კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რატომ შეიქმნა ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კრიზისი და რატომ მცირდება საქართველოში სასმელი წყლის ოდენობა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გუდაურსა და ბაკურიანში რამდენიმედღიანმა უწყლობამ, არადა ეს პრობლემა კომპლექსურია და არ უკავშირდება ელემენტარულ გაუმართაობას, წყალმომარაგების სისტემა ერთიანია და მასზე აუცილებლად იმოქმედებდა, ადრე თუ გვიან, მასობრივი მშენებლობები. გათვლების გარეშეც ადვილი წარმოსადგენია, რომ გუდაურსა და ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში იმაზე მეტი შენობა დგას, ვიდრე წლების წინათ, რაც ბადებს კითხვას: შეესაბამება მიწისზედა ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპს?! დიდი ეჭვი მაქვს – არა, რაც, ჯერ ერთი, იწვევს წყალმომარაგების გაუარესებასაც (იმიტომ რომ მოხმარება, ანუ ხარჯი იზრდება) და საკანალიზაციო სისტემისაც (იმიტომ რომ გაზრდილ ხარჯს სჭირდება შესაბამისი გატარება, გაფილტვრაზე აღარაა ლაპარაკი). ამ რთულ საკითხზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის სპეციალისტი ნიკოლოზ ნაცვლიშვილი გვესაუბრება.
– საკურორტო ქალაქებსა და დაბებში, ფაქტია, რომ წყლის მოხმარება გაიზრდება წლიდან წლამდე, მიწის ზემოთ და ქვემოთ ადეკვატურია ინფრასტრუქტურა?
– მართებულად აღნიშნეთ, პირდაპირია კავშირი. სხვადასხვა ობიექტების აშენებისას, ბუნებრივია, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე ზეწოლა იზრდება. სართულიანობის, მომხმარებელთა ზრდის გამო, ცხადია, დატვირთვა როგორც საკანალიზაციო, ისე წყალმომარაგების სისტემაზე, მომატებულია. შესაბამისად, სისტემას სჭირდება გადაანგარიშება არა მხოლოდ კონკრეტულ უბნებზე, არამედ მთლიანად უნდა გაანალიზდეს, რა მოხდება სისტემაში ამა თუ იმ კონკრეტული ობიექტის დამატებისას. ყველაფერი უნდა გაანგარიშდეს. მით უფრო, რომ, მაგალითად, ბაკურიანში სეზონური აღარაა დასვენება, იმიტომ რომ ზამთრის სეზონზეც მუშაობს და ზაფხულშიც. ფაქტობრივად, ეს არის ტურისტული ქალაქი, რომლის წყლის მოხმარება და საკანალიზაციო სისტემა, ნორმატივებითაც კი, გაზრდილია. ამიტომ იქ კეთილმოწყობის სხვა ხარისხი უნდა იყოს, რადგან მეტი იქნება წყლის ხარჯი, მეტი უნდა იყოს მილების დიამეტრებიც. იქაც პრობლემა გათვლით უნდა გადაწყდეს.
– არის მოსაზრება, რომ საქართველოს აქვს წყლის მარაგი, მაგრამ მაშინაც კი, თუ წყალი განუსაზღვრელი რაოდენობით გვექნება და ვერ გავთვლით მის მოხმარებას, პრობლემები შეიქმნება?
– საქართველოში რამდენიმე სახეობის წყლის რესურსი გვაქვს. მდინარეების ჩამონადენი სხვა რესურსია, მტკნარი, მიწისქვეშა სასმელი წყლის რესურსი კი არ არის ისეთი დიდი, როგორიც წარმოგვიდგენია. ჩვენს ტერიტორიაზე სხვადასხვანაირადაა განფენილი ეს რესურსი, ყველგან თანაბრად არაა გადანაწილებული.
– ასიმეტრიულია.
– მეორეც, სად არის იმდენი მიწისქვეშა წყალი, რომ პირდაპირ სასმელ წყლად გამოიყენო?! მდინარის, ტბის წყლის გამოყენება შეგვიძლია, მაგრამ გამწმენდი ნაგებობები უნდა დავუგეგმოთ, რაც გაზრდის მის ღირებულებას. ანუ ყველაფერი დასათვლელია. არ გვაქვს ბევრი სასმელი წყალი, თუმცა წყლის საერთო რესურსი, მდინარეების, ტბების, გვაქვს.
– მაგრამ გამწმენდი ნაგებობების გარეშე ეს არის მხოლოდ სარწყავი წყლის რესურსი, თუმცა ჩვენთან სასმელ წყალს იყენებენ სარწყავადაც?
