კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№4 გელა ჩარკვიანი: თუ აღმოჩნდა, რომ ტერმინალური დაავადება მაქვს, არავითარ მკურნალობას არ ჩავიტარებ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  დღეს გელა ჩარკვიანი, უკვე რამდენიმე წიგნის ავტორია. წერა არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო და გარდა საინტერესო ბიოგრაფიისა, ამას სხვა მიზეზებიც ჰქონდა, რომელთა შესახებაც თავად გიამბობთ.
– ბატონო გელა, თქვენი სიტყვებით დავიწყებ: „ნანას გარდაცვალების შემდეგ, ჩემი ტრაგიკული მდგომარეობა ითხოვდა, რომ გავცლოდი ამ რეალობას. ასეთ დროს ზღაპრები უნდა იკითხო, ან სერიალებს უყურო, ან წერო. მე წერა დავიწყე და ბევრი რამ ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი...“
– ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რის გამოც წერა დავიწყე. მაგრამ შეიძლებოდა, არ დამეწყო, ჩემთან გამომცემლობა „ინტელექტიდან“ ორი ახალგაზრდა რომ არ მოსულიყო: ზვიად კვარაცხელია და მარიკა ბაკურაძე. მითხრეს, არ შეიძლება, ასეთი ბიოგრაფიის კაცს, ბევრი რამ არ გქონდეთ დასაწერიო და პირველად გამოვეცით „ინტერვიუ მამასთან“, რომელიც მართლა მამაჩემისგან მქონდა აღებული. თუმცა, თუ სათქმელი არაფერი გაქვს, ვერაფერს დაწერ. ჩემი ბიოგრაფია, რასაკვირელია, განსაკუთრებული იყო. ბევრ იშვიათობას მოიცავდა. დავიწყოთ იმით, რომ დავიბადე საქართველოს პირველი პირის ოჯახში... ერთ-ერთ „ნაგერალაზე“ მიწერია: გამოვითვალე, რომ საქართველოს ცეკას პირველი მდივნის შვილად გაჩენის ალბათობა, ჩვენებური ლატარიის ჯეკპოტის მოგების ალბათობაზე სამჯერ მცირე ყოფილა. არადა, მგონი, სჯობდა, ჯეკპოტი მომეგო (იცინის).
– ეს არ იყო ჯეკპოტი?
– ჯეკპოტზე მეტიც იყო, რასაკვირველია. ეს ხუმრობაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის ალბათობა რომ ნაკლებია, ვიდრე ჯეკპოტის მოგების, ფაქტია. ჩემ გარდა არავინ დაბადებულა პირველი პირის ოჯახში, თუ არ ჩავთვლით მოგვიანებით, სააკაშვილის ბიჭს. ეს იმიტომ, რომ პირველი პირები ახალგაზრდები იშვიათად არიან. მამაჩემი 31 წლის იყო, როცა პირველი პირი გახდა და მას ჯერ კიდევ გაუჩნდა შვილი – ჩემი სახით (იცინის). ასეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანმა, რასაკვირველია, უნდა დაწერო, რადგან ძალიან ბევრი გაქვს დასაწერი. მეორე მიზეზი, რის გამოც წერა დავიწყე, ტრაგედიებია. ასეთ მოქმედებას ისკეიპიზმი ჰქვია, როცა ადამიანი მძიმე რეალობას გაურბის. ამ პერიოდს დაემთხვა გამომცემლობებისგან შემოთავაზებაც და წერაც დავიწყე. მიმაჩნია, რომ წიგნი საინტერესოსთან ერთად, სასარგებლოც უნდა იყოს. ვთქვათ, ჩემი „ინტერვიუ მამასთან“ და „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ ის წიგნებია, რომლებიც ყოველთვის საინტერესო იქნება, იმიტომ, რომ ეს ისტორიაა.
– „ნაცნობ ქიმერათა ფერხულში“ შევარდნაძესთან და რომის პაპთან დაკავშირებულ საინტერესო პასაჟს იხსენებთ.
