კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№5 უალერსოდ დარჩენილი ქალები

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

  ჩვენ სამნი, მე, ბაბი და მანანიკო, პირველი კურსიდან დავმეგობრდით. სოფო გვიან შემოგვიერთდა, სულ რამდენიმე წლის წინ, მაგრამ კარგად ჩაეწერა ჩვენს „სასტავში“, თუმცა შინაგანად ბაბისთან და მანანიკოსთან უფრო ახლოს ვიყავი.
  კარგი მეგობრობა გვქონდა, უპრობლემო, გართულებების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. მე და ბაბი ზედმეტად მორიდებულები ვიყავით, ამიტომ ვერც პირად ცხოვრებაში და ვერც კარიერაში ბევრს ვერაფერს მივაღწიეთ, თუმცა სხვაზე ნაკლები ნიჭი და გარეგნობა არ გვქონდა. ბაბის მშიშარა ხასიათი მისმა ოჯახმა და ცხოვრებაში გადატანილმა უბედურებამ განაპირობა, რასაც მოგვიანებით მოგიყვებით.
  მანანიკო ძლიერი ხასიათის გოგო იყო, მებრძოლი, ბოლომდე მიმწოლი. გვერდში დადგომაც იცოდა და, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, კუთხეშიც კარგად მიაყენებდა ნებისმიერ ჩვენგანსაც და სხვასაც. არავის არაფერს შეარჩენდა. ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა – თავი ყოველთვის მართალი ეგონა.
  სოფოს შინაგან სამყაროს ისე კარგად არ ვიცნობდი. თითქოს ცუდი გოგო არ გამოდგა, თუმცა ცოტათი უცნაური კი იყო: ყველგან ზედმეტად თამამად და შინაურულად იქცეოდა. რომელ ჩვენგანთანაც არ უნდა მოსულიყო, ყველგან მასპინძლის როლი ჰქონდა მორგებული. ზუსტად ვერ ვხვდებოდი, რა, მაგრამ რაღაც არ მომწონდა მასში. ერთხელ კი ჩემს სახლში ასეთ სცენას შევესწარი: მამაჩემს (მაშინ დედა გარდაცვლილი მყავდა),  ფინჯნით ყავა შეუტანა ოთახში და თან თვალების წკურვით რაღაცას ეტიტინებოდა. ჩემს დანახვაზე შეკრთა და მაშინვე გოგოებთან გავიდა.
ჩემი მეგობრები რომ წავიდნენ, მამამ უკმაყოფილო ღიმილით მითხრა:
– ეგ შენი ახალი დაქალი რაღაც არ მომწონს.
– რატომ, რა დაგიშავა? – სოფოს დაცვა ვცადე.
– არაფერი. უბრალოდ, მომეჩვენა, რომ „მაბამდა“. თანაც, დიდად არ მომწონს მოძველბიჭო და „ბლატნოი“ გოგოები. ფრთხილად იყავი მასთან, რამე შარში არ გაგხვიოს.
– აბა, რას ამბობ, მამა?! – მართლა მეწყინა.
– მე გამიფრთხილებიხარ, – თქვა მამამ და ოთახიდან  გავიდა, მერე მობრუნდა და მითხრა:
– ნაკლები დრო გაატარე მაგ ტინგიცას საზოგადოებაში, თუ გინდა, რომ უსიამოვნებას არ გადაეყარო.
ჩემი აზრით, ჩვენ ოთხნი (ჯერ სამნი და, როგორც უკვე ვთქვი, მეოთხე საკმაოდ გვიან შემოგვემატა) იმიტომ შეგვყარა განგებამ ერთად, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთო გვქონდა – პირად ცხოვრებაში ბედი არ გვწყალობდა, 37-38 წლის ასაკში ვერცერთმა ვერ შევქმენით ოჯახი, არ გვყავდა ქმრები და შვილები და, კაცმა არ იცის, გვეყოლებოდა თუ არა ოდესმე.
