კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რა სასწაულებს ახდენს მამა სოგრატი გარდაცვალების შემდეგ და როგორ ეხმარება ის დაავადებულ ადამიანებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  არქიმანდრიტ სოგრატის (ჭულუხაძე) სახელს, როგორც მის სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგ, არაერთი სასწაული უკავშირდება, ისევე, როგორც მის საფლავსა და მამაოს ლოცვებს –  განკურნების საოცარი ისტორიები.
  ნათათო ვაშაკიძე (მრევლი): ჩემი შვილი – გაბრიელი, სამი წლისაა. ბანაობისას საზარდულთან შესიება შევნიშნე. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, ვიფიქრე, რომ მომეჩვენა. მაგრამ მეორე დღესაც რომ ვნახე, ხელით შევამოწმე და ვიგრძენი, რომ შიგნით „შარიკივით“ სიმაგრე ჰქონდა. ექიმთან მივიყვანე და მითხრეს, რომ რვამილიმეტრიანი კისტა იყო. ოპერაცია უნდა გავუკეთოთ, მაგრამ სასწრაფო არააო, თან ზაფხული იყო და შემოდგომისთვის დავგეგმეთ. სექტემბერში ტკივილი დაეწყო და ის ადგილი გამოებერა კიდეც. მთელი ეს პერიოდი სულ დავდიოდით მამაოს საფლავზე ბავშვთან ერთად და ვემუდარებოდი, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო. მამაოს საფლავზე ისედაც ხშირად დავდივარ, აუცილებელი არაა, რამე მიჭირდეს. მაგრამ როცა რამეს ვთხოვ, ბოლომდე მწამს, რომ სასწაულს მოახდენს. სექტემბრის შუა რიცხვებში ბავშვს მდგომარეობა გაურთულდა და სასწრაფოდ ექიმთან წავიყვანე. ოპერაცია 15 ოქტომბრისთვის დაიგეგმა. დილით მამაოს საფლავზე მივედით და იქიდან საავადმყოფოში წავედით ოპერაციის გასაკეთებლად. წინასაოპერაციო პროცედურები ჩაუტარეს, პალატაში დაგვაწვინეს და ანალიზების პასუხს ველოდით, რის შემდეგაც ოპერაცია უნდა დაწყებულიყო. ექიმი შემოვიდა, ბავშვი კიდევ უნდა გავსინჯოო. სინჯავს და ამბობს: აღარ აქვს კისტაო. მეუღლემ უთხრა, ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ხელით გასინჯვით როგორ დავრწმუნდეთ, ექოც გადავიღოთ, გადავამოწმოთო. შესაძლებელია, ასეთი რამ მოხდეს-მეთქი? და მიპასუხა: ასეთი სასწაული ასიდან ერთ პროცენტში ხდებაო. გავაკეთეთ გამოკვლევები და ვნახეთ, რომ კისტა აღარ იყო. როგორც ჩანს, კისტა გადიდდა და გასკდა. საშიში არაა მისი ჩაღვრა, ორგანიზმიდან გამოდისო, – აგვიხსნეს. მაგრამ ეს ყველაფერი ისე მოხდა, არც გაგვიგია. რომ გაუსივდა და ტკივილი დაეწყო, მერე ისევ ჩაუცხრა, ამ პერიოდში დოკუმენტაციას ვაგროვებდით საოპერაციოდ. ექიმი გაგიჟდა: მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხდეს ასეთი სასწაული. რაც არ აქვს ბავშვს რა ამოვაჭრაო.
  გაბრიელი მამა სოგრატის ნათლულია. სხვათა შორის, იერით ძალიან ამსგავსებენ მამაოს. სამი თვის იყო, როცა დამატებითი საკვები მივეცით. მაგრამ ბოთლის თავს პირში არ იდებდა და საკვებს არ იღებდა. მამა სოგრატი მაშინ საავადმყოფოში იწვა. დამესიზმრა, მასთან ვიჯექი და მეკითხებოდა, როგორ არის ბავშვიო? ვუთხარი: კარგად, მაგრამ საკვების დამატებას არ იღებს და არ ვიცი, რა ვქნა-მეთქი. უცბად მამაოს კელიაში, მაგიდაზე ბოთლი გაჩნდა და მეკითხება, რამდენი უნდა ჭამოსო და მეც ვაჩვენე ბოთლზე. გაბრიელი რომ დაიბადა ბებომ პატარა სტიქარი უყიდა. ამ დროს, ვითომ, მამაჩემმა მოუტანა მამაოს ეს სტიქარი, რომ დაელოცა და მან პირჯვარი გადასახა. იმ დღის შემდეგ ბავშვმა ჩვეულებრივად დაიწყო ჭამა.
