კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ხაფანგი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– შემოდი. დაჯექი, ვახო, – უთხრა მაიორმა 20 წლის ვახტანგ მახარაძეს და სავარძელზე მიუთითა.
უმცროსი ლეიტენანტი დაჯდა და უხმოდ მიაჩერდა მაიორს. მან კი ახალმოსულს გაუღიმა და უთხრა:
– დასრულდა შენი სწავლა-განათლება, უმცროსო ლეიტენანტო და ზეგიდან უკვე საქმეში ჩაერთვები. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა. უკანასკნელ ინსტრუქტაჟს გიტარებ და შემდეგ შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ. ვფიქრობ, სანიმუშოდ გაართმევ თავს ამ დავალებას და ჩვენი ორწლიანი სწავლება სასურველ შედეგს გამოიღებს.
– არ შეგარცხვენთ, ამხანაგო მაიორო, – თქვა ვახტანგმა.
– იმედია, – თავი დააქნია მაიორმა და დაამატა, – ინსტრუქტორი შონია საუკეთესოდ გთვლის და დარწმუნებულია, რომ ასი პროცენტით გაამართლებ.
– ჩემი იმედი გქონდეთ, ამხანაგო მაიორო, – თქვა მახარაძემ.
– გვაქვს კიდეც. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, – უთხრა მაიორმა, მახარაძეს თვალი თვალში გაუყარა და განაგრძო, – ის, რომ შენ სინამდვილეში ჩვენი თანამშრომელი ხარ, ვიცი მე და ინსტრუქტორმა – კაპიტანმა ომარ შონიამ. აგრეთვე, ეცოდინება მეკავშირეს, რომელსაც შენთან საკონტაქტოდ შევარჩევთ. დანარჩენი სამყაროსთვის კი შენ ქურდის ტიტულის მაძიებელი „შავი“ ხარ. შენი სტატუსის დამადასტურებელი ყველა საბუთი, ვიდეო და აუდიომასალა კონსპირაციულ ბინაშია, საიდუმლო სეიფში. კოდი შენ იცი და ვინიცობაა, ჩვენ სამივე დავიხოცოთ, შენს სტატუსს საბუთების მეშვეობით დაამტკიცებ.
– რა უნდა მოგივიდეთ, ამხანაგო მაიორო, ღმერთმა დაგიფაროთ, – გაეცინა მახარაძეს.
გაეცინა მაიორსაც და მახარაძეს მიუგო:
– წესია ასეთი და უნდა დავიცვათ, თორემ სიკვდილს არც მე და შონია ვაპირებთ და ალბათ, არც შენი მომავალი მეკავშირე.
– დიახ. გასაგებია, – თქვა მახარაძემ.
– აბა, წარმატებას გისურვებ, ვახო! დღეს და ხვალ შენს გემოზე იგულავე. ზეგიდან კი უკვე ოპერაციაში უნდა ჩაერთო, – უთხრა მაიორმა უმცროს ლეიტენანტს. შემდეგ გადაეხვია. გამოემშვიდობა და კაბინეტიდან გამოისტუმრა.
***
20 წლის ვახტანგ მახარაძე საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის საიდუმლო აგენტი იყო და უმცროსი ლეიტენანტის ჩინს ატარებდა. ოპერატიული ფსევდონიმი – „მართვე“, მას მაიორმა გურამ იოსელიანმა მიანიჭა. მაიორი იოსელიანი მახარაძის პირადი კურატორი იყო. მანვე შეარჩია ვახტანგი მომავალი დიდი ოპერაციისთვის. სწორედ,  მისი მეთვალყურეობის ქვეშ გაიარა მახარაძემ ორწლიანი სწავლების ინდივიდუალური კურსი კაპიტან ომარ შონიასთან. ვახტანგ მახარაძეს საიდუმლო აგენტისთვის სავალდებულო უნარ-ჩვევებთან ერთად, საბჭოთა კრიმინალისთვის დამახასიათებელი ქცევები, იდეოლოგია და რამდენიმე კრიმინალური კვალიფიკაცია აათვისებინეს. ამგვარად, 20 წლის ვახო სანიმუშოდ ჯიბგირობდა, შეეძლო, რთული საკეტების იოლად გახსნა და მსხვერპლის „ჰოპ-სტოპზე“ შეყენება. საქმე კი ის იყო, რომ  უშიშროების კომიტეტი „პერესტროიკის“ დროს ფანტასტიკურად მომძლავრებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავდა და თავისი აგენტების ჩანერგვით აპირებდა, მათ გამოვლენასა და გაკონტროლებას. ვახოც ამ გეგმის ნაწილი იყო და სწორედ ამ როლისთვის ამზადებდნენ მას ორი წელიწადი.