– შევარდნაძე ძალიან დახვეწილი იუმორით დაჯილდოებული ადამიანი იყო. მაგრამ ხუმრობას მხოლოდ მაშინ იწყებდა, როცა დაგიახლოვდებოდა. დასაწყისში ძალიან მკაცრი იყო და ძნელად ასატანიც კი. იქამდე ჩვენ ვიყავით ვატიკანში და მაშინ მოელაპარაკა შევარდნაძე იოანე-პავლე მეორეს, იმდროინდელ პაპს, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. კათოლიკე პაპის ჩამოსვლა მართლმადიდებელ ქვეყანაში ადვილი არ იყო, მაგრამ ეს მოხდა. თუმცა, ზუსტი თარიღი არ ვიცოდით. ეკონომიკურად ძალიან რთული დრო იყო. არ ვიცი, თუ ვინმე კორუფციაში იყო გარეული, მაგრამ ძალიან მცირე ხელფასები გვქონდა. მე და მინისტრებს 165 ლარი გვქონდა თვეში. შევარდნაძეს – 400 ლარი. წარმოიდგინეთ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებსაც ოჯახები აქვთ. მართალია, შევარდნაძემ მშვენივრად იცოდა, რომ მოწაფეები მყავდა და შაბათ-კვირას არასდროს მიბარებდა. რომ დამირეკავდა, მაშინაც მეუბნებოდა: გელა, ვიცი, რომ საქმე გაქვს და იჯექი, იჯექი მანდ. არ გეგონოს, რომ აქ მინდიხარ, შენ უბრალოდ, მითხარი... ინფორმაციას მთხოვდა, მაგრამ არასდროს უთქვამს, აქ მოდიო. საერთოდ, მგრძნობიარე კაცი იყო, თავისებური. ჩემთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო გახდა ლექციები ამერიკულ სტრატეგიულ კვლევის ცენტრში, გერმანიაში. წელიწადში ერთხელ მივდიოდი, მაგრამ იმ დროისათვის დიდი ჰონორარი – ათასი დოლარი მქონდა (იცინის). მე დანიშნული მაქვს იქ ლექცია უკვე და არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ რამე ისეთი დაემთხვევა, ვეღარ წავალ. ამ დროს მოდის პროტოკოლის უფროსი და მეუბნება, პაპი ჩამოდისო, ზუსტად ლექციის დროს. „გულზე შემომეყარა“, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ვარ. მე ვხელმძღვანელობ დიპლომატიურ საქმიანობას და ბუნებრივია, აქ უნდა ვიყო, როცა პაპი ჩამოვა. გული შემიწუხდა, წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს იმ სიტუაციაში იქ რომ ვერ წავალ და რა დღეში უნდა ჩავვარდე? (იცინის). ავედი პრეზიდენტთან ამის სათქმელად, მაგრამ ისეთ რამეზე დამიწყო ლაპარაკი, ვეღარ ვუთხარი. გადავწყვიტე წავსულიყავი, რაც იქნება, იქნება-მეთქი. ბილეთი, ვიზა, ყველაფერი გამზადებული მაქვს და რომ მოვიდა რომის პაპის ჩამოსვლის დრო, მე წავედი (იცინის). წავიკითხე ლექცია, ავიღე ჰონორარი და დავბრუნდი. რომ ჩამოვედი, წინა დღის წასული იყო პაპი. ვურეკავ შევარდნაძეს ძალიან შეწუხებული და ბოდიშს ვუხდი, ვერ გაგაფრთხილეთ, ლექცია მქონდა დანიშნული-მეთქი. მეორეს მხრივ, ის კარგად უყურებდა ამ ლექციებს. მე ხომ მათ საქართველოზე ვკითხულობდი და ეს ყველაფერი ჩვენთვისაც სასარგებლო იყო. თუმცა, ბუნებრივია, ვიცოდი, რომ მაშინ აქ უნდა ვყოფილიყავი. მცირედი სიჩუმე და მეუბნება: ბიჭო, გიკითხა ხომ იციო და ცოტა ხნის შემდეგ დააყოლა – „ორჯელ“ (იცინის).
