კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ვნებების ტყვეობაში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #51-2(993)


გოგოები კარისკენ გაეშურნენ, რომ მეგობრის  საყვარლისთვის   ყველა უკანდასახევი გზა მოეჭრათ, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ მშვიდად მდგარი კაცი  უცებ აფორიაქდა, ტელეფონი ყურთან მიიდო და კაფედან გავიდა.
– რა დაემართა, სად გაქრა, დაგვინახა ვითომ? – სოფომ გაოცებით შეხედა მართას.
– რა გითხრა, ძალიან უცნაურად კი გავარდა.  მაგრამ ჩვენ ხომ არ გვიცნობს. თან მეეჭვება, დავენახეთ. არც გამოუხედავს. დაველოდოთ, შემოვა, სად წავა. მოდი, კართან ახლოს მაგიდასთან გადმოვსხდეთ. ასეთი შანსი მეტად აღარ გვექნება. დღეს უნდა მოვრჩეთ ამასთან. კუთხეში უნდა მივიმწყვდიოთ და ვაიძულოთ, თავად უთხრას იმ შტერს სიმართლე. მერე მოვიფიქრებთ გიასა და მის ურთიერთობას რა ვუშველოთ.
კაცმა ბრაზით შეიგინა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიტენა და კაფესკენ შებრუნდა. მისი მანქანა მოსამსახურე პერსონალის ავტოსადგომზე იდგა. ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს და არც მენეჯერს დაეთხოვა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
სოფოს მოუსვენრობა დაეტყო.
– გოგო, როდემდე ვისხდეთ აქ და ვიჭყიპებოდეთ ყავით. ჩემი ქმარი გადაირევა. ისედაც სულ ბუზღუნებს, ანიკოს გადაყევი და ოჯახი აღარ გახსოვსო.  ეგ, ალბათ, აღარ შემოვა და ჩვენ ხომ არ გავიდეთ გარეთ?
– გავიდეთ, თუ გინდა, მაგრამ იქაც რომ არ იყოს? მერე რა ვქნათ? ამ ამბის გადადება აღარ შეიძლება. შენი ძმაც ძალიან მიბრაზდება.  ოჰ, ანიკო მოსაკლავი ხარ!
– აბა? რა დღეში ჩაიგდო თავი და ჩვენც საფიქრალი გაგვიჩინა.
– ასე მართლა ვერ ვისხდებით, – სოფომ მიმტანი მოიხმო და ანგარიშის მიტანა სთხოვა. მერე ორივე გარეთ გამოვიდა. კაცი არც იქ იყო. სოფომ მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი.
– გაგვიძვრა ხელიდან. როგორც ჩანს, შეგვნიშნა, რაღაც იეჭვა და გაგვერიდა.
***
მანამდე იგრძნო, რომ ანიკო ურეკავდა, სანამ ნომერს დაინახავდა. დილიდანვე უსიამოვნო განცდა გამოჰყვა სახლიდან. მოეჩვენა, რომ ცოლი რაღაცას უმალავდა. მიუხედავად იმისა, რომ დიანამ რამდენჯერმე გაუღიმა და ღიღინებდა კიდეც, მაინც დაძაბული და ეჭვით სავსე გამოხედვა ჰქონდა. ფეხი აითრია. პირველად არ უნდოდა სახლიდან წასვლა. თითქოს ეშინოდა, რომ მის არყოფნაში რაღაც გაუთვალისწინებელი, ძალიან ცუდი მოხდებოდა. დიანას ვერაფერს ეტყოდა, ამიტომ ეჭვებს სძლია, შინაგანი ხმა ჩაახშო და სამსახურში წავიდა. ცოლმა ზუსტად იცოდა, სადაც მუშაობდა ქმარი. მან თავად უშოვა ეს სამსახური ობიექტების დაცვაში. კაფე ის ახალი პოსტი იყო, სადაც კაცი  ერთი თვის წინ გაუშვეს. საქმე არაფერი ჰქონდა, უბრალოდ, იქ უნდა ყოფილიყო და წესრიგისთვის ედევნებინა თვალ-ყური.
... ტელეფონის ეკრანს უკმაყოფილოდ დახედა და დაღლილი ხმით უპასუხა:
– რა ხდება? ხომ იცი, რომ ძალიან დაკავებული ვარ. შეუძლებელია. ახლა ვერ მოვალ. ასეთი რა მოხდა, რომ საღამომდე ვერ მოიცდიდი. რა? დარწმუნებული ხარ? რას ნიშნავს, მოგეშალა? სასწრაფოს დაურეკე? კარგი, კარგი, მოვდივარ, ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გეშინია-მეთქი. უკვე მოვდივარ.
