კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№6 როგორი პირობები შეუქმნა დავით აღმაშენებელმა სასულიერო პირებს და მეცნიერებს და როგორ გაიზარდა ტფილისის მოსახლეობა

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  დავით აღმაშენებლის მიერ ტფილისის საქართველოსთან შემოერთების დროს ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაჰმადიანური იყო. იმ დღეებიდან კი ქალაქში ქართველთა რიცხვმა მოიმატა.
  ტფილისში დამკვიდრდა მეფის ოჯახი, მოსამსახურეებითა და დაცვით. ქალაქში ქართული გარნიზონი ჩადგა. მეფის კანცელარია, დარბაზი, სავაზირო, სხვადასხვა უწყებები ტფილისში გადმოვიდა. დარბაზის წევრების, ვაზირებისა და სხვა დიდებულების ოჯახები, თანაშემწეები, ქვეშევრდომები, აღმასრულებლები და სხვა მოხელეები, ოჯახებთან ერთად, ტფილისში გადმოსახლდნენ. დიდებულებმა, მათ შორის, ალბათ, ერისთავებმაც, თავისი შესაბამისი საცხოვრებელი სასახლეები აიშენეს, იყიდეს ან მოიწყვეს ტფილისში. ეს მოდისა და პრესტიჟის მაჩვენებელი კი არა, სამსახურებრივი აუცილებლობა გახლდათ. ტფილისში მომრავლდნენ ქრისტიანი სასულიერო პირები. აღდგა, ამოქმედდა და გამრავლდა ტაძრები.
 თუ ადრე ტფილისში მხოლოდ ქართლელი ქართველები ცხოვრობდნენ, შემოერთების დღიდან საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები დამკვიდრდნენ დედაქალაქში (ქუთათისიც მეორე სატახტოდ დარჩა და მეფე ხშირად ჩადიოდა, იქაც დარჩებოდა ნაწილი).
იმ დროისათვის დიდი და მთელ აღმოსავლეთში განთქმული სავაჭრო ქალაქის, ტფილისის მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა ქართველების ხარჯზე.
  თუ ადრე ტფილისის მმართველი ბერები (უხუცესები), დავით აღმაშენებლის შიშით, ტფილისს გასამხედროებულ მდგომარეობაში ამყოფებდნენ, დავით მეფის მიერ ტფილისის აღების მერე, შიში ყველას გაუქრა. სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ტფილისი დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებსა და კუთხეებს დაუკავშირდა.
  ტფილისში ყველა კუთხის წარმომადგენელთა თავმოყრისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობისგან მიღებული დადებითი მუხტის შედეგად კიდევ უფრო განვითარდა ქართული სალიტერატურო ენა და ახალწარმოქმნილი საერო ლიტერატურა, საერთოდ, ქართული რენესანსი.
ქართული ლიტერატურის კლასიკური პერიოდის დასაწყისი ტფილისის კვლავ დედაქალაქად ქცევას ემთხვევა, ხოლო დასასრული – ტფილისის, როგორც დიდი რეგიონის დედაქალაქის დაცემას.
  ტფილისი, საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით, რომლებიც უფრო მეტად ბერძნულ სამყაროსთან იყვნენ დაკავშირებული, აღმოსავლეთის კულტურულ ცენტრებთან უფრო მჭიდრო კავშირში იქნებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ტფილელ მაჰმადიანებს შორის კულტურის მოღვაწენიც იყვნენ. ამრიგად, ორივე სამყაროდან დადებითი იმპულსები მივიღეთ და მსოფლიოს ორიგინალური ქართული რენესანსი ვაჩუქეთ. ეს იმის შედეგია, რომ დავით აღმაშენებელმა კომფორტული გარემო შეუქმნა სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნების მოაზროვნე ადამიანებს ტფილისში.
  ერთი ადამიანი წერდა, თითქოს, ტფილისი დავით აღმაშენებელმა კოსმოპოლიტურ ქალაქად აქციაო. რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. სწორედ, დავით აღმაშენებელმა დაუბრუნა ტფილისი საქართველოს და ქართულ კულტურას, რამაც მისცა ბიძგი ქართულ რენესანსს.
არაბი ისტორიკოსი აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკი ჩვენი ხელმწიფის მიერ გატარებულ შემწყნარებლობის პოლიტიკისა და ტფილელი მაჰმადიანებისთვის ეკონომიკური და  კულტურული ავტონომიის მიცემის შესახებ წერს:
  „მეფემ მიაგო მუსლიმთ უდიდესი პატივი. მეცნიერებს, ღვთისმეტყველებსა და სუფიებს ისეთი ღირსება და პატივი ჰქონდათ, რაც არ ჰქონიათ თვით მუსლიმანებთანაც კი. მე ვნახე, ყველა ეს პირობა ძალაში იყო მაშინაც, როცა ჩავედი იქ 548 (1153/54) წელს“. არაბი მაჰმადიანი მოაზროვნე ასე დადებითად აფასებს ჩვენი ხელმწიფის მიერ გატარებულ საშინაო, საქალაქო პოლიტიკას, ასეთივე დახმარება ექნებოდათ სხვა ერების, არამაჰმადინების წარმომადგენლებს, ებრაელებსა და სომხებს.
