კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ლაშა კანკავას მსახიობობა ინდურმა ფილმებმა გადააწყვეტინა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ლაშა კანკავამ მსახიობობა ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში გადაწყვიტა და მას შემდეგ საკუთარი მიზნისთვის არ უღალატია. ახალ მიზანზე კი თავად მოგიყვებათ.
  ლაშა კანკავა: სამი წლის ვიყავი, როცა პირველად ვთქვი, მინდა, მსახიობი გამოვიდე-მეთქი. მაშინ კინოთეატრებში სულ ინდური ფილმები გადიოდა. პირველად „დისკოს მოცეკვავე“ ვნახე და იმ ასაკისთვის გაუცნობიერებლად, ამ ფილმმა გადამაწყვეტინა მსახიობობა. ოჯახში არავის უნდოდა, რომ ეს პროფესია ამერჩია. მაგრამ მე სხვა რამეზე არასდროს მიფიქრია. მუსიკასა და აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე დავიწყე სიარული. დიდი ინტერესი არცერთისადმი არ მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს ცოდნა მომავალში ფილმებში გამომადგებოდა. არავის სჯეროდა, თუ მე მსახიობობას შევძლებდი. რუსთავში ვცხოვრობ, იქიდან სხვებიც აბარებდნენ თეატრალურში და გულშემატკივრებთან ერთად იყვნენ მოსული. გამოცდაზე მე რომ მნახეს, გაოცებულები მეკითხებოდნენ – შენ აქ რა გინდა, შენგან რა მსახიობი უნდა გამოვიდესო? ეს დამოკიდებულება იმიტომ ჰქონდათ, რომ არასდროს ვყოფილვარ აქტიური ბავშვი. ძალიან წყნარი ვიყავი, ვერავის წარმოედგინა ჩემი მსახიობობა, მაგრამ აქამდე მოვედი და კიდევ უფრო შორს ვაპირებ წასვლას.  ზუსტად ვიცი, რომ შედეგს სურვილის ძალა განაპირობებს და არა ირგვლივ არსებული გარემოება.
– წარმატებები როდის დაიწყო? მსახიობის პროფესია პოპულარობასთანაა დაკავშირებული, მაყურებელმა უნდა მიგიღოს.
– ეს ცოტა სევდიან ისტორიასთანაა დაკავშირებული. მამა ყოველთვის მეუბნებოდა, ერთი ნაცნობიც კი არ მყავს მსახიობი, დახმარება რომ ვთხოვო და ძალიან გაგიჭირდება, არ გამოგივაო. ის კეთილი განზრახვით მეუბნებოდა, მაგრამ ეს პროფესია რომ ავირჩიე, მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ სხვისი დახმარების გარეშეც შემეძლო წარმატების მიღწევა. თეატრალურ გარემოში არ გავზრდილვარ და ის რეალობა და მენტალობა, რომელიც თეატრალურში დამხვდა, ჩემთვის ძალიან უცხო აღმოჩნდა. სხვანაირ ხალხთან მოვხვდი, სხვა ურთიერთობები იყო. მე არ ვიყავი ამბიციური ბავშვი და უცებ აღმოვჩნდი ადამიანებთან, რომლებიც მთების გადადგმას აპირებდნენ, პირველობისთვის ერთმანეთს შეჭამდნენ.  