კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№5 თემო საჯაია: ეჭვი არ მეპარება, კიდევ ბევრ სისულელეს ჩავიდენ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი თემო საჯაია ის ადამიანია, რომელიც ცხოვრების ყველა გამოწვევას იღებს, არ ნებდება, არ დუნდება და ყოველდღიურად იზრდება პროფესიონალურად. ორი წელია, როგორც ტელე-წამყვანი, ეკრანზე არ გამოჩენილა და ამბობს, რომ ტელეკამერის წინ ჯდომა მოენატრა, თუმცა, ახლა ახალ არხზე, ახალ გუნდთან ერთად, დილის ეთერში ზის და ცდილობს „პოსტ ტვ-ის“ მაყურებელს თავისი ენერგიული განწყობა გაუნაწილოს.
  თემო საჯაია: ტელევიზიაში მუშაობის დიდი პაუზის შემდეგ ახალ არხზე დილის გადაცემის წამყვანი გავხდი. „იბერიის“ ტელეეთერში წამყვანად ერთი წელი ვიჯექი, შემდეგ, იყო ორწლიანი წყვეტა და ახლა ისევ ეთერში ვარ.
– ამბობენ, კამერის წინ ჯდომამ მიჩვევა და მონატრება იცის. ის ორი წელი, როცა წყვეტა გქონდა, რას აკეთებდი? თუ გქონდა დეპრესიისა და მონატრების მომენტები?
– მე არ ვარ პროფესიით ჟურნალისტი, თუმცა როგორც წამყვანს, ჩემი ნიშა მაქვს კულტურისა და მუსიკის განხრით. მიუხედავად იმისა, რომ ეთერში ვიჯექი, მუსიკის წერა არასდროს შემიწყვეტია. მართალია, ორი წელი ეკრანზე არ ვჩანდი, მაგრამ იყო ბევრი კონცერტი. ვიყავი ყაზახეთში, ვწერდი მუსიკას და მოწყენის დრო არ მქონდა. მუსიკალურ კარიერაში აქტიურად ვმუშაობდი – კონცერტები მქონდა თბილისის მერიის ბიგ-ბენდთან ერთად, ასევე, ჩავწერე ორი საკუთარი სიმღერა და ერთ-ერთზე, კლიპის გადაღებას სულ მალე ვგეგმავ. ასე რომ, ეს წელი საინტერესოდ დაიწყო. მუსიკოსი ადამიანი ვარ და მუსიკის წერა და ზოგადად, ეს საქმე, განსაკუთრებულად მიყვარს. მაგრამ, ის აზრი, რომ თუ ერთხელ დაჯექი კამერის წინ, მერე ამან მონატრება და მიჩვევა იცის, მართალია. მეც, რასაკვირველია, მენატრებოდა და მინდოდა კამერის წინ ჯდომა. რამდენიმე რეიტინგული არხიდან მქონდა შეთავაზება, მოლაპარაკებებიც. მერე გამოჩნდა „პოსტ ტვ“, სადაც ბევრმა ჩემმა მეგობარმა დაიწყო მუშაობა და მეც ამ არხზე გავაკეთე არჩევანი. ახალი არხია, ერთი თვეა, რაც გამოჩნდა. ეს კიდევ ახალი გამოწვევაა, როცა ამ გუნდის ნაწილი ხდები და მის ჩამოყალიბებაში თავიდანვე იღებ მონაწილეობას. ასე რომ, ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავარ.
– ბევრი დილის წამყვანი ამბობს, ადრე ადგომა გვიჭირს, ვერ ვახერხებთ ენერგიის აღდგენასა და გამოძინებასო. ამ მხრივ, როგორ გაქვს საქმე?
– სხვათა შორის, არასოდეს მიჭირდა დილით ადგომა. არ ვარ იმ „ბომონდის“ ნაწილი, რომელიც საღამოს 6 საათზე იღვიძებს. ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მიჭირს ადრე ადგომა. თან, მიყვარს სანადიროდ და სათევზაოდ სიარული და დილით ადგომა მიწევს. მოკლედ, ყველაფრის მიუხედავად, კარგად გამოძინებასაც ვახერხებ და კარგ განწყობაზეც ვიღვიძებ. დილის წამყვანს არ გაქვს უფლება, ჩასისხლიანებული თვალებით, მოდუნებული და უენერგიო დახვდე ადამიანს, რომელმაც გაიღვიძა, ჩართო ტელევიზორი, გიყურებს  და თან, ფხიზლდება.
– სოციალურ ქსელში დაწერე, რომ გასული წელი მტკივნებული იყო შენთვის. რატომ?
– დიახ, ასეა. ორი მეგობარი გარდამეცვალა. ზოგადად, რაც ასაკი გვემატება, მით მეტი დანაკარგები და იმედგაცრუებები გვაქვს და ამ კუთხით, ტკივილიანი წელი იყო. ასეა, ცხოვრება ქიშმიშიანი კექსივით არაა, მხოლოდ ქიშმიში ჭამო და დანარჩენი დატოვო. მისგან ყველაფრის მიღება გიწევს – იმ ბედნიერი წუთებისაც, მარცხისაც, დანაკარგისაც და ტკივილისაც. ეს ყველაფერი კი გაფხიზლებს და გახსენებს იმას, რომ ცოცხალი ხარ და არ უნდა გაჩერდე.
– რამდენად მოგიწია ურთიერთობების გადახალისება, წლების მატებასთან ერთად?
