კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 კომპრომატი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #2(993)

– მივხვდი, – მწარედ ჩაეცინა ჭელიძეს და დააყოლა, – ხომ ვთქვი, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია-მეთქი. აშკარაა, რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც დიდი იმალება. იქნებ, შევძლოთ და ცხელ კვალზე გავხსნათ ეს საქმე, სანამ „ზაჩისტკა“ არ გაუკეთებიათ.
– რას გულისხმობთ, ბატონო მაიორო? – იკითხა მელაძემ.
– კვალის წაშლას, თემურ. „ზაჩისტკა“ გასუფთავებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში კი კვალის გაქრობას, – მიუგო ჭელიძემ მელაძეს, – გეგმა ასეთია, – შენ კორძაძის ბინაში მიხვალ და ყველაფერს გაარკვევ მასზე. თვითონ, რა თქმა უნდა, იქ არ იქნება და მეზობლებს გაესაუბრე, მერე კი დანარჩენ ორ ხელქვეითს მიმართა: – მე ახლა თაქთაქიშვილს დავურეკავ და თუ ისევ გათიშული აქვს ტელეფონი, მას თქვენ მიაკითხავთ  ბინაში და აქ მომიყვანთ. შენ კი, თემურ, ახლავე წადი!
მელაძე რომ წავიდა, მაიორმა თაქთაქიშვილს დაურეკა, მაგრამ ტელეფონი ისევ გამორთული ჰქონდა და ჭელიძემ ხელქვეითებს მიმართა:
– წადით. ტელეფონი ისევ გამორთული აქვს. ვთქვათ და, სახლში არ დაგხვდათ, მაშინ მის მეზობლებს გაესაუბრეთ.
ხელქვეითები რომ წავიდნენ, ჭელიძემ გააბოლა და ჩაფიქრდა. შემდეგ თავი გააქნია და მონაცემთა ბაზაში ილია კორძაძის დოსიე მოიძია. აღმოჩნდა, რომ კორძაძე პროფესიით ინჟინერი იყო და დროებით არ მუშაობდა. ორი წლის წინ კი დაქორწინდა, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. მაიორმა კორძაძის მეუღლის ის მისამართი ამოიწერა, სადაც ჩაწერილი იყო. შემდეგ მელაძეს დაურეკა და უთხრა:
– სად ხარ, თემურ?
– მივედი უკვე და კიბეებზე ავდივარ, – უპასუხა მელაძემ.
– ამ სიჩქარეში კორძაძის დოსიეს ნახვა დაგვავიწყდა. მოკლედ, მას ცოლი ჰყავს. თუ კორძაძის ბინა დაკეტილი დაგხვდა, მის კარის მეზობლებს სწრაფად გამოჰკითხე ყველაფერი და მისი ცოლის საცხოვრებელი მისამართი ჩაიწერე. მოკლედ, მისი ცოლი უნდა მოძებნო, რომ დავკითხოთ.
– გასაგებია, ბატონო სოსო, – თქვა მელაძემ და ტელეფონი გათიშა.
მაიორმა გააბოლა და ჩაფიქრდა.
***
დილის ცხრა საათი სრულდებოდა, როდესაც თაქთაქიშვილთან გაგზავნილმა ერთ-ერთმა ხელქვეითმა ჭელიძეს დაურეკა და უთხრა:
– ბატონო სოსო, თაქთაქიშვილის მეზობლები აცხადებენ, რომ ოცდახუთი დღეა, პეტრე არ გამოჩენილაო და შეშფოთებული არიან. მისი ბინა კი ჩაკეტილია, მაგრამ არა შიგნიდან. შევამოწმეთ და ჩვენი აზრით, უბრალოდ, გამოკეტილია.
– იქნებ, სადმე გაემგზავრა? – იკითხა ჭელიძემ.