– სასმელი წყლის გამოყენება სარწყავად დანაშაულის ტოლფასია. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტექნიკური წყლის გამოყენების საშუალება თბილისში, ერთადერთი მდინარეა – მტკვარი, რომელიც დაბინძურებულია და მას ტექნიკურ წყლადაც ვერ გამოიყენებ. ანუ იძულებულები ვიყავით, სასმელი წყალი გამოგვეყენებინა სარწყავად. გვქონდა პერიოდი, როდესაც სასმელი წყლის ლიმიტები იყო დადგენილი, რომ ქარხნებს, წარმოებას ბევრი სასმელი წყალი არ დაეხარჯათ თავიანთი ტექნოლოგიური მიზნებისთვის. მაგრამ დღეს სხვაგვარი ვითარებაა და ის მიდგომა შეიცვალა.
– როდესაც დეველოპერები სამშენებლო პროექტს წარადგენენ, არ ევალებათ წყლის მიწოდებისა და საკანალიზაციო სისტემების გაფართოება? ან არ მიუთითებენ წყაროს, საიდან უნდა დაკმაყოფილდეს წყლის გაზრდილი ხარჯი, რომ იმ პროცენტით გაზარდოს მიწოდება და საკანალიზაციო სისტემის გამტარუნარიანობა, რა პროცენტითაც იზრდება მოხმარება?
– ვალდებულები არიან, რომ პროექტში ან როდესაც ტენდერში იღებენ მონაწილეობას, სატენდერო წინადადებაში აღნიშნული იყოს, საიდან იღებენ რესურსს, სად გააქვთ ეს დახარჯული წყალი, რომელ წერტილებში ჩართავენ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შედის საპროექტი მოცემულობაში. ობიექტის მშენებლობა მოიცავს პროექტირებას, უშუალოდ მშენებლობას და ობიექტის ჩაბარებას. ვინ აკეთებს ამის საბოლოო ანალიზს?! რაღაც სტრუქტურა უნდა არსებობდეს, რომ მეცნიერულად შეკრიბოს ეს სამივე ეტაპი და გააანალიზოს.
– თუ გავითვალისწინებთ იმ კრიზისს, რაც შეიქმნა ზამთრის ამ სეზონზე ბაკურიანსა და გუდაურში, ესე იგი, რა მოხდა?
– არ გაუთვალისწინებიათ ის, რაზეც ვილაპარაკე. პასუხი უარყოფითია.
– როდესაც უკვე დატვირთულია მიწისზედა ნაწილი ახალი შენობებით და მიწისქვეშ არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა, პოსტფაქტუმ შესაძლებელია სასმელი წყლის დამატებითი სიმძლავრეების მოძიება? მით უფრო, რომ მშენებლობები გრძელდება, ანუ საკურორტო ზონები განწირულია წყლის დეფიციტისთვის?
– ხშირად ახსენებენ სათავო ნაგებობებს. ჰიდროგეოლოგიურმა დასკვნამ უნდა გვითხრას, რა რაოდენობის წყალი შეგვიძლია, მივიღოთ რომელიღაც ადგილიდან. ბაკურიანში რამდენიმე ასეთი ადგილია, მაგრამ ისინი შესასწავლია. ასე მარტივად არ არის საქმე, იმიტომ რომ შეიძლება, წყალი იპოვო, მაგრამ ის არ იყოს შესაბამისი ხარისხის. უნდა იცოდე მისი რაოდენობაც. შეიძლება, იპოვო 5 ლიტრი და გჭირდებოდეს 30. ანუ დამატებით კიდევ უნდა მოიძიო სხვა წყარო. შეკრიბო, გაიანგარიშო და თავიდან დააპროექტო. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, ხელაღებით იმის თქმა, რომ ერთ დღეში მოაგვარებენ პრობლემას, გამორიცხულია. მცდარია მოსაზრება, რომ სისტემის მუშაობას შეცვლი ერთ დღეში ან ერთ კვირაში. ამიტომაც უნდა გამოაცხოს პური მეპურემ, შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა გაიანგარიშოს ეს მონაცემები.
– საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვინახავს, რომ გზადაგზა სასმელი წყლის უამრავი წყარო მოედინება, მათ შორის, სამკურნალოც და ის წყალი იღვრება. თურქეთშიც კი ასეთ წყაროებზე დგას ონკანები. ჩვენთან რით ვერ მოხერხდა ასეთი ონკანების დაყენება?
– ეს ძალიან მარტივია და ადვილად შესასრულებელია. მაგალითად, რაჭაში წყაროებს თვითონ სოფლები პატრონობენ და სხვა სოფლის მცხოვრებებს არ ასარგებლებენ. შესაძლებელია, დაყენდეს წყლის დიდი დიამეტრის ონკანები, ტექნიკურად ეს იოლად მოსაგვარებელია. რაც მეტი წყარო იქნება და წყალს დაზოგავენ მოსახლეობასაც უფრო დააკმაყოფილებენ, მაგრამ აუცილებელია იმ წყლის ხარისხის შესწავლა.