***
ანიკომ ტელეფონი დადო და დიანას შეხედა.
– მოდის. მგონი, მართლა შეეშინდა.
– არა უშავს, – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა დიანამ, – გადაიტანს როგორმე. სანამ მოსულა, იქნებ მე და შენ გაგვერკვია ჩვენი ურთიერთობა. გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენს შვილებს საერთო მამა ეყოლებათ.
– ჰო, ეს ისეთი ფაქტია, რომელსაც ვერ უარვყოფთ. ანიკომ რატომღაც ხელებზე დაიხედა და ამოიოხრა, – ვერაფერი სახარბიელო რეალობაა. მაგრამ შემიძლია, დავიფიცო, რომ თვალით ვეღარასდროს მნახავს. ვერც ბავშვს ვერ ნახავს. ცხოვრება კი დამენგრა.
– მე ხომ ვერ დამადანაშაულებ ამაში. უნდა მორიდებოდი ცოლიან მამაკაცს.
– მართალია, – ჩაილაპარაკა ანიკომ, – სასიყვარულო ინტრიგა დასრულდა და   ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ.
– მეც რომ მჯეროდა მისი, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ.  მაგრამ ისე იქცეოდა... სახლის აშენება დავიწყეთ. სამსახური ვუშოვე... ბავშვების მოვლაში მეხმარებოდა. ჩემმა ორსულობამ გააბედნიერა... და ამ ყველაფერს თამაშობდა?
– არ ვიცი. თქვენ გადაწყვიტეთ. მე მარტო ის ვიცი, რომ მისი დანახვაც აღარ მინდა. ისეთი სამსახური მაქვს, სახლში ტანსაცმლის გამოსაცვლელად ძლივს მივდივარო. ცოლს კი გავშორდი, მაგრამ მეშინია, რომ შვილებს არ მანახვებს, ამიტომ ვცდილობ, არ გავაღიზიანოო.
დიანა გაფითრდა.
– გთხოვ, აღარ გააგრძელო, ანუ ურჩხულია ჩემი ცოლიო, – ღმერთო, როგორი უსინდისოა და უსირცხვილო. ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებს, გპირდები.
– ალბათ, მალე მოვა უკვე და თქვენ აქ დახვდებით?
– არა. ოთახში შევალ. მინდა, ჩემი ყურით გავიგონო, რას გეტყვის, როცა ჩემზე დაუწყებ ლაპარაკს. უთხარი, რომ იცი, ჩემი ორსულობის შესახებ. მინდა, ბოლომდე „გაიბანძოს“ თავი. მაინტერესებს, სადამდე დაეცემა.
– საძინებელში შედით და კარი ოდნავ შეაღეთ. მაგრამ...  – ანიკო ყოყმანობდა.
– რა ხდება. ხომ არ გეცოდება? მის ბანაკში ხომ არ აპირებ გადასვლას? – გესლიანად ჰკითხა დიანამ.
– არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ, ჩვენს მდგომარეობაში ასეთი სტრესი... თან, ალბათ, უკეთესი იქნება,  ჩემი რეპუტაციისა და ჩემი ოჯახის გადარჩენაზე ვიფიქრო.
– მე უკან დახევას არ ვაპირებ და არც შენ გირჩევ.  დავასრულოთ ეს ამბავი.
კაცი დიდი ინტუიციით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იგრძნო, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. ტყუილს მარტივად ამბობდა და ეს უკვე ჩვევადაც კი ჰქონდა. არცერთხელ შეუწუხებია სინდისს, რომ სახლში ცოლს ატყუებდა. გარეთ ანიკოსთან იყო, კაფეში ლამაზ  ოფიციანტ გოგონასთანაც ცდილობდა რომანის გაბმას. მისთვის ცხოვრებაში მთავარი საკუთარი „ეგოს“ დაკმაყოფილება იყო და არა პარტნიორის პატივისცემა. ის ქალებს იმ არსებებად აღიქვამდა, რომლებიც მამაკაცისთვის სიამოვნების მისანიჭებლად იყვნენ გაჩენილი. თავად რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი?! არც ცოლის წინაშე გრძნობდა განსაკუთრებულ ვალდებულებას და მით უფრო, ანიკოს ბედი არ ადარდებდა. თუმცა, ეამაყებოდა, რომ გათხოვილი ქალი შეაბა. მისი დაკარგვა არ უნდოდა. ცოტა ეშინოდა კიდეც. ამიტომაც გახდა იძულებული, მანქანაში ჩამჯდარიყო და წასულიყო. ქალს ძალიან შეშინებული და შეწუხებული ხმა ჰქონდა. ის კი მამაკაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც არც ოჯახისთვის არიან გაჩენილები, არც საყვარელი ქალისთვის, მაგრამ ასეთი კაცები, რატომღაც, მაინც მოსწონთ ქალებს.
