კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№6 ირინა ტორონჯაძე: ჯვრისწერაზე ლევანი მაფრთხილებდა, დებატები არ დაიწყოო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  უფლებადამცველმა ირინა ტორონჯაძემ და მუსიკოსმა ლევან სამყურაშვილმა რამდენიმე თვის წინ იქორწინეს, თუმცა ჯვრისწერა და საქორწინო ცერემონიალი ახლახან ჰქონდათ და ირინამ თავისი ემოციები გაგვიზიარა.
  ირინა ტორონჯაძე: ქორწილის სამზადისში იმდენად აქტიური ვიყავი, მეუბნებოდნენ, პატარძალი ხარ, თუ ბოსიო?! რაზეც ვპასუხობდი, რომ ქორწილამდე მე ვიყავი მენეჯერი, პატარძლის როლში კი უშუალოდ ქორწილის დღეს ვიქნებოდი. თავიდან ბოლომდე შევითავსე ორგანიზატორის ფუნქცია: მოვამზადე ცეკვები ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, მეგობრებისთვის, გავაკეთე კოლაჟი ჩემი და ლევანის ფოტოებით, მისი სიმღერებითა და ჩემი ეთერებით და ასე შემდეგ, ყველა დეტალი პირადად დავგეგმე. ისიც კი გავთვალე, ჯვრისწერაზე ვინ სად უნდა მდგარიყო, რამის მიწოდება რომ დამჭირვებოდა. ყველაფერი კონტროლის ქვეშ მქონდა, მაგიდიდან ერთს რომ გადავხედავდი, უკვე იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ (იცინის). მინდოდა, სანახაობრივი ქორწილი გვქონოდა და არა მხოლოდ სმა-ჭამაზე ორიენტირებული. გამოცდილი მაქვს, როცა ყველაფერს დეტალურად გეგმავ, შედეგიც კარგი გამოდის და მართლაც ასე მოხდა. არც ზედმეტი სადღეგრძელოები ყოფილა, არც ზედმეტი გაფორმებები, აქცენტი შინაარსზე იყო და ყველა კმაყოფილი დავრჩით.
– ჯვრისწერამ როგორ ჩაიარა?
– აქამდე მოძღვარი არ მყავდა და ბევრს ვფიქრობდი ჯვრისწერაზე. ლევანი მაფრთხილებდა, რომ იტყვიან ქმარს დაემორჩილე, დებატები არ დაიწყოო (იცინის). მოძღვარი ჩემმა მეჯვარემ შემარჩევინა და ის რომ ჯვარს გვწერდა, მეორე მოძღვარი, რომელიც მას ეხმარებოდა და რომელმაც, როგორც ჩანს, მიცნო, მოდის და მეუბნება, ჩვენ გენდერული ბალანსი გვაქვსო. ქმარს უნდა დაემორჩილო, აი, ბიბლიაში წერია ასე, მე კი არ ვამბობო (იცინის). ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მოკლედ, მთელი ჯვრისწერა მიმეორებდა, როგორი ტოლერანტულია ეკლესია. ყველას ეღიმებოდა. მე არც კარგს ვამბობდი, არც ცუდს,  საერთოდ არაფერი შემიმჩნევია. ალბათ, უნდოდა, დავთანხმებოდი ან შევკამათებოდი და რომ არაფერი შევიმჩნიე, ამაზე ნერვები მოეშალა. ამიტომ აგრძელებდა და აგრძელებდა (იცინის). ტოლერანტულები ვართ, მაგრამ ქმარს უნდა დაემორჩილო, ასე წერია ბიბლიაშიო. სინამდვილეში, ძალიან კარგი მომენტებია ბიბლიაში, რომელსაც მგონია, რომ ეკლესია სხვანაირად
ინტერპრეტირებს და მრევლი შეცდომაში შეჰყავს.
– რას გულისხმობ?