ვახო გურამ იოსელიანის აღმოჩენილი იყო. როდესაც მაიორი მომავალი ოპერაციისთვის შესაბამის კადრებს ეძებდა, მან არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების სისხლის სამართლის საქმეებსაც გადახედა. მაიორის ყურადღება მიიპყრო 17 წლის ვახტანგ მახარაძის საქმემ, რომელიც მან 1985 წლის 11 მარტს ჩაიდინა. „ღამის 2 საათზე არასრულწლოვანი ვახტანგ მახარაძე თბილისის ერთ-ერთი პროფესიულ-ტექნიკური დაწესებულების მეოთხე სართულზე აძვრა და ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია შენობაში. შემდეგ შენობის კიბეებით დაეშვა მესამე სართულზე და ასევე, უკანონოდ შეაღწია დაწესებულების სალაროში. გატეხა სეიფი და იქიდან 2 ათას 500 მანეთი (ორი ათას ხუთასი მანეთი) გაიტაცა.“ სეიფის სიგნალიზაცია ამუშავდა და დაწესებულებაში სწრაფად მივიდა მილიცია. თუმცა, ვახო მათ ხელიდან დაუსხლტა და მიუხედავად იმისა, რომ ის იცნეს, მიიმალა. მახარაძე 13 მარტს დიღმის მასივში, ერთ-ერთი ნაცნობის ბინაში აიყვანეს და მილიციაში სიკვდილის პირამდე დაამუშავეს, მაგრამ ვერ ათქმევინეს, თუ სად წაიღო გატაცებული ფული. ვახო უდედმამოთა ინტერნატში სწავლობდა და ცხოვრობდა. ბიჭი გაასამართლეს, იმ პერიოდის კანონით, არასრულწლოვანთათვის მსგავსი დანაშაულისთვის არსებული მაქსიმალური სასჯელი გამოუტანეს და 5 წლით საპყრობილეში გაამწესეს. მახარაძე 1967 წლის 31 დეკემბერს იყო დაბადებული. სასჯელს ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიაში იხდიდა. უკვე რვათვე-ნახევარი იყო, რაც იჯდა და „ვზროსლებში“ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ უნდა გადაეყვანათ. მაიორი იოსელიანი 30 ნოემბერს ეწვია არასრულწლოვანთა კოლონიის უფროსს. თავი წარუდგინა, ვითომ არასრულწლოვანთა კომისიის წევრი იყო და მსჯავრდებული ვახტანგ მახარაძე იკითხა. კოლონიის უფროსმა თავი გააქნია და მაიორს უთხრა:
– გამოუსწორებელი სუბიექტია და ერთი სული მაქვს, ამ ერთმა თვემ გაიაროს, რომ თავიდან მოვიშორო. ერთ თვეში „ვზროსლებში“ გადასვლა უწევს და მისგან გავთავისუფლდებიო.
კოლონიის უფროსის თქმით, ვახტანგ მახარაძეს კრიმინალური მენტალიტეტი ჰქონდა ჩამოყალიბებული, ლიდერის აშკარად გამოხატული თვისებებით გამოირჩეოდა და სხვა პატიმრებზე დიდ გავლენას ახდენდა.
– ეჰ, ამ „პერესტროიკასა“ და პარტიის ახალ კურსს რა ვუთხარი, რომ ბევრი რამ აგვიკრძალეს და შემოწმება შემოწმებაზე მოდის. აბა, ერთი ძველი დრო იყოს. ამ მახარაძეს ისე მოვკაკვავდი, რომ წელში ვერ გაიმართებოდა, – შესჩივლა კოლონიის უფროსმა იოსელიანს, რომელიც რატომღაც, თავისიანად მიიჩნია და გული გადაუშალა.
