კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ხაფანგი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7-8(999)

  როსტოვი-თბილისის მატარებელი ვაგზლის პირველ ლიანდაგზე დილის 8 საათზე ჩამოდგა. 9 საათზე კი უკვე ჩიხში იდგა, რომ მეორე საღამოს უკან დაბრუნებულიყო. ნონამ ვახო მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვა ჩიხში ჩაყენებული ვაგონის კუპედან, როდესაც საკმაოდ ხანგრძლივი სასიყვარულო სეანსი მიიღო... „ვახუნამ“ თავი რომ მოიწესრიგა და წასასვლელად მზად იყო, უკვე თორმეტი საათი  იყო დაწყებული.
– აბა, შენ იცი, ვახო. ფრთხილად იყავი. ღმერთმა არ ქნას და თუკი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, პირდაპირ აქ გამოქანდი, მე არსად ვაპირებ გასვლას, ხვალ საღამომდე აქ ვიქნები, – უთხრა ნონამ ვახოს.
– ღმერთმა დაგვიფაროს. მოკლედ, შვიდში მოგაკითხავ და რვაში კი როსტოვში წამოგყვები. აბა, ნახვამდის, – უთხრა ვახომ ნონას. აკოცა და ვაგონიდან ჩამოხტა.
უმცროს ლეიტენანტს მოსწონდა ეს ვნებიანი რუსი „პარვადნიცა“, თან  ეცოდებოდა და სინდისიც ქენჯნიდა, რომ ატყუებდა, რადგან, დარწმუნებული იყო, რომ როგორც კი გენერალი მას ახალ კურატორს დაუნიშნავდა, ისე მოაწყობდნენ, რომ „ვახუნას“ დაიჭერდნენ და თბილისის ციხეში დააბრუნებდნენ. შემდეგ კი იმ ოთხ წელიწადს მოაკლებდნენ. ოპერაცია ძველი სცენარით გაგრძელდებოდა და სულ რაღაც ათ თვეში ის „სვაბოდაზე“ გამოვიდოდა. ნონასთან შეხვედრა კი ასეთ შემთხვევაში გამორიცხული იყო და ვახტანგ მახარაძე ამაზე ფიქრობდა.
***
  ვახო მეტროში სადგურ „ვაგზლის მოედანზე“ ჩავიდა და „სამგორამდე“ იმგზავრა. შემდეგ სამასიოდე მეტრი ფეხით გაიარა და ადგილზე გაქვავდა... კონსპირაციული ბინა, სადაც საიდუმლო სამალავი მდებარეობდა, დამწვარი და მიწასთან გასწორებული იყო. ერთ დროს ორსართულიანი შენობის ადგილზე დანახშირებული ფიცრებისა და დანგრეული აგურების გროვა დახვდა. აშკარა იყო, რომ ვახტანგ მახარაძის ბოლო იმედიც განადგურდა და  უკვე  არც საბუთი არსებობდა, რითაც დაამტკიცებდა, რომ კანონიერი ქურდი „ვახუნა“, სინამდვილეში, უშიშროების კომიტეტის საიდუმლო აგენტი, უმცროსი ლეიტენანტი ვახტანგ მახარაძე იყო, რომელიც „მართვეს“ ფსევდონიმს ატარებდა და არც ადამიანები, რომლებიც ამას დაადასტურებდნენ. ვახო კანონგარეშე იყო დარჩენილი. ყველანაირ დაცვასა და მხარდაჭერას მოკლებული და მთელი ქვეყნისთვის ის ეტაპიდან გამოქცეული კანონიერი ქურდი „ვახუნა“ იყო...
გონს რომ მოეგო, ვახომ ახლომახლო მცხოვრებთაგან შეიტყო, რომ პირველ სართულზე მცხოვრებ ოჯახს გაზი დარჩენია ჩართული, თავად კი დასასვენებლად წასულიყვნენ. მოკლე ჩართვა მომხდარა და გაზი აფეთქებულა. არავინ დაშავებულა და მხოლოდ სახლი განადგურდაო. ეს უბედური შემთხვევა კი 26 ივნისს, ანუ ვახოს ეტაპიდან გაქცევის მეორე დღეს მოხდა. უმცროსი ლეიტენანტი შოკირებული იყო და მარტო იმაზე ფიქრობდა, რომ მილიციას არ უნდა ჩავარდნოდა ხელში. მას რაიმე გზა უნდა გამოენახა თავისი სტატუსის დასამტკიცებლად. ამას კი მშვიდი გარემო და ფიქრი სჭირდებოდა. ამიტომ, ვახო თბილისის ვაგზლის ჩიხში დაბრუნდა და ნონას მიადგა. „პრავადნიცამ“ რომ „პრაქტიკანტი“ დაინახა, გაიფიქრა, საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭირო იყოო და ჰკითხა:
– რა მოხდა, ვახო?
