კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№8 როგორ გადაარჩინა ლავრენტი ბერიამ ლადო გუდიაშვილი დაპატიმრებას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერია სულაც არ ყოფილა მხოლოდ საქმის გამკეთებელი, უგულო ჩინოვნიკი, როგორც ამას ხრუშჩოვისეული პროპაგანდა ქადაგებდა. ის ნამდვილად განათლებული პიროვნება იყო და როგორც ამბობენ, ხელოვნებაშიც საკმაო ნიჭიერებით გამოირჩეოდა. ისტორიის პუბლიცისტი ანატოლი მაქსიმოვი წერს: „ნიკიტა ხრუშჩოვი ჩვენი, რუსების სირცხვილია და რაც უფრო მალე ვაღიარებთ ამას, მით უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მავანნი ხრუშჩოვს, მის სახეს რუსი ადამიანის მახასიათებლად იყენებენ, არადა, სინამდვილეში, ეს ასე არაა. ცოტა შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ სწორედ ხრუშჩოვი და მის ირგვლივ შემოკრებილი შეთქმულების ბანდა იყვნენ იმ საშინელი და ყოვლად მიუღებელი ანტიპიარის ინიციატორები ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ, რომელიც დღემდე გრძელდება. არადა, ბერია ის ადამიანია, ვინც რუსეთისთვის იმაზე ბევრად მეტი კარგი გააკეთა, ვიდრე თავად ჩვენს (რუსების) მიერ აღიარებულმა ბევრმა რუსმა. ახლა კი უშუალოდ ბერიაზე გადავიდეთ. ლავრენტი პავლეს ძე ბერია, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი, ზოგ შემთხვევაში, სასტიკიც კი იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – უკულტურო, გაუნათლებელი და გონებაშეზღუდული... პირიქით, ბერია თვით ნიჭიერებისა და ერუდიციის განსახიერება იყო. საკმაოდ ხშირად კი ისეთ არაორდინარულ, სისტემისთვის მიუღებელ ნაბიჯებს დგამდა, რის გამოც შესაძლებელი იყო, ის უმკაცრესად დაესაჯათ და თავისი ასეთი სითამამე და პარტიული ჩარჩოდან გასვლა სიცოცხლის ფასადაც კი დასჯდომოდა. მამაჩემი სტეპან მაქსიმოვი მხატვარი იყო. მას ახლო ნაცნობობა აკავშირებდა თავის ქართველ კოლეგებთან. რამდენიმე მათგანთან – მეგობრობაც. მისი უახლოესი მეგობარი იყო ცნობილი ქართველი მხატვარი, „ვეფხისტყაოსნის“ დამსურათებელი სერგო ქობულაძე.  სწორედ, ბატონი სერგოსგან იცოდა მამამ ამბავი, რომელიც მან არაერთხელ მიამბო, რაც ასევე, ცნობილი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის გადარჩენას ეხება. გუდიაშვილი სტალინს ამ მხატვრისთვის დამახასიათებელი სტილის გამო არ მოსწონდა. ხოლო თუ რას ნიშნავდა სტალინის მიერ ვინმეს არმოწონება, ძნელი მისახვედრი არაა. 1946 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის თხოვნით, ლადო გუდიაშვილმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე, ცნობილი ქაშუეთის ეკლესია მოხატა, ამის გამო ქართული საბჭოთა კულტურის პარტიულ კურატორთა ჯგუფმა (ვინაობებს შეგნებულად არ ვასახელებ) ბატონი ლადო კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდანაც გააძევეს, სადაც ის ოცი წლის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. შემდგომი ნაბიჯი უკვე გუდიაშვილის დაპატიმრება იყო – ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, მით უმეტეს, რომ ბატონი ლადო სტალინის კეთილგანწყობით არ სარგებლობდა და ეს კარგად იცოდნენ იმათ, ვინც გენიალურ ქართველ მხატვარს „პარტიულად ავიწროებდნენ“. თუმცა „მაშველი რგოლი“ უმაღლეს საბჭოთა პარტიულ ხელმძღვანელობაში გამოჩნდა და ლადო გუდიაშვილი დაპატიმრებას გადაარჩინა. მისი მხსნელი კი ლავრენტი ბერია იყო, რომელიც პირადად იცნობდა