კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (51)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№2 მამუკა ღლონტი: მრცხვენია ყველა ჩემი წინა დღის

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: მამუკა.
გვარი: ღლონტი.
პროფესია: არქიტექტორი, ტელემენეჯერი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– პატარაობაში, ჯერ სკოლაშიც რომ არ დავიოდი, ბიძამ ციგა მაჩუქა. ეს იყო ჩემი პირველი ტრანსპორტი. იმის შემდეგ, პირობითად, ტრანსპორტის ამბავში, ასე არაფერი გამხარებია – მეგონა,  დედამიწა ჩემი იყო.
ჩემი პროფესია განაპირობა...
– ყოველთვის რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ არქიტექტურის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. თუმცა, არ ვუღალატე ჩემს საქმეს და უნივერსიტეტში სპექტაკლებს ვდგამდი, შემდეგ ტელევიზიაში მოვხვდი. არქიტექტურაზე – ალბათ, იმიტომ, რომ იქ ჩაბარება შედარებით მარტივი იყო, თან, ჩემს დროს რუსეთის ჯარში ავღანეთში მიწევდა წასვლა და იქაც რომ არ წავსულიყავი, ამიტომ ჩავაბარე.
– მშობლების როლი...
– პატიოსნება, სიკეთე, კაცობა, ადამიანობა, მსოფლმხედველობა, ყველაფერი – ჩემი მშობლებისგან  მაქვს. ესენია ძირითადი საწყისები, რითაც ადამიანი  ყალიბდება. ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ლიტერატურა კარგია, მაგრამ ეს ადამიანური საწყისები ნამდვილად მათგან ვისწავლე.
– როგორია თქვენთვის წარმატებული ადამიანი?
– წარმატებული ადამიანი არის ის, ვინც იღიმის. წარმატებას ვერ განსაზღვრავ ბევრი ფულით, მაგარი მანქანით ან თანამდებობით. წარმატება არის, როცა ღიმილის უნარი და შესაძლებლობა გაქვს. ადამიანი, რომელმაც ცხოვრება ისე მოიწყო, რომ გაღიმებული დადის, წარმატებულია.
– მეშინია...
– თუ რამის გამო მეშინია, ეს ჩემი ქვეყანაა. პოლიტიკის მიღმა, რაც გზებზე ხდება საშინელებაა – ცოტა ხნის წინ ოთხი ადამიანი დაიღუპა ავარიით, მათ შორის, ერთი ბავშვი. როგორც ვიქცევით ქართველები სუფრაზე – თამადობა, ღვინის სმა და მერე მთვრალები ვხოცავთ ერთმანეთს. როგორ ვიქცევით ქუჩაში, პარლამენტში, სამსახურში... მეშინია ჩემი ქვეყნის მომავლის,  რადგან თუ რამე მაქვს საფიქრალი, ეს ჩემი შვილიშვილებია და მინდა, რომ მათ განვითარების საშუალება მიეცეთ. მეშინია, რომ ჩემს ქვეყანაში ამის პერსპექტივა არ არის...
– მაღიზიანებს...
– ორპირობა, ზარმაცობა, უტვინობა – როცა ადამიანს აქვს შანსი, განვითარდეს და სიზარმაცის გამო არ იყენებს ამ შანსს. პირობითად, ერთხელ პიროვნებამ ბანკომატიდან ფული ვერ გამოიტანა, მაგრამ მეორე ჯერზე განა გაარკვია, როგორ უნდა გამოეტანა თანხა, უბრალოდ, მივიდა იმ იმედით, რომ როგორღაც შეძლებდა. აი, ეს არის უტვინობა.
– ბედისწერის გჯერათ?
– ბედისწერის არ მჯერა. არ არსებობს, ღმერთს დაეწეროს სადმე: სადარბაზოდან რომ გამოხვალ, აგური დაგეცემა ან ავარიაში მოყვებიო. რა თქმა უნდა, შემთხვევბი ხდება, ოღონდ ეს ბედისწერის ბრალი არ არის, უბრალოდ, შემთხვევითობაა. დიდწილად  ყველა ადამიანის ბედი თავის ხელშია და თითოეული მათგანი საკუთარ ბედს თავადვე ჩარხავს.
