კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მარტინ სკორსეზეს ორასი წლის წინანდელი ისტორიის გასაცოცხლებლად სალომე ჯიქიას გადაღება დასჭირდა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  სოპრანო სალომე ჯიქიას საოპერო კარიერაში მუდმივად საინტერესო სიახლეებია. ის ცოტა ხნის წინ მარტინ სკორსეზემ თავის დოკუმენტურ ფილმში – „ორატორიაში“ – გადაიღო, რომლის პრემიერაც 23 იანვარს გაიმართა. გარდა კარიერული წარმატებისა, სალომეს პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი სიახლეა: ის ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და თებერვლის ბოლოს პატარა ბიჭუნას დედა გახდება. მისი მეუღლე გიორგი მორჩილაძეა.
  სალომე ჯიქია: მარტინ სკორსეზეს დოკუმენტური ფილმი შარშან ოქტომბერში ამერიკაში გადაიღეს. მე იტალიურმა მხარემ, კერძოდ  კალარის თეატრმა მიმიწვია. პირველად ჩემმა მენეჯერმა მომწერა: ასეთი და ასეთი პროექტია, მომღერალი სჭირდებათ, რომელსაც სპეციფიკური რეპერტუარის შესრულება შეუძლიაო. მომიწია როგორც სპორანოს, ასევე მეცო-სოპრანოს პარტიების შესრულება. თავიდან ძალიან დაუჯერებელი იყო, სანამ ფილმის პოსტერი არ ვნახე, მანამდე არ მჯეროდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მომიწია მონაწილეობის მიღება.
– ამდენ წარმატებულ მომღერალს შორის რომ გამოგარჩევენ, ძალიან მნიშვნელოვანია.
– რა თქმა უნდა და ზოგადად, იტალიელები ძალიან ამაყობენ ამ ფაქტით. აზიარებენ პოსტერს, იწერება სტატიები. სკორსეზე დაიტერესდა იმ ფაქტით, რამხელა წვლილი შეიტანეს ემიგრანტებმა ამერიკული კულტურის განვითარებაში ჯერ კიდევ ორასი წლის წინ. სწორედ მაშინ წარსდგა სან პატრიკის ეკლესიაში ესპანელი დივა, მარია მალიბრანი ამერიკელი მსმენელის წინაშე და გააცნო იტალიური ოპერა. მას არაჩვეულებრივი დიაპაზონი ჰქონდა და მისი ჩასვლა ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა იყო.  მარია მალიბრანმა ლორენცო და პონტეს მიერ შექმნილი სხვადასხვა ოპერებიდან აიღო ნაწყვეტები, რეჩიტატივების დახმარებით გააერთიანა და ასე გააცნო ჯერ კიდევ იტალიური ოპერა ამერიკელებს. მე ვმღეროდი მთავარ პარტიას. პირველი კონცერტი კოლუმბიის ბიბლიოთეკის დარბაზში გვქონდა, მეორე კონცერტი კი – სან პატრიკის ეკლესიაში, სადაც პატარაობისას მარტინ სკორსეზე ბიჭუნათა გუნდში გალობდა. მისთვის ამ ტაძარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, მან გააცოცხლა 200 წლის წინანდელი ისტორია. მკვლევრებს სურდათ ყველაფერი ისე ჩატარებულიყო, როგორც მაშინ. მართლაც, კონცერტი ზუსტად იმავე სახით დაიდგა. მარტინ სკორსეზეს გადამღებმა ჯგუფმა კი გადაიღო დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც ალბათ, მოივლის სხვადასხვა ფესტივალს. ფილმის მთავარი იდეაა, საზოგადოებას გააცნონ ემიგრანტების როლი ამერიკული კულტურის განვითარებაში.  
– თავად მარტინ სკორსეზესთან თუ გქონდა ურთიერთობა?
– სამწუხაროდ, მასთან პირადი ურთიერთობა არ მქონია. გადამღები ჯგუფი, მისი პროდიუსერი ჩამოვიდნენ ჯერ იტალიაში, სადაც ერთი თვით ადრე ჩავედი
რეპეტიციაზე და რეპერტუარის შესასწავლად. აღვადგინეთ ზუსტად ის რეპერტუარი და შემდეგ უკვე რამდენიმე მომღერალი და კალარის თეატრის ორკესტრი გავემგზავრეთ ნიუ-იორკში. ჯერ კალარიში გადაიღეს კადრები და შემდეგ ნიუ-იორკში. ინტერვიუებიც ჩაწერეს. ფილმის ჩვენება დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 23 იანვარს - ავტორი) გაიმართება – სანტა ბარბარას ფესტივალს გახსნის. იმედია, ჩვენც მალე ვნახავთ.
– 2019 წელი, კარიერის მხრივ, საკმაოდ დატვირთული გქონდა.
– კი, 2019 წლის ზაფხულში უკვე მეორედ გავხსენი როსინის ფესტივალი სემირამიდას როლით, „სემირამიდადან“, რომელიც იტალიის მთავარ სატელევიზიო არხზე გავიდა, მთლიანი სპექტაკლი აჩვენეს. შემდეგ ვიყავი რომში, მქონდა დებიუტი „დონ ჟუანში“ – დონა ელვირას პარტია ვიმღერე, ბრიუსელშიც ვიყავი. ახლა რამდენიმე კონტრაქტის გაუქმება მომიწია, ბავშვს ველოდები. როგორც კი გაჩნდება, შემდეგ მაქვს ვენაში დებიუტი – როსინის ერთ-ერთი ოპერა იქნება საკონცერტო შესრულებით, შემდეგ მაქვს დებიუტი მიუნხენში, ერთ-ერთ წამყვან საოპერო თეატრში, შემდეგ – ციურიხში. მოკლედ, გეგმები გაწერილია.
