კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 გიორგი კალანდია: მე სხვისი შვილი ყოველთვის მახსოვს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: გიორგი.
გვარი: კალანდია.
პროფესია: ისტორიკოსი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ერთ საღამოს დედაჩემმა მომკიდა ხელი და წამიყვანა სადღაც, სადაც იყო ძალიან ბევრი მოჭიკჭიკე მერცხალი. ეს ადგილი გახლდათ დადიანების სასახლე.  მაშინ მეგონა, რომ ეს სასახლე ყველაზე დიდი იყო მსოფლიოში და მასზე დიდი რამ ვერც წარმომედგინა.
– პროფესია განაპირობა...
– დიდი ხანი მინდოდა ვეტერინარობა და ვფიქრობდი, რომ საქართველოში ყველაზე  მაგარი ზოოლოგი და ვეტექიმი  გამოვსულიყავი. ამ ამბავს ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ და ბოლოს ისევ დადიანების სასახლემ გადამაწყვეტინა, ისტორიისკენ წავსულიყავი.
– პროფესიული ჩვევა...
– ძალიან პედანტი ვარ, ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ: დროს, წესრიგს და ასე შემდეგ. ეს ყველა ჩემმა თანამშრომელმა იცის.
– მშობლების როლი...
– დედაჩემმა დიდი როლი ითამაშა იმ თვალსაზრისით, რომ მარტომ გამზარდა. მამა უცხოეთში ცხოვრობდა, ამიტომ თინეიჯერობის პერიოდში მასთან მინიმალური შეხება მქონდა. აქედან გამომდინარე, ჩემმა აღზრდამ დედაჩემზე გადაიარა.
– ჩემთვის წარმატებული ადამიანი არის...
– არა ის, ვინც მდიდარია და კარგი შემოსავალი აქვს, არამედ ის ვინც ბევრს მოგზაურობს. თუ ადამიანს აქვს მინიმალური დანაზოგი, აუცილებლად სამოგზაუროდ უნდა გამოიყენოს, რადგან ცხოვრება მხოლოდ გზაა, სადაც დროებით ვართ მოსულები და მივდივართ სამუდამოდ. ამიტომ, ამ ცხოვრებაში ბევრი რამის ნახვა უნდა მოვასწროთ. წარმატებულია ის, ვისაც აქვს თუნდაც ერთი ოთახი, მაგრამ არის სულიერად მშვიდი. ბევრი ადამიანია ჩემ გარშემო, რომლებსაც აქვთ მაღალი ხელფასი და ჰყავთ საუკეთესო მანქანა, თუმცა აფორაქებული ცხოვრება აქვთ. და ბოლოს, წარმატებულია ის, ვისაც ხანგრძლივი ჯანმრთელობა ღვთისგან ებოძა.
– მეშინია...
– ყველაზე მეტად მეშინია სიბნელის, ასევე მარტოობის. ეს ორი რამე ძალიან არ მიყვარს.
– რა არის ცოდვა?
– ჩემთვის ცოდვა არ არის ის, რაც კლასიკურადაა მიღებული. ცოდვაა ის, რასაც აკეთებ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერ ადამიანთან და საქმესთან მიმართებაში საკუთარ თავთან ვიყო მართალი.
– მწამს...
– ღმეთის და მუდმივად მის ძიებაში ვარ. მე არ მწამს ბრმად, არგუმენტები მჭირდება იმისთვის, რომ ეს რწმენა განვამტკიცო. ვარ მოაზროვნე ადამიანი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი  პასუხგაუცემელი კრიტიკული კითხვა მაქვს, მაინც მწამს ღმერთის.
– რა არის ბედისწერა?
– ბედისწერა ყველაფერია. ისეთი ცხოვრება მაქვს, თუ კონკრეტულ საქმეზე ზოგიერთ ადამიანს ბევრი დრო და წვალება არ სჭირდება, მე – პირიქით. გულწრფელად ვამბობ, რასაც მივაღწიე, ეს მარტო ბედისწერის დამსახურება არაა, ამაში ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული. ვაღიარებ, მშურს იმ ადამიანების, რომლებიც ბედისწერით რაღაც განსაკუთრებულს იღებენ ხოლმე. მამიდასთან ერთად ირლანდიაში რომ ვიყავი, ყოველ კვირას ვყიდულობდი „ლოტო მილიონს“ და მინდოდა, მილიონერი გავმხდარიყავი, მაგრამ ჩემი ბედისწერა ასეთი არ აღმოჩნდა.
