კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№5 როდის დარჩა მაია ბარათაშვილი სრულიად მარტო და ნანობს თუ არა, რომ ოჯახი არ შექმნა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  26 წელია, რაც მაია ბარათაშვილი ქართველ მსმენელს საკუთარი ნიჭით აოცებს. ჯაზი მისი ცხოვრების ნაწილად ძალიან დიდი ხნის წინ იქცა და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროფესიის ინტერესი ჰქონდა, მისთვის მთავარი ყოველთვის მუსიკა იყო და სიყვარული და აღიარებაც სწორედ ამით მოიპოვა.
  მაია ბარათაშვილი: პავლოვის 47 ნომერში დავიბადე და გავიზარდე. ეს ჩემთვის მხოლოდ საცხოვრებელი სახლის მისამართი არაა. ესაა ადგილი, სადაც ხუთი წლისამ ჩემი პირველი მეგობრები შევიძინე და მას შემდეგ მომყვებიან. ჩემი ბაბუა – გიორგი მგალობლიშვილი 50-იან წლებში საქართველოს მთავარი მეღვინე იყო, პირველი სამტრესტელი, რომელიც ნახევრადმშრალი ღვინოების აღორძინებაში იღებდა აქტიურ მონაწილეობას და ერთ-ერთი პირველი იყო ამ საქმეში. ღვინის წარმოებას სამეცნიერო კუთხით მიუდგა და ენციკლოპედიაშია შეტანილი, როგორც თავისი საქმის ექსპერტი. ჩემი გამზრდელი ბებია – მერი მგალობლიშვილი, ულამაზესი და კოლორიტი სოპრანო იყო. ამბობდნენ, ისინი ერთად რომ გამოდიოდნენ ქუჩაში, ისეთი ლამაზები იყვნენ, ხალხი ჩერდებოდა და უყურებდაო. ბებიამ მასწავლა რუსული. ფრანგულადაც ლაპარაკობდა, მაგრამ ვერ მოასწრო ჩემთვის ესწავლებინა. თერთმეტი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა.
  დედაჩემი – ზეინაბ მგალობლიშვილი პროფესიით კბილის ექიმი იყო და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. ასევე მღეროდა პროფესიონალურ სცენაზე ქართულ და რუსულ რომანსებს. მაგრამ საბოლოოდ პროფესიად დანტისტობა აირჩია, ბრწყინვალე სპეციალისტი იყო.  შეიძლება ითქვას, რომ მე სტომატოლოგიურ კლინიკაში გავიზარდე.  მამა – ლევან ბარათაშვილი ძალიან ცნობილი იურისტი იყო. ძალიან განათლებული ადამიანი, წიგნის გარეშე იშვიათად ნახავდით. მამა წლების განმავლობაში, ყოველ პარასკევს, ღამის 12 საათზე გადიოდა სახლიდან. ყოველთვის მაინტერესებდა, სად მიდიოდა. შვიდი-რვა წლის ვიყავი, როცა თან წამიყვანა და ნინო ანანიაშვილის ბაბუის, კვატაშა ხოჭოლავას სახლში მოვხვდი. ის ჩემი ნათლია იყო. თურმე, ბელინსკის ქუჩაზე, მის უზარმაზარ სახლში იკრიბებოდნენ იმ პერიოდის გონებაგახსნილი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. უნდა გენახათ როგორი ჩაცმულები იყვნენ – კოსტიუმისა და ჰალსტუხის გარეშე ვერავის ნახავდით. ისტორიკოსები, ექიმები, იურისტები, საზოგადო მოღვაწეები, თითო ბოკალი წითელი ღვინის თანხლებით, საქართველოს წარსულსა თუ მომავალზე საუბრობდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს სამომხმარებლო საუკუნეში ასეთი სინატიფე და ინტელიგენცია აღარ არსებობს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანების გარეგნულმა მხარემ, ქცევებმა თუ  საოცარმა მეტყველებამ.