  ეს ბედი თუ უბედობა (ან, იქნებ, ბედისწერა) მუდამ თან დაგვყვებოდა და სწორედ მაშინ დაგვიდებდა ხოლმე ფეხს, როცა გვეგონა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენც გაგვიმართლა. არადა, ყოველთვის მთავარ საკითხებში გვღალატობდა ბედი. მე, მაგალითად, 12 წლისას დედა აღარ მყავდა; სკოლის ასაკში მეგობარმა მიღალატა, თუმცა მერე შევრიგდით; შემდეგ შეყვარებულმა მიმატოვა, მერე მამაც მომიკვდა და სულ მთლად მარტო დავრჩი. ისე მოხდა, რომ აღარც აღარავინ შემყვარებია, უსიყვარულოდ გათხოვება კი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო... ერთი სიტყვით, ასე მარტომ მივაღწიე 38 წელიწადს, მარტომ, მხოლოდ ორიოდ მეგობრის ამარა და ბედმა ისე გამწირა, ბოლომდე ეს ურთიერთობაც არ შემინარჩუნა.
ბაბის ისეთები გადახდა, ჩემი უბედობა რა მოსატანია: დამ შვილი წაართვა და საყვარელმა მამაკაცმა ისიც მიატოვა, მშობლებმა კი სახლიდან გააგდეს...
მანანიკოს ბავშვობა და ახალგაზრდობა ბედნიერი ჰქონდა, მაგრამ, ორჯერ გათხოვდა და შვილი არ გაუჩნდა. სწორედ ამ მიზეზის გამო მიატოვა ორივე ქმარმა და დარჩა ისიც მარტო.
სოფოზე მხოლოდ ის ვიცი, რომ მამა და ძმა ნარკომანები ჰყავდა და სოფოს ქმარიც ჩაითრიეს წუმპეში. ამაზე ნერვიულობის გამო სოფოს პირველივე ორსულობაზე მუცელი მოეშალა, ქმარი კი სიმამრის გამო დაიჭირეს. გამწარებულმა გოგომ „გულაობა“ დაიწყო. ბედის ირონია ჰქვია ამ ყველაფერს, აბა რა ჰქვია?!
***
  შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული, მათ შორის არც მე და ჩემი დაქალები.
თითოეული ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩასადენი შეცდომებიანად იბადება. უბრალოდ, ყოველი შეცდომა მხოლოდ კონკრეტულად მისთვის განსაზღვრულ დროს ამოტივტივდება, თანაც თავისით. ხალხს კი ჰგონია, რომ ეს ადამიანი თვითონ სჩადის არასწორ საქციელს, უშვებს უმნიშნვნელო თუ გამოუსწორებელ შეცდომას, არადა, ყოველი შეცდომა ჯერ კიდევ მაშინ არის ჩაფიქრებული და განსაზღვრული, როცა განაყოფიერება ხდება, ანუ იმწამსვე, როცა ის დედის სხეულში ჩაისახება. ოღონდ, არც იმ შეცდომის ჩადენამდე და არც ჩადენისას, ეჭვითაც კი არავინ იცის, რომ, შესაძლოა, იმ წამიდან სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე, ყოველი დღე სინანულში გაატაროს.