– როდესაც ამბობენ, რომ კაცი არის ქრისტეს სიმბოლო, თავი,  ქალი კი – ეკლესია, სხეული, რომელიც მიჰყვება, ემორჩილება კაცს, ანუ თავს, ანუ ქრისტეს – ეს მართალია. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩადებული. გაყოლა, ანუ მორჩილება, მაშინ ხდება, როდესაც კაცი, ანუ ქრისტეს სიმბოლო, ქრისტეს გზით ცხოვრობს. ქრისტე სინამდვილეში სიყვარულია, გულია. კაცი თუ სიყვარულით ცხოვრობ, ქალი თავის ბუნებით გამოგყვება, იმიტომ რომ ქალის ბუნება სიყვარულს მიჰყვება. აქ „მე შენზე მაგარი ვარ და შენ ჩემზე“ კი არაა, ეს სიყვარულის ფორმულაა. ჩვენთან კი როგორ ინტერპრეტირებენ და აპრიმიტიულებენ – კაცი არის თავი, დაემორჩილე! მერე გაუნათლებელ კაცსაც და ქალსაც სჯერა, რომ ის გზააცდენილი, ლოთი, მანიპულატორი კაცია თავი და უნდა დაემორჩილო. რაც უკვე ძალადობის წახალისებაა. ეკლესიამ შეატრიალა და ქადაგებს, თუ ქალი დაგემორჩილება, ნამდვილად უნდა გიყვარდეს, როგორც შენი სხეულიო. თუ დაგემორჩილება კი არა, შენ თუ სიყვარულით ცხოვრობ, ქალი ბუნებრივად გამოგყვება. როგორ შეიძლება, სიყვარული მანიპულაცია იყოს?! ეს ძალიან ფაქიზი დეტალებია. ამ საკითხში მარტო განათლება არაა საკმარიისი, ამის მიღება და შეგრძნებაც უნდა შეგეძლოს. მოკლედ, იმ ადამიანს რომ ვუსმენდი, მინდოდა მეთქვა, როგორ ცდებით, ოქროს სიტყვებს კითხულობთ და არასწორ ინტერპერეტაციას აძლევთ-მეთქი. მაგრამ იქ მაგის დრო არ იყო და ამიტომ ამაზე მხოლოდ ვიხალისე. რეალურად, ჯვრისწერამ ძალიან კარგად ჩაიარა, ყველაფერი კარგად გავიაზრე. ბოლომდე კონცენტრირებული ვიყავი, ჩემს ემოციასთან პირისპირ დავრჩი და ისე გავიდა ორმოცი წუთი, ოდნავადაც არ დავღლილვარ.
– ქორწილი მთლიანად ქართული ელემენტებისგან შედგებოდა?
– არასდროს მინდოდა ქორწილის ევროპულ სტილში გადახდა. შესაბამისად, სიმღერები, ცეკვები – ყველაფერი ქართული იყო. ქორწილი სიყვარულის დღეა. სიყვარული შენშია, იქ, სადაც შენივე ფუნდამენტური ფასეულებებია – საკუთარი ენის, სამშობლოს, მუსიკის თუ ცეკვის სიყვარული. ამიტომ, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ქორწილი მთლიანად ქართული ელემენტებით უნდა ყოფილიყო გაჯერებული. ეს ხომ არაა განყენებული ივენთი. ქორწილს ჩემთვის საკრარული დატვირთვა აქვს. კარგად მქონდა გააზრებული, რა მინდოდა და მიხარია, რომ შედგა.  მეუღლესაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდა – ძალიან დაემთხვა ჩვენი წარმოდგენები ერთმანეთს. სხვათა შორის, წინა პერიოდი საკმაოდ სტრესული იყო. არ გვინდოდა ერთმანეთის იმედები გაგვეცრუებინა და ეს უფრო გვძაბავდა. წინა დღით ვამბობდით, ქორწილია, ომში ხომ არ მივდივართო (იცინის). აღფრთოვანებისგან და ზედმეტი ადრენალინისგანაც შეიძლება, ადამიანი გადაიღალო. ქორწილის დღეს გაქრა ზედმეტი ნერვიულობა და ყველაფერი თანმიმდევრულად, გეგმის მიხედვით წარიმართა. მოვახერხე, რომ ამ ყველაფრის ფონზე სიამოვნება მიმეღო, ჩემი ქორწილი არ გამიცდენია. ისე დავიშალეთ, ყველა ამბობდა, კიდევ გვინდა ერთი ასეთი ქორწილიო და ეს ნიშნავდა, რომ ჩემი და ლევანის ჩანაფიქრი გამოვიდა. მაგრამ ახლა მთლიანად დაცლილი ვარ ემოციებისგან.
– რამდენიმე წლის წინ წარმოგედგინა, რომ ამდენს იფიქრებდი და იშრომებდი ქორწილისთვის?
– ნამდვილად არა. იმიტომ კი არა, რომ როდისმე ქორწილი არ მინდოდა. ასეთ რამეზე ვერ ფიქრობ, სანამ არ დაინახავ იმ ადამიანს, ვისთანაც ამ ყველაფრის გაზიარება ასი პროცენტით გიხარია. ამდენის ძალას სიყვარულის განცდა გაძლევს. ასე განყენებულად,  ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთ შემდგარ სიყვარულში ვიქნებოდი. ლევანი, მართლა, სულ თვალებში მიყურებს, ჩემი ოდნავი წყენა არ გამოეპარება და ეს დიდი ბედნიერებაა. მეც სულ თვალებში ვუყურებ, მაქვს ამის ხალისი. „ქმარს დაემორჩილე“ – ამის თქმა სულ არ მჭირდება.
– მეუღლე რას ამბობს?