ბაბუა და ბებია თავადური გვარის ჩამომავლები იყვნენ  ანდრონიკაშვილები, ციციშვილები და ბაგრატიონები. მამის მხრიდან კი ბარათაშვილები და ბაქრაძეები მყავდნენ. ბაბუა იყო მიწების მფლობელი, მარგანეცის ბიზნესში იყო წითელი არმიის შემოსვლამდე. ჰქონდა დიდი სახლი, თავლა, ცხენები. თვრამეტი წლის გოგო მოიყვანა ცოლად – ატატა ბაქრაძე ასაკით მასზე ძალიან პატარა იყო, მაგრამ ბაბუას რომ შევხედე ფოტოზე, არ გამიკვირდა, რადგან ულამაზესი ჩოხოსანი იყო, შაბიამნისფერი თვალებითა და ნატიფი სახის ოვალით.
როდესაც წინაპრების შესახებ ვსაუბრობ, ბევრს ეს აღიზიანებს. ხალხს ჰგონია, რომ მედიდურად ვყვები და მინდა, ჩემი არისტოკრატული წარმოშობა მოვახვიო თავს – არავითარ შემთხვევაში, არ მინდა, მკითხველმა ასე იფიქროს. უბრალოდ, ეს ჩემი რეალობაა და როდესაც ბავშვობასა და ოჯახზე მეკითხებით, გიყვებით ისე, როგორც სინამდვილეშია.
– ასეთი ბავშვობის შემდეგ ბევრი სირთულე შეგხვდათ.
– ჩემს ცხოვრებას ძალიან დიდი ტკივილი დაჰყვება, რომელიც ახლობელი ადამიანების გარდაცვალებითაა გამოწვეული. 11 წლის ვიყავი, როცა გამზრდელი ბებია ჩემ თვალწინ გარდაიცვალა. 15 წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა, ძალიან ახალგაზრდა, ასევე ჩემ თვალწინ. 17 წლის ვიყავი, როცა ჩემი მამიდაშვილი ემსხვერპლა ავადმყოფობას და ოცდაათი წლის ასაკში დავკარგე მამა. რის შემდეგაც სრულიად მარტო დავრჩი. ვიცი, რა ტკივილია ახლობელი ადამიანების დაკარგვა. მაგრამ დედა რომ არ წასულიყო, როცა მე 15 წლის ვიყავი, მაია ბარათაშვილის ფორმირება არ მოხდებოდა იმგვარად, როგორც მოხდა. ძალიან დიდი სირთულისა და ტკივილების ხარჯზე გავძლიერიდი, ფაქტობრივად, ცეცხლში გამოვიარე. ახალგაზრდა გოგონა უდედოდ დარჩა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა, რომ უნდა ყოფილიყო კარგი მოსწავლე, სტუდენტი და ეშოვა სამსახური. პარალელურად, მუსიკით იყო დაკავებული და არ უნდოდა ამ ყველაფერს მოსწყვეტოდა. ძალიან მძიმე იყო. მამა მუშაობდა, თავისი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ ძირითადად, ოჯახის მოვლა მე მევალებოდა – ყველა ასპექტით. ძალიან გავძლიერდი, თავად ავაწყვე ჩემი ცხოვრება, ღმერთის დახმარებით. მის გარეშე არაფერი ხდება. მუსიკამაც დიდი ძალა მომცა. ექვსი წლიდან ფორტეპიანოზე ვმეცადინეობდი, კლასიკური მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული. ფორტეპიანოს დავუმეგობრდი და ჩემს გულისტკივილს და დარდს მას ვუზიარებდი. 1995 წელს თბილისში „დათოს ჯაზკლუბი“ გაიხსნა. საოცარი ადგილი იყო, სადაც მთელი თბილისი იკრიბებოდა. იქ ძალიან ბევრმა მუსიკოსმა აიდგა ფეხი. ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილი მუსიკოსები გავიცანი და აქედან დაიწყო ჩემი კარიერული ზრდა. 1998 წელს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, თბილისის მერიის ბიგბენდის სოლისტი გავხდი და დღემდე ვარ. ასეთი ბიგბენდის არსებობა ქვეყნისთვის ძალიან საამაყოა და ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვადასხვა ინტერესი მქონდა და ძალები არაერთ საქმეში მოვსინჯე, თავის დროზე გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება მუსიკისთვის დამეკავშირებინა და ასეცაა. ახლა ამ საქმეში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. არის კონცერტები და მოგზაურობა როგორც ბიგბენდთან, ისე ჩემს ტრიოსთან ერთად. არაჩვეულებრივი მუსიკოსები მყავს: გიორგი რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე და ჯორჯ მელი, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა.