  რომ იცოდეთ, რეები გვაქვს გამოვლილი იმ პერიოდში. ჩვენი ყოველი გაფრენა რისკი იყო. ვიცოდი, რომ ტერორისტების სამიზნე ვიყავით, მაგრამ თანამშრომლებს არ ვეუბნებოდი, იმიტომ, რომ ეს საშინელება იყო. მაგრამ ჩვენ მაშინ ახალ სახელმწიფოს ვქმნიდით. კი, საშინელი სიდუხჭირე იყო, მაგრამ არც მე და არც ჩვენს თანამშრომლებს არასდროს დაგვიჩივლია, ენთუზიაზმით ვიყავით სავსე. მიკვირს ხოლმე, დღეს რომ ვიღაც ამბობს, რა დამოუკიდებლობაო. დამოუკიდებლობა რასაც ჰქვია, ესაა. ის რომ მშიერი ხარ, ამას დამოუკიდებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რით ვართ სხვა ქვეყანაზე დამოუკიდებლები? მაგრამ სხვა საკითხია გავლენის სფეროები. დღევანდელი მსოფლიო ურთიერთდამოკიდებულია. მაგრამ ჩვენ ვართ გაეროს წევრი, გვაქვს ჩვენი ფერი რუკაზე, სპორტულ შეჯიბრებებზე ჩვენი სახელით გამოვდივართ, ჩვენ ჰიმნს უკრავენ, დღეს საქართველო გვქვია. უბრალოდ, ჩვენ რაც გვჭირდება, არის ეკონომიკის ძალიან სერიოზული ზრდა უკეთესი ცხოვრებისთვის და ამას არავითარი კავშირი არ აქვს დამოუკიდებლობასთან.
– „კვლავ სინდისი მქენჯნის. ისეთი მხუთავი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ, მაგრამ არის წამები, როცა ძლიერ სულიერ ტკივილს ვგრძნობ. განა უსამართლობა არ არის, რომ ჩვენ, ცოცხლები, ვიღებთ ირაკლის რუსთაველის პრემიას, ვისმენთ მის სიმღერებს საინტერესო ახლებური შესრულებით, ვესწრებით ყოველგვარ პრეზენტაციას, ვზეიმობთ, ვმასპინძლობთ სტუმრებს, გამუდმებით ვჩანვართ ტელეეკრანზე, ირაკლი და ნანა კი, ყოველივე ამ სიამოვნებას მოკლებულები, მიწაში წვანან“. – ეს ნაწყვეტია „ნაგერალადან“. რის გამო განიცდით სინდისის ქენჯნას?
– ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული საკითხია. ამ ტრაგედიებთან დაკავშირებით, მე ყველაზე უფრო მაწვალებს სინდისის ქენჯნა. ის კი არა, რომ ჩემი ბრალია ეს ტრაგედიები, მე ვერ ვუშველიდი ვერც ერთს და ვერც მეორეს. სინდისის ქენჯნა იმიტომ მაქვს, რომ მე ცოცხალი ვარ. არა მარტო ცოცხალი ვარ, რაღაც სიამოვნებებსაც ვიღებ, ცხოვრებაში პერსპექტივებია, მცირედი ტრიუმფები. შეიძლება, მარტო რომ არ ვცხოვრობდე, ნაკლები დრო მექნება ამაზე საფიქრალად. მაგრამ მე ყოველ საღამოს მიჩნდება ეს შეგრძნება – დამნაშავე არ ვარ, მაგრამ სინდისის ქენჯნა მაქვს. დღეს ნანასთან და ირაკლისთან დაკავშირებით, ეს ყველაზე ძლიერი გრძნობაა. ჩვენ ცოცხლები სიამოვნებას ვიღებთ, ისინი მიწაში წვანან. თუმცა, მე არ ვიცი, რა არის სიკვდილი.
– თუმცა, წერთ, სიკვდილს არავინ ეპოტინება. პრობლემა სიცოცხლეა, თორემ სიკვდილი პრობლემა სულაც არ არისო.
– ჰო, სიკვდილი უფრო ადვილია, ვიდრე სიცოცხლე. სიცოცხლეს ეპოტინებიან. ჩემი ფილოსოფია ახლა ასეთია: მე სიცოცხლეს არ შევეპოტინები. თუ აღმოჩნდა, რომ ტერმინალური ავადმყოფობა მაქვს და უნდა მოვკვდე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად არანაირ მკურნალობას არ ჩავიტარებ. ეს არ ნიშნავს, რომ მედიცინას უარვყოფ. ახალგაზრდები უნდა ცდილობდნენ, რაც შეიძლება, დიდხანს ცოცხლობდნენ. მე ვლაპარაკობ, უკვე ჩემი ხნის ადამიანზე. მე არ გავიგრძელებ სიცოცხლეს, მაგრამ მედიცინა რასაკვირველია, დამჭირდება კომფორტისთვის. სიკდვილი ჩემთვის არაფერია, მაგრამ ტკივილი არ მინდა. მე რომ სიცოცხლე გავიგრძელო, კიდევ უფრო მეტი სინდისის ქენჯნა მექნება.