– მწამს...
– ღმერთის, სიყვარულის, მეგობრობის და შრომისმოყვარეობის. თუ ადამიანი ბევრს იშრომებს, აუცილებლად მიიღებს შედეგს. უბრალოდ, ბევრ ქართველს შრომა არ უყვარს და ამიტომ ღარიბად ცხოვრობს.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთი არის ის, ვინც გაძლევს საშუალებას, შესაძლებლობას და  არის შენკენ.
– შეგშურებიათ?
– კეთილი შურით – ბევრჯერ, ისე, რომ ვიღაცის წარმატებით დავიბოღმო – არა, ყოველთვის მახარებს სხვისი წარმატება. მაგალითად: ვიღაცამ 50 000 ლარი მოიგო და კეთილი შურით მითქვამს: ნეტა, მეც მომაგებინა. მაგრამ იმან რატომ მოიგო და მე რატომ  არა, ეგ მომენტი არ მქონია.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– კი, მქონდა ეს ცუდი  თვისება და 30 წლის რომ ვიყავი ან შეიძლება უფრო გვიანაც, მოვიშორე. ერთხელ მქონდა სამაგიეროს გადახდის საშუალება და არ გავაკეთე. პოლიციელებმა ტყუილუბრალოდ დამჩაგრეს და შემეძლო, ისინი არა მარტო მომეხსნა სამსახურიდან, არამედ ციხეშიც გამეშვა და მაგრადაც მეცემა,
მაგრამ ვიფიქრე, რომ არ იქნებოდა ეს ღირსეული საქციელი. შემდეგ ერთ-ერთი მათგანი შემხვდა და მომიყვა, როგორ შეცვალა ამ შემთხვევამ და მადლობა გადამიხადა იმის გამო, რომ არაფერი მოვიმოქმედე.
– სიყვარული – ეს არის...
– ნებისმიერი რამ არის სიყვარული და მას აქვს ერთადერთი წესი: 100 პროცენტით მიეცე. 99 პროცენტით – სიყვარული აღარ არის.
– მეუღლის როლი...
– იმდენად დიდია, სულ ვფიქრობ, რა გავაკეთე ცხოვრებაში ისეთი კარგი, რომ ბედმა ასეთი მეუღლე მარგუნა. ვერც გავიხსენე იმასთან მიახლოებული ჩემი კარგი საქმე.
– ქალს ალამაზებს...
– ასაკი. მცდარი წარმოდგენაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ქალის სილამაზე ქრება, პირიქით.
– როდის ყვირით?
– ხშირად, გურული ვარ. სამწუთიანი სიფსიხეები მაქვს ხოლმე. ჩემი შვილები, შვილიშვილები ყველა გაფრთხილებული მყავს: მამა, სამი წუთი გამიძელით. სამი წუთის მერე, უკვე ბოდიშს ვიხდი. ახლა ამასაც ვებრძვი და შეიძლება ითქვას, მოვიშორე. ისე, ადრე სულ ყვირილში ვიყავი (იცინის).
– ბილწსიტყვაობთ?
– არა, ვერიდები. საჯაროდ გინება ყველაზე ბოლო საქმეა. ის, რაც ჩვენი ცნობილი სახეების ფეისბუქ-გვერდებზე და ტელევიზიით ხდება, ცუდია. მტერსაც კი არ უნდა შეაგინო საჯაროდ, მას შეიძლება, ტყვია ესროლო, მაგრამ საჯაროდ არ უნდა შეაგინო.
– ვემალები...
– ბოლო დროს – თბილისს. თბილისი მხოლოდ დისკომფორტი გახდა. ამიტომ ვცდილობ, შორს ვიყო და ვარ კიდეც, გურიაში გადავედი საცხოვრებლად.
– ვემტერები...