– ამ ყველაფერთან ერთად, მინდა, ვისაუბროთ თქვენს დამოკიდებულებაზე მისტიკისადმი და უცნაურობებზე, რომელიც არც ისე მცირე დოზითაა თქვენს ცხოვრებაში.
– დიახ, მაგრამ მე მორწმუნე ადამიანი ვარ და შემთხვევითობის კი არა, მხოლოდ ღმერთის ნების მჯერა. ეს არაა უცნაურობა, განგების ნებაა. რწმენას ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადგილი უჭირავს. ღმერთი გვიგზავნის გარემოებებს, რომ უკეთესები გავხდეთ. კი, ჩემს ცხოვრებაში იყო რამდენიმე შემთხვევა. მაგალითად, ერთხელ ბარბრა სტრეიზანდს ვუყურებდი ეკრანზე. მას ადრე გარდაეცვალა მამა, რომელიც ძალიან უყვარდა. ყვებოდა, რომ მერე, როცა უკვე ჩამოყალიბებული მომღერალი იყო, საკუთარი გასახდელის რომელიღაც უჯრაში იპოვა გაყვითლებული, ოცი წლის წინანდელი წერილი მამისგან. ამბობდა, თითქოს მამა ცდილობდა დამკავშირებოდაო. ეს მომენტი ძალიან მძაფრად ჩამრჩა გონებაში. მეორე დილით კარზე კაკუნია, გავედი და ფოსტალიონი მაწვდის გაყვითლებულ კონვერტს. ეს არ იყო წერილი მამისგან, მაგრამ ეს იყო წერილი მამაჩემისთვის, რომელიც ერთ ქალბატონს მოუწერია. მან არ იცოდა, რომ მამა ათი წლის გარდაცვლილი იყო და წერდა, როგორც ცოცხალს. უცებ, იცით როგორ შეიცვალა ყველაფერი ოთახში? მეგონა, მამა კაბინეტიდან გამოვიდოდა წერილის გამოსართმევად, ცოტა მაკლდა დამეძახა. შემდეგ, ერთი ეპისკოპოსის ინტერვიუ მოვისმინე. ეკითხებოდნენ, რა გავაკეთოთ გარდაცვლილებთან კავშირისთვისო, რაზეც უპასუხა: უბრალოდ, იფიქრეთ მასზე და კონტაქტი დგებაო. ესაა დამამტკიცებელი საბუთი, იმდენად მოხვდა ეს ამბავი ჩემს გულს, თითქოს მამამ გამომიგზავნა მინიშნება: აქ ვარ, შვილო, არსად წავსულვარო.
– რაც შეეხება სიზმრებს?
– არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, არ ვუჯერებ სიზმრებს, ძალიან სახიფათოა. ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მიიღო, როდესაც განუწყვეტელ ლოცვაში ხარ. არც მე და არც  სხვა არ მინდა, რომ მათზე იყოს დამოკიდებული. იყო ასეთი შემთხვევა: დამესიზმრა ოთახი, სადაც სრულიად უცნობი ადამიანები იყვნენ, თითქოს გარდაცვლილის დატირება იყო, მაგრამ გარდაცვლილი არ ჩანდა. რაღაც პერიოდის შემდე, რუმინეთში გავემგზავრე „შინთან“ ერთად. კონცერტზე შევდიოდით და უცხო ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი. სრულიად მოულოდნელად, ჩემს თვალწინ, ახალგაზრდა მამაკაცი დაეცა და გარდაიცვალა. ჩემი სიზმარი მომაგონდა. იმ მომენტში გარდაცვალებაზე ვფიქრობდი. ცუდად ვიყავი და მე რომ აქ გარდავიცვალო, მერე რა მოხდება-მეთქი? თითქოს, ამაზე პასუხი მივიღე. ყველაზე ცუდი იყო ევროპული საზოგადოების დამოკიდებულება – სინანულის ნიშნად, თავი გადააქნიეს და კონცერტზე შევიდნენ. მე და ერთი გოგონა მივვარდით, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარეთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: ხალხო, ნუ მიაქცევთ სიზმრებს ყურადღებას, თქვენი ცხოვრება თავად შექმენით. ნუ იქნებით ნიშნებზე დამოკიდებული. მკითხავი, მჩხიბავი, წინასწარმეტყველი – ასეთი ადამიანების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ვინც მართლა ხედავს, ამაზე არ ყვირის, ამიტომ ადამიანები რომ იჩემებენ, რაღაცას ვხედავო, ამას ვგმობ.