– ამას გადახალისებას ვერ დავარქმევ. ვერ დაჯდები და ცხოვრებას „რესტარტს“ ან „შათდაუნს“ ვერ გაუკეთებ. დაგეგმილად არაფერი ხდება. თუმცა, წლების მოსვლასთან და წასვლასთან ერთად, ადამიანებიც მიდიან და მოდიან, მეტ გამოცდილებას იძენ და მერე და მერე, ურთიერთობებში, „გაფილტვრა“ თავისთავად ხდება. ბევრ ახლობელ ადამიანთან ისეთი წყალგამყოფი იდება, შორდები, თუმცა, არც მისი მტერი ხდები და არც მეტოქე. უბრალოდ, ხვდები, არ არის შენიანი და ეს სამწუხაროა. მაგრამ, ასეც ხდება.
– გარდა იმისა, რომ გამოცდილება მიიღე და იმედგაცრუებები იგემე, წლების მატებამ რა გასწავლა?
– არ მაქვს ის ასაკი, რომ დაბრძენებული კაცივით ვიმსჯელო, თუმცა, არ მჯერა იმათი, რომ ამბობენ და მოძღვრავენ: ჩემი გადმოსახედიდან... ჩემი გამოცდილებიდანო. ყოველ დროს თავისი გამოწვევები, გამოცდილებები და სიახლეები მოაქვს. შესაბამისად, ხანდახან ამისთვის მოუმზადებელი ხარ და წარსულს ითვალისწინებ. თუ გამოცდილება არ გაქვს, გამოდის, არც გიცხოვრია და უბრალოდ, გაფრენილი წლები მოიტოვე უკან.
– შენს შემთხვევაში როგორაა – წარსული გაფრენილი წლებია თუ იცხოვრე?
– მე ჩემს წარსულს როგორც გამოცდილებას, ისე ვუყურებ, თავისი შეცდომებით, წარმატებითა და წარუმატებლობით. ბევრი არ გამიკეთებია, მაგრამ არ გავჩერებულვარ და სულ ვცდილობ. ცხოვრებამ მასწავლა, რომ წლებთან ერთად სწავლობ. ეჭვი არ მეპარება, კიდევ ბევრ სისულელეს ჩავიდენ, შეცდომასაც დავუშვებ და ათი წლის მერე ვიტყვი, მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი-მეთქი. 30-40 წლის ასაკში თუ ჩერდები და ამბობ, მე ყველაფერი გავაკეთე და ყველაფერი უკვე ვიციო, მაშინ აზრი აღარაფერს აქვს. ცხოვრება იმიტომ გაძლევს გამოწვევებს, გაძლევს შანსს, დაუშვა შეცდომა, რომ მერე ის გამოასწორო,  ნაბიჯი გადადგა, ინანო ან არ ინანო.
– წლების მატებასთან ერთად, გემოვნებაც ხომ ეცვლება ადამიანს?
– არა მხოლოდ გემოვნება, შეხედულებებიც გარე სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართაც.
– და, ქალებთან მიმართებაში?
– ქალებთნ მიმართებაში გარეგნულ მახასიათებლებს თუ გულისხმობთ, გემოვნება დიდად არ შემცვლია. საერთოდ, არ ვარ ქალებთან მიმართებაში „მკაცრ დიეტაზე“ და არ ვანიჭებ უპირატესობას მხოლოდ ცისფერ თვალებს, შავგვრემანს, წითურს ან ჭორფლს... მომწონს ლამაზი გოგონები და გარეგნულ მახასიათებელს და კანის ფერს არ ვაქცევ ყურადღებას. როგორც ათი და ოცი წლის წინ, ახლაც ლამაზი და ეშხიანი გოგონები მომწონს.
– გავიგე, შეყვარებული ხარ. ამ კუთხით არის სიახლე პირად ცხოვრებაში?
– შეყვარებული სულ ვარ, მაგრამ ერთი კონკრეტული აღტაცების ობიექტი ჯერ არ არსებობს.
– როგორც მივხვდი, ამ წელს ბევრი გამოწვევა და სიახლე გელის და მზად ხარ ამისთვის?
– რასაკვირველია. გამოწვევებია ის მიზნები, რაც დაგეგმილი მაქვს. სამი მიმართულებით მიწევს მუშაობა – თბილისის მერიის ბიგ-ბენდში, სადაც უკვე დაგეგმილია რამდენიმე გასტროლი უცხოეთში და კონცერტები საქართველოს მასშტაბით, ასევე, ჩემი სიმღერების ჩაწერა და მუსიკალური კლიპების გადაღება და პარალელურად, ტელევიზიაში მუშაობა. ამ მიზნების ასრულებას ვგეგმავ და იმედია, ენერგია მეყოფა. მოდუნების, ძილისა და დეპრესიების დრო არ მაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯო. რასაკვირველია, არის ცხოვრებაში რთული  და დეპრესიული პერიოდები, მაგრამ არ უნდა დანებდე და აკეთო ის საქმე, რაც გიყვარს. ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. ხანდახან შეიძლება, არ გამოვიდეს, მაგრამ არ უნდა ჩაიქნიო ხელი. შრომასა და კეთებას ყოველთვის აქვს აზრი. მეც ასე ვარ, სულ რაღაცას ვაკეთებ და თუ არ გამოდის, პროფესიონალურად ვიზრდები მაინც. ამიტომ, ვცდილობ, ასე ყოველდღიურად გავიზარდო და სანამ ახალგაზრდა ვარ, არ მივცე ჩემს ორგანიზმს მოდუნებისა და მიძინების საშუალება.

скачать dle 11.3