კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ არ უნდა იაქტიუროს თბილისმა სოხუმის მიმართულებით შეთავაზებებში და რატომ არ განიხილავენ აფხაზები ქართველებს თანასწორ პარტნიორებად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელმაც მოწამვლის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა დე-ფაქტო აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“, მოულოდნელად განაცხადა, რომ აუცილებელია თბილისთან მოლაპარაკებების დაწყება ყოველგვარი დათქმებისა და ფორმატების შერჩევის გარეშე. მართალია, ამ ინიციატივას აფხაზ ოპოზიციონერთა მეორე ნაწილი გამოეხმაურა, მხოლოდ აღიარებაზე დასტურის შემდეგაა შესაძლებელი დიალოგის დაწყებაო, თუმცა ფაქტია, რომ მოსკოვის ნებისა თუ მის გარეშე, ასეთი რამ ითქვა ენგურს გაღმა. მეორე მხრივ, ამ შემოთავაზებას დანარჩენ საქართველოშიც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ ისიც ფაქტად რჩება, რომ ჩვენ ისედაც უნდა გვქონდეს მომზადებული სამოქმედო გეგმები სეპარატისტულ რეგიონებთან, რომ ჩვენთვის მაინც ვიცოდეთ, რა მიზნის მიღწევას ვგეგმავთ, რის დათმობაზე ვართ თანახმა და რის ფასად და რა არის ის, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით. ვაჟა ბერიძესთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ რის შეთავაზება შეგვიძლია სეპარატისტი აფხაზებისთვის.
–  რა შეიძლება, შევთავაზოთ, რაზეც სოხუმი ვერ იტყვის უარს, რა შეიძლება, შევთავაზოთ სავაჭროდ და რა შეიძლება, მოითხოვონ, რაზეც უპირობოდ ვიტყვით უარს?
– ცალსახად უნდა გვქონდეს გავლებული „წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთაც ჩვენ არ შეგვიძლია: საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ვერასდროს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და უნდა ამოვიდეთ ამ მთავარი და განმსაზღვრელი მომენტიდან. სხვა ყველაფერი დასაშვებია, მიუხედავად ამისა, ილუზიებით არ უნდა ვიცხოვროთ და უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს აფხაზეთში პოლიტიკურ პროცესს მთლიანად აკონტროლებს რუსეთი. რაც ბოლო დროს აფხაზეთში ხდება, ეს არის აფხაზი საზოგადოების უკმაყოფილების გამოძახილი, რომელიც არ არის თანახმა, რომ ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე იცხოვროს თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში. ამავე დროს აფხაზი საზოგადოების უმეტესობა დაუშვებლად მიიჩნევს უფრო საფუძვლიან და ღრმა ინტეგრაციას რუსეთის შემადგენლობაში. გადასცეს რუსებს ქონება...
– რაც მთავარია, მიწის...
– მიწისა და იმ სახელმწიფო ქონების, რაც დარჩა იქ და რაც ფასეული იქნება თავისუფალი განვითარების პირობებში. ამ ქონების რუსული კაპიტალისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან და ამიტომ, ბუნებრივია, იქ საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა და ამით აფხაზი საზოგადოება, განსაკუთრებით, ეთნიკური აფხაზები და სომხები უკმაყოფილოები არიან. სწორედ, ამის გამოძახილია დაპირისპირება ცალკეულ დაჯგუფებებსა და კლანებს შორის. თავისებური ინტერესები და ხედვა აქვს აფხაზურ კრიმინალურ სამყაროსაც და ეს ყველაფერი დროდადრო თავს იჩენს დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი დაპირისპირებით. ამდენად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაფერი რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. ამ კონტროლიდან არ არიან გასული და ვერც გავლენ. იმავე ბჟანიას, რომელიც მოიაზრება აფხაზური ოპოზიციის ლიდერად „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ერთ-ერთ და, სავარაუდოდ, გამსვლელ კანდიდატად, აქვს ძლიერი და მნიშვნელოვანი რუსული კავშირები და მოსალოდნელი არ არის, რომ მისი „ხელისუფლებაში“ მოსვლის პირობებში რამე შეიცვლება. აქედან გამომდინარე, უნდა დავაკვირდეთ იქ განვითარებულ მოვლენებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს რუსები აკონტროლებენ, ცალსახად ერთგვაროვანი ეს ურთიერთობა არ არის და კარგად ხედავენ გონიერი აფხაზები, რომ ასე დიდხანს არ შეიძლება, გაგრძელდეს. ერთადერთი მიმართულება აქვთ – რუსეთის სახელმწიფოში ინტეგრაცია და, ფაქტობრივად, მის ნაწილად გადაქცევა. ეს აფხაზების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის მიუღებელი.
– მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გვქონდეს სამოქმედო გეგმები, მთავარ-სათადარიგოებიანად? მეც კი მაქვს ხოლმე გათვლილი ოპონირებული ინტერვიუებისას, რაზე რას მიპასუხებს რესპონდენტი და ისე ვალაგებ კითხვებს, რომ შევიყვანო ჩიხში. აი – ამას ვგულისხმობ.
– ჩვენ როგორ უნდა ვიმოქმედოთ? კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ თითოეული დაჯგუფების ინტერესები და გავთვალოთ, რაზე არიან წამსვლელები თბილისისადმი. მით უმეტეს, „ათას ერთი ღამისა არ იყოს“, ეს ნებადართულია ხელმწიფის, პუტინის მიერ, რომელიც საქართველოს ხელისფლებას მოუწოდებს პირდაპირი დიალოგისკენ აფხაზებთან და ოსებთან. ბჟანიას განცხადებაც, რომ მზადაა დიალოგისთვის, ჯდება ამ ნებადართულობის საზღვრებში და ამ საზღვრებიდან ის ვერ გავა, თუნდაც, აირჩიონ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტად.
– თქვით, რომ ყველაფერზე შეიძლება, ვილაპარაკოთო. მინდა, გავიხსენო, რომ გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში აფხაზები თანახმანი იყვნენ ფედერაციაზე, 90-ანების ბოლოსკენ – კონფედერაციაზე, მაგრამ შევარდნაძემ თქვა უარიო. ეს მითხრა შამბამ, შემდეგ რამაზ კლიმიაშვილმა. მე გადავამოწმე შევარდნაძესთან, მან დამიდასტურა. მეორე მხრივ, მე ჩავწერე ზატულინი, რომელიც რუსეთის მხრიდან იღებდა მონაწილეობას ამ მოლაპარაკებებში და მისგან შევიტყვე, რომ ორივე შემთხვევაში ამ ფედერაციისა და კონფედერაციის გარანტი უნდა ყოფილიყო რუსეთი. იმავეს იმეორებენ?
– მე, როგორც მოქალაქე და ამ სფეროს სპეციალისტი არ ჩავთვლიდი მიზანშეწონილად ამ ეტაპზე კონკრეტულ შეთავაზებებზე საუბარს.
– კი ბატონო, რა საფრთხე შეიძლება, იმალებოდეს ამ მართული შემოთავაზების უკან? რას ვრისკავთ კონფედერაციის ან ფედერაციის შემთხვევაში და მაშინაც, თუ რუსეთი იქნება მომრიგებელ-გამშველებელი გარანტორი? ჩვენ გვაქვს ყარსის ხელშეკრულება და იმიტომაც ვერ ვაუქმებთ აჭარის ავტონომიას, რომ ამის გარანტორები არიან რუსეთი, სომხეთ-აზერბაიჯანი და მათი თანხმობაცაა აუცილებელი.
– საუბარი ამ კონკრეტულ თემაზე შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე ის მხარე კონკრეტულ შეთავაზებებზე საუბრისთვის მზად არ არის, ამიტომ უპრიანად ჩავთვლიდი, რომ ხილულ პერსპექტივაში მტკიცედ და თანმიმდევრულად გავატაროთ არაღიარების პოლიტიკა, დავიწყოთ დიალოგი აფხაზებთან და მხოლოდ ამ დიალოგის პროცესში გამოჩნდება, ღირს თუ არა კონკრეტული შეთავაზებები.
– რუსული გამოთქმის თანახმად, „ბრძოლაში ჩავებათ და გამოჩნდებაო“?
– რა თქმა უნდა, რადგან, როგორც კი ქართული მხრე დაიწყებს ლაპარაკს ფედერაციულ მოწყობაზე, აფხაზები მოითხოვენ კონფედერაციას; რომ შევთავაზოთ კონფედერაცია, მოითხოვენ უპირობო აღიარებას.
– ჩვენც უნიტარული შევთავაზოთ?