ლიფტი არ მუშაობდა. სირბილით აიარა საფეხურები და აქოშინებული, სანამ ზარს ღილაკს თითს დააჭერდა, რამდენიმე წუთით სულის მოსათქმელად შეჩერდა. არ იყო დარწმუნებული, რომ კარს ანიკო გაუღებდა. რაღაც მომენტში ისიც კი იფიქრა, ქმარი არ დამახვედროს, ქალებისგან ყველაფერია მოსალოდნელიო, ამიტომ ზარი ცოტათი დამფრთხალმა დარეკა. კარი თითქმის მაშინვე გაიღო და მოღიმარი ანიკოს დანახვამ შეაცბუნა.
 – კარგად ხარ? მეგონა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა დამხვდებოდა.
– ბოდიში, რომ იმედი გაგიცრუე. შემოდი.
– სახუმაროდ არ მცალია. სამსახური მივატოვე და გამოვიქეცი, ისეთი ხმა გქონდა, ვიფიქრე...
– იფიქრე, ცოცხალს ვერ მომისწრებდი, ხომ? – ქალმა  მკლავზე მოჰკიდა ხელი და ოთახში თითქმის ძალით შეიყვანა.
რატომ ურჩევნია ქალს, დაიჯეროს ტყუილი, ვიდრე სიმართლეს თვალი გაუსწოროს და დასვას წერტილი მაშინ, როცა ეს წერტილი უპირობოდ დასასმელია.
კაცი უკმაყოფილო სახით, ბრაზითაც კი შესცქეროდა მშვიდად მოღიმარ ქალს.
– არაფრის ახსნას არ აპირებ? რა დაგემართა, რამ წამოგიარა, რისთვის გამომაქციე, თუ არაფერი გიჭირდა?
– მერე, ვინ გითხრა, რომ არ მიჭირს. აუცილებლად გულწასული უნდა დაგხვედროდი? ტყუილი მოლოდინები და იმედგაცრუება ნაკლები პრობლემა გგონია?
– მშვენიერი დრო შეარჩიე ქარაგმებით სალაპარაკოდ. ვერაფერს იტყვი. ერთხელ ხომ ვისაუბრეთ, ხომ შევთანხმდით, რომ ცოტა დრო კიდევ დამჭირდებოდა, ჩემს ყოფილ ცოლთან ურთიერთობის დასრულებამდე. თუ მეხსიერება არ მღალატობს, არც შენ დაშორებიხარ ქმარს.
– ჰო. ასეა, მაგრამ მე გარანტიები მჭირდება. მინდა, ზუსტად ვიცოდე, როდის მოხდება ეს – რამდენ დღეში, კვირაში, თვეში.... როცა შენი ცოლი იმშობიარებს თუ როცა ბავშვი ერთი წლის მაინც გახდება?
როცა ამას ამბობდა, ანიკომ სახეში შეხედა კაცს და თვალი აღარ მოაშორა. იმას წარბი არ შეუხრია, ისე მიუგო:
– საერთოდ ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ?
– მართლა? ანუ, ვერ მიხვდი, მე ახლა რა ვთქვი?
– ვერა  და უნდა წავიდე, თამაშის დრო ნამდვილად არ მაქვს.
– ვერ წახვალ. აქ იქნები და მომისმენ. ჯერ არ დამიმთავრებია... შენი ცოლი ფეხმძიმედ არის.
კაცი შეცბა. მერე ჩაიცინა და თითები გაატკაცუნა.
– რას ამბობ?
– ვერ გაიგონე? მგონი, გარკვევით ვთქვი, – შენი ცოლი ფეხმძიმედ არის. ოღონდ, ახლა არ მითხრა, რომ შენთვის სიურპრიზია ეს ამბავი.
– არა. სიურპრიზი ნამდვილად არ არის, მაგრამ შენ როგორ გაიგე ამის შესახებ. ჩემს ყოფილ ცოლს უთვალთვალებ?
– ჯერ მე გკითხე. როგორ მოხდა, რომ შენი ცოლი ფეხმძიმედ არის, თუ მასთან აღარაფერი გაკავშირებს?
კაცმა მხრები აიჩეჩა.
– ჯერ ერთი,  სისულელეს მეკითხები. არ მოგწყინდა ეს ეჭვიანობა? რომ არ მიყვარდე, რატომ ავიტეხდი შარს და საერთოდ, რას ვაკეთებ აქ?  ან რატომ გეტყოდი, ცოლს გავშორდი და სულ შენთან მინდა ვიყო-მეთქი?
