმოგდებას. მაგრამ რეალურად დასისხლიანებული ვიყავი (იცინის). ეტყობა, სამაგიერო გადამიხადეს ჩემგან მიყენებული ბავშვობის ტრავმების გამო (იცინის). ვერც იმას ვიტყვი, რომ არ ვიმსახურებდი. მერე არც ამ ბიჭებს ეწიათ კარგი დღე, მათმა მშობლებმაც გაიგეს.
– ბიჭებთან გაპრანჭვა როდის დაიწყე?
– სულ ვიღაცა მომწონდა და ვინც მომწონდა, იმას კიდევ უფრო მეტად ვცემდი (იცინის). გაპრანჭვა არ გამომდიოდა. ვინც მომწონდა, იმის დანახვაზე ვწითლდებოდი და ამიტომ, ვცდილობდი, მისთვის თავი ამერიდებინა. შესაბამისად, ის ვერასდროს ხვდებოდა, რომ მისდამი სიმპათია მქონდა. ვინც არ მომწონდა, ის იყო ხოლმე საპირისპიროში დარწმუნებული, იმიტომ, რომ მასთან არ ვკომპლექსდებოდი. გაპრანჭვა პირველად მაშინ მომინდა, როდესაც პირველად შემიყვარდა და ეს ბიჭი დღემდე ჩემი შეყვარებულია.
– მაშინ რამხელა იყავი?
– 21 წლის. ახლა 27-ის ვარ. „ფეისბუქზე“ მეგობარმა გოგომ მომწერა. მაგრამ ისე უცნაურად მწერდა, მივხვდი, რომ მისი სახელით სხვა სარგებლობდა. „თხა თხაზე ნაკლებიო“ და მეც არ ჩამოვრჩი. შემდეგ ისე მოხდა, რომ ამ მეგობართან, შემთხვევით, ეს ბიჭი შემხვდა. აღმოჩნდა, რომ მოვეწონე. მერე ნელ-ნელა მეც შემომეწონა და შემიყვარდა. მანამდე სიყვარული უფრო მიყვარდა, ვიდრე კონკრეტული ადამიანები, მაგრამ ამჯერად მივხვდი, რომ სხვანაირი კავშირი გვქონდა. ცოტა შემეშინდა კიდეც. ასეთი რამ პირველად დამემართა. წლების განმავლობაში ბევრი რამ გადავლახეთ და ერთმანეთს დავეხმარეთ, უკეთესები გამხდარიყავი. კარიერულ ამბავშიც ძალიან მაგრად მიდგას გვერდით და ყველაზე რთულ მომენტებში რწმენას მიბრუნებს.
– რადგან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებით, შეიძლება, ბევრისთვის სიურპრიზია, ის რომ მაია ასათიანი შენი დაა. თუმცა ვიცი, რომ ამის აფიშირება არ გიყვარს.
– აფიშირება არ მიყვარს, თორემ ამაზე საუბარი როგორ არა. უბრალოდ, არ მიყვარს, როცა საყვარელ ადამიანებს ცუდად იყენებენ და პირველ რიგში, მე არ მოვიქცევი ასე. განსხვავებას რაც შეეხება, მეც ვთვლი, რომ ვიზუალურადაც ძალიან განვსხვავდებით და ხასიათითაც დიდად არ ვგავართ ერთმანეთს. თუმცა, ბევრი ამბობს, ჰგავხართო. დები ვართ და საერთო, ალბათ, გვექნება. მაია ჩემზე 15 წლით უფროსია და ჩემ მიმართ უფრო მზრუნველობითი დამოკიდებულება აქვს, ახალგაზრდა დეიდასავითაა ჩემთვის და მე – პატარა „მავნე“ დასავით (იცინის).
– ამბობდი, გარდატეხის პერიოდში სუსტი ვიყავი, ოჯახი დამეხმარა ბევრი რამის გამკლავებაშიო.
– ზუსტად თეატრალურში სწავლის პერიოდში იყო ეს ყველაფერი, როცა საკუთარი თავის არ მჯეროდა. შეიძლება, მაშინ გავაწამე ჩემი ოჯახი, მაგრამ ძალიან მაგრად დამიდგნენ გვერდით. ის ძალა, რომელიც ბავშვობაში მქონდა, უცებ გამომეცალა. დღეს რომ ვიხსენებ ხოლმე, ვფიქრობ, ნეტა ახლაც ისეთი ვიყო-მეთქი. თუმცა, რატომ შევიცვალე, არ ვიცი.
  ბოლო პერიოდში, ვხედავ, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდა გოგოს აქვს დეპრესია. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიონალთან მიხვიდე და იმკურნალო. თუმცა ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გააცობიერო, ისაა, რომ ეს პერიოდია, რომელიც აუცილებლად გადაივლის და ეს სირთულე ისეთ ძლიერ პიროვნებად გაქცევს, როგორადაც საკუთარ თავს ვერც  კი წარმოიდგენ.
– ნათქვამი გაქვს, იმ პერიოდში სუიციდისკენ მიდრეკილი ფიქრებიც მქონდა, მაგრამ ამის შესახებ ოჯახთან დროულად ვთქვიო.  
– როცა საშუალება მეძლევა, ვცდილობ, ამაზე ვისაუბრო იმიტომ, რომ ეს თემა ტაბუირებული აღარ იყოს და რაც შეიძლება, ბევრს დაეხმაროს. ცუდი ისაა, რომ ზოგჯერ, როდესაც ხვდები, რომ ცუდად ხარ, საკუთარი თავის შველა შენ თვითონ აღარ შეგიძლია, და ალბათ, ვეღარც ხვდები, რომ დახმარება უნდა ითხოვო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს ვინ გყავს გვერდით. ხშირად ამბობენ ხოლმე, მაგალითად, მეგობარზე: ვაიმე, როგორ შეიცვალა, ვეღარ ვცნობო. ამ დროს თავის შორს დაჭერას, სჯობს, მიხვიდე მასთან, გაიგო რამე პრობლემა ხომ არ აქვს და რითაც შეგიძლია, დაეხმარო.

скачать dle 11.3