– უსამართლობას, უკანონობას, სუსტის ჩაგვრას.
– მრცხვენია...
– ყველა ჩემი წინა დღის. „ფეისბუქს“ რომ აქვს „მემორი“, ისეთი რაღაცები მაქვს წინა წლებში დაწერილი, სად დავიმალო ხოლმე, არ ვიცი.
– მაკომპლექსებს...
– რომ მცნობენ. საზოგადოებაში უი, ბატონო მამუკას რომ მეტყვიან, არ მიყვარს.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, ეგ ყველაზე ადვილად გამომდის. ბოდიშის მოხდა, პირველ რიგში, არის საკუთარი თავის გაწმენდა და დიდი სტრესის მოხსნა.
– მაკვირვებს...
– უსამართლობა. როცა ადამიანი უსამართლოდ იქცევა, ვერ ვხვდები, რა სარგებელი მოაქვს საკუთარი თავისთვის. უსამართლობა ყველაზე მეტად ანგრევს ადამიანს.
– ვერიდები...
– ბოლო დროს – კონფლიქტს. ჩემი ცხოვრება სულ ბრძოლებში გავატარე და იმდენად მოსაწყენი გახდა ჩემთვის ეს დაძაბულობა და კონფლიქტები, რომ ძალიან ვერიდები. ადამიანმა მშვიდობიანად უნდა სცადოს, გამოვიდეს არასასიამოვნო ვითარებიდან. ესეც ასაკმა მომიტანა, თორემ ახალგაზრდობაში ასე არ ვფიქრობდი.
– ვიტყუები, როცა...
– ბოლო დროს – თითქმის არასდროს, ადრე ბევრს ვიტყუებოდი, ოღონდ არ მომიტყუებია პარტნიორი ბიზნესში, საჯაროდ არ მითქვამს ტყუილი... მოკლედ, ჩემი ტყუილით სხვას არ ვაზარალებ, ეს  ჩემთვის იმდენად მიუღებელია, შეიძლება, დავიძინო და აღარ გავიღვიძო. წვრილმანი ტყუილები ბევრი ყოფილა, ანგელოზი არავინაა.
– ვაგროვებ...
– მოტოციკლეტებს.
– ვნანობ...
– იმას, რომ გურიაში ადრე არ წავედი, ახალგაზრდობაში არ გადავედი საცხოვრებლად. იქ მივხვდი, რომ ცხოვრება შედგება წვრილმანი დეტალებისგან და წვრილმან დეტალებზე მაგარი არაფერია. ის, რომ შეშა გაქვს დასაჩეხი, პური მოსატანი, რემონტი გასაკეთებელი... ადრე ამ ყველაფერზე არ ვფიქრობდი, მეგონა, დედამიწა ჩემ ირგვლივ ტრიალებდა. თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, იქ ამოვისუნთქე.
– ჩემი თილისმა...
– პირველ რიგში, ჩემი შვილიშვილები. თოკზე დაკიდებული ჯვარი მაქვს, რომელსაც სულ ვატარებ და თუ სადმე დამრჩება, ცუდად ვხდები. ამას წინათ გურიაში დამრჩა და სანამ არ ჩავედი, ლამის გადავირიე.
– ვზარმაცობ...
– დაახლოებით, დილის 11-დან 12 საათამდე, როცა ყავას დავლევ და სიგარეტს მოვწევ, აი, ამ დროს უკვე მეწყება სიზარმაცე – ყველაფრის კეთება მეზარება ხოლმე.
– რისთვის იბადება ადამიანი?
– იმისთვის, რომ მიხვდეს, რისთვის დაიბადა.
– კმაყოფილი ხართ?
– იმაზე მეტად, ვიდრე ამას კმაყოფილება შეიძლება, ერქვას.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– ერთხელ მამაჩემმა მირჩია, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დამეწყო. მაშინ მეწყინა. მერე მივხვდი, რამხელა სიკეთე გამიკეთა, როცა დამოუკიდებლობისკენ მიბიძგა.

скачать dle 11.3