ძალიან თავისუფლები იყვნენ. რაც უნდა ბევრი ფული გქონდეს, მანქანას რომ იყიდი, მართვას თუ არ ისწავლი, არაფერი გამოვა. რაც უნდა ნიჭიერი ვყოფილიყავი, თუ მათთან ერთად ყოფნასა და მათთვის კონკურენციის გაწევას ვერ შევძლებდი, ჩუმად ჯდომით არაფერი გამომივიდოდა. თეატრალური რომ დავამთავრე, თავისუფალ თეატრშიც ვთამაშობდი, რამდენიმე ფილმშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ საკუთარ თავში ეჭვი შემეპარა. ვფიქრობდი, მართლები ხომ არ იყვნენ, მართლა სხვაგან ხომ არ მოვხვდი-მეთქი? შევეშვი ამ პროფესიას და დრამატურგიის თავისუფალი მსმენელი გავხდი. ვერც იქ ვიპოვე ჩემი თავი და მივატოვე. შემდეგ, ორი წელი ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, რაც ძალიან დამეხმარა ბევრ რამეში. მსახიობობა განა არ მინდოდა, უბრალოდ, რაღაც მაკავებდა, ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავდი – საკუთარ თავს ვებრძოდი. მაგრამ 2005 წელს ეს მომენტი დავძლიე, სხვა გამოცდილებებმა მიმახვედრა, რომ მხოლოდ ეს პროფესია მინდოდა. კონტაქტები მოვიძიე და ყველაფერი თავიდან დავიწყე. სახლში მაინც უკმაყოფილოები იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით. ფილმები და სერიალები მანამდეც იყო, მაგრამ ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ პოპულარობა რასაც ჰქვია, ეს მამაჩემის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ დაიწყო. სერიალ „შუა ქალაქში“ დამიძახეს და პირველივე სერიის გამოსვლისას ვიგრძენი, რომ უკვე ყველაფერი სხვანაირად იყო. ამას კიდევ მოჰყვა სერიალები, ფილმები უცხოური თუ ქართული. მაგრამ დღემდე ძალიან მწყდება გული, რომ ამ ყველაფერს მამა ვერ მოესწრო.
– „შუა ქალაქში“ ცოტა საშიში პერსონაჟი იყავით. გარეგნობაც ძალიან მკაცრი გაქვთ, როგორი ხართ რეალურად?
– როცა ნაჯახივით სახე გაქვს, ბევრი არ ცდილობს შენთან კონტაქტის დამყარებას და დიდი მადლობა მათ სითამამისთვის, ვინც ამას მაინც აკეთებს (იცინის). მეუბნებიან ხოლმე, გაცნობამდე გვეგონა, რომ ყველაზე საზიზღარი ტიპი იყავიო. ძირითადად, უარყოფითი როლები მაქვს, თუმცა, არამარტო. მაგალითად, სერიალ „ტიფლისში“ ძალიან დადებით გმირს ვასახიერებდი და ყველას შესაბამისი დამოკიდებულება ჰქონდა. გალაკტიონი ვითამაშე მხატვრულ ფილმ ექვთიმე ღვთისკაცში. დღესაც მახსოვს მაყურებლის ტაში და ოვაციები, რაც ფილმში ჩემი პერსონაჟის გამოჩენას მოჰყვა, მართლა საოცარი ვიზუალური მსგავსება იყო. ძირითადად, უარყოფით როლებს რომ მთავაზობდნენ, თავიდან ვბრაზდებოდი და გული მწყდებოდა, ახლა ჩემი პროფესია კარგად შევისწავლე და ჩემს მაშინდელ დამოკიდებულებაზე მეცინება. ეს არაა პროფესია, რომლისთვისაც ვიზუალს მნიშვნელობა არ აქვს. ხშირად მეუბნებიან, კარგი ცუდი ბიჭი გამოვიდოდა შენგანო და ეს ჩვეულებრივი მომენტია. ისეთი უნდა გაყიდო შენი თავი, როგორიც კარგად იმუშავებს. მაგრამ ცხოვრებაში აბსოლუტურად განსხვავებული ვარ და ვინც მიცნობს, ისინი დამეთანხმებიან ამაში. მე, სინამდვილეში, სიტყვით უფრო შემიძლია ადამიანის წყობიდან გამოყვანა, ვიდრე მუშტებით. ესეც ფსიქოლოგიაზე ვისწავლე (იცინის) ვფიქრობ, რომ ძალის გამოყენება ყველაზე მდაბიო ფორმაა.
– უცხოური ფილმები ვახსენეთ. ეს თანამშრომლობა როგორ დაიწყო?