გუდიაშვილს და მის შემოქმედებასაც განსაკუთრებულად აფასებდა. ბერიამ არა მარტო დაუმსახურებელი სასჯელისგან იხსნა გუდიაშვილი, არამედ ბერიასვე ძალისხმევით, მისი ღვაწლი დაფასდა და 1950 წელს მას საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა... ბერიამ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პირადი ნაცნობობის გამო გადადგა, არამედ სამართლიანობიდან გამომდინარე. ვინ ვინ და ბერიამ კარგად უწყოდა სხვადასხვა დარგის პარტკურატორების ამბავი და დიდი ქართველი მხატვარი სწორედ მათგან დაიცვა. გუდიაშვილისა და ბერიას ნაცნობობა კი ჯერ კიდევ, ლადო გუდიაშვილის პარიზში გამგზავრებამდე, ბაქოში მოხდა. 1916 წელს გუდიაშვილი ადგილობრივი მხატვრების მიწვევით აზერბაიჯანის დედაქალაქში იმყოფებოდა და საქალაქო გამოფენაც დაათვალიერა. იქ ბატონი ლადოს ყურადღება ბაქოს პოლიტექნიკური ტექნიკუმის სტუდენტის, 17 წლის ლავრენტი ბერიას ორმა ნამუშევარმა მიიპყრო, რომლებზეც  კასპიის ზღვის პეიზაჟები იყო აღბეჭდილი. ბერია სწავლასა და იატაკქვეშა მოღვაწეობას ხატვასაც უთავსებდა და გუდიაშვილის შექებით ისე აღფრთოვანდა, რომ ფრთები შეესხა და საბოლოოდ გადაწყვიტა, მხატვარი გამხდარიყო. თუმცა ბერიას ოცნებებს ასრულება არ ეწერა – ის სახელმწიფო მოღვაწე გახდა. ბერიასა და გუდიაშვილს შორის სულ რაღაც 3 წელი იყო განსხვავება – ბატონი ლადო 1896 წლის 30 მარტს იყო დაბადებული, ლავრენტი ბერია კი – 1899 წლის 29 მარტს. ბერიას პირადი ადიუტანტი სოლომონ აბაკელია ყვებოდა: „ლადო გუდიაშვილი რომ 1926 წელს, შვიდწლიანი პარიზული ცხოვრების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა, ლავრენტი ბერია უკვე საქართველოს „გეპეუს“ – სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსი იყო. მართალია, რეპრესიები არ მძვინვარებდა, მაგრამ უცხოეთიდან ჩამოსულებს, თანაც იქ დიდი ხნით ნაცხოვრებს, საკმაოდ მკაცრად და გულდასმით ამოწმებდნენ. მართლაც, ბევრი ჯაშუში შემოდიოდა ჩვენთან და შესაბამის სიფრთხილეს ვიჩენდით. მაშინ ეს საქმე უშუალოდ ბერიას ეხებოდა და შესამოწმებელთა სიები პირადად მასთან იგზავნებოდა. როდესაც მან ლადო გუდიაშვილის სახელი ამოიკითხა, მხატვარი თავისთან მიიწვია და ორ საათზე მეტხანს ესაუბრა. სხვათა შორის, ლავრენტი ბერიას კაბინეტში ლადო გუდიაშვილის ნახატი, „მთაწმინდა“ ეკიდა და სადაც კი სამუშაოდ მიდიოდა, მუდამ თან მიჰქონდა. ბოლოს ეს სურათი მისი კრემლის კაბინეტში იყო და როდესაც შეთქმულება მოუწყვეს და მოკლეს, სხვა საბუთებთან და ნივთებთან ერთად, ის ნახატიც წაიღეს და სადღაც გააქრეს...“
  როგორც თვითმხილველთა მონათხრობიდან და სხვადასხვა, უკვე განსაიდუმლოებული დოკუმენტიდან ჩანს, ლავრენტი ბერია საკმაოდ კულტურული, ერუდირებული და წესიერი ადამიანი იყო. შეეძლო სიკეთის ბოროტებისგან გარჩევა და არც სამართლიანობა ავიწყდებოდა. ალბათ, ლავრენტი ბერიას ბედისწერა იყო, რომ ის „ჟანდარმერიის მარშალი“ გახდა და არა დიდი მხატვარი, არქიტექტორი ან თუნდაც ინჟინერი. ამ მხრივ, მას მართლაც ბუნებისგან მომადლებული ნიჭი ჰქონდა, რომელიც დროისა და გარემოებათა გამო გამოუყენებელი დარჩა. მიუხედავად ამისა, ბერიამ თუნდაც თავისი სასტიკი მოღვაწეობით, მაინც დადებითი კვალი დატოვა არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში და ვიმეორებ: ლავრენტი პავლოვიჩმა რუსეთისთვის ბევრად მეტი კარგი გააკეთა, ვიდრე საქვეყნოდ აღიარებულმა დიდმა რუსებმა.“

скачать dle 11.3