– ჩვენც ეს ვუთხარით, მაგრამ გვითხრეს, გამორიცხულიაო. თურმე, ორი-სამი დღითაც რომ მიდიოდა სადმე, ბინის გასაღებს კარის მეზობელს უტოვებდა – სიამის კატა ჰყოლია სახლში და მის მოსავლელად. ბინიდან კი არანაირი ხმა არ ისმის. კატა ხომ მაინც დაიკნავლებდა, თუმცა, ამდენ ხანს მშიერი ვერ გაძლებდა. მეზობელი კი ამბობს, ორი დღე რომ არ გამოჩნდა, მივაყურადე და ბინაში სიჩუმე იყოო. ყველა ფანჯარა დაკეტილია. კატა ვერსად გაძვრებოდა და ვფიქრობ, ცუდი ამბავი უნდა იყოსო.
– რა, მკვდარია? – იკითხა მაიორმა და დააყოლა, – თუ ოცდახუთი დღის წი:ნ, ვთქვათ, ბინაში გარდაიცვალა, მაშინ ხომ გაიხრწნებოდა?
– ბატონო სოსო, თაქთაქიშვილს უზარმაზარი მაცივარი ჰქონია სახლში. ხომ არ მოკლა ვინმემ და მაცივარში დამალა. კატაც მიაყოლა და შემდეგ კარი გამოიკეტა და წავიდა? ამის დიდი ალბათობაა და ვფიქრობთ, ბინაში უნდა შევიდეთ და იქაურობა დავათვალიეროთ, – თქვა ხელქვეითმა.
– კი. ლოგიკურია. დამელოდეთ და ბიჭებთან ერთად, მაქსიმუმ, ნახევარ საათში მოვალ, – თქვა მაიორმა და ტელეფონი გათიშა. შემდეგ მელაძეს დაურეკა და ჰკითხა:
– სად ხარ და როგორაა საქმე?
– ბატონო სოსო, კორძაძის ცოლთან მივდივარ. თქვენ რომ მისამართი ჩამაწერინეთ, იქაა და მელოდება, – თქვა მელაძემ.
– გელოდება? – იკითხა მაიორმა.
– დიახ. კორძაძის ბინა დაკეტილი დამხვდა და მეზობელმა მომცა მისი ცოლის მობილურის ნომერი და დავურეკე. მეზობელს გუშინ საღამოს უნახავს კორძაძე – სახლიდან გადიოდა და მითხრა, ცოლს უნდა შევურიგდეო. თურმე, ერთი კვირის წინ უჩხუბიათ და ცოლი თავის მშობლებთან  წასულა, – თქვა მელაძემ.
– მის ცოლს რომ დაურეკე, რა უთხარი, ვინ ვარო?
– ვუთხარი, რომ პოლიციიდან ვარ და მის მეუღლესთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვის დასმა მინდოდა. მან კი მიპასუხა, ასეც  ვიცოდი, რომ რაიმე შარში გაეხვეოდაო. მეტი არაფერი მითქვამს.
– თემურ, ის ქალი ჩვენთან წამოიყვანე და არაფერი უთხრა და არც ჰკითხო. ბიჭებმა დამირეკეს და თაქთაქიშვილის ბინაში მივდივარ ოპერჯგუფთან ერთად. დაკეტილი ბინა უნდა გავტეხოთ. დიდი შანსია, რომ თაქთაქიშვილი გარდაცვლილი იყოს. თურმე, ოცდახუთი დღეა, რაც არ გამოჩენილა.
– ამდენ ხანში ხომ ცხედარი გაიხრწნებოდა?
– ბინაში უზარმაზარი მაცივარი ჰქონია. მოკლედ წავედი და რომ დავბრუნდები, კორძაძის ცოლი დამახვედრე. დროებით! – თქვა ჭელიძემ.
– დროებით, – მიუგო მელაძემ. ტელეფონი გათიშა და ჩაილაპარაკა: „ტრუპი“ მაცივარში. ნამდვილი თრილერია...