– რამდენიმე წლის წინ ნიკოლოზ ხომასურიძე გავიცანი. დავმეგობრდით, დავნათესავდით. ბევრ საქმეს დღესაც ერთად ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ
ოკეანის სხვადასხვა მხარეს ვართ. საყვარელი საქმის მეგობრებთან ერთად კეთება დიდი ფუფუნებაა. პირველი კონტაქტი უცხოელ ვარსკვლავებთან „აგვისტოს ხუთ დღეს“ უკავშირდება. ძალიან სასაცილო მომენტი გვქონდა: სასტუმროში ვიყავით და გადაღებისთვის ვემზადებოდით. იმ დროისთვის კირა ნაითლი ფილმის მთავარი გმირის გერლფრენდი იყო და დავხოცეთ ერთმანეთი კამათით, ჩამოვიდოდა თუ არა ის საქართველოში. ჩვენ რომ ამაზე ვკამათობდით, თურმე, კირა ნაითლი გვერდზე მაგიდასთან იჯდა და ყავას სვამდა. რომ გამოვედით, მერე დავინახეთ (იცინის). იმ პროექტზე ბევრი „ჰოლივუდის“ ვარსკვლავი ვნახეთ და პირადად გავიცანით. მას მერე იყვნენ: ვინი ჯონსი, ჯეისონ ფლემინგი, ვინსენტ პერესი, დარენ არანოვსკი, ბარი ლევინსონი, კრისტოფერ ვოლკენი და სხვებიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა და თანამშრომლობა წელს, წლის დასაწყისში მოხდა, რამაც თითქოს წრედი შეკრა და ბავშვობასთან დამაკავშირა. ბავშვობაში პირველად თმა რომ გავიზარდე და უკან გადავიწიე, სკოლაში, უბანსა და ინსტიტუტში, ყველგან დრაგოს მეძახდნენ. ერთ საღამოს ნიკოლოზ ხომასურიძე მირეკავს ამერიკიდან, მოემზადე, შენი ცხოვრების კუმირი მომყავსო. დოლფ ლუნდგრენი ჩამოიყვანა რეკლამაში გადასაღებად. აეროპორტში დავხვდი, მასთან დაკავშირებული ჩემი ისტორია მოვუყევი და რეკლამაშიც მასთან ერთად გადამიღეს. ძალიან მაგარი მომენტი იყო. მასთან გადაღებული ფოტო სპეციალურად არ ავტვირთე. დაველოდე, სანამ თვითონ არ ატვირთა და ის გავაზიარე. ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდა, ვინც ბავშვობიდან მიცნობდა და ეს ისტორია იცოდა, ყველა მწერდა.
– ზაფხულში „ჰოლივუდში“ იყავით, რას უკავშირდებოდა ეს ვიზიტი?
– ესეც ნიკოლოზის დამსახურებაა. „ვორნერ ბრაზერსისგან“ გვქონდა მოწვევა ფესტივალზე. ჩვენი პროექტით ხუთეულში მოვხვდით. მე და ჩემი მეგობარი, გიორგი გილიგაშვილი, ჩოხებით ვიყავით წარმოდგენილები. ძალიან დიდი ინტერესი გამოვიწვიეთ. ხალხს „სამეფო კარის თამაშების“ გმირები ვეგონეთ (იცინის). მაიკლ დუგლასი და დენი დევიტო დადგნენ მთავარ ბანერთან ფოტოს გადასაღებად. ოთხი დაცვის წევრი მოყვებოდათ. ყველა მისცვივდა – ჟურნალისტები, ფოტოგრაფები. ჩვენ დრო ვიხელთეთ და იქ დავდექით, საიდანაც უნდა გამოსულიყვნენ და ჩასაფრებულები ველოდით, მათ გამოსვლას, რომ ხელი ჩამოგვერთმია და გაგვეცნო. ეტყობა, ისე გამოვიყურებოდით, დაცვა ჩვენთან ვერ მოვიდა, ნიკოლოზთან მივიდნენ და უთხრეს, ამ ორი კაცის იქ დგომა არ შეიძლება და გთხოვთ, უთხარით, გამოვიდნენო (იცინის). ნიკოლოზთან ერთად ბევრ პროექტზე ვმუშაობთ. მისი დამსახურებაა, რომ ამ პროფესიაში ძალიან ბევრი