– სიყვარულზე გადავიდეთ...
– როგორც იცით, დაოჯახებული არ ვარ. განსაკუთრებით ბოლო დროს, როცა ეკლესიური გავხდი და ცოტათი ქრისტე გავიცანი, ვთვლი, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ქორწინებამდე არ მიგიყვანს, არ ღირს. მაგრამ მე ნამდვილ ქორწინებას ვგულისხმობ, როდესაც წყვილი მზადაა, ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასი გაიღოს, ურთიერთობა სადაც მსხვერპლშეწირვა, სწორი გაგებით, არ არის უცხო. თავგანწირვისთვის მზაობაა სიყვარული და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ოჯახს. ქორწინება – „მოდი, აბა, ვნახოთ, რა გამოგვივა“ პრინციპით – ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, არავის განვსჯი. მომწონებია კიდეც და მათ შორის, არასწორი ადამიანებიც, შემყვარებია კიდეც, მაგრამ დროულად მივმხვდარვარ.
– ეკლესიაშიც იმიტომ მიხვედით, რომ რაღაც მომენტში არასწორ ადამიანს დაუკავშირეთ ბედი.
– არამარტო ამიტომ, მაგრამ რაღაც ზღვრამდე ვუშვებ ადამიანს და როცა ვხვდები, რომ ის მე სულიერად წინ ვერ წამწევს, ყოველგვარი სკანდალის გარეშე ვამთავრებთ ურთიერთობას. სომერსეტ მოემმა თქვა, ყველაზე დიდი კონპლიმენტი ქალისთვის ისაა, როცა მამაკაცი გეუბნება, მე მინდა, შენზე დავქორწინდე. თუკი მამაკაცი მე არ მეუბნება, რომ უნდა მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით გაატაროს, მაშინ საერთოდ ზედმეტია საუბარი.
– არ გინანიათ, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგით, მით უმეტეს, როცა საქმე შვილს ეხება?
– შვილი ადამიანისთვის მინიჭებული ძალიან დიდი საჩუქარია. არ ვნანობ. მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ადამიანს თავისი გზა აქვს.
– და ბოლოს, სამი მარტის გეგმების შესახებაც მომიყევით.
– სამი მარტი ჩემი დაბადების დღეა, რომელსაც დედა ყოველთვის განსაკუთრებულად აღმინიშნავდა ხოლმე და ძალიან მიყვარს. შემდეგ უკვე კონცერტებით ვხვდებოდი ამ დღეს, მაგრამ შედარებით მცირე მასშტაბის. წელს კი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება გრანდიოზული შოუ. სცენას ისეთ მუსიკოსებთან გავიზიარებ, რომლებიც დიდი ხანია, საერთაშორისო დონეზე არიან აღიარებული – დაწყებული თბილისის მერიის ბიგბენდით, თბილისში სპეციალურად ჩამოდის „შინის“ თანადამფუძვნებელი ზაზა მიმინოშვილი, ჩემ გვერდით იქნებიან ზაზა მარჯანიშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანსამბლი „ილიაო“, გელა ფარჩუკიძის მერიის ბიჭუნათა გუნდი, ლევან დეისაზე, ჩემი ტრიო. საოცარი მრავალფეროვნება და დიდი ზეიმი იქნება. პროგრამა მზად არის და ბილეთები უკვე იყიდება. ყველას ვპირდები, რომ ძალიან კარგ სანახაობას იხილავს.

скачать dle 11.3