კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 თეონა ტიბუა – ახალგაზრდა, წარმატებული მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი – თქვენი ჯანმრთელი მომავლის სამსახურში

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  ახალგაზრდა, წარმატებული მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი თეონა ტიბუა კარგი განათლებისა და პროფესიული გამოცდილების გარდა, პაციენტების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულებით გამოირჩევა. მისი პაციენტების უმრავლესობა დედობისთვის ემზადება და ფიქრობს, რომ მათ ექიმის მხრიდან განსაკუთრებული ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ. როდის უნდა მივმართოთ უშვილობის პრობლემით ექიმს და როდის დგება ინ ვიტრო განაყოფიერების აუცილებლობა – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე თეონა ტიბუა გვიპასუხებს.
  თეონა ტიბუა: ექიმის პროფესია ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ყოველდღე ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს საქმე ყოველდღიურ შრომასა და მუდმივ თვითგანვითარებასთანაა დაკავშირებული. დიდი პასუხისმგებლობაა, უშვილო წყვილებთან ურთიერთობა, რომლებთანაც არა მხოლოდ შენი სამედიცინო ცოდნის გამოყენება, არამედ ფსიქოლოგიული მხარდაჭერა და თანადგომა გიწევს. ეს, ერთდროულად, ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა.
ჩემი, როგორც კლინიცისტი ექიმის დებიუტი კლინიკა „ინ ვიტროში“ შედგა, სადაც 2013 წლიდან 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. 2016 წელს კლინიკა „ინოვას“ ბაზაზე გაიხსნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი „ინოვა ინ ვიტრო“, სადაც დღემდე ვმუშაობ.
– როგორ დაახასიათებთ „ინოვა ინ ვიტროს“?
– „ინოვა ინ ვიტრო“ არა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი, არამედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკაა და ჩვენთან პაციენტები არ მოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები გამოიყენონ. მოგვმართავენ ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიებით (მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, აკნე – გამონაყარი, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები, კლიმაქტერული სინდრომი, კონტრაცეფცია და ასე შემდეგ), ორსულობის, ჩვეული აბორტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ვინაიდან კლინიკა მულტიპროფილურია შესაძლებელია, ამ სივრციდან გაუსვლელად ჩაუტარდეთ ნებისმიერი გინეკოლოგიური ქირურგიული მანიპულაციები. მაგალითად, როგორიცაა ჰისტეროსკოპია და ლაპარასკოპია.
ბოლო წლებში ხშირად მოგვმართავენ ონკოლოგიური პაციენტები, ქიმიო ან სხივურ თერაპიამდე ბიოლოგიური მასალის (კვერცხუჯრედი, სპერმატოზოიდი) შენახვის მიზნით.
  „ინოვა ინ ვიტრო“ დღეს ქართულ ბაზარძე ერთ-ერთი წამყვანი  კლინიკაა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების (ინ ვიტრო განაყოფიერება, სპერმის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია) თვალსაზრისით. წარმატების მთავარი მიზეზი არა მარტო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არამედ კვალიფიციური გუნდი, ინდივიდუალური პაციენტზე მორგებული მკურნალობის მეთოდი  და  გამართული ემბრიოლოგიური სამსახურია.
– როგორც ვიცი, „ინოვა ინ ვიტრო“, კვერცხუჯრედების გაყინვით, ქალბატონებს აძლევს საშუალებას, რომ წლების შემდეგ იყოლიონ საკუთარი, გენეტიკური შვილი.
– დიახ, ჩვენს კლინიკაშიც აქტიურად არის დანერგილი, ეგრეთ წოდებული, Social freezing. ბოლო წლებია, საქმიანი ქალები, რომლებსაც არ ჰყავთ პარტნიორები და უფრთხილდებიან თავიანთ გენეტიკურ მასალას, მოდიან, ყინავენ კვერცხუჯრედებს, რაც ცოტა უფრო დაბალრეპროდუქციულ ასაკში საკუთარი, გენეტიკური შვილის ყოლის საშუალებას აძლევს.
– უცხოელ კოლეგებთან რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ?
– ნებისმიერი სფერო და მით უფრო, რეპროდუქტოლოგია აქტიურად განვითარებადია. უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაცია, საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებში ჩართვა კი აუცილებელია ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირებისთვის. ამ მხრივ, უშუალოდ კლინიკაც აქტიურად არის ჩართული. დაარსებიდან დღემდე ვთანამშრომლობთ ევროპაში წამყვანი კლინიკების ქსელთან – IVI.
– როდის უნდა მივმართოთ ექიმს შვილოსნობის პრობლემით?