– ცოტა ხნის წინ დაქორწინდი. ვინ არის შენი მეუღლე და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ერთმანეთს პატარაობისას შორიდან ვიცნობდით. სერიოზულად შარშან იანვარში დავიწყეთ ურთიერთობა. უცებ მოხდა ყველაფერი. როცა სიყვარულია, მას ბევრი დრო და ფიქრი არ სჭირდება, მაშინვე ხვდები, რომ ის შენი მეორე ნახევარია.
გიორგი მორჩილაძე: სალომეზე 4 წლის უფროსი ვარ. სადაც სალომე სწავლობდა, იმ სკოლაში მეგობრები მყავდა და ასე შორიდან ვიცნობდი. წლების შემდეგ მეგობართან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. თავისით აეწყო ყველაფერი, რადგან როცა ჭეშმარიტი სიყვარულია, ადვილად ბევრი რამ ლაგდება.
– სალომეს წარმატებული საოპერო კარიერა აქვს, ხშირად უწევს საქართველოდან წასვლა. ამ კუთხით რამდენად უდგახარ გვერდში და თუ არის ეს გარკვეული სირთულე?
– არ არის ადვილი, არის გარკვეული სირთულეები, თუმცა, მაქსიმალურად ვუდგავარ გვერდში და დავუდგები კიდეც. სირთულე ის არის, რომ ხშირად უწევს წასვლა, მაგრამ სულ ერთად ვართ. სადაც სალომეა, მეც იქ ვარ. ახლა პატარა რომ დაიბადება, ალბათ, სამივეს ერთად მოგვიწევს მოგზაურობა.
სალომე: ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, სულ მიწევს ქალაქების გამოცვლა. გვინდა, რომ სულ ერთად ვიყოთ, ერთად გავზარდოთ ბავშვი.
გიორგი: მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბავშვი ჩვენ გავზარდოთ. თუ კრიტიკული სიტუაციები იქნება, მაშინ შეიძლება, დავიხმაროთ ძიძა ან ვინმე. ეს ჩვენი აზრია, ასე ვუყურებ ამ ყველაფერს.
– სალომეს საოპერო კარიერის შესახებ იცოდი?
– ზოგადად ვიცოდი, თუმცა დეტალურად არა. შემდეგ, რა თქმა უნდა, დავინტერესდი და ძალიან დიდია სიამაყის გრძნობა. მარტინ სკორსეზეს ფილმზეც რომ მითხრა, არც  მე მჯეროდა. სანამ თრეილერი არ ვნახე, დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ძალიან მიხარია, ემოციებით ავივსე.
– როგორი  მსმენელი ხარ?
– მუსიკა მიყვარს და ყველანაირი მუსიკის შეფასება შემიძლია. სალომემედე ოპერას არ ვუსმენდი და ახლა შემიძლია, შევაფასო, კარგი რა არის, ვიცი.
სალომე: არაჩვეულებრივი ყური აქვს და ზუსტი შეფასებები იცის, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არ არის, დელიკატურად აფასებს ხოლმე.
– თქვენი დაოჯახება საზოგადოებისთვის, გარკვეულწილად, სიურპრიზიც იყო.
– კი, ჩემი ოჯახისთვისაც სიურპრიზი იყო. არ ვფიქრობდი, რომ ასე მოკლე პერიოდში ოჯახს შევქმნიდი. მაგრამ გიორგის რომ შევხვდი, სხვა რაღაც მოხდა. ოჯახის წევრებსაც არ ეგონათ, რომ ასეთ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამდი. მაგრამ დღეს ყველა ბედნიერი და კმაყოფილია.
გიორგი: ჯვარიც დავიწერეთ და ხელიც მოვაწერეთ.
– ფოტოებიდან რომანტიკული წყვილი ჩანხართ.
– კი, ორივე ასეთი ვართ და სულ ერთად გვინდა ყოფნა. ერთი საათი რომ გავა, ვურეკავთ ერთმანეთს: სად ხარ?
სალომე: რაც შეეხება სიურპრიზებს, ზუსტად ვიცით, ვის რა გვინდა და აღარ გამოდის ხოლმე სიურპრიზი.
– როდის ელოდები ბავშვს და როგორი ორსულობა გაქვს?
– სხვათა შორის, არ ვარ პრეტენზიული ორსული.
გიორგი: ხუთ თვემდე სცენაზე იდგა და მღეროდა. კარგი ორსულობა აქვს.
სალომე: თავიდან დროც არ მქონდა, რომ პრეტენზიული ვყოფილიყავი. თეატრშიც ყველამ იცოდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, რეჟისორი ცდილობდა, ისეთი მიზანსცენები არ მქონოდა, სადაც უხეში მოძრაობები მომიწევდა ან სცენაზე – აგრესიული პარტნიორი მეყოლებოდა. რაც შეეხება სქესს, ბიჭს ველოდებით. სხვათა შორის, გიორგის დაბადების დღეს გავიგე, რომ ბავშვს ველოდებით და ორივესთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. სქესს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ორივეს შემთხვევაში ბედნიერები ვიქნებოდით.
გიორგი: უკვე ბევრ რამეზე ვფიქრობ: მუსიკაზე, სპორტზე, მაგრამ მთავარია, თვითონ რას გადაწყვეტს.
სალომე: ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და მრავალმხრივ ცოდნას მივცემთ, შემდეგ თავად გადაწყვიტოს, რა უნდა.


скачать dle 11.3