  ბაბის მთელი ცხოვრება (ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანის) დიდი და პატარა შეცდომებით იყო სავსე, მაგრამ პირველი საბედისწერო შეცდომა მაშინ დაუშვა (სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მიხვდა), როცა ერთი ნახვით შეუყვარდა ძალზე საეჭვო საქციელის და არანაკლებ საეჭვო გარეგნობის მქონე ახალგაზრდა კაცი, რომელსაც პირველივე შეხვედრისას დანებდა, თუმცა იცოდა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. იცოდა, რადგან მაშინვე იგრძნო კაცის უცნაური დამოკიდებულება – ცინიკური, გულგრილი, ზერელე, ყოველგვარი რომანტიკისა და აღმაფრენისგან დაცლილი... იგრძნო ეს ყველაფერი და მაინც გადადგა თავისი ასაკისთვის ძალზე სახიფათო ნაბიჯი: 17 წლის გოგოსგან ასეთი სითამამე ძალიან დიდი რისკი იყო, მით უმეტეს, რომ მშობლები ამას არასდროს აპატიებდნენ. ეს ზუსტად იცოდა: დედა, ალბათ, სახლიდან გააგდებდა, მამას კი, შესაძლოა, მოეკლა კიდეც – მათი მორალი და მენტალიტეტი მხოლოდ სამ წესს ცნობდა და აღიარებდა: პირველი წესი – ქალი, რამდენი წლისაც არ უნდა გათხოვდეს, ხელუხლებელი და უმწიკვლო უნდა ჩაბარდეს ქმარს; მეორე წესი – როგორი უვარგისი, უსაქმური, „მოგულავე“ და დესპოტიც არ უნდა აღმოჩნდეს კაცი, ქალმა (ანუ ცოლმა) მაინც ყველაფერი უნდა აპატიოს და მოითმინოს; მესამე წესი – ამ ორი წესიდან რომელიმეს თუნდაც მცირედით დამრღვევი (რა თქმა უნდა, ქალი), უკეთეს შემთხვევაში, მოიკვეთება ოჯახიდან, ანუ განიდევნება სახლიდან, უარეს შემთხვევაში კი ოჯახის წევრებმა (ძირითადად, მამამ ან ძმამ), შესაძლოა, მისი ჯანმრთელობა ან სიცოცხლეც კი ხელყონ (იმ მოტივით, რომ ქალმა ოჯახი შეარცხვინა, მისი ღირსება შელახა).
  ასეთი რადიკალურად მკაცრი, დესპოტობამდე მისული მშობლები დღეს, ალბათ, ბევრნი აღარ არიან, მაგრამ მაინც საკმაო რაოდენობით არსებობენ.
ბაბიმ იცოდა, რომ მეხივით მოულოდნელად თავსდატეხილი სიყვარულით გამოწვეული თავდავიწყებული ნაბიჯის გადადგმა ძვირად დაუჯდებოდა და არა მხოლოდ მშობლებისგან. იმასაც გრძნობდა, რომ მის პირველ და უკიდეგანოდ ძლიერ და გულწრფელ სიყვარულს ძალიან მალე უარყოფდნენ, არც სამსხვერპლოზე უმწიკვლობის დაუფიქრებლად მიტანა იქნებოდა სათანადოდ დაფასებული და შესაბამისად, პასუხგაცემული. პრინციპში, თავისი პატარა ასაკისა და გამოუცდელობის მიუხედავად, ზუსტად იცოდა, რომ ოდესმე ინანებდა ამ თავდავიწყებას, რადგან მხოლოდ გამოცდილ, ვერაგ, ანგარიშიან და ანგარებიან ქალებს ვერ უბედავენ კაცები აბუჩად აგდებასა და მიტოვებას, თანაც ისე, რომ მერე ერთხელაც აღარ მოიკითხონ თუნდაც იმის გასაგებად, ცოცხალია თუ მკვდარი. ამ ყველაფერს ბაბი ქალური ინტუიციით გრძნობდა, მაგრამ მაინც გარისკა; იცოდა, რომ უზარზმაზარ ტკივილს მიაყენებდნენ, მაგრამ მაინც დახუჭა თვალი მოსალოდნელ საშინელებასა თუ საშიშროებაზე. ეგონა, რომ ინანებდა, მაგრამ, თავისდა გასაკვირად, არასდროს უნანია, უფრო სწორად, მხოლოდ ერთხელ ინანა, ერთადერთხელ, როცა მისი ოცნების რაინდმა გულწრფელად უთხრა სიმთვრალეში თუ კაიფში ყოფნისას: თავიდან იმიტომ დავწექი შენთან, რომ შემეცოდე; მერე იმიტომ გხვდებოდი, რომ იმ პერიოდში არავინ მყავდა და შენით ვცადე სიცარიელის ამოვსება, თუმცა, დიდად ვერ გაამართლე; ახლა კი იმიტომ გხვდები, რომ გავიგე, მდიდარი მამიკოს შვილი ყოფილხარ და, მართალია, შენი ცოლად შერთვა გეგმაში ჩვენი ურთიერთობის არცერთ ეტაპზე არ მქონია, მაგრამ, იმ იმედით, რომ თავის სულელ გოგოს შემომასაღებს, ბევრსაც დახარჯავსო. თუმცა საქმე აქამდე აღარ მისულა – ერთ დღეს ბიჭი რაღაც შარში გაეხვია და უგზო-უკვლოდ გადაიკარგა.