– მერე სულ ჩემთან ხარ?
კაცმა ამოიოხრა.
– ღმერთო, ზოგჯერ როგორი ძნელია შენთან ლაპარაკი. ისევ უნდა გაგიმეორო? მხოლოდ შვილების გამო ვარ იძულებული, ჯერჯერობით არ გავაგებინო ჩვენი ამბავი, მაგრამ მასთან არ ვცხოვრობ.
– გაიმეორე!
– რა გავიმეორო, ანიკო, რა გჭირს დღეს? – შეწუხებული ხმით წამოიძახა კაცმა.
– რა მჭირს? – ყასიდად გაიოცა ქალმა, – მგონი, შენ გჭირს და არ გინდა, აღიარო.
– მოკლედ, საკმარისია. მე ახლა წავალ. შენ დამშვიდდი. მერე დაგირეკავ, – კაცმა წამოდგომა დააპირა, მაგრამ ანიკომ  ხელი მხარზე დაადო და თითქმის ძალით დასვა სავარძელში.
– რა ხდება, ბოლოს და ბოლოს, რანაირად იქცევი? – გაბრაზდა კაცი.
– გაიმეორე, რომ შენ არაფერ კავშირში ხარ შენი ცოლის ორსულობასთან.
– არა, ანიკო, მე არაფერ კავშირში ვარ ჩემი ყოფილი ცოლის ფეხმძიმობასთან, – წარბშეუხრელად გაიმეორა კაცმა.
– ანუ, ვაზუსტებ – შენგან არ არის ფეხმძიმედ და შენ არ ხარ მისი მომავალი შვილის მამა?
– ახლა უკვე მართლა ძალიან გავბრაზდები.  გეყოფა! – იყვირა კაცმა.
ანიკომ გაიცინა. მან დაინახა, როგორ გამოვიდა საძინებლიდან დიანა და ზუსტად იმ სავარძლის უკან გაჩერდა, რომელშიც კაცი  იჯდა.
***
სოფომ მობილურს დახედა, ნომერი არ ეცნო. ჯერ იფიქრა, არ ვუპასუხებო, მაგრამ ვიღაც ჯიუტად ცდილობდა მასთან დაკავშირებას.
– გისმენთ. დიახ, სოფო ვარ, დიახ, ანიკოს  მეგობარი. და თქვენ ვინ ბრძანდებით? ვერ გიცანით... გია? ჰო,  რა თქმა უნდა, ჩამოხვედი?  გისმენ. რით შემიძლია, დაგეხმარო? ჩემთან საუბარი გინდა? ბოლომდე გულახდილი ვიყო?
სოფომ გაოცებით გადახედა სმენად გადაქცეულ მართას.
– ახლა არ შემიძლია. არ ვარ სახლში. არა, არც ანიკოსთან, რა თქმა უნდა. კარგი, თქვი სად მოვიდე და მოვალ, – თქვა სოფომ და ტელეფონი გათიშა
– გია იყო? – ჰკითხა მართამ.
– ჰო, ჩამოსულა. ანიკოს არც კი უთქვამს. ნეტავი, რა ხდება? უნდა წავიდე. რა მექნა? ხვალამდე ვეღარ მოვიცდიო. კიდევ კარგი, კოტე არ არის სახლში.
– რატომ არ უთხარი, აქ მოსულიყო, ჩემთან. კოტეც არ მოვა. ბავშვები წაიყვანა დედაჩემთან ქუთაისში და ამაღამ იქ დარჩება. მოიცა, დავიჯერო, ანიკომ არ იცის, ქმარი რომ ჩამოუვიდა? ან  გიას რატომ უნდა შენი ნახვა. თუ რამე იცის, როგორ გაიგო?
– არაფერი  კონკრეტული. ვნახოთ, შევხვდები და მეტყვის.
– დაურეკე და აქ მოვიდეს, რა... ნომერი ხომ არის ტელეფონში. მოვკვდები ინტერესით. თან, ორივე უკეთესად გავუმკლავდებით მის შეკითხვებს. მიდი, რა. მე კი  ჩავალ მაღაზიაში. ღვინოსა და ხილს ამოვიტან.
სოფომ შეხედა.
–  იცი, რა ვიფიქრე? ანიკოს ხომ არ დავურეკოთ და ვითომ შემთხვევით მოვიყვანოთ?
მართა შეყოყმანდა.
– არ ვიცი. რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს.
– კარგი. მაშინ ჯერ ჩვენ მოვუსმინოთ.  ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. მიდი, დარეკე.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3