– შედარებას აკეთებდით, ძველი და ახალი თბილისის. ბევრი მისტირის იმ ძალიან საყვარელ პროვინციულ ქალაქს, მე კიდევ ეს მირჩევნიაო...
– მართალია. მე მესმის, რომ ჩემი თაობის ხალხისთვის ეს ცოტა ძნელი გასაგებია, ვაკვირდები, როგორი ნოსტალგიური შეგრძნებები აქვთ. დავწერე კიდეც, გამოვიდა წამალი „ნოსტალგინ ფორტე“ და მიიღეთ-მეთქი (იცინის). მე ის თბილისიც მიყვარს, ძველი პროვინციული. გამოჩნდებოდა ახალი მანქანა, ასი კაცი შემოეხვეოდა და უყურებდა. ჩვენ ჩაკეტილი ვიყავით გალიაში, ეს იყო საბჭოთა სისტემა. მაგრამ ის ქალაქი ძალიან მიყვარს, იქ გავიზარდე. თუმცა, დღევანდელი თბილისი მირჩევნია, უფრო მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაკომფორტული მომენტია, იგივე – საცობები, ალბათ, ჰაერიც არაა, როგორიც იყო. მაგრამ ეს უკვე სამხრეთ ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქია. ის იყო რუსეთის პროვინციის ცენტრი. მე ძალიან მომწონს განსხვავებულ ადამიანებს რომ ვხედავ. ჩვენ ჩვენი ერთნაირობის მუქარად აღვიქვამთ ხოლმე განსხვავებულ ადამიანებს. 50-იან წლებში ვიდექი რუსთაველზე და გერმანელმა, კარგი გარეგნობის ბიჭმა გამოიარა, შორტებში. იცით, რა ამბავი ატყდა? ყველას ეგონა, რომ მსოფლიო დაიქცა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთ მომენტებს მსოფლიოს დასასრულად მიიჩნევენ. ძალიან აფორიაქდა მთელი ქუჩა. დღეს, ჩემი ხნის ხალხი შორტებში დადის. ესე იგი, რა მოხდა? შეიცვალა საზოგადოებრივი განწყობა. ადამიანი კი არა, საზოგადოებრივი განწყობები იცვლება. ერთ დროს წარმოუდგენელი მერე ძალიან ჩვეულებრივი ხდება. ჩემი თაობის ხალხს უჭირს ადაპტირება. შეიძლება, მეც რაღაც არ მომეწონოს, მაგრამ ამით შოკირებული არ უნდა ვიყო.
– დღესასწაულებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? გიყვართ ახალი წელი?
– ახალი წელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ერთადერთი დღესასწაული, რომელსაც კომუნისტების დროს აღვნიშნავდით, ახალი წელი იყო და ამიტომ, ძალიან მიყვარდა.
  თარიღი, რომელსაც დღემდე განსაკუთრებულად აღვნიშნავთ – 18 მაისია, ჩემი ნანას დაბადების დღე. სანამ მე ცოცხალი ვარ, ამას არასდროს დავიზარებ. რაც კი რესურსი მაქვს, ამ დროს მთლიანად ვხარჯავ. ძალიან ბევრი ხალხი მოდის. შემდეგი დღე ჩემი კლასის დღეა, ჩემს ცოცხალ კლასელებს ვპატიჟებ, ასეა უკვე რვა წელი. ჩემთვის ესეც დღესასწაულია. სამწუხაროდ, ყოველწლიურად ნაკლები ვართ, მაგრამ ეს საჭიროდ მიმაჩნია, ბავშვობაში აუცილებლად უნდა დაბრუნდე ხოლმე. წარსულს არ უნდა მოსწყდე.

скачать dle 11.3