კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ მოჰპარეს ოლიმპიადაზე მიმავალ ლაშა ტალახაძეს ფეხსაცმელები და როდის ადგას გიო ჭინჭარაული მას თავზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გიო ჭინჭარაული ძალოსანთა ეროვნული ფედერაციის ექიმია და იმ ადამიანების ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც საკუთარი წარმატებებით ძალიან ხშირად გვახარებენ და ჩვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოს აცნობენ.
  გიო ჭინჭარაული: სამედიცინო უნივერსიტეტში სპორტული რეაბილიტაციის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. თავიდანვე მინდოდა, რომ ჩემი მომავალი  სპორტისთვის დამეკავშირებინა.  2012 წელს გავიცანი ზურა კახაბრიშვილი, რომელიც ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი და დღეს ჩემი უფროსი მეგობარია. ლექციებს გვიკითხავდა. პრაქტიკულ მეცადინეობებზე ჩემი აქტიურობის გამო მოვეწონე და მითხრა, რომ თუ ქვეყნიდან არ წავიდოდი, რაც მაშინ გეგმაში მქონდა, ძალოსნებთან შემეძლო მემუშავა.
– როგორც ვიცი, თავიდან საკმაოდ რთულ პირობებში გიწევდა ყოფნა.
– დუშეთის რაიონის სოფელ ლაფარაანთკარში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ოჯახი ფინანსურად მყარად არ იდგა ფეხზე, თან, სამი შვილი ვყავდით. მე რომ ჩავაბარე, მერე კიდევ უფრო მეტი მჭირდებოდა. თუმცა, გრანტის ნაწილი მოვიპოვე და ეს დიდი შეღავათი იყო. ჩემი დღიური თანხა ხუთ ლარს შეადგენდა და დუშეთიდან ყოველდღე სამარშუტო ტაქსით დავდიოდი სამედიცინო უნივერსიტეტში. ჩემს სოფლამდე სამკილომეტრ-ნახევარი იყო. ეს გზა ტყეზე გადიოდა და უმეტესწილად ფეხით მიწევდა მისი გავლა თოვლსა თუ ტალახში.  როცა ზურამ მითხრა, რომ ძალოსნებთან შემეძლო მუშაობის დაწყება, მაქსიმალურად ჩავერთე სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში. აქ არ უნდა ითაკილო: უი, ოფლიანია სპორტსმენი; ვაიმე, ფეხზე ვერ გავიხდი და ასე შედეგ. თუ სპორტსმენთან გინდა მუშაობა, მისი ოფლი იქნება თუ სისხლი, შენი სამსახურის ნაწილია და ამას უნდა შეეგუო. მერე ზურამ დამიბარა და მითხრა, თუ ფინანსური პრობლემა გაქვს, სტიპენდიას დაგინიშნავ ჩემი ჯიბიდან, რომ ლექციებზე მაინც იარო ნორმალურადო. მართლაც, სანამ ხელფასი დამენიშნებოდა, სტიპენდიის სახით, ას ლარს მაძლევდა ყოველთვიურად. ჩემი პირველი ხელფასი ოთხასი ლარი იყო და ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმ წლის ბოლოს იმდენი შევძელი, ჩემს ოჯახს უკვე იქით ვეხმარებოდი.
  მერე და მერე, როცა სპორტში ლაშა და ჩვენი ახალგაზრდა თაობა ჩაება, მაქსიმალურად წინ წამოიწივნენ და ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე, დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ფედერაცია ვართ ქვეყანაში. იმის თქმაც არ მეშინია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ.
– ალბათ, ერთი დიდი ოჯახივით ხართ, მაგრამ ლაშა ტალახაძესთან კიდევ სხვა ურთიერთობა გაქვს, არა?
– ბევრმა შექმნა ოჯახი და მათ შორის, მეც, ლაშამაც, ჩვენმა მეგობრებმაც. ბევრმა ბავშვი მოანათვლინა ერთმანეთს, მეჯვარეებად აირჩიეს. ყველას უნდა, რომ ლაშა ჰყავდეს მეჯვარედ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა ლაშამ შემომთავაზა მისი მეჯვარე მე ვყოფილიყავი. ეს დიდი დაფასებაა ამ ადამიანისგან, მისი პირველი შვილის ერთ-ერთი ნათლიაც ვარ და ძალიან მიხარია. ლაშა ჩემი ოჯახის წევრია. თუმცა, დარბაზში სპორტსმენი და ექიმი ვართ, მეგობრობა საქმეში არ გვერევა.
– როგორია ლაშა ამ მიღწევების მიღმა, პიროვნულად?