– რას იზამ, ასეთია პარტიის ახალი კურსი, – ხელები გაშალა მაიორმა და დააყოლა, – ერთი ეგ თქვენი მოურჯულებელი „მალალეტკა“ ამომიყვანეთ, მინდა, პირისპირ ვესაუბრო.
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ პატიმარი ვახტანგ მახარაძე მაიორ გურამ იოსელიანის პირისპირ იჯდა და კოლონიის უფროსის კაბინეტში მას მოწმეების გარეშე ესაუბრებოდა. იოსელიანმა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უთხრა, ვინც იყო. არც საკუთარი ჩინი და ვინაობა დაუმალა და ისიც გაუმხილა, რომ კოლონიის უფროსმა არ იცოდა, ვინ იყო მაიორი სინამდვილეში.
– რადგან ასეა, ესე იგი, მე გჭირდებით, ბატონო გურამ, – უთხრა მაიორს არასრულწლოვანმა პატიმარმა.
– კი, ბატონო. აბსოლუტურად სწორად მიხვდი და სწორედ რომ, შენ მჭირდები. შენთან ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას, „რომანტიკული“ წინადადება მაქვს და თუ უარს არ იტყვი, ვფიქრობ, არ წააგებ, – მიუგო მაიორმა პატიმარს.
– „კაგებესთან“ თანამშრომლობას მთავაზობთ, ბატონო გურამ? – ირონიით ჰკითხა ვახომ, რომელიც ქურდობაზე „იქაჩებოდა“ და ამის შესახებ კრიმინალური ავტორიტეტები უკვე საქმის კურსში ჰყავდა ჩაყენებული.
– ყოველგვარი ირონიის გარეშე, ყმაწვილო, – ღიმილით თქვა იოსელიანმა და დაამატა, – ისეთ თანამშრომლობას კი არ გთავაზობ, როგორიც მილიციას სჩვევია, არამედ სერიოზულს. თუ უარს არ იტყვი, მაშინ ჩვენი ოჯახის წევრი გახდები. ჩვენი ოჯახი კი ყველაზე ძლიერი და გავლენიანია მსოფლიოში. ერთ თვეში „ვზროსლებში“ გადასვლა გიწევს და კოლონიის უფროსს ერთი სული აქვს, თავიდან მოგიცილოს. შეგიძლია, ეს ერთი თვე ჩემს წინადადებაზე იფიქრო და ზუსტად 31 დეკემბერს მოგაკითხავ. თუ დათანხმდები, აქედან პირდაპირ „კაგებეს“ სკოლაში წაგიყვან. თუ უარს იტყვი, მაშინ „ვზროსლების“ ციხეში გადაგიყვანენ და შენი გზა შენით გაიკვლიე.
მაიორმა და პატიმარმა კიდევ ერთი საათი ისაუბრეს და იოსელიანმა ისე „შეუყვანა“ მახარაძეს, რომ საკმაოდ „შებერტყილმა“ „მალალეტკამ“ გული გადაუშალა „კაგებეშნიკს“ და ის საიდუმლოც გაუმხილა, რის გამოც სასტიკად სცემეს მილიციელებმა, თუმცა, მაინც ვერ ათქმევინეს.
– ბატონო გურამ, პროფტექნიკუმის „კასა“ იმიტომ გავიტანე, რომ სეკაში წაგებული თავანი – 2 ათასი მანეთი მქონდა ჩასაბარებელი და „ფუფლოს“ ხომ არ „გავაკატავებდი“? – თქვა ვახომ.
– დანარჩენ ხუთასს რა უქენი? – იკითხა მაიორმა.
– ჩემს მეგობარს, ეთო მიქაძეს ვაჩუქე. მას ერთი წლის შვილი ჰყავს. მარტო ზრდის და არავინ ეხმარება, – უთხრა იოსელიანს მახარაძემ.
