კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როგორ დაიბადა ხელმეორედ რვა ცოდვის შემდეგ ეთერ ბოჭორიშვილი და რის გამო გახდა ის ღმერთის რჩეული

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  63 წლის კომპოზიტორის, ეთერ ბოჭორიშვილის ცხოვრება ოთხმა საბედისწერო წუთმა შეცვალა. მესამე შვილზე მშობიარობის დროს მან კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, იმქვეყნადაც „იმოგზაურა“ და სიტუაციიდან გამოსულმა აღმოაჩინა, რომ კომპოზიტორობის ნიჭი აქვს. ამბობს, ღმერთს რომ არ ვყვარებოდი, ჩემი გადარჩენა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყოო. დღეს ქალბატონი ეთერი ესპანეთში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულია.
  თერ ბოჭორიშვილი: კახეთის გულში, თელავში დავიბადე და გავიზარდე. ისტორიული სახლი გვქონდა, 13 წლამდე იქ ვცხოვრობდი, მერე დაანგრიეს და მის ადგილას, ჩვენს ნასახლარზე ახლა ერეკლეს ძეგლი დგას. იქ ხშირად მივდიოდი და ჩემი წინაპრების, ძველი სახლის ენერგეტიკას ვგრძნობდი. ახლა, წლებია, ევროპაში ვარ და მენატრება იმ ადგილას მისვლა, იმ სურნელის შეგრძნება და ენერგეტიკით დამუხტვა. მამა მძღოლი გახლდათ, დედა კი – მკერავი. თუმცა, ჩემი ოჯახის ყველა წევრი თუ ნათესავი, კარგად მღეროდა. მამას ძალიან უყვარდა ოპერა, ფირფიტები ჰქონდა და მთელი რეპერტუარი ზეპირად იცოდა. სხვათა შორის, პირველად მამიდამ შემამჩნია მუსიკალური ნიჭი და სულ სიმღერებს მასმენინებდა. 2 წლის ვიყავი, როცა საბავშვო სიმღერებს ინსტრუმენტზე ვაწყობდი. პატარა, სათამაშო როიალი მქონდა, მხოლოდ ერთი ოქტავით და მიხატული შავი კლავიშებით. მასზე ვაწყობდი სიმღერებს და თან, ვყვებოდი. მაგრამ, როცა შავი კლავიში დამჭირდა და აკორდი ვერ ავიღე, ნერვები მომეშალა და დავამტვრიე (იცინის). გადაირივნენ მშობლები, რა დაგემართაო და მაშინ ვუთხარი, ვერ ვუკრავ-მეთქი. მამამ მეორე დღესვე მიყიდა პიანინო. მერე მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს. არაჩვეულებრივი პედაგოგი შემხვდა. შემდეგ იყო ტექნიკური მუსიკალური ათწლედი, სადაც პედაგოგი ოთხი საათი გვამეცადინებდა თითო ბავშვს და ინსტრუმენტთან რომ მივსულიყავი, ოთხი საათი მჭირდებოდა ლოდინი (იცინის).  ახლაც მიკვირს, რა ნებისყოფა მქონდა. ამის შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში – საფორტეპიანო ფაკულტეტზე. მერე გავთხოვდი, არაჩვეულებრივი მეუღლე შემხვდა. გავაჩინე შვილები... მაგრამ გადატრიალება მოხდა და სიდუხჭირემ და გაჭირვებამ მაიძულა, ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა.
– ერთი შეხედვით, ლაღი ბავშვობა, წარმატებული ცხოვრება, კარიერა, ახლგაზრდული წლები, საყვარელი ოჯახი და ერთმა დღემ და ფაქტმა, სრულიად შეცვალა თქვენი ცხოვრება...