  იაკობ თოდუა (მრევლი): მამაოსთან მე თვითონაც განსაცდელით მივედი. რომ მლოცავდა, მაშინვე ვიგრძენი, რომ ჩემში ძალა შემოვიდა. გული გაქვავებული მქონდა და მასთან რომ მივედი, მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც მიხაროდა. მიზეზი არ ვიცოდი, მაგრამ მიხაროდა. ამ ადამიანმა ჩემი ცოდვები დეტალურად აღმიწერა, არადა, არ შეიძლება, მათ შესახებ სცოდნოდა. ღმერთმა მიმახვედრა, რა ძალის პატრონთან მქონდა საქმე. მისგან სიხარულით მოვფრინავდი, მაგრამ ჩემს გაუწმინდავ სულსა და სხეულში ეს ძალა დიდხანს არ გაჩერდა. მეორე დღისთვის დამიბარა და მივედი. ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სანახავად იყო წასული და ძალიან დაღლილი დაბრუნდა. ისეთი დაქანცული იყო, ვუყურებდი და ვფიქრობდი, სანამ დამეხმარება, არ მოკვდეს-მეთქი. ეს უკიდურესი ეგოიზმის გამოხატულება იყო, აზრობრივი ბრძოლები დამეწყო და თან, საკუთარ თავს ვსაყვედურობდი, ეს როგორ ვიფიქრე-მეთქი. მითხრა, დაღლილი ვარ და ცოტა ხანში შემოდიო. ერთ საათში რომ შევედი, ხელი გამომიწოდა: აბა, გადამიწიეო და მეუბნება: ნუ გეშინია, არ მოვკვდებიო. რამდენიმე თვე გამაჩერა თავისთან. უამრავი სასწაულის მომსწრე გავხდი. შვიდი და ათი წელი რომ შვილი არ ჰყავდათ, ისეთი წყვილები მოდიოდნენ მასთან და ტყუპები უჩნდებოდათ. ვხედავდი, როგორ კურნავდა ეშმაკეულით შეპყრობილებს, კიბოთი დაავადებულებს. თან მასთან ერთად რომ იდექი, შენც გაგრძნობინებდა, რომ კურნების მონაწილე იყავი. იმ პერიოდში რუსთავში საეკლესიო მაღაზია მქონდა. ერთხელ ერთი ქალბატონი შემოვიდა ტირილით, კიბოს დიაგნოზი დამისვეს და არ ვიცი, როგორ ვუთხრა ქმარ-შვილს, ჩემი იმედი აქვთო. ვუთხარი, ზუსტად იქ მოხვედით, სადაც უნდა მოსულიყავით-მეთქი და მამა სოგრატის ფოტო ვაჩვენე, სასწაულმოქმედი არქიმანდრიტია, რომელსაც მრავალი კურნება უკავშირდება. მასთან წადი, ცრემლით და მთელი გულით ევედრე და აუცილებლად განგკურნავს-მეთქი.