– რისკიანი ხართ?
– კი, მაგრამ რაც უფრო ასაკში შევდივარ, რისკიც იკლებს. ჩემთვის, მამაკაცისთვის, რომელსაც არც ცოლი ჰყავს და არც შვილები, რისკზე წასვლა ძალიან მარტივია. ამიტომ ხშირად ვრისკავ.
– სიზმრების გჯერათ?
– კი, ძალიან მჯერა და რაც დრო გადის, ვატყობ, რომ ცრურწმენებიც მაქვს. თუ ცუდ სიზმარს ვნახავ, აუცილებლად წყალს ვუყვები. მაქვს დიდი ინტუიცია და არ მახსოვს, მას არ გაემართლებინოს. ამ ინტუიციას ვუკავშირებ სიზმრებსაც. გავიზარდე ოჯახში, სადაც სიზმრების კულტი მაღალია და ეს, ალბათ, ჩემზეც გადმოვიდა.
– სიყვარული – ეს არის...
– შეყვარებული ადამიანი ამაღლებულია, თუმცა, იმავდროულად, საცოდავი. შეყვარებული ადამიანის დაჩაგვრა ძალიან მარტივია, ყველამ ვიცით, რამდენად უმწეოა შეყვარებული კაცი. ახლა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, შეყვარებულ წყვილებს რომ ვხედავ, მათ მიმართ დიდი თანაგრძნობა მაქვს.
– როგორია თქვენთვის იდეალური ქალი?
– უნდა ვაღიარო, უპირველეს ყოვლისა, არის ძალიან ლამაზი და მიმზიდველი, მეორე – ვაფასებ  გონიერებს. მოკლედ, ფიზიკურ და გონებრივ მონაცემებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ქალს ალამაზებს...
– მამაკაცი და საკუთარი შინაარსი, როგორია ის. ასევე, ქალს ალამაზებს ჩაცმულობა.
– შეგშურებიათ?
– ის, ვინც გეტყვით, რომ არ შეშურებია, არის მატყუარა. ეს არის გრძნობა, რომელიც ყველა ადამიანს დასდევს. სულხან-საბამ განმარტა ძალიან კარგად: სხვათა კეთილზე ურვა, სხვათა კეთილზე დარდი არის შური. რა თქმა უნდა, მეც მქონია ეს შეგრძნება და მაქვს კიდეც. მაგრამ ვაცნობიერებ იმას, რომ მაქვს, ვებრძვი მას. ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს: შეგშურდა? ინებე და გააკეთე ისე, ან არ გამოხატო.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– ბევრჯერ. არ ვცხოვრობ იმ პრინციპით: თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. არის ასეთი გამოთქმა: ჩვენ, ადამიანებს გვეჩქარება, მაგრამ ღმერთს –

არა. განგება აუცილებლად დაალაგებს თავის ადგილზე ყველაფერს. მინდა ხოლმე სამაგიეროს გადახდა, მაგრამ თუ არ მაქვს ამის გაკეთების საშუალება, დალოდების ბრწყონვალე უნარი გამაჩნია.
– ეჭვიანი ხართ?
– ძალიან ცოტა ქართველი მამაკაცი მეგულება, რომელიც ეჭვიანი არ არის. იჭვი არის ჩვენი ბუნების თანამდევი ნაწილი, ოღონდ გააჩნია, რა კოეფიციენტით. საშუალო ეჭვის ადამიანი ვარ. ეს არ მიშლის ხელს ურთიერთობებში, რადგან ჩემი ეჭვიანობა მაშინვე ვლინდება და გულში არაფერს ვიტოვებ.
– როდის ყვირით?
– ყოველთვის, ეს არის ყველაზე საშინელი თვისება, რომელიც გამაჩნია. ვყვიროდი ბევრს, მით უმეტეს, მაშინ, როცა მოვედი „ხელოვნების სასახლეში“ და იყო უმრავი პრობლემა. მუდმივად ვებრძვი ამ თვისებას, რომელიც ჩემში ძალიან არ მომწონს.
– როდის ტირით?