– მთიდანაა გამოყვანილი ის მილები არსებულ წყაროს წყალზე და, როგორც მსმენია, მიიჩნევა, რომ რადგან წყალი გამდინარეა, ამიტომაც არაა მისი დაბინძურების საფრთხე. ონკანები თუ დაყენდება, წყლის სასმელად ვარგისიანობა ხომ არ დადგება ეჭვქვეშ?
– მთავარია, დადგინდეს წყლის ხარისხი, თუ დაკეტავთ სისტემას, წყალი შეივსება იმ მილსადენში, რომლითაც გამოდის და იქნება შევსებული ონკანის გახსნამდე.
– რა სტანდარტის მიხედვით ითვლიან ჩვენთან წყლის ხარჯსა და საკანალიზაციო სისტემის გამტარუნარიანობას?
– ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამშენებლო წესებისა და ნორმების მიხედვით.
– ის წესები დღევანდელობის ადეკვატურია?
– საბჭოთა კავშირის ტერიტორია ძალიან დიდი იყო, მასში შედიოდა სხვადასხვანაირი სარტყლები და ზონები, მაგრამ ჩვენი წყლის მოხმარების რეჟიმი იქ გათვალისწინებული არ იყო და, შესაბამისად, არც დღესაა. ჩვენთან წყლის მოხმარების რეჟიმი სხვაგვარია. ხშირად გაიგონებთ, ევროპაში მცირეა წყლის ხარჯი მოსახლეობის ერთ სულზეო. იმიტომ რომ ისინი, ძირითადად, სახლის გარეთ საუზმობენ, სადილობენ და ვახშმობენ, სარეცხსაც გარეთ რეცხავენ. ჩვენთან კი ყველა ეს მოქმედება ხდება სახლში და ამ წყალს სახლში ვხარჯავთ. ამიტომ ჩვენთან მოსახლეობის ერთ სულზე მეტია წყლის მოხმარების ხარჯი და ამიტომ ნორმებიც შესაცვლელია. ახალი ქართული ნორმები უნდა დაწესდეს, იმიტომ რომ პროექტანტს ძალიან უჭირს ნორმის შეცვლა, როგორც კი რეალურ ციფრს ჩაწერს, რეცენზენტები ეტყვიან, აბა, საიდან აიღე ეს ციფრი?! თუ იმ საბჭოთა კავშირის ნორმებს არ შეესაბამება, იწუნებენ. მაშინ, როდესაც სინამდვილეში, წყლის მოხმარება დაწესებულ ნორმაზე მეტია, როცა მეტია მოხმარება და შენ ნაკლებს იღებ ნორმად, სულ მუდამ გექნება წყლის დეფიციტი სხვადასხვა დასახლებულ ადგილას.
– თბილისსაც ხომ არ ემუქრება იგივე? თბილისის ზოგიერთ უბანში მუდმივი წყალმომარაგება არ არის, ესეც გაუთვლელობის ბრალია?
– არც უმაგისობაა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მეპატრონემ, „თბილისის წყალმა“ უნდა მოაგვაროს. მათ სერიოზული კონტინგენტი ჰყავთ და ანალიტიკური კვლევები უნდა ჩაატარონ. ვიღაცამ სწორად უნდა დაადგინოს, რამდენია თბილისში წყლის ფაქტობრივი მოხმარება, რომელი ობიექტი რამდენს ხარჯავს. ადრეც ვთხოვდი მათ, რომ ჰქონოდათ კავშირი ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის კათედრასთან – წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრასთან, მაგრამ ეს კავშირი არ არის. სამწუხაროდ, ამ ბოლო ხანებში, მაგ მხრივ,  ცუდი ვითარებაა, არადა, ერთობლივად უნდა დავეხმაროთ დედაქალაქის მოსახლეობასაც და მთლიანად საქართველოს მოსახლეობასაც, წყალმომარაგებისა და წყალარინების საქმე უნდა გამოსწორდეს.
– ფაქტია, რომ იზრდება წყლის მოხმარება და ნორმები ძველია, უკვე დგას წყლის მრიცხველები  და თავად კომპანიის ინტერესი არ არის, ზუსტად დაადგინოს, რამდენია ქვეყანაში წყლის რეალური ხარჯი მოსახლეობის ერთ სულზე?
– რასაც თქვენ ამბობთ, ამისთვის არსებობს მარეგულირებელი კომისია, მაგრამ მეტი აქტიურობით უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით. კომისიაში, ჩემი დაკვირვებით, კანალიზაციის სისტემაზე არავინ მუშაობს. წყალმომარაგება ისეთი სფეროა, რომ მაინც აქცევენ ყურადღებას. თუმცა ყველაფრის გაკეთება შეიძლება, თუ იქნება შესაბამისი მოტივაცია.

скачать dle 11.3