– ამ შემთხვევაში, საერთოდ არ დასხდებიან სალაპარაკოდ. ამიტომ ნაადრევი შეთავაზება აფხაზებს გაათამამებს და მეტ ილუზიას გაუჩენს, მით უმეტეს, მათ ზურგს უმაგრებს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურად უძლიერესი სახელმწიფო. ისინი ჩვენ გველაპარაკებიან არა, როგორც ტოლი ტოლსა და თანასწორს, არამედ, როგორც რუსეთი და აფხაზეთი ერთად. ასეთი დიალოგი კი აშკარად არათანასწორია. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ დიალოგი ყველასთან, მათ შორის, დიალოგი აფხაზებთან, დიალოგი რუსეთთან – ყველა დონეზე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, არის აუცილებელი, რაც უნდა რთული იყოს ის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – ეს არის ფაქიზად საწარმოებელი პოლიტიკა, რამდენადაც რუსეთის სახელმწიფო ამ ეტაპზე სიამოვნებით დათანხმდება საქართველოს ფედერალიზაციას და იმთავითვე, გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან ის ორიენტირებულია ამაზე, იმიტომ რომ ფედერალიზაცია, ბევრი თვალსაზრისით, გამოსავალია, აუმჯობესებს ქვეყნის პერსპექტივას, მაგრამ, საბოლოოდ, ის არის არამდგრადი დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე მყოფი პოსტიმპერიული ქვეყნისთვის, ამდენად, ეს დაასუსტებს საქართველოს და ქართველი საზოგადოება და ქართული სახელმწიფო ამიტომაც არ წავიდა ამ გზით და უარყო ფედერალიზაცია, როგორც საქართველოს განვითარების გზა. ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსები თავიდან ვერც იოცნებებდნენ იმაზე, რომ საქართველო დათანხმდებოდა ფედერალურ მოწყობას, მაგრამ მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ მათ შეიძლება, მეტი მადა ჰქონდეთ და მეტის მიღწევის საშუალება გაუჩნდეთ. ასეთი უპირატესობა აქვთ და, თან, გვეთამაშებიან კატა-თაგვობანას. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რასაკვირველია, უნდა ვიფიქროთ რაღაც დათმობებზე, მაგრამ წინაპირობებად მოდელების შეთავაზებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ჩვენ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ, თუ არ ვიქენით მოქნილები და პრაგმატულად არ მივუდექით პრობლემებს, ეს კონფლიქტი, ქვეყნის დანაწევრება ათწლეულებით გაგრძელდება, რაც სერიოზულად უშლის ხელს განვითარების პროცესს. ზვიად გამსახურდია თავისი მმართველობის ურთულეს პერიოდში დათანხმდა კომპრომისს აფხაზებთან.
– რაც იქაურმა ქართველებმა, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიის უმაღლეს საბჭოში იყვნენ, არ გამოიყენესო.
– ფაქტია, რომ მოდელმა, რომელიც გამსახურდიამ შესთავაზა აფხაზებს, 28/26/11 – მიიღეს, როდესაც 28 ადგილი ჰქონდათ აფხაზებს, 26 - ქართველებს და 11 – სხვა ეთნოსებს.
– და ვერც აფხაზები და ვერც ქართველები თავიანთი ხმებით ვერ აკომპლექტებდნენ ავტონომიის მთავრობას.
– ამ მოდელმა, ასე თუ ისე, დროებით დააოკა აფხაზების მადა. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მომავალში, მაგრამ ქართველმა საზოგადოებამ, მისმა მაქსიმალისტური მიდგომებით გამორჩეულმა ნაწილმა, ის მოდელი მონათლა, როგორც ეთნოკრატია, არ მიიღო და, საბოლოოდ, უარესი შედეგი მივიღეთ ომის სახით. ამიტომ რაღაც კომპრომისისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს კომპრომისი უნდა იყოს დიალოგის, მოლაპარაკების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნებადართულია „შაჰინშაჰის“ – პუტინის მიერ, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და არ არის ურიგო პერსპექტივა ჩვენთვის. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიქნებით და არც უნდა ვიყოთ უკანდახევის ინიციატორები.
– დევნილები? ვიცით, რომ აფხაზების უმეტესობა აცხადებს, არ აპირებენ დევნილების დაბრუნებას, ვინც იბრძოდა მათ წინააღმდეგ და, საერთოდაც, არ უნდათ ქართველების დაბრუნება.
– ეს ის თემაა, რომელიც ერთ-ერთი პირველია გადასაწყვეტად. არ მგონია, ალტერნატივა ჰქონდეს დევნილების უსაფრთხო და მშვიდობიან დაბრუნებას აფხაზეთში, თუმცა ჩვენ, ასევე, უნდა ვიყოთ მზად დიალოგისთვის, რომ, თუ აფხაზეთიდან დევნილების უმეტესობა დაბრუნდა აფხაზეთში, თავის სამკვიდროში, აფხაზეთში იცვლება დემოგრაფიული სიტუაცია და ეთნიკურ აფხაზებს უნდა შევთავაზოთ მათთვის მისაღები და დამამშვიდებელი ვერსია, რომ მათ მომავალს საქარათველოს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. ეს აუცილებელია, მაგრამ დევნილების დაბრუნებას, მათი საკუთრების უფლების დაცვას ალტერნატივა არ აქვს და ეს ვაჭრობის საგნად არ უნდა იქცეს.

скачать dle 11.3