– დიახ, ასეა და სწორედ ამ შემთხვევის წყალობით აღმომაჩნდა კომპოზიტორული მონაცემები და დავიწყე სიმღერების წერა. მოკლედ, ძალიან მინდოდა ბევრი შვილის გაჩენა. წინა ორ შვილზე რთული მშობიარობა მქონდა, თუმცა, მაინც მინდოდა მესამე შვილი და გავრისკე. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა და მშობიარობის პროცესში, საკეისრო კვეთის დროს, ბავშვი ჩააკვდათ ხელში, მე კი კლინიკური სიკვდილი დამემართა. მანამდე კი, მახსოვს, მთავარი ექიმი რომ შემოვარდა, უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო და მან დაიყვირა: რა დროს ბავშვია, დროზე ქალი გადავარჩინოთო. ამის მერე გავითიშე, კომაში ჩავვარდი და სხვა სამყაროში წავედი. ვგრძნობდი, სხვა უკიდეგანო სივრცეში გადავინაცვლე, ეს იყო რეალობა, ვკვდებოდი და „მამაო ჩვენოს“ ვამბობდი. უცბად,  გარდაცვლილი მამის ლანდმა გაირბინა კადრივით, ხელი ამიქნია, წადიო, მანიშნა და ფაქტობრივად, იმქვეყნიდან გამომაგდო. იმქვეყანაში, უკიდეგანო, ბურუსით მოცულ გარემოში, იცით, კიდევ რა ვნახე? ჩემ წინ ორი კაცის კონტური აღიმართა, ერთმანეთში საუბრობდნენ: მოკვდა? მოკვდა! მოკვდა? მოკვდა!  მარად და მარად – ეს სიტყვები თქვეს სამჯერ და გაქრნენ. მე კი, ჩემთვის ვამბობდი: ღმერთო, გადამარჩინე. მერე აღვიდგინე ეს ორი სილუეტი: ისინი იყვნენ, წინასწარმეტყველები – ელია და ენუქი, რომლებსაც განკითხვის ჟამს მივყავართ ბოლო გზაზე. მოკლედ, ჩავთვალე, რომ მოვკვდი, მაგრამ ვგრნობდი, სული არ დამიკარგავს. თან, შვილებზე ვფიქრობდი. ამ ფაქტის მერე ზუსტად ვიცი, სული უკვდავია და რაც მე დამემართა, ეს იყო პარადოქსული მოვლენა – იმქვეყნად ვიყავი და მოვბრუნდი. სხვათა შორის, სანამ ამქვეყნად დავბრუნდებოდი, სითბო ვიგრძენი და კაშკაშა, თვალისმომჭრელი შუქი დავინახე – ანუ, სხეულში დაბრუნება ვიგრძენი.
– ამ დროს ტკივილს გრძნობდით?
– არანაირი ტკივილის შეგრძნება არ მქონია. რომ დავმძიმდი და სხეულში სულის ჩასვლა ვიგრძენი, თვალი გავახილე და მთელი ჩაჩავას კლინიკის ექიმები თავზე მადგნენ.
– რეალურად, რამდენ ხანს იყავით კომაში?
– ოთხი წუთი მქონდა გული გაჩერებული, თუმცა, მე მეგონა, საუკუნე გავიდა. როცა გონს მოვედი, სანიტრის ტირილის ხმა შემომესმა, დამტიროდა: ჩემი შვილი ზუსტად ამ მდგომარეობაში ჩემ თვალწინმომიკვდა და შენ ღმერთს ჰყვარებიხარო. ქაშუეთის ეკლესიაში მყავდა მოძღვარი – მამა სოგრატი და მან მითხრა: ღმერთის რჩეული ხარო. ერთ კვირაში დავდექი ფეხზე და სარკეში რომ ჩავიხედე, თმა მთლიანად გათეთრებული მქონდა. ანუ, ოთხ წუთში, სანამ მე იმქვეყნად „ვიმოგზაურე“, გავჭაღარავდი. მაშინ, 33 წლის ვიყავი.
– ამ მოვლენამ რა შეცვალა თქვენში?
– ძალიან დიდი გარდაქმნები მოხდა. მანამდე რვა აბორტი მქონდა გაკეთებული და ჩემმა მოძღვარმა 33-ჯერ დამაჩოქა ღვთისმშობლის ხატთან. ფაქტობრივად, იმ რვა ცოდვის მერე მეორედ დავიბადე. მიუხედავად ამისა, კიდევ დავრჩი ფეხმძიმედ, გავრისკე და არ გამიმართლა – ბავშვი მკვდარი დაიბადა. ამის მერე დავიწყე მუსიკის წერა. ჩავიკეტე, არც ბავშვებს ვაქცევდი ყურადღებას, არც ქმარს. ვიჯექი განმარტოებული ოთახში და მუსიკას ვწერდი. მეუღლეს სახლში მოსვლა აღარ უნდოდა. მერე თანდათან გავაცნობიერე, რომ ბავშვებს დედა უნდათ, ქმარს კი – ცოლი და დავძლიე. ასე რომ, კლინიკური სიკვდილის შემდეგ კომპოზიტორული ნიჭი აღმოვაჩინე და ბევრი სიმღერა დავწერე. „მოდიოდა ნინო მთებით“ – ეს სიმღერა ნანი ბრეგვაძეს რომ მოვასმენინე, ძალიან მოეწონა, მითხრა: ეს ისეთი სიმღერაა, მარტო ამით გახდები ცნობილიო. თავად აპირებდა ამ სიმღერის შესრულებას, მაგრამ იმ პერიოდში მოსკოვში მოუწია წასვლა. ასე რომ, ნანი ბრეგვაძემ მიწინასწარმეტყველა, წარმატებული კომპოზიტორი იქნებიო და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.