– ზოგადად, ითვლება, თუ ახალგაზრდა წყვილი არ მიმართავს კონტრაცეფციას და ერთწლიანი სქესობრივი თანაცხოვრების შემთხვევაში არ დგება ორსულობა, წყვილმა აუცილებლად უნდა მოგვმართოს, რათა ჩაუტარდეს შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები და დავადგინოთ უშვილობის გამომწვევი უშუალო მიზეზი. მაგრამ, თუ საუბარია მაღალასაკობრივ ჯგუფზე (35 წელი და ზემოთ), მაშინ მინიმალურ პერიოდად 6 თვე ითვლება. ეს ბიოლოგიური პროცესია – ასაკის მატებასთან ერთად, შვილის ყოლის პოტენციალი მცირდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალის რეპროდუქციულ პოტენციალზე, მის ასაკს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ოპტიმალური შედეგის მისაღებად. ეს ეხება როგორც ბუნებრივად დაორსულების შესაძლებლობას, ისე ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალს. მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ სპერმატოგენეზის უნარს, ქალები თანდაყოლილი მარაგით იბადებიან, რაც დროთა განმავლობაში ილევა. არსებობს, ეგრეთ წოდებული, ოვარიული რეზერვის მცნება, რომლითაც ვაფასებთ ქალის რეპროდუქციულ პოტენციალს და ეს ციფრობრივად შეიძლება, გამოვსახოთ AMH-ის (ანტიმიულერული ჰორმონი) სახით. უნდა აღვნიშნო, რომ ასაკთან ერთად, მცირდება არა მარტო AMH-ის მაჩვენებელი, არამედ კვერცხუჯრედის ხარისხი. აქედან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ექიმთან დროულ მიმართვას სასურველი შედეგის – ორსულობის მისაღებად.
– რა მიზეზები შეიძლება, ჩაითვალოს უშვილობის გამომწვევად?
– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, წყვილების 12-15% უშვილოა. ზოგადი მონაცემებით, ეს არის ეკოლოგია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, საკვები და ასე შემდეგ. პროცენტულ თანაფარდობას თუ გადავხედავთ, უშვილობის მიზეზები თანაბრად ნაწილდება ქალებსა და მამაკაცებში. უშვილობის გამომწვევი უშუალო მიზეზი შეიძლება, იყოს ორგანული, იმუნური, გენეტიკური, უცნობი გენეზის (იდიოპათიური), ფალოპის მილების პათოლოგია, ენდომეტრიოზი, ჰორმონული დარღვევები, ასაკი, სპერმატოგენეზის დარღვევა  და ასე შემდეგ.
– როდის დგება ინ ვიტრო განაყოფიერების აუცილებლობა?
– პაციენტების უმეტესობა, რომელიც კლინიკას მომართავს, ნამდვილად არ საჭიროებს ინ ვიტრო განაყოფიერებას, ხშირად სულ მცირე ჩარევაც საკმარისია სპონტანური ორსულობის მისაღებად. ინ ვიტრო განაყოფიერების საკითხი დგება უშვილობის ისეთი ფორმების დროს, რომელთა გადაჭრა სინჯარის განაყოფიერების გარეშე შეუძლებელია.
* პირველ რიგში, ეს არის ფალოპის მილების ფუნქციური უკმთრისობა ან არარსებობა ქირურგიული ჩარევის შედეგად. ეს ერთ-ერთი პირველი ჩვენებაა, რის გამოც მსოფლიოში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერება ჩატარდა.
* როდესაც ქალის ასაკი მეტ-ნაკლებად კრიტიკულია, რამდენიმე თვის განმავლობაში ორსულობის დაგეგმვის მცდელობა უშედეგოა, დგება ინ ვიტრო განაყოფიერების აუცილებლობა, რათა ქალს არ დავუკარგოთ საკუთარი გენეტიკური შვილის ყოლის შესაძლებლობა.
* მამაკაცის ფაქტორი – სპერმატოგენეზის დარღვევა, როდესაც სპერმის პარამეტრები (რაოდენობა, მოძრაობის უნარი) იმდენად შეცვლილია, ბუნებრივად დაორსულება შეუძლებელია.
* იდიოპათიური უნაყოფობა.
* ამასათანავე უნდა აღვნიშნო, რომ ინ-ვიტრო განაყოფიერება არჩევის მეთოდია გენეტიკური დაავადებების დროს. სინჯარის განაყოფიერებით შესაძლებელია ემბრიონის პრენატალური გენეტიკური დიაგნოსტიკა PGS, გენეტიკურად ჯანმრთელი ემბრიონის შერჩევა და მისი გადატანა საშვილოსნოს ღრუში.
უშვილობის თითოეული შემთხვევა უნიკალურია, შესაბამისად, სწორი და სრულყოფილი დიაგნოსტირება არის მთავარი ქვაკუთხედი, რათა სრულყოფილად წარიმართოს ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის მოსამზადებელი პერიოდი და შეირჩეს მკურნალობის ინდივიდუალური და მართებული მეთოდი.

скачать dle 11.3