კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№4 როგორ გადაურჩა გიორგი მესამისგან განადგურებას ორბელთა გვარის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  დემნა უფლისწულის ჩაბარების მერე გიორგი მეფემ შეჰფიცა და ივანე ორბელიც დანებდა მეფეს. ასე დასრულდა 1177 წელს დემნა უფლისწულისა და ორბელების აჯანყება. გასომხებული ორბელების შტოს წარმომადგენლის, სტეფანოს ორბელიანის თქმით, მეფე გიორგიმ დაარღვია ივანე ორბელისადმი მიცემული სიტყვა და საქართველოში მყოფი ორბელები გაანადგურა. გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც იმ დროს ჩვენს ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ.
  საქართველოს ამირსპასალარობა ყუბასარს გადაეცა. სტეფანოსი გვიამბობს: „ოდეს განჰსდევნა გიორგიმ ორბელიანნი, განუყო მამული მათი სხუათა, რომელიმე მისცა მტერთა და მიმცემელთა მათთა და დანაშთომი მისცა ყივჩაღსა მას ყუბასარსა... და მისცა მას ალაგი მთავრობისა მათისა და ამყოფა სპასალარად, გინა სპასპეტად ყოვლისა საქართველოისა“.
  იმ დროს, როგორც მოგვითხრობს სტეფანოს ორბელიანი, ივანე ორბელის ძმა, ლიპარიტი, თავის ორ ძესთან, ელიკომთან (ელიკუმ, ელიგუმ) და ივანესთან ერთად, ადარბადაგანის, არანის ნაწილისა და ჩრდილოეთ ირანის დიდ ათაბაგთან იყო წასული დახმარების სათხოვნელად. მისთვის სამოცი ათასი ჯარისკაცი გამოუყოლებიათ საქართველოში შემოჭრისთვის და აჯანყებულების დასახმარებლად. ჯარი უკვე ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდა.
  რატომაც არა, ეს ხელს აძლევდა ილდეგიზიდთა ათაბაგს. იმ დროს უკვე მუჰამედი იყო ათაბაგი და არა ელდიგუზი (ელიტიკოზ), როგორც შეცდომით წერს სტეფანოს ორბელიანი. საქართველოს სახელმწიფოს კონკურენცია ჰქონდა ადარბადაგანის ათაბაგებთან რეგიონში ბატონობისთვის და რატომ არ ისარგებლებდნენ ამით მაჰმადიანები? ამასობაში გაუგიათ ლორეს ციხის დაცემის, დემნა უფლისწულისა და ივანე ორბელის შეპყრობისა და დასჯის ამბები ლიპარიტ ორბელს, მის ძეებსა და მაჰმადიანებს. ლიპარიტს გადაუწყვეტია, აღარ წამოსულიყო საომრად. მაჰმადიანებიც დაფრთხებოდნენ. მეფე გიორგი უკვე მოძლიერებულიყო და მთელი ქართული სამხედრო რესურსი მეფის მხარეს იყო გადასული ისევ. ეს კი მაჰმადიანებისთვის სახიფათო გახლდათ.
  სტეფანოს ორბელიანი სხვანაირად გადმოგვცემს, ლიპარიტ ორბელს უფიქრია: „საწყალ ქრისტიანებს რა დაუშავებიათ, რომ წავიდე და დავხოცო ისინი. ჩვენი მტრები არსად ჩანან, მე რომ დავატყვევო“. გაბრუნებულა უკან და ათაბაგების სამსახურში შესულა. სტეფანოსის თქმით, ლიპარიტი და ელიკომი ათაბაგთან დარჩენილან. ამის მერე, ლიპარიტ ორბელი მალე გარდაცვლილა: „დიდი მჭმუნვარებისა და საზარელისა ტირილისაგან მცირეს ხანს იცოცხლა და მოკუდა უცხოს ქვეყანაში“.
  საქართველოს მეფე გიორგი მესამემ ორბელთა და დემნა უფლისწულის აჯანყების მომდევნო, 1178 წელს, ეკლესიას დაუბრუნა მის მიერ ადრე ჩამორთმეული შეუვალობა და მიწებიც. იმ ხანებში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ტახტიდან გადადგა და იერუსალიმში წავიდა ნიკოლოზ პირველი გულაბერისძე, მწერალი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე, ცნობილი ოჯახიდან. ერთ-ერთი მისი წინამორბედი პატრიარქი, სვიმონ მეოთხე გულაბერისძე, მისი ბიძა, მამის ძმა გახლდათ. კათალიკოს ნიკოლოზ პირველის დაწერილია „საკითხავი სუეტისაè ცხოველისაè, კუართისა საუფლოèსა და კათოლიკე ეკლესიისა”. თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი წერს: „პატრიარქი სიმდაბლის გამო გადადგა ქართლის კათალიკოსობიდანო“. თუმცა, მისი გადადგომის მიზეზი შესაძლოა, მეფის ეკლესიისადმი დამოკიდებულება ყოფილიყო ან, უფრო სავარაუდოდ მიმაჩნია, კათალიკოსი დემნას სასტიკად დასჯის გამო გადამდგარიყო ტახტიდან.