  ბაბიმ ინანა, ოღონდ ის კი არა, რომ 17 წლის ასაკში დანებდა თავის პირველ მამაკაცს და პირველ სიყვარულს; არც ის, რომ იმ ღამესვე დაორსულდა და მაშინვე გადაწყვიტა, ბავშვს აუცილებლად გავაჩენო... ინანა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, თავისი საკრალური საიდუმლო გაანდო ათი წლით უფროს დას, რომელიც რვა წლის წინ გორში გათხოვდა და შვილი არ უჩნდებოდა. მან კი, დახმარების ნაცვლად, შანტაჟი მოუწყო გამოუცდელ გოგოს: სამი ვარიანტი გაქვს – ან მშობლებს არაფერს ვეუბნებით და აბორტს იკეთებ; ან ბავშვს აჩენ და მშობლები სახლიდან გაგაგდებენ შენი შვილიანად, თუ უარესი არ დაგმართეს; ან მშობიარობამდე ჩემთან იცხოვრებ და ბავშვს მე ვიშვილებ, ცხადია, ისე, რომ ეს ამბავი ჩვენ ორის მეტს არავის ეცოდინებაო.
– შენი ქმარი?
– ჩემს ქმარს მე მოვუვლი.
– ჩემი შვილი როგორ გავაჩუქო? – ატირდა ბაბი.
– უცხოს ხომ არ აძლევ, შენი და ვარ. როცა მოგენატრება, მოხვალ და ნახავ.
– „დედას“ შენ დაგიძახებს?
– რა თქმა უნდა, მაგრამ, დედა და დეიდა რამ გაყო?
გამოუცდელი გოგო დათანხმდა და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უფროსმა დამ ურჩია. ბავშვი დეიდამ ოფიციალურად იშვილა. ყველა საბუთი წესისა და რიგის მიხედვით გააფორმა და ბაბი მშობლებთან დააბრუნა, თან მკაცრად გააფრთხილა, წინ და უკან სირბილი არ დაიწყო, მშობლებმა არ გაიგონ. სანამ მე არ შემოგითვლი, ფეხი არ ჩამოადგაო.
მაგრამ მშობლებმა მაინც გაიგეს – სიძემ ჩაუკაკლა ყველაფერი. ჭკუიდან გადასულმა მამამ ორივე შვილზე უარი თქვა: ქუჩის ქალები გამიზრდია, არცერთს აღარ ვცნობ შვილადო. ბაბი სახლიდან გააგდო და არაყს მიეძალა. საწყალი გოგო უშვილო დეიდამ შეიფარა და იმასთან ცხოვრობდა სამადლოდ. ბაბის დამ და სიძემ კი სახლ-კარი გაყიდეს და სადღაც შუა აზიაში გადასახლდნენ. ასე რომ, ბაბის აღარც თავისი პირველი სიყვარული უნახავს აღარასდროს და აღარც შვილი. ერთადერთი, იმით იმშვიდებდა თავს, რომ ბავშვს კარგი პატრონი ჰყავდა და არაფერი აკლდა.