ვისწავლე და პრაქტიკული გამოცდილება მივიღე. ახლა სცენარზე ვმუშაობ, რომელიც ვფიქრობ, ჩემი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი იქნება. გარდა ამისა, ისე მოხდა, რომ სამი სპექტაკლი მაქვს გაკეთებული რუსთავის თეატრში. ბოლოს რეზო გაბრიაძის „კოჯრის ტყის სიზმრების“ მიხედვით „ხეჩოს სიზმარი“ დავდგი, რომელსაც მაყურებლის მხრიდან სასწაული რეაქცია მოჰყვა. თეატრმცოდნეებმა მიწასთან კი გამასწორეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ვინ უსმენს მაგათ. სპექტაკლის შემდეგ ხალხი მსახიობებს საგრიმიოროებში უცვივდებოდნენ. ფოთის რეგიონალურ ფესტივალზე რუსები მეუბნებოდნენ, ძალიან მოგვეწონა, როგორ გეტყობათ, რომ მაინც ჩვენკენ გაქვთ გულიო და უცხოელები პირიქით ამბობდნენ – ძალიან მოგვეწონა, გეტყობათ, რომ დასავლეთისკენ იხრებითო. ინტერნაციონალური სპექტაკლი იყო. მას შემდეგ გადავწყვიტე, ეს პროექტი ფილმად ვაქციო და მთლიანად რუსთავში გადავიღო. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობ.
– რამდენადაც ვიცი, საბოლოო მიზანი „ჰოლივუდია“, არა?
– ნიკოლოზი სულ მეუბნებოდა, წამოდი „ჰოლივუდში“, ყველაფერს განახებო. მაგრამ იქ არა ტურისტად, ჩემი პროფესით მინდოდა ჩავსულიყავი, კონკრეტული საქმისთვის. ასეც მოხდა, რაც ძალიან მახარებს. ათი დღე ვიყავი „ჰოლივუდში“ და მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქრო მომავლის მასთან დაკავშირებაზე. „ჰოლივუდთან“ დაკავშირებით, ჩემში ბავშვურმა, კარგი გაგებით, ამბიციამ გაიღვიძა. თითქოს სისხლი გადამისხეს და უკანა გზაზე სულ ამაზე ვფიქრობდი. ვიცი, რომ ბევრი სირთულე მელოდება, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, მაგრამ ჩემში საამისო ენთუზიაზმი არის. ეს ის არის, რაც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ეს ოცნება არაა, მე კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამ ამ მიზნისკენ.
– რაც შეეხება ახალ ფილმს, რომელიც ირანელმა რეჟისორმა გადაიღო?
– ნიკოლოზ ხომასურიძემ მითხრა, ფერეიდნელი ქართველები დაგვიკავშირდნენ, ირანელებს უნდათ საქართველოში ფილმის გადაღებაო. მხოლოდ ერთი მსახიობი იყო ირანელი, დანარჩენი ქართველები, ასე უნდოდა რეჟისორს. ფილმს „დაბლენდი“ ჰქვია და პრემიერაზე მაყურებელი ძალიან კარგად გაჰყვა მის განვითარებას.
– ოჯახი...
– მყავს მეუღლე და ორი შვილი – ლუკა და მარიამი. ლუკა კალათბურთელია, მარიამი მღერის. ორივე რამდენიმე პროექტშია გადაღებული – ქართულშიც და უცხოურშიც, მაგრამ ამ პროფესიის მიმართ დიდი ინტერესით არ გამოირჩევიან. ჰონორარს რომ იღებენ, ჯერჯერობით მხოლოდ ეს მომენტი მოსწონთ (იცინის). აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ნინოს, რომელიც სულ გვერდში მიდგას და მეხმარება ჩემი პროფესიული განვითარებისა და წარმატებებისკენ სწრაფვის რთულ გზაზე.

скачать dle 11.3