 მეფე გიორგიმ ქართლის კათალიკოსობა უბოძა მიქაელ მეოთხე მირიანის ძეს. მიქაელ მირიანის ძე თანახმა იქნებოდა მეფედ ქალის კურთხევისა. ასეც მოხდა, მეფე გიორგიმ აჯანყების დამარცხებიდან მალე თანამოსაყდრედ აკურთხებინა თავისი ასული, თამარი. გიორგი მეფის გარდაცვალების მერე მირიან მიქაელის ძემ მიითვისა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა, აწყურისა და სამთავისის ეპარქიებიც. მის საკათალიკოსო ტახტიდან გადასაყენებლად საეკლესიო კრებაც კი მოუწვევიათ თამარის მეფობის დასაწყისში, მაგრამ უშედეგოდ.  
  თამარის მეფობის დასაწყისში ივანე ლიპარიტის ძე ორბელი, ელიკომის ძმა, დაუბრუნებიათ საქართველოში და წინაპრების მამულებიდან მისთვის მხოლოდ ორბეთის ციხე დაუბრუნებიათ. სუმბატი წერს: „ძე მისი (ლიპარიტის) ელიკომ მუნვე დადგა (სელჩუკთა ათაბაგთან) და ძმა მისი ივანე წარვიდა ამირთან ანუ თავრიზისადმი და მუნ მიიღო დიდება და პატივი მრავალი. რომელი ხანთა მრავალთა ბირებითა და ფიცითა დიდითა ჟამსა მას თამარისასა მოიყუანეს და მისცა მას მამულთაგან თვისთა მხოლოდ ორბეთი. რომელმან მან შვნა ძენი და აწ იგინი არიან ორბელიანნი“. როგორც ჩანს, ივანე ლიპარიტის ძე ორბელს მოუნანიებია ნათესავების საქციელი და ერთგულების ფიცი მიუცია ჩვენი ხელმწიფე თამარისათვის.
  ხოლო ელიკომ ლიპარიტის ძე ორბელი ათაბაგთან დარჩა, სუმბატი წერს: „მიიღო მან მის მიერ სიყუარული დიდი და მოწყალეობა მრავალი და ფრიად ესაყუარლებოდენ მას ძენი ელიტიკოზისნი, ფალავან და ყაზილასლან. შემდგომად მისცა მას ათაბაგმან დიდი ქალაქი იგი ჰამიანი და ძედ თვისად უხმობდა მას და დაუმტკიცა მას ქალაქი იგი სამკვიდროდ და მამულად სიგლითა და დაადგინა იგი ამირად და ქალაქმთავრად დედაქალაქთა მათ სპარსეთისათა: რეისა, ისპაჰანისა და ყაზვინისა, წელსა ათორმეტსა“.
  მართლაც სასურველ ქვეშევრდომად იქნებოდა მიჩნეული საქართველოდან გაქცეული დიდებულების, ცნობილი მეომრების გვარის წარმომადგენელი ათაბაგთა კარზე. ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა. ხელმწიფეები მეზობელი ქვეყნებიდან დევნილ დიდებულებს იფარებდნენ და თავის სამსახურში იღებდნენ. საქართველოშიც ყოფილა მსგავსი ფაქტები და ალბათ, სტეფანოს ორბელიანი არ ტყუის. შეიძლება, ცოტა აჭარბებს წინაპრების ქებას.
სტეფანოსი განაგრძობს: „აწვევდა სულთანი, აწუხებდა და ეტყოდა: „შეიქმენ სიძე ჩემი და მოგცე შენ უდიდესი ნაწილი ქუეყანისა ჩემისა, ხოლო შენ დაუტევე სარწმუნოება ქრისტესი“.
  ესე ელიკომ თუმცა ყრმა იყო ჰასაკითა, არამედ აღსავსე იყო მეცნიერებითა და სიბრძნითა, არა ურწმუნებდა, არა მოაკლდებოდა სარწმუნოებისაგან. ამისთვის შეშინებულმან სპარსთაგან და შეწუხებულმან სარწმუნოებისათვის მიზეზითა რომლითამე გამოსთხოვა ალაგი ნახჩივანსა შინა და ჰსთქვა: „ქუეყანა იგი ახლოს არს საქართუელოისად, და უადვილეს არს მუნით მოკითხვა სისხლსა მამათა და ძმათა ჩემისათა“.
  ორბელები საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. მინიმუმ, რაც ენდომებოდათ, ძველი მამულებისა და დიდების დაბრუნება, კონკრეტულად საქართველოში, რადგან, მამულები და წარმატება უცხოეთშიც ჰქონიათ. შეიძლება, შურისძიებაც სწყუროდათ უკვე გარდაცვლილი გიორგი მესამის გადაწყვეტილებაზე  მაინც, რომელმაც სტეფანოსის თქმით, ბრძანა აღმოეფხვრათ ორბელთა სახელი ისტორიიდან.

скачать dle 11.3