– ესპანეთში როგორ მოხვდით, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება კლინიკური სიკვდილისა და ახალი ნიჭის გამოვლენის შემდგომ?
– იმდენი რამ გადამხდა თავს, არც კი ვიცი, როგორ გადავრჩი. მეუღლის გარდაცვალებაც წინასწარ ვიცოდი, ორი ინსულტი გადაიტანა ფეხზე. მისი ამქვეყნიდან წასვლა ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. სიზმრების არ მჯერა, მაგრამ შეგრძნებები და ინტუიცია მაქვს განვითარებული. წინასწარ ვხვდებოდი მომავალ ფაქტებს და ამის გამო ჩემი მეუღლე „კუდიანს“ მეძახდა (იცინის). 54 წლის ასაკში წამოვედი და უკვე, ათი წელია, ესპანეთში ვცხოვრობ. თავიდან, ხუთი წელი მოხუცს ვუვლიდი და პარალელურად, ენას ვსწავლობდი. საშინელი დღეები გამოვიარე და ვთვლი, რომ ემიგრაციაში წასული ყველა ქართველი უვადო პატიმარია. ერთ დღეს მოხუცი სასეირნოდ გავიყვანე ქუჩაში და ჩემი უვადო პატიმრობა, ფაქტობრივად, იმ დღეს დასრულდა. სუნამოების მაღაზიის წინ რომ ჩავიარეთ, მაღაზიაში პიანინო შევნიშნე. შევვარდი, მივუჯექი ინსტრუმენტს და დავიწყე დაკვრა. ჩემი მოხუცი და გამყიდველები გიჟებივით მიყურებდნენ (იცინის). დაიწყო და დაიწყო გამვლელების შემოსვლა და აღმოჩნდა, რომ იმ დღეს, გაყიდვების რეკორდი მოიხსნა. სწორედ, იმ დღეს გადავწყვიტე, მეყიდა პიანინო და სული ვარჩიე ფულს. წამოვედი იმ მოხუცისგან, ვიყიდე ელექტროპიანინო, დავიწყე მუსიკის შექმნა და გადავერთე ჩემს საქმეში. დღეს წმიდა მარინას ეკლესიაში ორღანზე ვუკრავ და გუნდს ვხელმძღვანელობ.
– როგორც ვიცი, იმ ეკლესიაში ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის მუსიკაც ააჟღერეთ.
– დიახ, ასეა. ილია მეორის „კირიელეისონი“ ძალიან მოეწონათ და ეკლესიის გუნდს ვამღერე. მეც ვუწერ საგალობლებს და მღერიან ესპანურ ენაზე, მაგრამ ქართული ჟღერადობითა და ჰარმონიით. წირვაზე ჩემს „ალილუიას“ ასრულებენ, მე კი სოლოს ვმღერი. კორდობაში სოლო კონცერტებსაც ვატარებ. მივიღე მონაწილეობა პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალში. გასულ წელს მეგობრების სასახლის გუნდის კონცერტმეისტერად მიმიწვიეს. სამი კონცერტი მქონდა ბენდთან. პალესტინელ მომღერალ მარიამ ტუკანთან დავუკარი და ეს კონცერტი არაერთ ქვეყანაში გადაიცა ტელევიზიით. სხვათა შორის, ანსამბლში სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებლები ვიყავით – გიტარაზე თურქი უკრავდა, საქსაფონზე – ესპანელი, არაბი ქრისტიანი და მე,  ქართველი – ფორტეპიანოზე. კონცერტი „თბილისოთი“ გავხსენი და ყველამ ჩვენ-ჩვენი ქვეყნის მუსიკალური კომპოზიციები შევასრულეთ. ასე რომ, სადაც არ უნდა იყო ადამიანი, რა გაჭირვებაც არ უნდა გაიარო, საკუთარი სული არ უნდა დაივიწყო. ვფიქრობ, ღმერთის რჩეული ვარ – მეორედ დავიბადე, იმქვეყნიური სანახაობაც ვნახე, ამქვეყანაშიც დავბრუნდი, მაგრამ არ ვარ ბედნიერი. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩემი ლაღი ცხოვრება დასრულდა. რომანსი – „ნუ მიმატოვებ“, მას მივუძღვენი და როცა ამ სიმღერას ვასრულებ, ცრემლს ვერ ვიკავებ. მის გარეშე მარტო ვარ. მთავარია, შვილები და შვილიშვილები მყავდნენ კარგად, მე კი ღმერთს ვარ მინდობილი და ვიცი, არ გამწირავს. მის წყალობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ.

скачать dle 11.3