კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 თამრიკო ჭოხონელიძე: შევძელი და დავიბრუნე ჩემში ქალი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: თამრიკო.
გვარი: ჭოხონელიძე.
პროფესია: მუსიკოსი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ყველაზე მკვეთრად მახსოვს ის განცდა, როცა გავაცნობიერე, რა საოცარ გარემოში ვცხოვრობდი. ჩემს სახლში სიყვარულის ზეიმი იყო. გარდა იმისა, რომ ოჯახის თითოეული წევრი ერთმანეთის ბედნიერებისთვის ცხოვრობდა და ხარობდა, ყველას ძალიან უყვარდა ჩვენთან სტუმრობა. იმ დღეს, როცა სტუმარი არ მოდიოდა, სულ მოვისაკლისებდი ხოლმე... მახსოვს ჩემი ულამაზესი ეზო პლეხანოვზე. იქიდან რომ წამოვედით, სახლის კედლებს ვკოცნიდი... ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში, ბაღიდან რომ პირველად წამიყვანეს ოპერისა და ბალეტის თეატრში პატარა როლის შესასრულებლად. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები სცენაზე.
– პროფესიული ჩვევა...
–  არ მიყვარს კულისები. გათვლილი მაქვს, რამდენი წუთია საგრიმიორო ოთახიდან სცენამდე და პირდაპირ გავდივარ. ყველაზე მეტად ვითრგუნები, როცა კულისებში ველოდები ჩემს გასვლას. არ მახსოვს, ოდესმე ამ ტრადიციისთვის მეღალატოს.
– მეშინია...
– ძაღლის. იმდენად მეშინია, რომ ვერაფრით გადავლახე ეს შიში, ფსიქოლოგთანაც კი დავდიოდი ამის გამო. ძალიან მიყვარს ძაღლები, მაგრამ ახლოს მიკარებას ვერ ვბედავ. რატომ მაქვს ეს შიში, არ ვიცი. ცხოვრებაში არასოდეს შევუშინებივარ. ასევე, მეშინია ახლობელი ადამიანების გაჭირვების და კიდევ, სიტყვა ბედნიერების თქმის.
– ცოდვა – ეს არის...
–  ის, როცა სხვას ტკენ, თან  იმდენად, რომ კვალს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამჩნევ. ისიც ცოდვად მიმაჩნია, სხვის ცხოვრებაში იმდენად მძაფრად ჩაერიო, რომ საერთოდ, თავდაყირა დაუყენო ყველაფერი. ამ ქვეყანაზე ყველას აქვს არსებობის უფლება და ძალიან რელიგიურობას რომ იჩემებენ, მათ შევეკითხები: სად თქვა უფალმა, ვინც შენ არ მოგწონს, ის უნდა მოსპო და გაანადგუროო? მე ბევრი მატკინეს იმის გამო, რომ მხარი არ დავუჭირე ადამიანების შევიწროებას, ჩაქოლვას, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მათგან განსხვავებული წესებით ცხოვრობენ.
– მწამს...
– იმის, რომ არსებობს უფალი. უფალთან ძალიან დიდი სულიერი კავშირი მაქვს: როცა ხატებთან ვდგავარ, ვგრძნობ, როგორი კონტაქტი მყარდება ჩვენ შორის. ბევრ რაღაცაში თითქოს მინიშნებებსაც მაძლევს. მწამს, ასევე, სიყვარულის და ნამდვილი მეგობრობის.
– მაღიზიანებს...
– სიყალბე. არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ვინც თავისი სიყალბით ვერ ამოვიცანი. არ მიყვარს სნობები, რომლებიც საკუთარ ღირსებასაც კი აფერმკრთალებენ იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებულ,  „ელიტურ“ ადამიანებთან სიახლოვეში იყვნენ. რაც შეეხება, ზოგადად, სიტყვა „ელიტას“, ვფიქრობ ამ სიტყვამ საქართველოში, სწორედ, ასეთი ადამიანების გამო დაკარგა  მნიშვნელობა. სახლის საქმიანობაშიც მაქვს რაღაც პრობლემა: ვერ ვიტან უთოს, ასევე, საშინელი შეგრძნება მაქვს პურის დაჭრისას და ყოველთვის სხვას ვთხოვ ამ საქმის გაკეთებას.  
– ბედისწერის გჯერათ?
– ნამდვილად მწამს ბედისწერის, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემმა ცხოვრებამ ეს დამანახვა. თითოეულ ადამიანს დაჰყვება საკუთარი ბედი, მაგრამ იმასაც ვეთანხმები, რომ ბედის შეცვლა შეიძლება. თუმცა, მე ვერასოდეს შევეწინააღმდეგე ჩემს ბედისწერას.
– სიზმრების გჯერათ?
– კი, მესიზმრება და მიხდება კიდეც. ცუდად მაქვს დაცდილი სიზმარში სიმღერა. ერთი-ორი ისეთი სიზმარი მაქვს ნანახი, რომ ვიცოდი, ადამიანი როდის მოევლინებოდა ქვეყანას.