მაიორმა ვახოსგან შეიტყო, რომ ეთო მიქაძე მათი ინტერნატის აღსაზრდელი იყო. ის ერთი წლის წინ სრულწლოვანი გამხდარა და ამიტომ წასულა ინტერნატიდან. ვახოს თქმით, ეთო ფიზკულტურის მასწავლებელმა შეაცდინა. შემდგომ კი ცოლად არ მოიყვანა და შვილი სწორედ მისგან ჰყავდა. როგორც მაიორს გამოუტყდა, თურმე, დაპატიმრებამდე ორი კვირით ადრე, ღამით ვახო ფიზკულტურის მასწავლებელს ჩაუსაფრდა და მისსავე სახლის სადარბაზოში მსხვილი რკინის არმატურით ისე სცემა, რომ დააინვალიდა –  საძულველ მასწავლებელს ზურგის ტვინი დაუზიანდა და ლოგინად ჩავარდა.
– სეკაც ეთოს გამო ვითამაშე, რომ დავხმარებოდი, მაგრამ წავაგე და იძულებული გავხდი, საქმე გამეკეთებინა, – უთხრა მაიორს ვახომ.
– კარგი. ყველაფერი გასაგებია. ეს საუბარი ჩვენ ორ შორის დარჩება. როგორც გითხარი, ერთი თვე შეგიძლია, იფიქრო და 31 დეკემბერს პასუხისთვის მოგაკითხავ. ახლა კი წავედი, – უთხრა გურამ იოსელიანმა ვახტანგ მახარაძეს. ხელი მაგრად ჩამოართვა და ერთი თვით დაემშვიდობა.
31 დეკემბერს მაიორი გურამ იოსელიანი ზემო ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში კვლავ ეწვია ვახტანგ მახარაძეს. დაბადების დღე მიულოცა და ჰკითხა:
– რა გადაწყვიტე?
– თანახმა ვარ, ბატონო გურამ, – მოკლედ მიუგო ვახომ.
– ასეც ვიცოდი. ერთ საათში საბარგო მანქანა აქედან გაგიყვანს. ოფიციალური საბუთებით – შენ რუსეთში, ურალს იქით როგორც გამოუსწორებელ კრიმინალს, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში ეტაპით წაგიყვანენ. სინამდვილეში კი უშიშროების კომიტეტის კონსპირაციულ აგარაკზე გაატარებ საახალწლო არდადეგებს. ორი კვირის შემდეგ კი საფუძვლიანი საიდუმლო მომზადების კურსს დაიწყებ, – უთხრა მაიორმა პატიმარს.
31 დეკემბრის დღის 2 საათზე, „გაციმბირებული“, უკვე სრულწლოვანი, ვახო მახარაძე წყნეთში, „კაგებეს“ კონსპირაციულ აგარაკზე იმყოფებოდა და ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდა. 1985 წლის 14 იანვარს კი ის საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის საიდუმლო სკოლის კურსანტი გახდა და კაპიტან ომარ შონიას უშუალო ხელმძღვანელობითა და მაიორ გურამ იოსელიანის კურატორობით, ორწლიანი ინდივიდუალური პროგრამით შეუდგა მზადებას. ორი წლის განმავლობაში ვახტანგ მახარაძემ რვა 3-3-თვიანი კურსი გაიარა სხვადასხვა დისციპლინაში, აქედან ხუთი – რუსეთის ტერიტორიაზე, ორი – საქართველოში და ერთიც – ყაზახეთში. სწავლების სრული კურსი 1988 წლის 15 იანვარს დასრულდა თბილისში და ვახო უკვე უშიშროების კომიტეტის უმცროსი ლეიტენანტის ჩინს ატარებდა, რომელიც ერთი კვირის წინ მიენიჭა. მაიორ იოსელიანთან ბოლო შეხვედრა 16 იანვარს შედგა და ვახოს ორი დღე ჰქონდა მიცემული „საგულაოდ“. 18 იანვარს კი „პატიმარი“ ვახტანგ მახარაძე რუსეთის ეტაპით თბილისში უნდა ჩამოეყვანათ და თბილისის „კრიტში“ ჩაესვათ, სადაც მსხვილი კრიმინალური ავტორიტეტები იხდიდნენ სასჯელს. ოფიციალური განაჩენის მიხედვით, ვახოს 2 წელი და 3 თვე ჰქონდა დარჩენილი სასჯელის დასრულებამდე და ეს იყო ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც უმცროს ლეიტენანტ ვახტანგ მახარაძეს მსხვილი კრიმინალური ავტორიტეტების ნდობა უნდა დაემსახურებინა. მათ ვიწრო გარემოცვაში შეეღწია და უშიშროების გეგმით გათვალისწინებული სამუშაო შეესრულებინა.
