კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№3 რატომ დარჩა ქალებში პოპულარული ანდრია დადიანი ოჯახის გარეშე და რას წერდა მასზე მსოფლიო პრესა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ქართველი მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი ანდრია დავითის ძე დადიანი 1850 წელს ზუგდიდში დაიბადა. ანდრია დადიანი სამეგრელოს ბოლო მთავრის, დავით დადიანის უმცროსი ვაჟი და დადიანების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის, ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის ძმა გახლდათ. მისი დედა – ეკატერინე ჭავჭავაძე სახელგანთქმული მგოსნის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული იყო, რომელმაც თავის ნაბოლარა ვაჟს ჭადრაკის თამაში ასწავლა.
  დავითის გარდაცვალების შემდეგ დადიანების ოჯახი ჯერ რუსეთში, შემდეგ კი გერმანიასა და საფრანგეთში ცხოვრობდა. იგი თავისუფლად ლაპარაკობდა 6 ენაზე. 1873 წელს დაამთავრა ჰაიდელბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1874 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის ჩინი.
  ანდრიამ საუცხოოდ იცოდა ჭადრაკის თეორია, თანამშრომლობდა იმ დროის უცხოურ და რუსულ საჭადრაკო ჟურნალებში. ფრანგულ ჟურნალ „სტრატეჯიეში“ მუდმივად იბეჭდებოდა მისი ბრძნულად შესრულებული პარტიები. ჭადრაკის რამდენიმე პარტია დღესაც დადიანის პარტიის სახელწოდებითაა ცნობილი. ინგლისურმა საჭადრაკო ჟურნალმა „ჩეს მანთლიმ“ (The Chess Monthly) 1892 წლის ივნის-ივლისის ნომერი მთლიანად დადიანის შემოქმედებას მიუძღვნა. 1903 წელს კიევში ფრანგულ ენაზე გამოიცა დადიანის 100 პარტიის დაბოლოება (Fins de Partie du Prince Dadian de Mingrelie). მან ეს წიგნი თავისი მეგობრის, რუსი ოსტატის, ემანუილ შიფერის დახმარებით შეადგინა. წიგნი შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა და იგი იმით არის აღსანიშნავი, რომ ქართველი ოსტატის მიერ საჭადრაკო თემაზე დაწერილ პირველ წიგნს წარმოადგენს. შიფერის წინასიტყვაობაში ნათქვამია: „ამ წიგნს, რომელიც მისი ბრწყინვალების, სამეგრელოს პრინცის, ანდრია დადიანის 100 უდიდეს საჭადრაკო პარტიას შეიცავს, ვუძღვნი ჭადრაკის ყველა მოყვარულს. ვინც პრინცის ოსტატობასა და მის პიროვნებას იცნობს, წიგნს მღელვარებით ელის. ჭადრაკის მოყვარულები მადლიერნი დაგვრჩებიან იმისათვის, რომ ეს პარტიები შევკრიბეთ და გამოვაქვეყნეთ.”
  ზუგდიდის მუზეუმში ახლაც ინახება ანდრიას საყვარელი საჭადრაკო დაფა. ის ევროპაში სპეციალური დაკვეთითაა შესრულებული და ერთადერთი ეგზემპლარია. დაფა გაფორმებულია სადაფებით, ფიგურები კი სპილოს ძვლისგანაა გამოთლილი. დადიანს ჭადრაკი იმდენად ჰყვარებია, რომ კიევის სასახლეში, სადაც მან სიცოცხლის 2 ათეული წელი გაატარა, იატაკი თეთრი და შავი ხის პარკეტით ჰქონია მოჭადრაკებული.
  პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება ხშირად მწარე სიურპრიზებითაა აღსავსე. ადამიანის, რომლის პორტრეტი ევროპაში ფერად საფოსტო ბარათზე იყო აღბეჭდილი და უზარმაზარი ტირაჟით ვრცელდებოდა, პირადი ცხოვრება ვერა და ვერ აეწყო – უცოლშვილო, მარტოხელა, თავის სამშობლოს მოწყვეტილი, გენერლის ჩინოსანი ანდრია დადიანი დაავადდა და 1910 წელს, 60 წლის ასაკში კიევში გარდაიცვალა. (წყარო –„ბურუსი“).