– დროებით ფსკერზე უნდა დავწვე და ყველაფერი კარგად მოვიფიქრო. სიმშვიდე და კონსპირაცია მჭირდება და როსტოვში მოგიყვები, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ხარ, – უთხრა ვახომ.
– რაზეა ლაპარაკი, ძვირფასო. ხომ გითხარი, რომ თუ გინდა, მთელი ცხოვრება ჩემთან იცხოვრე, – მიუგო ნონამ. კუპეს კარი ჩაკეტა და ბიჭს ჩაეხუტა...
***
  ქალ-ვაჟი 4 ივლისს დაბრუნდა როსტოვში და განცხრომას მიეცნენ. „შესვენების საათებში“ კი ვახო მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეღწია თავი ამ სიტუაციიდან, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობდა. მორიგი რეისის წინ ნონამ ვახოს უთხრა:
– საყვარელო, ყველაფერი მაცივარში დაგიტოვე, რაც ჩემს დაბრუნებამდე დაგჭირდება და აბა, შენ იცი. 19-ში აქ ვარ და არ მოიწყინო.
9 ივლისის ღამე იდგა. ვახო ტახტზე იყო წამოწოლილი, სიბნელეში და ფიქრობდა. უცებ სახლში მძლავრმა ფანრებმა გაანათეს, ოთახში რამდენიმე მამაკაცი შემოიჭრა. ვახომ მხოლოდ ტახტიდან წამოხტომა მოასწრო, მაგრამ ის იქვე გაკოჭეს და ოთახში სინათლეც აინთო. ვახომ მილიციის ფორმაში გამოწყობილი რვა ოპერმუშაკი დაინახა, რომლებიც მას მისჩერებოდნენ და ცინიკურად იღიმებოდნენ. მაიორის სამხრეებიანმა ოცდათხუთმეტიოდე წლის ოპერჯგუფის უფროსმა კი ვახოს უთხრა:
– გაები, „ვახუნა“? აბა, რა გეგონა, ამ ძუკნასთან რომ იჭერდი საქმეს. ეს როსტოვია და არა ადლერის ეტაპი, საიდანაც შენ იმ დოყლაპიებს გამოექეცი.
აშკარა იყო, რომ ძუკნაში მაიორი ნონას გულისხმობდა და მინიშნებით ეუბნებოდა ვახოს, რომ ის ქალმა ჩაუშვა. „ვახუნა“ დარწმუნებული იყო, რომ მაიორი ცრუობდა, რადგან ნონა უკვე კარგად გაიცნო და იცოდა, რომ ქალი მას არ ჩაუშვებდა. თუმცა, უმცროსი ლეიტენანტი ვერც იმას ხვდებოდა, ვის შეეძლო მისი ჩაშვება. რჩებოდა შემთხვევითობა, მაგრამ ფაქტობრივად, ესეც გამორიცხული იყო.
– ვინ ძუკნა, მაიორო? – იკითხა ვახომ.
– ნონა. ვინ კიდევ? – მხრები აიჩეჩა მაიორმა და დაამატა, – იმან ჩაგიშვა.
– დამაპირისპირეთ, – თქვა ვახომ.
– აბა, რას ვიზამთ? ახლა კი სამმართველოში ჩავედით. კაპეზეში უნდა გამოგამწყვდიოთ, მაგრამ ისე, რომ გაქცევაზეც კი არ იფიქრო, – თქვა მაიორმა და ხელქვეითებს ანიშნა, – წამოიყვანეთო...
  „ვახუნა“ ყველაზე საიმედო საკანში გამოამწყვდიეს და იქ დილამდე გააჩერეს. მას არავინ გააკარეს და არც ნონასთან დაუპირისპირებიათ. 10 ივლისს კი კრასნოდარში ჩაიყვანეს გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით და რადგან ადლერი კრასნოდარის მხარეს ეკუთვნოდა, გაქცევის გამო გაასამართლეს. სასამართლომ მას კიდევ სამი წელიწადი დაუმატა, რაც ჯამში, 8 წელიწადს შეადგენდა და „ვახუნა“, სავარაუდოდ, მხოლოდ 1997 წელს გათავისუფლდებოდა ციხიდან. სასამართლოს შემდეგ „ვახუნა“ კრასნოდარის ციხის ერთადგილიან საკანში მოათავსეს და სრულ იზოლაციაში სამი დღე გააჩერეს. 13 ივლისს კი ეტაპით ციმბირში გაგზავნეს გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ და მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გაამწესეს, სადაც რეციდივისტები იხდიდნენ სასჯელს.