  დედაჩემს სიმსივნე ჰქონდა, მეხვეწებოდა ხოლმე, მოდი, მნახეო. მაშინ სტუდენტი ვიყავი, აქეთ-იქით დავდიოდი და დედას თხოვნას არ ვუსრულებდი. მამა სოგრატმა ესეც იცოდა, როგორც ყველაფერი დანარჩენი ჩემ შესახებ. ეს ქალბატონი რომ მასთან გავუშვი, მამაოს ფოტოს შევხედე და ვუთხარი: ხომ იცი, როგორ ვექცეოდი დედაჩემს, ეს ქალი განკურნე და ეს ჩემთვის იმხელა მადლი იქნება, თითქოს, იმ დროს დედაჩემთან დავდიოდი-მეთქი – თითქოს, იმ დანაშაულს გამოვისყიდდი. მეორე დღეს დამირეკა ისევ ტირილით ამ ქალბატონმა. მისულა მამაოსთან. მითხრა, მთელი ლოცვა ვტიროდი, ბოლოს მამაოს მივვარდი და ძლივს მომაშორეს, მთელი გულით ვეხვეწებოდი და მისგან მომავალ ძალას ვგრძნობდი. პირველივე ლოცვაზე ვიგრძენი, შიგნით რაც მჭირდა, დაიშალა და ჩემგან გამოვიდაო. სრულიად განიკურნა ეს ადამიანი, დღემდე მაქვს მასთან ურთიერთობა.
  მამაო ყველას ნუგეშს აძლევდა, მეც ვსწავლობდი მისგან და მინდოდა, ყველას დავხმარებოდი. ერთხელ ქალები მოვიდნენ, ერთმა მითხრა, ამწუთას შვილიშვილი გარდამეცვალა, ახლა შვილიც მიკვდება, აპარატზეა მიერთებული. ექიმებმა მითხრეს, ჩვენ ვეღარ ვუშველით. აქ აკლესიაა და იქ მიდი, შენს შვილს მარტო ღმერთი თუ დაეხმარებაო. მამა სოგრატის საფლავზე მოვიდნენ. ვუთხარი, მამაო ცრემლით ლოცვას მაშინვე იწირავს, მთელი გულით მიმართეთ-მეთქი. დაემხნენ მამაოს საფლავზე და მთელი გულით ევედრებოდნენ. მეც ვთხოვდი: მამაო, განკურნე-მეთქი. შეიძლება, ცოტა რთულია ამის გაგება, მაგრამ თითქოს მამაოსგან დასტური მივიღე, განიკურნება, ეს ლოცვა მიღებულიაო. გრძნობ, მისი მადლი გულში რომ შემოდის. ცოტა ხანში ის გოგონა განიკურნა, გვერდით მეჯდა და მიყვებოდა, როგორ დაიწყო აღსარების ჩაბარება, როგორ აზიარეს და ასე შემდეგ.
  მრევლი: ჩემი შვილიშვილი მამა სოგრატის ლოცვით გაჩნდა. ჩემს შვილს, რომელიც მისი გაზრდილია, უთხრა, დროა ბავშვი გააჩინოო და ჩემა გოგონამაც დაუჯერა. მანამდე არ აპირებდა. მერე მამაომ მითხრა: ჩემთვის რომ არ დაეჯერებინა, მერე მე ვერ ვუშველიდიო. ვერც წარმოვიდგენდი თუ შეიძლებოდა, მამაოს ასე უცებ რამე მოსვლოდა. ვფიქრობ, რაღაც საფრთხეს ხედავდა და მერე აღარ ვიქნები და ვეღარ დავეხმარებიო, ეს იგულისხმა. ასე გაჩნდა ჩემი შვილიშვილი, რომელიც ვადაზე ადრე მოგვანათლინა მამაომ, ორმოც დღეს არ დაველოდეთ. მამა სოგრატი მალე ცუდად გახდა და მას შემდეგ საავადმყოფოში იყო, მაგრამ ჩემი შვილიშვილის დალოცვა მოასწრო. ბავშვი წამოიზარდა და ლაპარაკის დაწყება დაუგვიანდა. მამაოს საფლავზე წავიყვანე. ჩვენ შიგნით შევედით, მამამისი გარეთ გველოდა. როგორც კი საფლავიდან გარეთ გამოვიყვანე, მაშინვე დაუძახა ჩემს სიძეს „მამაო“ და მას შემდეგ ჩვეულებრივად ლაპარაკობს. მამაოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. მის სიცოცხლეში ძალიან ბევრი სასწაულის მომსწრე გავხდარვარ და არც გარდაცვალების შემდეგ გამკვირვებია, მის საფლავთან დაკავშირებული სასწაულები.

скачать dle 11.3