კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რა უნდა ვიცოდეთ ხველის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ხველა, თავისი მახასიათებლების მიხედვით, რამდენიმე ძირითად ტიპად შეიძლება დაიყოს:
  * ხანგრძლიობის მიხედვით: მწვავე – ხველა, რომელიც გრძელდება 3 კვირამდე, ქრონიკული  – გრძელდება 8 კვირაზე მეტი;
  * ნახველის გამოყოფისა და ხმიანობის მიხედვით: მშრალი ხველა – როდესაც არ ხდება ნახველის გამოყოფა, სველი ხველა – ხდება ნახველის გამოყოფა;
  * გამომწვევის მიხედვით: სპეციფიკური – ხველა, რომელიც ასოცირებულია სხვა სიმპტომებთან, რომლებიც შეიძლება გამოხატავდნენ ხველის უშუალო ან ხელშემწყობ მიზეზებს. არასპეციფიკური – უპირატესად მშრალი ხველა, რომელიც არ არის სასუნთქი სისტემის გამოვლენილ პათოლოგიასთან. „მოსალოდნელი“ ანუ „ნორმალური ხველა“ – როდესაც პიროვნება 1 საათის განმავლობაში ახველებს 1 ან 2-ჯერ ანუ, 24 საათში 24 ან 48-ჯერ და ამ დროს არ არის გამოხატული, სხვა, რაიმე დაავადების ნიშნები.
  ხველის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ვირუსული ინფექციაა. როდესაც იმუნური სისტემა მწყობრშია, ის, როგორც წესი, გვიცავს პათოგენური მიკრობებისა და ვირუსებისგან. გაციების სეზონის დროს, შესაძლებელია, იმუნური სისტემა დასუსტდეს. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენ ან ჩვენს შვილებს კონტაქტი ექნებათ გაციებულ ადამიანთან – მაგალითად, სამსახურში, საბავშვო ბაღში ან სკოლაში – ვირუსები ადვილად მოხვდებიან სასუნთქ გზებში. ისინი დაასნებოვნებენ ჯანმრთელ უჯრედებს, გამრავლდებიან და დაიწყება დაავადების გამოვლინება.
  მშრალი ხველის დროს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი გაღიზიანებულია. ამ დროს ნებისმიერმა გამაღიზიანებელმა ფაქტორმა შეიძლება, გამოიწვიოს ხველა ან ხველის შეტევა. ასეთი მდგომარეობა, ძირითადად, ღამით ვლინდება.
  სველი ანუ პროდუქტიული ხველის დროს ლორწოს წარმოქმნა იზრდება, რაც ვლინდება ჭარბი ნახველის გამოყოფით. თუ ხველას არ მოჰყვება სასუნთქი გზების გათავისუფლება ნახველისგან, ის შეიძლება ნოყიერი ნიადაგი გახდეს პათოგენური მიკრობების გამრავლებისთვის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამოხველების პროცესის ხელშეწყობა.
  მწვავე ხველის უხშირესი მიზეზია ზემო სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციები – როგორიცაა: „გაციება“ ანუ მსუბუქად მიმდინარე რინო-ფარინგიტი, ტრაქეიტი, რინო-სინუსიტი.
  ამ დაავადებებისთვის დამახასიათებელია მშრალი ან მცირე რაოდენობით ნახველიანი ხველა, ტემპერატურის მეტ-ნაკლები მატება, ცხვირიდან სხვადასხვა კონსისტენციის გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი და ჩახეხვის შეგრძნება. დაავადება გრძელდება 5-10 დღის განმავლობაში და უხშირესად ჩაივლის ყოველგვარი გართულების გარეშე. ანტიბიოტიკის გამოყენება საჭირო არაა. მაღალი ტემპერატურისა და ყელის ტკივილის შემთხვევაში გამოიყენება ტემპერატურის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. სიმპტომების შესამცირებლად შეიძლება, გამოვიყენოთ პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები. პაციენტი უნდა მოთავსდეს კომფორტულ გარემოში და მიიღოს რაც შეიძლება მეტი სითხე.
  თუ ხველა გრძელდება 2 კვირაზე მეტი და ამას თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია, ზოგადი დისკომფორტი, სუნთქვის გაძნელება ან სხვა პათოლოგიური გამოვლინებები, ეჭვი უნდა მივიტანოთ ფილტვების ანთების ან ბრონქიტის არსებობაზე და საჭიროა ექიმის კონსულტაცია და კვლევები.
უფრო ხშირად ხველა ვირუსული ინფექციის სიმპტომია, მაგრამ ის შესაძლოა, სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული.
  თუ ხველა გრძელდება 8 კვირაზე მეტხანს (ბავშვებში – 4 კვირაზე მეტხანს) – ეს ქრონიკული ხველაა და ამ დროს უნდა ვივარაუდოდ ისეთი დაავადებების არსებობა, როგორიცაა ბრონქული ასთმა, არაასთმური ეოზინოფილური ბრონქიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი, კისტოფიბროზი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ზოგიერთი მედიკამენტის (არტერიული წნევის დამწევი ზოგიერთი საშუალება), სინუსიტი და ზემო სასუნთქ გზებში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესების გამო განვითარებული, ეგრეთ წოდებული, „წვეთის გადადინების სინდრომი“.

скачать dle 11.3