***
  ისე მოხდა, რომ მე, ბაბი და მანანიკო პირველი კვირის ბოლოს სესიაზე დავუახლოვდით ერთმანეთს და მას შემდეგ განუყრელად ერთად ვიყავით.
მე და მანანიკომ ბაბის ტრაგედიის შესახებ დამეგობრებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ გავიგეთ და ისე შეგვძრა მისმა ისტორიამ, ლამის თან გადავყევით ნერვიულობას. გვინდოდა, დავხმარებოდით და მისი და მოგვეძებნა შუა აზიაში, რომ შვილის ნახვის უფლება მაინც მიეცა დისთვის, მაგრამ ბაბიმ არ დაგვანება – ბავშვს ის ჰგონია თავისი დედა და მე მას ცხოვრებას ვერ ავუნგრევო. იმ არაქალმა სურათიც კი არ გამოუგზავნა საწყალ გოგოს, რომ ის მაინც სცოდნოდა, როგორი შვილი ჰყავს. ამიტომ იყო, რომ ბაბიმ შავი ფარდა ჩამოაფარა თავის წარსულსაც და მომავალსაც. არც გათხოვებაზე ფიქრობდა, არც მეგობარი ბიჭი არ ჰყოლია არასდროს. ცხოვრობდა იმ თავისი უშვილო დეიდის დანატოვარ ერთოთახიან ბინაში, დადიოდა სამსახურში და მოდიოდა ჩვენთან – სულ ეს იყო მისი ცხოვრება. ასეთი დამფრთხალი და უსუსური ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. ყველასი და ყველაფრის ეშინოდა, არავის ენდობოდა. მხოლოდ ჩვენთან შეეძლო, შედარებით თამამი ყოფილიყო და საკუთარი აზრი გამოეთქვა; ჩვენთან გრძნობდა თავს სრულყოფილ, მოაზროვნე, გონიერ ადამიანად, რომლის სიტყვასაც წონა და ფასი აქვს.
  აი, ასეთია ჩვენი ბაბი, ცხოვრებისგან და ოჯახისგან დაჩაგრული ლამაზი და ჭკვიანი გოგო, რომელიც მხოლოდ სიკეთის საკეთებლად და სხვებისთვის თანაგრძნობის გამოსახატავად გააჩინა ღმერთმა.
  მანანიკო, როგორც ზემოთ ვთქვი, სულ სხვა ტიპაჟი იყო სტუდენტობიდანვე: ცოტა ამაყი, ცოტა ქედმაღალი, ცოტა ამბიციური, ოჯახისგან (და ბიჭებისგანაც) განებივრებული. ყოველთვის იცოდა, რა უნდოდა და როგორ უნდა მიეღწია იმისთვის, რაც უნდოდა. თავის ინტერესებს ყოველთვის წინ აყენებდა, მაგრამ თუ დახმარება შეეძლო, უკან არაფერზე დაიხევდა. ძალიან ხელგაშლილი იყო. ახლობლისთვის არაფერს დაინანებდა. ადვილად წაგეჩხუბებოდა რაღაც სისულელეზე, მაგრამ ისე უცერემონიოდ შეგირიგდებოდა თვითონვე, წყენა მაშინვე გაგივლიდა. ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა – თვითონვე ამბობდა, ნახევრად გიჟი ვარ, მაგრამ, სამაგიეროდ, კეთილი გიჟი და, რა ვქნა, რა ჩემი ბრალიაო. ამიტომ ყველას უყვარდა. ხშირად დაუფიქრებელი და წინდაუხედავი სიტყვა და საქციელი ჰქონდა, მაგრამ ამასაც ხუმრობაში უტარებდნენ. ასეთი ყოფილა ბავშვობიდან და ისე შეეჩვია, ყოველთვის ყველასთან მართალი ვარო, რომ ეჭვიც აღარ ეპარებოდა თავის შეუმცდარობაში. მაგრამ ერთხელ ისე შეეშალა, რომ მე, მისმა უახლოესმა მეგობარმა და ყველასთვის ყველაფრის მიმტევებელმა, ვერ გადავხარშე და ვერ ვაპატიე. ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი, ოდესმე ჩვენი მეგობრობა თუ დაირღვეოდა, მაგრამ თურმე არაფერია ცხოვრებაში შეუძლებელი.