 ზონა შავი იყო. მას ქურდები მართავდნენ და ოთხასივე პატიმარმა უკვე წინასწარ იცოდა, თუ ვინ შემოჰყავდათ ზონაში.  „ვახუნას“ მოუთმენლად ელოდა ზონის მაყურებელი ჯიმი ქისტაური, იგივე „ჩორნა“, რომელიც „ვახუნას“ თბილისიდან წაყვანის მეორე დღეს მიაყოლეს უკან და ისიც გააციმბირეს.
– ძალიან აირია, ძმაო, „პალაჟენია“, – უთხრა „ჩორნამ“ „ვახუნას“, როდესაც თავის გვერდით მიუჩინა ბარაკში ადგილი, – გუბერნსკში მთელი ქურდული კამერა დაშალეს  და ყველა ჩვენი ძმა რუსეთის სხვადასხვა „სტროგაჩებში“ გადაანაწილეს.
– რას იზამ. ასეთია ქურდი კაცის ბედი, ჩემო „ჩორნა“ და უნდა გავუძლოთ, – თქვა ვახომ.
– არა მარტო უნდა გავუძლოთ, „ვახუნა“. ეს არ კმარა. თბილისში რომ „ვბაზრობდით“, ის უნდა გავაკეთოთ და ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი, – თქვა ქისტაურმა.
– მე კი – შენი, – მიუგო ვახომ.
– მასეა, ჩემო ძმაო. ერთად უნდა ვიყოთ. რუსეთი სულ სხვაა და საქართველოს ციხე-კურორტები არ გეგონოს. თანაც, ცოტა უცნაური მასტები არიან ეს რუსები. ვერ ხვდებიან, რომ ქურდულ კანონებშიც ცვლილებებია შესატანი და თავისას აწვებიან. „იდეინები“ ვართო, ამბობენ და ვერც თვითონ ვითარდებიან და არც სხვებს აძლევენ ამის საშუალებას. თუ დროზე არ დავიკავეთ ის, რაც ჩვენ, ჭკვიან ქურდებს გვეკუთვნის, მაშინ იმ ადგილებზე სხვები მოვლენ და მათ იქიდან ძვრასაც ვერ ვუზამთ. ამიტომ, ჩემო „ვახუნა“, აქ, რუსეთში უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და რაც უფრო მალე დავიწყებთ, მით უკეთესი ჩვენთვის. მართალია, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდება, მაგრამ ჩვენი უნდა გავიტანოთ. დაიმახსოვრე, ეს სასიკვდილო ბრძოლა იქნება და აქ დანდობა არ არსებობს! – თქვა „ჩორნამ“.
***
  მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ვახტანგ მახარაძე უშიშროების საიდუმლო აგენტი იყო და ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა, ზონაში ჩასახლების შემდეგ მიხვდა, რომ მისი აგენტურული კარიერა წარსულს ჩაბარდა და ბოლომდე უნდა მოერგო ის როლი, რაც მას თავდაპირველად მხოლოდ აგენტურული მუშაობისთვის სჭირდებოდა, ამიტომ „ვახუნამ“ საკუთარ თავს მტკიცედ უთხრა: „აგენტი „მართვე“ მოკვდა. გაუმარჯოს მაფიოზ „ვახუნას!“... ამის მერე ვახტანგ მახარაძე ფსიქოლოგიურადაც გადაეწყო და უშიშროების კომიტეტის საიდუმლო აგენტი, უმცროსი ლეიტენანტი, მსხვილი ორგანიზებული დანაშაულებრივი კლანის გენერლად გადაიქცა. და ეს ვახო მახარაძემ რვა წლის განმავლობაში მოახერხა, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ყველაზე საშინელ ციხე-კოლონიებში ჯდომის დროს და ყველა წინააღმდეგობა ღირსეულად დაძლია. ის სულ რაღაც 28 წლის იყო მაგრამ მთელი რუსეთისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყარო იცნობდა და პატივს სცემდა.