***
პეტრე თაქთაქიშვილის ბინაში შესული პოლიციელები და ექსპერტები სახლის დაათვალიერებას შეუდგნენ. უზარმაზარი მაცივარიც გამოაღეს და ბინის პატრონის გვამი და მისი კატის ლეში მართლაც იქ აღმოჩნდა. თაქთაქიშვილს შიშველ სხეულზე წამების კვალი ეტყობოდა.
– პირველადი დათვალიერება აჩვენებს, რომ ამ კაცმა წამებას ვერ გაუძლო და გული გაუსკდა. ვფიქრობ, ჩემს ვარაუდს გაკვეთაც დაადასტურებს, – თქვა პათანატომმა.
სიამის კატა კი, სავარაუდოდ, გაგუდეს და პირსახოცში შეხვეული შედეს საყინულეში. ამ საზარელი სურათის ხილვისას მაიორს გულისრევის შეგრძნება დაეუფლა და შეიშმუშნა. შემდეგ ხელქვეითები გვერდით გაიხმო და უთხრა:
– მკვდრებს რომ წაიღებენ, აქაურობა გულდასმით დაათვალიერეთ. ყველა კუთხე-კუნჭული გაჩხრიკეთ და არაფერი გამოგეპაროთ. ნოუთბუქი და პროცესორი ტექნიკურ განყოფილებას ჩააბარეთ, რომ საგულდაგულოდ შეამოწმონ. მე სამმართველოში ვბრუნდები კორძაძის ცოლის დასაკითხად და საღამოს თქვენი მოკვლევის ანგარიშს ველოდები.
მაიორმა ჩქარი ნაბიჯებით დატოვა თაქთაქიშვილის ბინა და ნახევარი საათის შემდეგ უკვე თავის კაბინეტში, ილია კორძაძის ცოლს ელაპარაკებოდა. 30 წლის გრძელფეხება, ტანთხელი ქალი მოდურად იყო გამოპრანჭული, ფეხი ფეხზე გადაედო და წვრილ, გრძელ, ძვირად ღირებულ სიგარეტს აბოლებდა. კაბინეტში შემოსულ მაიორს გაუღიმა და ჰკითხა:
– ალბათ, თქვენ ხართ უფროსი, ხომ?
– მაიორი სოსო ჭელიძე. თქვენ როგორ მოგმართოთ, ქალბატონო? – თქვა მაიორმა და მაგიდას მიუჯდა:
– ეთო დამიძახეთ, – თქვა კორძაძის მეუღლემ.
– ქალბატონო ეთო... – დაიწყო ჭელიძემ. კორძაძის ცოლმა კი სიტყვა გააწყვეტინა:
– უბრალოდ, ეთო, ქალბატონის გარეშე, თორემ თავი ასი წლის ბებერი მგონია.
– კარგი, ეთო, – თქვა ჭელიძემ და დაამატა, – ბოლოს როდის ნახეთ თქვენი მეუღლე – ილია კორძაძე?
– ამ ერთი კვირის წინ, მაშინ, როდესაც ილოსგან წამოვედი. სახლში ვიჩხუბეთ და ჩემს მშობლებთან გავიქეცი.
– მას შემდეგ ტელეფონზეც არ გილაპარაკიათ? არც მას დაურეკავს და არც თქვენ?
– მეტი საქმე არ მქონდა, მისთვის დამერეკა, – ამრეზით თქვა ეთომ და დაამატა, – არა. ერთმანეთს არ შევხმიანებივართ.
– ბოდიშს გიხდით ასეთი ინტიმური კითხვებისთვის, მაგრამ რატომ იჩხუბეთ.
ქალს ირონიულად ჩაეცინა და თქვა:
– სოფლელია და იმიტომ.
– ეგ როგორ გავიგოთ?
– ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობს. მოდურად ჩაცმას მიშლის და არსად მიშვებს. ყელში ამომივიდა და დავშორდი. ჯვარს ავიყრი და ხელს გავაწერ. ვსიო! ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს.
– გასაგებია. თუ სწორად გავიგე, ხშირად ჩხუბობდით.
– დიახ. ასეა.
– თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით მომიყევით, რა მოხდა იმ დღეს, როცა მისგან წამოხვედით.
– დაქალთან უნდა წავსულიყავი ტუსოვკაზე და არ მიშვებდა. ბოლოს დამთანხმდა, მაგრამ მოკლე კაბის ჩაცმა ამიკრძალა. რომ ჩავიცვი და არ გამოვიცვალე, ტანზე შემომახია და მეც გამოვიქეცი.
– ჩვენი თანამშრომლისთვის გითქვამთ, ასეც ვიცოდი, რომ პოლიციასთან პრობლემა შეექმნებოდაო და რას გულისხმობდით?
– მის ხასიათს, ხეპრეობასა და თავშეუკავებლობას. ერთხელ ქუჩაში ჩემი კლასელი ბიჭი შემხვდა და გადავკოცნე. ილო, თურმე, ჩუმად მომდევდა და ის ბიჭი სცემა. წარმოგიდგენიათ?! არაფრის გამო სცემა და აბა, ასეთ ადამიანს ადრე თუ გვიან პოლიციასთან არ შეექმნება პრობლემა?
– მარტო ამას გულისხმობდით?
– აბა, კიდევ რას? – კითხვა შეუბრუნა მაიორს ეთომ.
– ქალბატონო ეთო, პოლიციის შეცდომაში შეყვანისა და ყალბი ჩვენების მიცემისთვის კანონი სასჯელს ითვალისწინებს და სულაც არ მინდა, რომ ის თქვენ შეგეხოთ, – შეაშინა მაიორმა ეთო და დაამატა, – მართლა მარტო ამას გულისხმობდით?
ქალი შეიშმუშნა და მაიორს უთხრა:
– არა, მარტო ამას არა. ამ ბოლო დროს რაღაც საეჭვოდ „დვიჟენიობდა“, მე მგონი, ვიღაც გოიმებთან ერთად და პისტოლეტი ვუპოვე უჯრაში.
– მაგაზე რა გითხრათ?
– არც მითქვამს, რომ ვიპოვე, თორემ შეიძლება, შუბლიც კი გაეხვრიტა ჩემთვის.
– გოიმებთან „დვიჟენიაში“ რას გულისხმობთ?
– რას და ამ ბოლო დროს ფული გაუჩნდა, არადა, უკვე ერთი წელია, არსად მუშაობს. ძვირფას-ძვირფასი საჩუქრები მომიტანა რამდენჯერმე და რომ ვკითხე, – საიდან-მეთქი, მითხრა, – ვმაფიოზობო. ახლა ვინღა მაფიოზობს. მხოლოდ გოიმები და მეც ვიფიქრე, ალბათ, გოიმებთან ერთად ჩალიჩობს-მეთქი.
– მხოლოდ იფიქრეთ, თუ რეალური ფაქტები გაქვთ? – გამომცდელად იკითხა ჭელიძემ.
– ერთი-ორჯერ თვალი მოვკარი, რომ ვიღაც შავ-შავ ხალხს ელაპარაკებოდა მანქანაში და არ მომეწონა. ეზოში იდგნენ. რომ ჩავუარე, მანქანიდან მომაძახა, – ადი და მალე ამოვალო. ხოლო რომ ამოვიდა და  ვკითხე, ვინ არიან-მეთქი, ნაცნობებიო, – მიპასუხა.
– რომ თქვით, ჩალიჩობსო, მაინც რას გულისხმობდით ამაში?
– ჩალიჩს – ფულის შოვნას და მეტს არაფერს, – მხრები აიჩეჩა ეთომ.