  ეს ამბავი სულ ახლახან, რამდენიმე თვის წინ მოხდა: მე და ბაბი მანანიკოსთან მივედით ნამცხვრებითა და ხაჭაპურებით – გვინდოდა, ჩაი ერთად დაგველია და თან ცოტა წაგვეჭორავა. სოფო ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა. აშკარად აფორიაქებული იყო, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და სათქმელს თავს ვერ უყრიდა.
  მანანიკომ გვითხრა, მე მანქანას დავაყენებ ავტოფარეხში და მალე ამოვალ, თქვენ კი სადაც გინდათ, იქ გააწყვეთ სუფრაო. მე და ბაბიმ ყველაფერი სამზარეულოში შევიტანეთ – იქ გვიყვარდა ჩაის ან ყავის დალევა და ჭორაობა, სოფო კი ხან ოთახში ეწეოდა, ხან აივანზე.
  გვიან დავიშალეთ. ათას რამეზე ვიქაქანეთ, მაგრამ სოფო მაინც ვერ მოვიყვანეთ ხასიათზე და ბოლოს თავი დავანებეთ. ცოტა არ იყოს, ჩაგვაშხამა საღამო, მაგრამ რას ვიზამდით. მეორე დღეს, სამსახურის შემდეგ, მანანიკომ სამივეს დაგვირეკა და გვითხრა, სამივე გამოდით, ისევ ერთად ვივახშმოთ, თან რაღაც სერიოზული სალაპარაკო მაქვსო. კი გაგვიკვირდა, მაგრამ ყველანი მივედით. ამჯერად პატარა სუფრა ოთახში იყო გაწყობილი. ჩვენ დავსხედით და მასპინძელს შევაჩერდით – შევატყვეთ, რომ ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდით. სოფო ისევ ცუდ ხასიათზე იყო.
– გისმენთ, – დავიწყე მე, – რისთვის დაგვიბარე ასე ექსპრომტად და რა სერიოზული საქმე გაქვს ჩვენთან?
– პირიქით, მე გისმენთ, – ცივად მიპასუხა მანანიკომ, – რომლით დავიწყო? ან, იქნებ, ერთ-ერთი თქვენგანი თვითონ გამოტყდება?
მე მეგონა, გვაპამპულებდა და სიცილით ვკითხე:
– რაში უნდა გამოვტყდეთ?
სოფომ და ბაბიმ მე გადმომხედეს და მხრები აიჩეჩეს. მე ისევ მანანიკოს მივმართე:
– იქნებ, ბოლოს და ბოლოს, თვითონ გვითხრა, რატომ დაგვიძახე და რატომ ხარ ასეთი მრისხანე?
– კარგი, რადგან არავინ აპირებს გამოტეხას, პირდაპირ გკითხავთ სამივეს: რომელმა აიღეთ ჩემი საწერი მაგიდის უჯრიდან ორასი ლარი?
გაოგნებისგან ჯერ ხმა ვერ ამოვიღეთ, მერე კი ბაბიმ ძალიან ფრთხილად ჰკითხა:
– შენ რა, გვეღადავები? უკეთესი თემა ვერ შეარჩიე?