– რისკიანი ხართ?
– ძალიან, ხანდახან სიცოცხლისთვის საშიში გარემოებაც შემიქმნია, მაგრამ საჭირო იყო და გამირისკავს. სხვათა შორის, ყოველთვის გაუმართლებია.
– სიყვარული – ეს არის...
– დიდი ნიჭი, რომლითაც ყველა არ არის დაჯილდოებული. როგორც ხატვის, წერის, სიმღერისა და ასე შემდეგ, ნიჭს არ დააფერთხავს ყველას უფალი, ასეა სიყვარულიც. ვისაც ეს ნიჭი თანდაყოლილი არ აქვს, მისთვის ეს გრძნობა დროებითია, ვნებაა, გატაცებაა. სიყვარულს დიდი ძალა სჭირდება, სიღრმისეულად უნდა იყოს ფესვგამდგარი, ცხოვრების ბოლომდე რომ გაგყვეს.
– დრო და სიყვარული...
– დროსთან ერთად არაფერი არ იკარგება. დედა მყავს მაგალითი, რომელსაც მამა დღემდე უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია, აღარ არის. ისე საუბრობს მასზე, გეგონება, ცოცხალ ადამიანზე ყვება. მამასაც ასე ძლიერ უყვარდა. ზუსტად ასეთ სიყვარულს სჭირდება ნიჭი.
– ის, რაც უპატიებელია...
– სიმუხთლე. როდესაც ადამიანი შეგნებულად ზურგში დანას გირტყამს – უპატიებელია. სამწუხაროდ, ცხოვრებაში მქონია ასეთი შემთხვევა და ვერასოდეს ვაპატიე, უფრო სწორად, აღარ არსებობს ის ადამიანი ჩემთვის. მეშინია ასეთი ადამიანების და ჩასაფრებული ვარ, რათა მსგავსი რამ არ გადახდეთ ჩემს შვილებს, საყვარელ ადამიანებს. ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებდა ადამიანი და არა ცხოველი, რომელსაც გათვლილი ჰქონდა თითოეული ნაბიჯი. ნამდვილად მეშინია ისეთი ადამიანების,  რომლებსაც მეგობრობა აქვთ იარაღად...
– შეგშურებიათ?
– კი. მშურს ადამიანის, რომელიც ყოველთვის ფორმაშია, ყოველნაირი წვალების გარეშე, მე კიდევ სულ ვებრძვი წონას (იცინის). ჩემი წონის მატება გამოიწვია დიდმა სტრესმა, რომლის გადატანაც მომიწია. დამიზიანდა ფარისებრი ჯირკვალი და დამეწყო ეს პრობლემა. სხვათა შორის, როცა ვიღაცის რაღაც მოგწონს, სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს შურია, უფრო ბიძგია, შენც რომ გააკეთო.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– ამისთვის სწორი მეთოდი მაქვს შემუშავებული: სახლში, ჩემთვის ველაპარაკები კონკრეტულ პიროვნებას, ვინც გამაბრაზა და ამით მთავრდება ყველაფერი, ანუ ოსტატურად ვიცლები ცუდი ენერგიისგან.
– ეჭვიანი ხართ?
–  საერთოდ არა. მაღიზიანებენ ეჭვიანი ადამიანები, ისინი ისეთ უნდობლობას მიცხადებენ, რომ მე ვერასოდეს ვაკადრებ ვინმეს იგივეს. ეჭვი ტანჯვაა და ყველას ვურჩევ, დაძლიოს საკუთარ თავში.
– როდის ყვირით?
– მხოლოდ მაშინ, როცა გასაჭირია და მეშინია, ვიღაცას რამე არ დაუშავდეს. ისე, იშვიათია, ვინმემ ჩემი ხმამაღალი სიტყვა გაიგონოს. კიდევ ვყვირი მაშინ, როდესაც ახალი წლის პერიოდში ბავშები ასაფეთქებლებს ისვრიან. მინდა, მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ უამრავ ახალდაძინებულ ბავშვს ეღვიძება, ბევრი მოხუცია, რომელსაც ხმაზე გული უსკდება, ასევე, არიან საწოლს მიჯაჭვული ადამიანები და სწორედ, მათ უნდა ვცეთ პატივი და ამ ხმებით არ შევაშინოთ. ამ დროს გავენთები ბავშვებს აივანზე და ვუყვირი, არ დამდგარა ჯერ ახალი წელი-მეთქი (იცინის).
– ვემტერები
– უტიფრობას და ამას ხშირად ვავლენ  ეკრანიდან.  უტიფრობაა, როდესაც ხალხს ეკრანიდან ატყუებენ და ამ ყველაფერს ჩემს სფეროში ერთი-ორი ადამიანი კადრულობს – ველოსიპედი ხომ უკვე აღმოჩენილია და ესენი კი ამბობენ, რომ მათ მოიგონეს. როდესაც ვინმე იჩემებს ისეთ რამეს, რაც თავად არ ეკუთვნის, აი, ამას ნამდვილად ვემტერები, რადგან ახალი თაობა ამას ისმენს და იჯერებს.  