– ბევრ უმაღლესი რანგის სპორტსმენთან მქონია შეხება და შედარებები გამიკეთებია. არავის ვაკნინებ, ყველას აქვს კარგი და ცუდი თვისება, მაგრამ ლაშა სულ სხვა ადამიანია. ზოგს ჰგონია, ამხელა სპორტსმენია და შეიძლება, ცოტა „ზემოდან იყურებოდეს“, მაგრამ ამდენი წელია, ვიცნობ და მართლა ერთადერთი ადამიანია, რომელიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც 2013 წელს, ჩვენი გაცნობის მომენტში იყო. ეს ადამიანი რაც მეტს შოულობს, მეტს გასცემს. არავისთვის ენანება. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ აქვს და იმიტომ არ ენანებაო, მაგრამ ისეთებიც ვიცი, საკუთარი თავის გარდა რომ არავინ ახსოვთ. მახსოვს, შუა ქუჩაში მანქანა გააჩერა და რამდენიმე მეტრის იქით დახმარების სათხოვნელად მდგარ ადამიანს, რაც ედო, ქაღალდის ფული, მთლიანად ჩაუტენა მუჭში და ისეთი გაწითლებული და დარცხვენილი გამოიქცა და ჩაჯდა მანქანაში, რომ მისი სახე არ დამავიწყდება. მორწმუნეა და ძალიან ეკლესიურად ცხოვრობს. მის ოთახში მინიმუმ ოცდაათი ხატი მაინცაა. მე ოთხასი დამითვლია, როცა შეჯიბრებებზე ვყოფილვართ. თვითმფრინავში ხატების მთელი ჩანთა ამოაქვს ხოლმე.
– ალბათ, სახალისო შემთხვევებიც ხშირად გაქვთ.
– ბაკურიანში ვიყავით შეკრებაზე. ეს ის პერიოდია, როცა ლაშა უკვე ძალიან სერიოზულ დონეზეა და მასზე ბუმია. სადაც შევედით, ყველგან გვიცნეს. ზოგი სად გვეპატიჟება, ზოგი – რაზე. ერთ საღამოს გადაწყვიტა, თმა უნდა შევიჭრაო და წავედით სალონში. ლაშას უკან ვიჯექი და სარკეში მეც ვჩანდი. ქალი ჭრის თმას, მაგრამ ვერ მიხვდა, ვინ ვართ. ცოტა დრო რომ გავიდა, ჩაილაპარაკა, საიდანღაც მეცნობიო. ჩავახველე, კი ქალბატონო, რას ჰქვია გეცნობათ? თქვენ წინაშეა, ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის... ჩემპიონი-მეთქი და მპასუხობს: ეს კი არა, შენ მეცნობიო (იცინის).
ბათუმში ჩავედით ევროპის ჩემპიონატზე. აქედან რომ წავედით, ავტომობილის წინა შუშები ორივეს დაბურული გვქონდა. მეორე დღეს მომდევს პატრული, გამაჩერა და მეუბნება, ხომ მიხვდი რისთვისაც გაგაჩერე? და უცებ: უი, შენ ის არ ხარ, ექიმიო? მიცნო კაცმა, ჩამიხუტა და მომეფერა. არ დაგიწერ ჯარიმას ახლა და წაბრძანდი, მაგრამ სხვებს მოერიდეო. მივედი სახლში, ლაშას ვუყვები, მეუბნება: უფ, მერე რა, ეგრე მე სულ არ მიწერენო. ნახევარი საათის შემდეგ, გავდივარ სახლიდან და იგივე მოსახვევში ლაშა ჰყავთ გაჩერებეული, უკვე დაწერილი აქვთ ჯარიმა (იცინის). ბევრჯერ მომხდარა ეგრე.
– მგონი, შენ უფრო სარგებლობ ლაშას წარმატებებით.
– მგონი, ასეა (იცინის). ოლიმპიადაზე მივდიოდით ბრაზილიაში. ისე მოხდა, რომ მე ცოტა ადრე წავედი და ლაშა ათი დღის შემდეგ წამოვიდა. გერმანიის აეროპორტში ლოდინი მოუწია. გაუხდია ფეხზე, წამოწოლილა და დაუძინია. ჰოდა, მოჰპარეს ფეხსაცმელები და ფეხშიშველმა იარა ბრაზილიამდე (იცინის). დღემდე ველოდებით, ვინ გაყიდის იმ ფეხსაცმელს აუქციონზე (იცინის).