ვითომ რუსეთიდან ეტაპირებული ვახო მახარაძე მებადრაგე ლევან ხომერიკმა შეიყვანა ციხეში, რომელსაც პატიმრები და კოლეგებიც „თუმანას“ ეძახდნენ. ახალ სამსახურში ხომერიკი სულ რაღაც სამი თვის მისული იყო და უკვე უფროსობის ნდობა მოიპოვა. საქმე კი ის იყო, რომ ხომერიკი გაწაფული იყო ფულის შოვნაში, კარგად უყოფდა „ფარას“ უფროსობას და მათი ნდობაც ამის გამო მოიპოვა. არ არსებობდა ნივთი, პროდუქტი ან ნარკოტიკის სახეობა, რომ ხომერიკს ციხეში არ შეეტანა, რა თქმა უნდა, შესაბამისი გასამრჯელოს ფასად. „თუმანაც“ ფულისტობის გამო შეარქვეს – მისი გასამრჯელოს საშუალო ტარიფი – 10 მანეთი, ანუ – თუმანი იყო. საბუთების მიხედვით, ლევან ხომერიკი 5 წლის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა საპყრობილეში მუშაობდა. რეკომენდაციას მას მოსკოვის „ბუტირკის“ ციხის უფროსი უწევდა. სინამდვილეში კი 26 წლის ლევან ხომერიკი უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი იყო. უფროსი ლეიტენანტის ჩინს ატარებდა და გურამ იოსელიანმა ის „მართვეს“ ციხეში შეყვანამდე ჩანერგა თბილისის „კრიტში“, რათა ვახოსთვის მეკავშირეობა გაეწია.
გაჩახჩახებულ გვირაბში რომ მიაბიჯებდნენ, რომელიც „კრიტის“ შენობას უერთდებოდა, ხომერიკმა მახარაძეს სვლის შენელება უბრძანა და უთხრა:
 – შენზე ამბობენ, ვარსკვლავთმრიცხველია და კოსმოსში დაფრინავსო.
„თუმანას“ წარმოთქმული ფრაზა მეკავშირეს საკონტროლო სიტყვები იყო და ვახომ ეს კარგად იცოდა. თუმცა, ციხის ზედამხედველისგან იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პაუზა გააკეთა, შეტრიალდა და ხომერიკი შეათვალიერა, თან ფიქრობდა, ვინ იდგა მის წინ. „თუმანას“ კი გაეცინა და უთხრა.
– რას მომჩერებიხარ, ბიჭო? პასუხი გამეცი, თორემ ახლავე უკან დაგაბრუნებ.
გაეცინა ვახოსაც და მეკავშირეს მიუგო:
– ყველაფერს ნუ დაიჯერებ, რასაც ჩემზე გაიგებ. ისე კი, იური გაგარინს ვიცნობდი.
– ძალიან კარგი, თუ იცნობდი, – ღიმილით თქვა „თუმანამ“. „მართვეს“ ხელი ჩამოართვა და დაამატა, – ლევან ხომერიკი ვარ და „თუმანას“ მეძახიან. თუ რაიმე ექნებათ შენთვის გადმოსაცემი, „შმონზე“ გარეთ გამოგყრით და მაშინ გეტყვი. თუ შენ გამოგიჩნდა სასწრაფო საქმე, კბილი აიტკიე და „ბალნიჩკაზე“ რომ გაგიყვან, მითხარი. გასაგებია?
– კი. გასაგებია, – თქვა ვახომ.
– ძალიან კარგი. ახლა კი წინ იარე. მალე შენს „კამერაში“ მივალთ და იცოდე, არ დაიბნე. ციხეში უკვე გაშვებულია შენზე „ქსივა“ და ავტორიტეტები კარგად გიცნობენ. შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ! – თქვა „თუმანამ“ და მათ უხმოდ გააგრძელეს გზა კამერისკენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3