– აჰა, ესე იგი, არცერთს არ გინდათ აღიარება, უფრო სწორად, სავარაუდოდ, ერთ-ერთ თქვენგანს და არა სამივეს ერთად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ გინდათ, ნუ გამოტყდებით. უბრალოდ, მე ახლა ოთახიდან გავალ, მომპარავმა ფული მაგიდაზე დადოს და სამივე თავისუფალი ხართ. მე ჩემს თანხას ავიღებ და არასდროს ვიკითხავ, რომელმა თქვენგანმა გააღო ჩემი უჯრა უკითხავად. მანამდე კი, გასასვლელ კარს ჩავკეტავ და გასაღებს ჯიბეში ჩავიდებ. ხუთ წუთში დავბრუნდები, იცოდეთ.
მანანიკომ ბინის კარი მართლა ჩაკეტა, გასაღები ჩვენს დასანახავად ბიუსტჰალტერში ჩაიდო და სამზარეულოში გავიდა. ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ წარბაწეული დაბრუნდა ოთახში და მაგიდა ისევ ცარიელი რომ დაინახა, ბრაზით ამოიქშინა:
– როგორც გენებოთ! მშვიდობიანად არ გინდოდათ ამ საქმის მოგვარება? კი ბატონო! ოღონდ არაფერი გეწყინოთ! – განრისხებულმა მანანიკომ ჩვენ თვალწინ დარეკა პატრულში და მაძებრიანი ბრიგადა გამოიძახა.
ათიოდე წუთში პატრული მოვიდა და უშველებელი გერმანული ნაგაზი შემოიყვანა.
– თუ შეიძლება, მოწმეებსაც სთხოვეთ, შემოვიდნენ, – შეახსენა მანანიკომ, – ჩემი კარის მეზობლები სახლში არიან.
მოწმეები შემოიყვანეს. შუახნის ცოლ-ქმარი ჯერ ღიმილით მოგვესალმა, მერე კი, ჩვენი გაფითრებული სახეები და ჩვენზე დაგეშილი ძაღლები რომ დაინახეს, შეცბნენ და დაბნეულებმა აქეთ-იქით დაიწყეს ყურება.
ძაღლს დააყნოსინეს უჯრა, მასში ჩადებული კოლოფი, შემდეგ კი ჩვენკენ გამოუშვეს. შეურაცხყოფისგან ლამის ინსულტი მივიღე. ბაბიმ ტირილი დაიწყო, სოფო კი ქაღალდივით გათეთრდა და კანკალმა აიტანა. ძაღლმა იარა წინ და უკან, ბოლოს სოფოს წინ გაჩერდა და ყეფა დაიყო. სოფო ატირდა.
– ქალბატონო, თუ შეიძლება, მეორე ოთახში გავიდეთ, – თავაზიანად მიმართა პატრულმა ატირებულ სოფოს და მანანიკოსაც სთხოვეს, გაჰყოლოდა. მეზობელი ცოლ-ქმარი სახლში გაუშვეს, ჩემთვის და ბაბისთვის კი პატრულმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რომელმაც ძლივს მოგვიყვანა გონს. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ კი მეორე ოთახიდან პატრული, მანანიკო და სოფო შემოვიდნენ და სოფოს აღიარებითი ჩვენება დადეს მაგიდაზე.
– ქალბატონო მანანა, აღიარება მიღებულია. აღვძრათ საქმე თუ თავად მოაგვარებთ პრობლემას?
– თავად მოვაგვარებ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.
– ხვალ მაინც მოგიწევთ განყოფილებაში მოსვლა.
– კი ბატონო, მოვალ. ნახვამდის, – და მანანიკომ პატრული და ძაღლი კარამდე მიაცილა.
– ხვალ დილის 9 საათზე ჩემი 200 ლარი ამ მაგიდაზე იდოს. მეტს აღარაფერს გეტყვი. კარგად ბრძანდებოდე! – მანანიკომ სოფოს კარი ზურგსუკან მიუჯახუნა და მე და ბაბის მოგვიბრუნდა (ჩვენ ისევ გაქვავებულები ვეყარეთ სავარძლებში): – თქვენთან ბოდიშს ვიხდი, გოგოებო, ცოტა განერვიულეთ და მაპატიეთ. მაგრამ ახლა ისეთ ფრანგულ კონიაკს გაგიხსნით, ყველაფერს გადაწონის.