– გასაგებია. ახლა ის მითხარით, ეთო, სად შეიძლება, იყოს ახლა თქვენი მეუღლე?
– ალბათ, თავის სახლში.
– იქ არაა. სხვაგან?
– წარმოდგენა არ მაქვს, – თქვა ქალმა და დააყოლა, – რა, იმალება?
– დიახ. იმალება.
– რა დააშავა?
– სწორედ ამის გასარკვევად ვეძებთ.
– კარგი, რა ბატონო სოსო. გოიმი გგონივართ? ეძებთ და არ იცით, რა დააშავა?
– დაახლოებით, მაგრამ ჩვენ სრული სიმართლის გაგება გვინდა. აბა, დაფიქრდით, სად შეიძლება, იმალებოდეს? მეგობართან, ნათესავთან, ვინმე ახლობელთან ან, სულაც ქალთან, – თქვა მაიორმა და ეთოს თვალი თვალში გაუყარა.
– არა, ბატონო სოსო, ვინ ქალთან? ქალთან მე ის არასოდეს მინახავს და ჩემ გარდა, მე მგონი, სხვა ქალი არც ჰყოლია. სულ მეუბნებოდა, ჩემი ერთადერთი ხარო. ამ ორი კვირის წინ ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა და ტელეფონი დაუჯდა. მერე ჩემგან დაურეკა და რომ ვკითხე, ვინ არის-მეთქი, სიცილით მკითხა, – ეჭვიანობო? ეგღა მაკლია-მეთქი, ვუთხარი. ჩემი კლასელიაო, მითხრა. სკოლის დამთავრების თხუთმეტი წლისთავს ვიხდით და ფულზე შემეხმიანაო.
– ეთო, საუბრის შინაარსს ვერ გაიხსენებთ?
– მე მგონი, მართლა ფულზე ლაპარაკობდნენ. არც ვუსმენდი. მაკიაჟს ვიკეთებდი, თანაც, ილო ტუალეტში შევიდა.
– ქალის სახელისთვის ხომ არ მოგიკრავთ ყური?
– ლიათი მიმართავდა.
ჭელიძემ მელაძეს გადახედა. შემდეგ ისევ ეთოს მიუბრუნდა:
– ეთო, რომ თქვით დაურეკაო, იმ ლიას ნომერი ხომ არ იქნება თქვენს ტელეფონში დაფიქსირებული?
– არა, ბატონო, ზარებს ყოველთვის ვშლი.
– ესე იგი, ორი კვირის წინ ელაპარაკა თქვენი მეუღლე იმ ლიას?
– დიახ. ზუსტად ორი კვირის წინ, – დაუდასტურა ეთომ.
– კარგი. თქვენ შეგიძლიათ, წახვიდეთ, მაგრამ ერთზე უნდა შევთანხმდეთ, აქ რაზეც ვილაპარაკეთ და  იმის შესახებ, რომ თქვენს მეუღლეს ვეძებთ, სიტყვა არავისთან დაგცდეთ. თუ თქვენმა მეუღლემ დაგირეკათ, გნახათ ან მის შესახებ რაიმე გაიგეთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ. აი, ჩემი მობილურის ნომერი, – ჭელიძემ ქალს ფურცელი გაუწოდა და კაბინეტიდან გაისტუმრა.
ქალი რომ წავიდა, ჭელიძემ მელაძეს უთხრა:
– ახლავე წადი მობილურ კომპანიაში და ეთოსა და მისი მეუღლის სატელეფონო საუბრების ამონაბეჭდი გამოართვი. ნომრების მიხედვით გავალთ იმ ლიაზე და დამიდგინე, ვინაა, თუ, რა თქმა უნდა, მართლა ლია ჰქვია და ნომერიც მასზეა გაფორმებული.
– ბატონო სოსო, ფიქრობთ, რომ ხელჩასაჭიდს მიაგენით? – იკითხა მელაძემ.