– მრცხვენია...
– ძალიან მიყვარს, როდესაც მეფერებიან და მაქებენ, მაგრამ ასევე, ძალიან მრცხვენია, როცა ამ ყველაფერს ხალხში მეუბნებიან.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, პირიქით. ის, ვისაც არ გამოუცდია ბოდიშის მოხდა, ვერ წარმოიდგენს, რა საოცარი განცდაა – მერე ხარ ბედნიერი და ყველაფრისგან გათავისუფლებული.
– ვაგროვებ...
– ძველ ნივთებს. პატივისცემის გრძნობა მიჩნდება მათ მიმართ, ისინი ხომ წლებია, მოდიან და ბევრი რამე აქვთ ნანახი. არ მიყვარს უსუსური ნივთები. ქუჩაში დაგდებული იყო ორი ტოტი და ვთქვი, რომ მათ გავაცოცხლებდი. მათგან გავაკეთე ჯვრის ხე, შევმოსე და ოჯახის წევრებმა ჯვრები დავკიდეთ – ბევრი გვქონდა და ყუთებში ჩალაგებას ასე ვარჩიეთ.
– ვნანობ...
–  იმას, რომ რაღაცები თავის დროზე ვერ დავაფასე. იმას, რომ ბევრ ადამიანს, რომლებიც ამქვეყნად აღარ არიან, ვერ ვუთხარი, როგორ ძალიან მიყვარდნენ – სიტყვა „მიყვარხარ“ თითეული ადამიანისთვის დიდი ძალის მიმცემია, მე კი მათ ეს დავაკელი.
– ქალის ბედნიერებისთვის მამაკაცი აუცილებელია?
– ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი, როცა შემეშინდა, ცხოვრებას არ გავებოროტებინე. მაშინ ყველაფრის რწმენა მეკარგებოდა, საკუთარი თავის ნდობაც კი არ მქონდა, ჩემი თავიდან ქალი მომშორდა, მაგრამ  შევძელი და დავიბრუნე ჩემში ქალი.  მაშინ ბევრი რამ გავაცნობიერე, რაც შეეხება მამაკაცს, შეიძლება, ჩვენ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდეთ, მაგრამ ეს ადამიანი ყოველთვის არსებობს ჩემს ცხოვრებაში ისე, როგორც მე – მის ცხოვრებაში. ჩვენ ორივე ერთგულები ვართ და ეს დავუმტკიცეთ ერთმანეთს.
– ოჯახის შექმნა აუცილებელია?
– ჩემთვის ოჯახი ძალიან დიდი სიხარულის, სიამაყისა და სიმშვიდის მომტანია, რადგან სწორედ, ასეთ ოჯახში გავიზარდე. თუ არ არის ისეთი ურთიერთგაგება, რომელსაც შეუძლია ერთ ჭერქვეშ გაცხოვროს, მაშინ ურთიერთობა უნდა შეწყდეს. რელიგიურად გასაგებია, რასაც გვეუბნებიან, მაგრამ თუ ქალს არ აქვს შესაძლებლობა, ოჯახი შექმნას, ისე არ უნდა წავიდეს ამქვეყნიდან, რომ შვილი არ გააჩინოს.
– როდის ზარმაცობთ?
– მაშინ, როცა სიმღერის ჩაწერაზე მიდგება საქმე. საშინლად არ მიყვარს სტუდია, სადაც არის ოთხი კედელი და სადაც არ გყავს მსმენელი. ერთხელ რეზო ლაღიძის „ვალსს“ ვწერდი. მივხვდი, რომ არ გამომდიოდა და ვიპოვე გამოსავალი: შევდექი ქუსლიან ფეხსაცმელზე, ჩავიცი სცენურად და ამით შევიქმენი გარემო. სხვა შემთხვევაში საერთოდ არ ვარ ზარმაცი.
– საუკეთესო კომპლიმენტი...
– შინაგანად ფორიაქა ვარ და როდესაც მეუბნებიან, თქვენი სიმღერა გვამშვიდებსო, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. ერთი ამბავს გავიხსენებ: ბავშვი, რომელიც ეპილეფსიით იყო დაავადებული, მწვავე აპენდიციტის ფორმით შეუყვანიათ საავადმყოფოში. ბავშვს ვერანაირად ვერ აწყნარებდნენ და თურმე, დედა მონოტონურად იმეორებდა ტელეფონი მომეცით, ტელეფონი მომეცითო. მიუტანიათ ტელეფონი, „იავნანა“ ჩაურთავს და ბავშვს დაუძინია. ეს ამბავი რომ მიამბეს,  ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კომლიმენტიც იყო და ყველაფერი. ემოციებისგან ვიტირე.

скачать dle 11.3