მამანიკომ ბარიდან უძვირესი კონიაკი გამოიღო და ღიმილით გამოემართა ჩვენკენ, კონიაკი სამ ჭიქაში ჩამოასხა და ერთი თვითონ აიღო.
– აბა, მივუჭახუნოთ. მომილოცეთ ოპერაციის წარმატებით დასრულება!
– შენ მართლა არანორმალური ხარ თუ მოგწონს გიჟისა და იდიოტის როლის თამაში? – ვიყვირე გამწარებულმა, კარისკენ გავიქეცი და ბაბის აღარც დავლოდებივარ.
***
ახლა ჩემ შესახებაც გიამბობთ.
ვგიჟდები ბრძნულ გამონათქვამებზე. საათობით შემიძლია ვიკითხო, მერე კი დიდხანს ვიფიქრო თითოეულ მათგანზე, განსაკუთრებით იმათზე, რომლებმაც ჩემზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა; ვიფიქრო, ვიფიქრო და ბოლოს რაღაც ჩემი, პირადული ჩავამატო, ცხადია, ნაკლებად ბრძნული ან სულაც არაბრძნული, მაგრამ ამ ჩემი ჩანამატის მაგვარი ფრაზით ვცდილობ ხოლმე, ძალიან ჭკვიანური, ოღონდ ერთგვარად სტატიკური ფრაზა გავაცოცხლო და დინამიკაში მოვიყვანო, თუმცა არ ვიცი, ყოველთვის ვიღებ თუ არა შედეგს.
საერთოდ, ვაღიარებ, რომ დიდად წარმატებული ადამიანი არ გახლავართ. ეს ბევრი რამის ბრალია: უპირველესად – აღზრდის, შემდეგ – ხასიათის, ბოლოს კი – იღბლის და ბედის (ან პირიქით).
„ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ორი რამ  გჭირდებათ: უმეცრება და საკუთარი თავის რწმენა“ – ეს მარკ ტვენის სიტყვებია.
„ცხოვრებაში (განსაკუთრებით, თუ საქართველოში ცხოვრობ და თანაც ოცდამეერთე საუკუნის პირველ მეოთხედში) წარმატების მისაღწევად ზემოთ აღნიშნული ორი რამის გარდა, გჭირდებათ კიდევ  ხუთი რამ: თავხედობა, ამორალობა (ყველანაირი გაგებით), მლიქვნელობის უნარი, დროული და ჭკვიანური შანტაჟის უნარი და „საჭირო ადამიანებთან“ დაახლოების ნიჭი“. – ეს ჩემი სიტყვებია. ცხადია, მარკ ტვენივით სხარტი, ლაკონური და დახვეწილი არ არის, მაგრამ მე ხომ ტვენი არ ვარ, ამიტომაც მეპატიება, მით უფრო, რომ პრეტენზია არ მაქვს არანაირ ბრძნობაზე.
ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ვიცი (ანუ ვიცი, როგორ უნდა გავხდე წარმატებული), მაგრამ მხოლოდ თეორიული ცოდნა ვერაფერში მშველის, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ბუნებით ზედმეტად მორიდებული ადამიანი ვარ, ყველაფერში უკან დამხევი; სწორედ ამიტომაც ვარ წარუმატებელი პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც: არანაირი ამბიცია, არანაირი „პერეხვატები“, არანაირი თავის გამოჩენა არ მახასიათებს და არც „კატოკივით“ გადავლა ვიცი ვინმეზე, მით უმეტეს – ახლობელზე, როგორი შეცდომაც არ უნდა დაუშვას ჩემთან.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3