– ინტუიცია მკარნახობს, – მიუგო მაიორმა.
თემურ მელაძე ორიოდე საათის შემდეგ დაბრუნდა მობილური კომპანიის ოფისიდან და სოსო ჭელიძეს ამონაბეჭდების დასტა მოუტანა. მაიორის ხელქვეითი ამაღლებულ განწყობაზე იყო. ჭელიძეს ეს არ გამოჰპარვია და იხუმრა:
– რა გიხარია, ბიჭო, ჯეკპოტი ხომ არ მოხსენი ლატარიაში?
– ჯეკპოტი არა, ბატონო სოსო, მაგრამ საინტერესო ინფორმაცია მოგიტანეთ.
– რა ინფორმაცია? – სერიოზული სახით იკითხა ჭელიძემ.
– მოკლედ, ასეთი ამბავია, ბატონო მაიორო, – ქალი, ანუ ლია, ვისაც ილია კორძაძე ელაპარაკა, ორი კვირის წინ ჯერ თავისი, შემდგომ კი ცოლის მობილურით, ლია ფაცაციაა.
– ვინ ლია ფაცაცია? – უცებ ვერ მიხვდა ჭელიძე.
– ბატონ შმაგი კილასონიას პირადი მდივანი! – საზეიმოდ თქვა მელაძემ.
– ვისი? შმაგის? ცუგრუმელა, ტო? – ლამის თვალები შუბლზე აუვიდა ჭელიძეს და თემურ მელაძეს ისე შეხედა, თითქოს თქვა, – მზე ორბიტას მოსწყდა და დედამიწას უნდა დაეჯახოსო.
– დიახ, ბატონო სოსო. სწორედ ის, – დაუდასტურა თემურმა.
– საიდან იცი? – დაბნეულად იკითხა ჭელიძემ.
მაიორის სიტყვებზე უკვე მელაძეს გამოეხატა სახეზე უკიდურესი გაოცება და მაიორს უთხრა:
– ეს ნომერი ლია ფაცაციაზეა გაფორმებული. ძალიან ძველია. ჯერ კიდევ იმ დროის, როდესაც ბატონი შმაგი კილასონია მხოლოდ პარლამენტის რიგითი წევრი იყო, – თქვა მელაძემ.
– კი მაგრამ, ეს ინფორმაცია როგორ მოიპოვე? ბობოლებზე ცნობების მოპოვება ჩვენნაირი რიგითი პოლიციელებისთვის დიდი პრობლემაა და მინიმუმ, მინისტრის მოადგილის თხოვნა სჭირდება. შმაგის ცუგრუმელა კი ბობოლებზე ბობოლაა და როგორ მოახერხე?
მელაძეს გაეცინა და ჭელიძეს უთხრა:
– თქვენც ხედავთ, რომ ფაცაციას ნომერი „ბლატნოი“ არაა და ამან შემიმსუბუქა საქმე. მას „ბლატნოი“ ნომრებიც ექნება და პირველ რიგში, ალბათ, სწორედ ამას უყურებენ, ხოლო როდესაც მობილურ კომპანიაში მივედი და პოლიციის სახელით ზარების ამონაბეჭდი მოვითხოვე, ერთ ახალბედა გოგონასთან გამგზავნეს და იმან ამომიბეჭდა. იქვე შევადარე ნომრები, ანალიზი გავაკეთე და იმ გოგონას ფაცაციას ნომრის მფლობელის ინფორმაცია ვთხოვე. იმანაც უპრობლემოდ ამომიღო მონაცემები კომპიუტერიდან. არც კი გაუაზრებია კლიენტის ვინაობა და შეიძლება, არც იცის, ვინაა ლია ფაცაცია. რომ ვნახე, ნომერი ვისი იყო, მეც დავეჭვდი და ისევ იქვე, იმ გოგონას კომპიუტერით უკვე საჯარო რეესტრში გადავამოწმე პირადი ნომრის მიხედვით და ლია ფაცაცია უკვე ფოტოთი ამომიგდო.