– რაც ასაკში შევდივარ, უფრო მეტჯერ მიჩნდება ტირილის სურვილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვტირი. ვტირი, როცა ჩემთვის ძვირფასი და ახლობელი ადამიანები მიდიან. ილია ჭავჭავაძეს აქვს ლექსი, სადაც არის ასეთი ფრაზა: მამაკაცსაც ცრემლი შეშვენის...
– ვემალები...
– სირცხვილის გრძნობას. როდესაც რაღაცის მრცხვენია, სად დავიმალო, არ ვიცი.
– ბილწსიტყვაობთ?
– ვერ ვიტყვი, რომ ბილწსიტყვიანი ვარ. მიწევს ხოლმე, მაგრამ ჩემი ბილწი სიტყვის მოსმენა არც თუ ისე მარტივია.
– გიჭირთ ბოდიში მოხდა?
–  არა, პირიქით. როცა ადამიანი ბოდიშს იხდის, ეს საუკეთესო თვისებად მიმაჩნია.
–  ვერიდები...
– უხეშ ძალას, რადგან არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფიზიკური დაპირისპირებით რაღაცას უნდა მიაღწიონ. ხშირად მითქვამს, ვიღაცამ რომ წამაქციოს, ხელის შემბრუნებელი არ ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ უხერხულია. როცა ადამიანს სიტყვით ვერაფერს შევაგენებინებ, ვცდილობ, მისგან შორს ვიყო.
– ვაგროვებ...
– საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ნიღბების კოლექცია მაქვს, ასევე ნუმიზმატიკური კოლექციაც. ვაგროვებ საახალწლო ბარათებსა და ლამაზყდიან წიგნებს. ხომ არის წიგნები, რომლებსაც შინაარსი აქვთ კარგი, მე მაქვს წიგნები, რომლის ყდებიც ხელოვნების ნიმუშებია.
– როდის იტყუებით?
– ხშირად, მაგრამ ჩემი სინდისის საწინააღმდეგო ტყუილებს არ ვამბობ. არასოდეს მითქვამს ტყუილი, რომელიც სხვა ადამიანს დააზარალებს.
– ვანანობ...
– ბევრ რამეს, ერთ-ერთი იმას, რომ დიდი შანსი მქონდა, წავსულიყავი უცხოეთში, იქ მესწავლა და უფრო მეტი რამისთვის მიმეღწია.
– ჩემი თილისმა...
– თურქეთში დავესწარი ჭიდაობას – „ქარაქუჯაქს“. თურქი ქართველები ჭიდაობდნენ, ჯერ მამაკაცები, შემდეგ – ხარები. კორიდას მსგავსი უნიკალური სანახაობაა. ჭიდაობის დროს მამაკაცებიდან ერთ-ერთი ფეხზე იკეთებს წითელ ლენტს – მსაჯმა რომ გაარჩიოს, ვინ ვინ არის. ჩემმა მეგობარმა ფეხზე გაიკეთა ლენტი და მითხრა: თუ გავიმარჯვებ ჩათვალე, რომ ეს ლენტი ყოველთვის გამარჯვებას მოგიტანსო. მას შემდეგ ეს წითელი ლენტი გამობმული მაქვს ჩანთაზე და ყველგან დამაქვს. სხვათა შორის, ამართლებს მეგობრის სიტყვებს.
_ ადამიანი რისთვის იბადება?
– აქედან არავის არაფერი წაუღია, მაგრამ ბევრს დაუტოვებია. ამიტომ მნიშვნელობა აქვს არა იმას, რას წაიღებ, რადგან ვერაფერსაც ვერ წაიღებ, არამედ რას დატოვებ.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– დედაჩემისგან გამიგონია: არასოდეს დაგავიწყდეს, რომ სხვისი შვილი ვიღაცის შვილია. სამწუხაროდ, საქართველოში ეს არ ახსოვთ. ჩვენ ერთმანეთს ვლანძღავთ, ვაბულინგებთ და არასოდეს გვახსენდება, რომ ის არის სხვისი შვილი, რომელსაც ჰყავს მამა, დედა, ცოლი, შვილი, რომლებიც ნერვიულობენ მასზე. თუ მას არ უფრთხილდები, უნდა გაუფრთხილდე მის გარემოცვას. ამიტომ მე სხვისი შვილი ყოველთვის მახსოვს.

скачать dle 11.3