1997 წლის 16 მარტი, კვირა დღე იდგა და „ვახუნა“ მეორე დღეს უნდა გამოეშვათ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხიდან, რომელსაც „ბელი ლებედი“ ერქვა და ურალში, ქალაქ სოლიკამსკში მდებარეობდა. საღამოს 8 საათი სრულდებოდა. ქურდულ საკანში „მომავლები“ კრიმინალური სამყაროს ტუზებისთვის  სუფრას შლიდნენ, რათა „ვახუნას“ ციხიდან გათავისუფლება აღენიშნათ, რაც 17 მარტს, დილის 9 საათზე უნდა მომხდარიყო. თავად ვახოც საკანში იმყოფებოდა, როდესაც ზედამხედველმა საკნის კარი გააღო და „ვახუნას“ უთხრა:
– პატიმარო ვახტანგ მახარაძე, ციხის უფროსის კაბინეტში გიხმობენ და წამობრძანდით.
„ვახუნას“ არ გაჰკვირვებია ეს მიწვევა. ჩვეულებისამებრ, „მსხვილი კალიბრის“ ბოროტმოქმედებს გათავისუფლების წინა დღეს ციხის უფროსი იბარებდა და იდეურ-აღმზრდელობით საუბარს უტარებდა ცხოვრების პატიოსნად გაგრძელებისა და ჯანსაღ საზოგადოებაში ინტეგრაციის შესახებ. ეს აუცილებელი ფორმალობა იყო და ასეთ საუბარზე უარს არავინ ამბობდა. „ვახუნაც“ ხალისით გაჰყვა ზედამხედველს და სანამ საკანს დატოვებდა, კოლეგებს უთხრა:
– თუ შემაგვიანდა, უჩემოდ დაიწყეთ და შემოგიერთდებით.
ზედამხედველმა ვახო ციხის უფროსის კაბინეტში შეუშვა და თავად გარეთ გავიდა. ფანჯარასთან კი სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი მამაკაცი იდგა და გარეთ იყურებოდა. ვახო მაშინვე მიხვდა, რომ ის არც ციხის უფროსი იყო და არც სხვა თანამშრომელი, ამიტომ უცხოს რუსულად მიმართა:
– თქვენ დამიბარეთ?
– დიახ. მე დაგიბარე, – შემოუბრუნებლად მიუგო ფანჯარასთან მდგომმა მამაკაცმა ვახოს ქართულ ენაზე და ამ ხმის გაგონებაზე მახარაძეს გააჟრჟოლა, თუმცა ხმის ამოღება ვერ შეძლო და იატაკს მიეყინა.
უცხო უცბად შეტრიალდა და ვახოს უთხრა:
– გამარჯობა, „ვახუნა“. ცუდად არ გამოიყურები რვაწლიანი „სროკისთვის“. როგორ გიკითხო?
უცხო მამაკაცი გურამ იოსელიანი იყო, მაგრამ ვახო სკუთარ თვალებს არ უჯერებდა. იოსელიანი კი მახარაძეს მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
– გამოცოცხლდი, „მართვე“, ეს ნამდვილად მე ვარ და არაფერი გეჩვენება.
– თქვენ, ამხანაგო მაიორო? – ამოილუღლუღა მახარაძემ.
– გენერალ-მაიორი ვარ, ვახო, მაიორი რვა წლის წინ ვიყავი, – თქვა იოსელიანმა.
მახარაძემ კოპები შეკრა და იოსელიანს უთხრა:
– რას ნიშნავს ეს, რაში დაგჭირდათ ამხელა ტყუილი.
– ვერ ხვდები? – იკითხა იოსელიანმა.
– ვერა! – მკვახედ მიუგო ვახომ.
– ვიცე-პოლკოვნიკო. ამ წლების განმავლობაში შენც გემატებოდა წოდება. ნუ გავიწყდება, რომ საიდუმლო აგენტი ხარ და გრანდიოზულ ოპერაციაში ცენტრალურ როლს ასრულებ. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, შენ კვლავ ორმაგი სახით დარჩებოდი, ჩვენ კი მაფიის ბოსი გვჭირდებოდა და საამისოდ შენი ფსიქოლოგიური გადაწყობა იყო საჭირო. რას იზამ, ასეთი როლი გერგო და ისტერიკა არ შეგშვენის, – უთხრა იოსელიანმა მახარაძეს.
– როგორც ვხვდები, ომარ შონიაც და ლევან ხომერიკიც ცოცხლები უნდა იყვნენ, – თქვა ვახომ.