  დავით აღმაშენებლის ისტორიკოსისგან  ვიცით, რომ მეფე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. აშენებდა მონასტრებსა და აკადემიებს. ჩაატარა საეკლესიო კრება. დიდ შესაწირს უგზავნიდა უცხოეთში წმიდა სავანეებს, განსაკუთრებით ქართულს.
მეთორმეტე საუკუნის უცნობი პოეტი თავის ლექსში დავით აღმაშენებლის შესახებ წერს:
„გითხრობ წმიდათა ადგილთა
ნიჭთა მათ მოსახსენთასა,
ვინა მიიღო საზომი
მათ უთვალავთა ძღვენთასა.“
ჩვენი მეფე აშენებდა სამკურნალო თავშესაფრებს, ხანაგებს ქვეყანაში. ააშენებდა, რა თქმა უნდა, ტფილისშიც:
„მკურნალთ ხადოდის სულისა
და ხორცთ შექმნილთა სენთასა“.
  განსაკუთრებულად ზრუნავდა დავით აღმაშენებელი მეცნიერებზე და პედაგოგებზე. უცხოეთიდან იწვევდა ცნობილ ქრისტიან მოღვაწეებს, ქართველებს და უცხოელებსაც და ყველა პირობას უქმნიდა მათ საქმიანობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში წარჩინებული ახალგაზრდების მივლინება ენების უკეთ შესწავლისთვის, სხვა ქვეყნების განათლების ახალი მიღწევების გასაცნობად, ცოდნის ასამაღლებლად:
„მოწლედ სწყალობდის მოძღვართა,
ათონით მონავლენთასა,
ათენსა სწვრთნიდის ჭაბუკთა,
 იყალთოს მონასმენთასა
და სთესდის მადლს და სიბრძნესა
სულმნთებთა აღმაფრენთასა.
მოწლედ სწყალობდის მოძღვართა,
 ათონით მონავლენთასა,
 ათენსა სწვრთნიდის ჭაბუკთა,
 იყალთოს მონასმენთასა
 და სთესდის მადლს და სიბრძნესა
 სულმნთებთა აღმაფრენთასა“.
  გაერთიანებული საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრები, მონასტრები და ჩვენი მეფის სასახლეები, სატახტო ქალაქი და სხვა ქალაქები იქცა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ იმდროინდელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ცენტრებად.
დავით აღმაშენებელსა და მის ვაჟს, დიმიტრი პირველს, ძალიან აინტერესებდათ სხვადასხვა რელიგიისა თუ მსოფლმხედველობის შესახებ ინფორმაციის მიღება და გაანალიზება. ისინი უგანათლებულესი და უნიჭიერესი ადამიანები იყვნენ. ამის შესანიშნავი დასტურია ქრისტიანული სასულიერო პოეზიის ბრწყინვალე შედევრები – დავით მეფის „გალობანი სინანულისანი“ და დიმიტრი მეფის ლექსები.
ჩვენი ხელმწიფეების კეთილშობილება და კულტურულობა საყოველთაოდ იყო ცნობილი, მათ შორის, მაჰმადიანებშიც. იმ დროს მთელი მსოფლიოს მაჰმადიანთა სულიერი ცენტრი იყო ქალაქი ბაღდადი. სახალიფოში გავრცელებულ ოქროს დინარს, დიდი მსყიდველობითი ფასი ჰქონდა. არაბი ისტორიკოსი, ალ-ფარიკი, რომელსაც ბევრი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი, წერს:
  „მე ვნახე აბხაზთა მეფე დემეტრე, რომლის სამსახურშიც ვიმყოფებოდი, როგორ ჩამოხდა ტიფლისში და დარჩა იქ რამდენიმე ხანს. ერთ პარასკევ დღეს მივიდა ჯამეში, დაჯდა ქვის საჯდომზე ხატიბის პირდაპირ და ფეხი არ მოუცვლია, ვიდრე არ ჩაათავეს ხუტბა ხატიბმა და ხალხმა. მთელი ხუტბა მოისმინა, შემდეგ გავიდა და შესწირა ჯამეს 200 წითელი დინარი (ოქროს ფული).
  მე ვნახე ალიმები, მქადაგებლები, დიდებულები, სუფიები და მლოცველები, რომელთაც პატივით იღებდა იგი და ასაჩუქრებდა. ისე კეთილად ექცეოდა, რისი მსგავსიც არ არსებობს. მე ვნახე იქ ისეთი პატივისცემა მუსლიმებისა, რაც მათ ბაღდადშიც კი არ ექნებოდათ“.

скачать dle 11.3