  ცოტა ხნის წინ თურქეთში, ტურნირზე ვიყავით მე, ლაშა ტალახაძე და შოთიკო მიშველიძე. ჩემი ავტომობილით სარფის საზღვარს მოვადეგით. ეს ორი საზღვარზე ფეხით უნდა გადმოვიდნენ, მე – მანქანით. შედიან საბაჟოზე და მოსდევთ ვიღაც ქალი, სიგარეტით მოვაჭრე, ლაშას ექაჩება ხელზე და ეუბნება: ბიჭებო, გეხვეწებით, ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით, გადამატანინეთ საქართველოს საზღვარზე და მერე დამიბრუნეთ, თორემ განბაჟება მომიწევსო. ლაშამ უთხრა: ქალბატონო არ ვეწევით ჩვენ, სპორტსმენები ვართ და სირცხვილია, სიგარეტით ხელში როგორ გავიაროთ საბაჟოზეო. ამან არც აცია, არც აცხელა და: მიდი, მიდი ნუ წუწუნებთ, შენც არ მყავდე ახლა მსოფლიოს ჩემპიონი, ძალიან არ გიცნონ ქართველმა მებაჟეებმა, რაის სპორტსმენები თქვენ ხართო. კიდევ კაი, არ უთხრა, შენც არ მყავდე ლაშა ტალახაძეო (იცინის).
– ისე, რამდენად დამჯერები არიან?
– ყველაზე ცუდად იქცევა ლაშა ვიტამინებთან დაკავშირებით. არავის სჯერა, რომ ლაშამ ვიტამინი არ დალია. არადააა... ლაშას უყვარს ჭამა. ბევრის არა, მაგრამ გემრიელად. თუ ნაჭამია და თან, ოთახში შოკოლადები აქვს, არანაირი ვიტამინის დამლევი არაა. თუ თავზე არ დაადექი, არ დალევს და ამაზე სერიოზული ჩხუბი გვაქვს ხოლმე. საერთოდ, რამდენიმე ბიჭია, რომ მივაწვდი ვიტამინებს დასალევად, ველოდები, სანამ არ დალევენ, იმიტომ რომ ვიცი, ოთახიდან რომ გავიდე, შეიძლება, აღარ დალიონ. ასეთ დღეში მაგდებენ (იცინის). ვიღაც თვითონ მოვა და მოგთხოვს. ეს ფსიქოლოგიური მომენტიცაა. ლაშამ იცის, უხეშად რომ ვთქვათ, „ცხოველია“ და ეს ვიტამინები ნაკლებად ადარდებს, შეუძლია, არ დალიოს. მაგრამ ვიღაცამ იცის, რომ ლაშასნაირი „ცხოველი“ ვერაა და ცდილობს, ვიტამინების დახმარებით გახდეს (იცინის). გულწრფელად, ლაშა ერთადერთი კაცია, რომელიც ვარჯიშს არ იპარავს, ზუსტად იმდენს გააკეთებს, რამდენსაც მწვრთნელი ეტყვის, მაგრამ, აი, ვიტამინს იპარავს (იცინის).
– მარტო მათი მკურნალი ექიმი კი აღარ ხარ, ამასობაში შენც გაქვს სპორტული მიღწევები, არა?
– ჩემი ვიზუალიდან გამომდინარე, ყველას სპორტსმენი ვგონივარ. 2015 წლამდე არ ვვარჯიშობდი, სიგარეტს ვეწეოდი, მაგრამ ამ ბიჭებს რომ ვუყურებდი, მეც დავიწყე ვარჯიში სამჭიდში, დაწოლილზე შტანგის აწევაზე და 90 კილოგრამამდე ავდიოდი. მერე დამენიძლავნენ, რომ 140-ს ვერ ავწევდი და იქიდან დაიწყო ჩემი მინი სპორტული კარიერა (იცინის). ორი თვე მქონდა და ზუსტად ბოლო დღეს მოვიგე ნიძლავი. ახლა სისტემატურად ვვარჯიშობ. უკვე იმ დონეზე გამომდის, ზოგიერთ მოძრაობაში შეიძლება, მარტო ლაშამ მომიგოს. არის ასეთი ვარჯიში ძირიდან წელამდე შტანგის ამოტანა გაშლილი თითებით და მე 240 კილოგრამი მაქვს ამოწეული ამ მდგომარეობაში. ჩემ ქვემოთ და ზემოთ წონით კატეგორიებში იმათი მაქსიმუმი 200 კილოგრამია. ის კი არა, ლაშასაც უკვირს ხოლმე (იცინის). სხვათა შორის, შემოთავაზებები მაქვს სამჭიდიდან და არაა გამორიცხული, რომ ერთ სეზონზე შევხვდე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემმა მეგობრებმა თქვან, ტყუილად არ ვარჯიშობსო.

скачать dle 11.3