  ირაკლი მახარაძე (კინორეჟისორი, მკვლევარი): ანდრია დადიანს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, გენერალ-ლეიტენანტობას მიაღწია, მაგრამ ისტორიას მისი სახელი, როგორც ბრწყინვალე მოჭადარაკისა და მეცენატისა, ისე შემორჩა. დადიანი ითვლება პირველ ქართველ მოჭადრაკედ. 1897 წელს ჟურნალი British Chess Magazine წერდა: „(დადიანი) ლაპარაკობს ექვს თანამედროვე ენაზე და მისი ერუდიციის შესახებ კი ცნობილია მთელს ევროპაში“. ანდრია ჭადრაკს დედამისმა, ეკატერინე ჭავჭავაძემ, ბავშვობაშივე აზიარა და მისი ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. არ ყოფილა პროფესიონალი მოჭადრაკე, მაგრამ მისი სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში. „სამეგრელოს თავად დადიანის საჭადრაკო პარტიები საუცხოოა და საჭადრაკო ლიტერატურაში დარჩება, როგორც შედევრი“, – წერდა იგივე British Chess Magazine. მას ევროპის სხვადასხვა ქალაქში ნათამაშები ჰქონდა იმ დროის ბევრ ცნობილ მოჭადრაკესთან (ვლადიმირ ლიზელი, სემუელ როზენტალი, სერაფინო დიუბუა, ილია შუმოვი, იგნაც კოლიში...). ხშირად ესტუმრობოდა რუს მწერალს, ივანე ტურგენევს მის პარიზულ ბინაში, სადაც ჭადრაკის მოყვარული მასპინძელი საჭადრაკო საღამოებს მართავდა. 1881-1882 წლებში მონაწილეობდა პეტერბურგის საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა ორ ტურნირში და პირველი ადგილი ორივეჯერ დამარცხების გარეშე დაიკავა. 1903-1904 წლებში იგი მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი იყო. ანდრია ჭადრაკისთვის ფულს არ იშურებდა და დიდ ტურნეებში ლამაზი პარტიებისთვის ჯილდოს აწესებდა. საქართველოში ზოგიერთი არ იზიარებდა მის ასეთ თავდადებას ჭადრაკისადმი. ჟურნალისტი დავით მიქელაძე გაზეთ „დროებაში“ (¹6, 1873) წერდა: „მე სხვებივით არ ვფიქრობ, რომ ჭადრაკის თამაში საძრახი საქმე იყოს, მაგრამ ბევრად უფრო სასიამოვნო იქნებოდა, რომ რაიმე სამშობლოს სასარგებლო მოქმედებით გაითქომდენ სახელსა ჩვენი თავადები...“.
– მისი ოჯახური ცხოვრების შესახებ რა ვიცით?
– ანდრია დადიანი მარტოხელა ადამიანი იყო, ცოლი არ შეურთავს, თუმცა დიდი პოპულარობით სარგებლობდა სუსტი სქესის წარმომადგენლებში. თენგიზ გიორგაძე მოგვითხრობს ერთი შემთხვევის შესახებ: ერთხელ, პარიზში, პარკში ცხენით ჯირითისას დადიანმა ახალგაზრდა ლამაზი ქალი შენიშნა, რომელიც ძალიან მოეწონა, მაგრამ ქალმა აინუნშიც არ ჩააგდო მისი ყურადღება და იქვე მდებარე რესტორნის აივანზე ვიღაც მამაკაცთან ერთად შამპანურის სმა დაიწყო. ანდრიამ ვერ აიტანა ასეთი უყურადღებობა და ერთი ბოთლი შამპანური შეუკვეთა. შემდეგ კი, ამ ქალბატონის თვალწინ მთელი ბოთლი ცხენთან ერთად გამოსცალა. ქალმა ეს რომ დაინახა, აღშფოთებულმა მაშინვე რესტორანი დატოვა... სიცოცხლის ბოლო წლებში დადიანი დაავადმყოფდა – მას ხელის დამბლა დაემართა და ენაც წაერთვა. იგი კიევში გარდაიცვალა 60 წლის ასაკში. დაკრძალულია მარტვილის საგვარეულო მონასტერში.

скачать dle 11.3