– რა თქმა უნდა, ჯანმრთელად არიან, – თავი დააქნია იოსელიანმა.
– ესე იგი, ჩემთვის „სროკის“ დამატება და გაციმბირება იმთავითვე ოპერაციით იყო გათვალისწინებული, ხომ? – იკითხა ვახომ.
– პრინციპში, ჰო, მაგრამ ოპერაცია კინაღამ ორჯერ ჩაგვეშალა. პირველად მაშინ, როდესაც იმ კრეტინმა ხოკერაშვილმა ძმის გამო „აბაროტის“ აღება მოინდომა. მაგრამ ის სიტუაცია საჩვენოდ გამოვიყენეთ. აი, ადლერიდან რომ „მოტყდი“, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე და შენზე ტოტალური ძებნა იყო გამოცხადებული. ბიჭო, სად გარბოდი, მატარებელს რომ გაესრისე ან „ვევეშნიკებს“ ჩაეცხრილე, მაშინ რას შვრებოდი? – თქვა იოსელიანმა.
– რა უნდა მექნა. სხვას იპოვიდით, – გაეცინა ვახოს.
– სხვას, სხვას... – ხელი ჩაიქნია გენერალმა და განაგრძო, – მოკლედ, ისღა დაგვრჩენოდა, რომ კონსპირაციული ბინა გაგვენადგურებინა, რადგან ლოგიკურად, იქ უნდა მისულიყავი და არც შევმცდარვათ. სამგორიდან მყარად დაგაჯექით კუდზე და როსტოვში ისე ავაგდებინეთ შენი თავი მილიციას, რომ შენმა ნონამ არაფერი იცოდა.
– ის კრეტინი მაიორი კი მეუბნებოდა, იმ ძუკნამ ჩაგიშვაო, – თქვა ვახომ.
– ეს ჩვენ ვათქმევინეთ, რომ შენთვის ტვინი აგვერია. სხვათა შორის, ნონა დღემდე გეძებს. ჩვენ ის თვალსაწიერიდან არ დაგვიკარგავს და მიუხედავად იმისა, რომ ორმოც წელს მიუკაკუნა, ისევ ისეთი მიმზიდველი ქალია, – ჩაიღიმა გენერალმა.
– კვლავ „პრავადნიცად“ მუშაობს? – იკითხა ვახომ.
– არა. როსტოვში დიდი სუპერმარკეტი გააკეთა და ფულსაც კარგად შოულობს, – მიუგო იოსელიანმა და დააყოლა, – სხვათა შორის, ისე მოვაწყვეთ, იცის აქ რომ ზიხარ და ხვალ დილით თავისუფლდები. ამიტომ თავისი „ჯიპით“ მოიჩქარის და არ გაგიკვირდეს, რომ ციხის კართან დაგხვდება.
– უარს არ ვიტყვი... და გამორიცული არაა, რომ ცოლადაც კი შევირთო, –  თქვა „მართვემ“.
– ეგ შენი საქმეა, ვიცე-პოლკოვნიკო და შენს პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევით, თუ რა თქმა უნდა, ეს საქმეს არ დააზარალებს. ვინც გინდა, იმაზე დაქორწინდი, – თქვა გენერალმა და დაამატა, – ხვალ ჩვენი ოპერაციის პირველი ეტაპი სრულდება და ხვალვე იწყება შემდგომი. ცოტა გაწელილი ოპერაცია კი არის, მაგრამ შენი იმედი გვაქვს და აბა, შენ იცი...
– უფრო კონკრეტულად, ბატონო გურამ, – თქვა ვახომ და იოსელიანს თვალი თვალში  გაუყარა.
– აქედან კლანის გენერლად გიშვებთ და 8-10 წელიწადში კლანის მარშალი უნდა გახდე, – ღიმილით მიუგო იოსელიანმა, – ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის „პრესტუპნი მირი“ უნდა გააერთიანო და აკონტროლო. ჩვენი უწყება კი „დაგკრიშავს“ და ყველაფერში ხელს შეგიწყობს.
ვახოს ჩაეცინა და იოსელიანს უთხრა:
– ესე იგი, გაუმარჯოს საიდუმლო აგენტ „მართვეს“, ხომ?
იოსელიანმა თავი გააქნია და ვახოს სერიოზული სახით მიუგო:
– არავითარი „მართვე“, „ვახუნას“ გაუმარჯოს! „პრესტუპნი მირის“ მომავალ მარშალს!
დასასრული

скачать dle 11.3