– ყოჩაღ, ძმაო, – მაიორმა ხელები გაშალა და დააყოლა, – მაგრად გიმუშავია. ძალიან ოპერატიულად და ეს უკვე რაღაცაა. თუმცა, ლიამდე ვინ მიგვასუნინებს... ან, რა გვიჭირავს ხელში? კიდეც რომ მოვახერხოთ ცუგრუმელას დაკითხვა, იტყვის, ვიცნობო და ტელეფონით საუბარი კი დანაშაული არაა.
– საეჭვოც არაა, ბატონო სოსო? – ეშმაკურად იკითხა თემურმა.
 – რას თვლი საეჭვოდ, მობილურზე საუბარს? – ჰკითხა ჭელიძემ.
– დიახ. სწორედ რომ, მობილურზე საუბარს ღამის ოთხ საათზე, – თქვა მელაძემ და ჭელიძეს შეხედა.
მაიორი გამოცოცხლდა და მელაძეს უთხრა:
– შენ ამბობ, რომ კორძაძემ ცუგრუმელას ღამის ოთხ საათზე დაურეკა?
– დიახ, ბატონო. კორძაძემ ფაცაციას ღამის ოთხ საათზე დაურეკა საავადმყოფოს პალატიდან. შემდეგ კი იქიდან გაიპარა, – თქვა მელაძემ. მაიორს წინ ფურცელი დაუდო და დაამატა, – აი, ბატონო სოსო, ამონაბეჭდი იმისა, თუ საიდან სად განხორციელდა ზარი: ზარის გამშვების ანძა საავადმყოფოს კვადრატში მდებარეობს, ზარის მიმღების კი, ანუ ფაცაციასი, ბატონი შმაგი კილასონიას რეზიდენციასთან ახლოს. ლოგიკურად გამოდის, რომ კორძაძემ ფაცაციას რეზიდენციაში დაურეკა. იმან კი, სავარაუდოდ, შეხვედრაზე დაიბარა და კორძაძე საავადმყოფოდან გაიპარა. ვფიქრობ, რომ ფაცაციამ კორძაძეს დაუყოვნებლივ შეხვედრა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კორძაძე საავადმყოფოდან არ გაიპარებოდა და დაელოდებოდა, თუ როდის გაუშვებდნენ. გაპარვა, თანაც, მაშინ, როდესაც პოლიციაა შენით დაინტერესებული, დიდად საეჭვო საქციელია და სარისკო. კორძაძე კი ამ რისკზე წავიდა. ვფიქრობ, იმის გადასაცემად, რაც თაქთაქიშვილის სეიფიდან აიღო.
მაიორი გულდასმით უსმენდა მელაძეს და როცა თემური საუბარს მორჩა, უთხრა:
– ეს ყველაფერი იმაზე მეტად სერიოზული ჩანს, ვიდრე წარმოვიდგენდით. ვფიქრობ, დიდ შარში ვეხვევით, თემურ, უკვე თუ არ გავეხვიეთ.
თემურ მელაძეს სახეზე იმედგაცრუება გამოეხატა და თქვა:
– ესე იგი, ბატონო სოსო, გამოძიება უნდა შევწყვიტოთ?
– პრაქტიკანტო ხელქვეითო, ნაძირალა ლაჩრის მეტყობა რამე? – ნახევრად ხუმრობით თქვა ჭელიძემ და თემურს შეხედა.
– მელაძეს სახე შეეცვალა. წამოწითლდა და ჭელიძეს უთხრა.
– არა, ბატონო სოსო, რას ბრძანებთ?! უბრალოდ, რომ თქვით, შარიაო, ვიფიქრე, ამ საქმეს ჩამოგვართმევენ-მეთქი და ეს ვიგულისხმე.
 დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3