– ძალიან მზრუნველია, თავს მევლებაო – მართლა ასეა. ეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, ასეთ ოჯახში ვარ გაზრდილი. ბუნებრივია, საყვარელ ადამიანს თვალებში რომ უყურებ და ფიქრობ, რით ასიამოვნო, იმიტომ კი არა, რომ საჭიროა, იმიტომ, რომ შენ გსიამოვნებს. ეს ლევანმა ჩემში ჯერ კიდევ მაშინ დაინახა, როცა ამ თვისებებს არ ვაჩენდი. დასაწყისში სულ საშინელებებს ვეუბნებოდი, თითქოს ვეუხეშებოდი, „სწერვას“ როლი მქონდა მორგებული და მეუბნებოდა, ნუ თამაშობო. ჩვენს ძველ მესიჯებს რომ ვკითხულობ, ჩემს თავზე მეც მეცინება, მაგრამ მან ამის მიღმა რეალური ადამიანი დაინახა. ვფიქრობ, რომ ლევანი ჩემთვის იდეალური ქმარია, იმიტომ რომ ჩემს ემოციურ საჭიროებას აკმაყოფილებს. ჩემთვის ეს ნიშნავს იდეალურობას და არა ის, რომ ყველაფერში ჩემს ჭკუაზე იაროს.
– საზოგადოებისთვის, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი ეთერებიდან გიცნობს, ალბათ, ცოტა რთული წარმოსადგენია,  როგორ გახდა ფემინისტი ირინა იდეალური ცოლი?
– მე მგონია, რომ ლევანმა არაადეკვატური მოთხოვნები არ დამიყენა, ჩემი ნამდვილი სახე დააფასა და ის სიყვარულის მარაგი, რაც მქონდა, ბუნებრივად მივმართე მისკენ. არასდროს მიფიქრია, იდეალური ცოლი უნდა გავხდე-მეთქი, ეს ბუნებრივად მოხდა.  ვფიქრობ, რომ ამას მეორე ადამიანი განაპირობებს. იდეალური ხარ მაშინ, როცა თავად გრძნობ თავს იდეალურ მდგომარეობაში. შეიძლება, გადასარევი სადილი გავაკეთო, მაგრამ თუ თავს კარგად არ ვგრძნობ, ეს სიყვარული ასეთი ვერ იქნება. ამ დროს, სადილს საერთოდ ვერ ვამზადებ, მაგრამ კარტოფილს რომ შევწვავ და სალათას დავუჭრი, ლევანი სიხარულით ჭკუაზე არაა, იმიტომ რომ სიყვარულით ვაკეთებ. სამაგიეროდ, მაკარონის კეთება ვისწავლე გადასარევად თავის საწებლით და რაც გამომდის, მისი მომზადება არ მეზარება (იცინის). სახლის ამბებში ორივე ძალიან ზარმაცები ვართ, მაგრამ გენდერული თანასწორობა ნამდვილად გვაქვს. ჭურჭელსაც ისე რეცხავს ლევანი, როგორც მე. გულწრფელი რომ ვიყო, მე უფრო მეზარება (იცინის). მე თუ გავაწყობ სუფრას, ლევანი აალაგებს. ვფიქრობ, ბავშვი რომ გვეყოლება, მერეც ასე ვიქნებით. ვიცით, რომ თანაბრად უნდა ვიშრომოთ ოჯახის შემოსავლისთვის. ლევანი ჰოლანდიაში იზრდებოდა და მგონია, რომ ქართული და ევროპული ტრადიციების საუკეთესო ნაწილი აითვისა. ვერ გავძლებდი ადამიანთან, ვინც ჩემს ფასეულობებს მართლა არ იზიარებს. მე და ლევანი ენერგიითაც ვგავართ ერთმანეთს და ბევრი გვეუბნება, რომ გარეგნულადაც.
– შესაძლოა, ბევრი ფიქრობს, რომ ის ირინა აღარ იქნები. რას ეტყვი მათ?
– რაღაც პროექტი მაქვს ჩაფიქრებული და მის განსახორციელებლად ზუსტად ის ირინა უნდა ვიყო, როგორიც ვარ. იმიტომ არა, რომ დავქორწინდი, უბრალოდ, მგონია, რომ ამ ეტაპზე ეთერებში სიარული ამოვწურე, ახლა სხვა პროექტი მინდა, რომელიც სხვანაირად მომცემს თავის გამოჩენის საშუალებს. სხვა იდეები მაქვს და მინდა, აქეთ მივმართო ჩემი ენერგია. მე ასეთი ვარ, დებატები ძალიან მიყვარს. მე და ლევანიც ბევრს ვკამათობთ, სულ ნაზი და ნარნარა არ ვარ. ერთი მეორეს არ უშლის ხელს. ვისთანაც ვდებატობ, ის ადამიანები კი არ მძულან, უბრალოდ, იქ ეს როლია საჭირო, სხვა სიტუაციაა. ასე რომ, პირიქით, მგონია, რაც უფრო სავსე ცხოვრებით ცხოვრობ, მით მეტად უნდა წახვიდე წინ.
P. S. გამოყენებულია ნინო მანდარიას ფოტოები.

скачать dle 11.3