კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატომ ჩაანაცვლეს ქართულ საჯარო სკოლებში ფსიქოლოგები მანდატურებით და რატომ გახდა ქართული სახელმწიფოსთვის ცოდნის მიღებაზე მთავარი ახალგაზრდა თაობის მართვა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  განათლების მრავალწლიანი რეფორმა, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობიდან დაიწყო მინისტრ კარტოზიას დროს – მსოფლიო ბანკის მიერ მოწოდებული 60-მილიონიანი გრანტით, გაგრძელდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას და ახლაც იმავე პროცესშია, ფაქტობრივად, დაგვირგვინდა იმით, რომ ქართული საჯარო სკოლებიდან გააძევეს ფსიქოლოგია და იქ ჩანერგეს მანდატურები, ანუ ქართული სკოლები ვერ იქცა ცოდნის ტაძრად, ვინაიდან ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) აზრით, სკოლა არა ქცევის გამოსასწორებელი, არამედ განათლების მიღების ადგილია. ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რატომ ვერ ასრულებს ქართული განათლების სისტემა თავის უპირველეს ფუნქციას.
– საჯარო სკოლებში აქცენტი გაკეთებულია დისციპლინაზე და იყო თუ არა მართებული ფსიქოლოგების ჩანაცვლება მანდატურებით და, საერთოდ, არის კი ძალისმიერი ფაქტორის ადგილი სკოლებში?
– ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პრინციპში, ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ ფსიქოლოგებს გააძლიერებდნენ კომპეტენციით და სკოლის ფსიქოლოგების მოღვაწეობის ხაზი გაძლიერდებოდა. რაც შეეხება მანდატურების შესვლას სკოლებში, ან რას ნიშნავს სიტყვა „მანდატური“?! ვიცით, რომ არსებობდა მანდატურთუხუცესის თანამდებობა.
– დიახ, საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი იყო ფეოდალურ საქართველოში. პარლამენტში დეპუტატებს აოკებენ მანდატურები და, სავარაუდოდ, იქიდან გადმოიღეს სახელწოდება და შეინიღბა, რომ, რეალურად, ეს პოლიციაა.
– მართალს ამბობთ, რომ აქცენტი გაკეთდა დისციპლინაზე და არა ცოდნის შეძენაზე. უდავოდ, მანდატურის შემოყვანა ნაკარნახები იქნებოდა ჩანაფიქრით, რომელიც დაკავშირებულია მართვის პოლიტიკასთან, რაც, თავისთავად, გამომდინარეობს იმ ღირებულებებიდან, რაც დევს ამ ცვლილებაში, ვგულისხმობ ფსიქოლოგების გაყვანას სკოლებიდან და მანდატურების შემოყვანას. რადგან მანდატური ნიშნავს წესრიგის დამყარებას, როგორც ჩანს, წინა პლანზე წამოვიდა მართვის პრობლემა სკოლაში.
– თავის დროზე, როდესაც სააკაშვილის დროს მანდატურები სკოლაში შეიყვანეს, ისინი მასწავლებლების დამსმენების როლსაც ასრულებდნენ, აკონტროლებდნენ პედაგოგებსაც, დირექციას, მოსწავლეებს. მხოლოდ დისციპლინის დამყარების მიზანი არ ჰქონდა.
– მათ ჰქონდათ წესრიგის დაცვის, მართვისა და კონტროლის ფუნქცია. ფსიქოლოგის ფუნქცია ცოტა სხვაა: ის ბავშვს უნდა დაეხმაროს, ფსიქოლოგმა უნდა იცოდეს, როგორ შეუწყოს ხელი ადამიანს, რომ მან განავითაროს თავისი შესაძლებლობები. გამოავლინოს თავისი პოტენციალი და ასე შემდეგ. თუ სკოლაში ფსიქოლოგის არსებობაში ის იდეაა, რომ ბავშვის განვითარებას შეუწყოს ხელი არა მარტო მასწავლებელმა, არამედ ფსიქოლოგმაც, მანდატურის შემთხვევაში იდეა გახდა კონტროლი, სკოლის, პედაგოგების მართვა. ეს სულ სხვადასხვა ღირებულებებია. გამოდის, რომ სააკაშვილის ჩანაფიქრი იყო ახალგაზრდა თაობის მართვა და კონტროლი. ასე ესმოდა მას სწავლა და მისთვის მაინც მართვა იყო მთავარი ღირებულება.
– მანდატურები ისევ დატოვეს სკოლაში, ანუ ახლაც მთავარი მართვაა?
– ესენიც სააკაშვილის მიმდევრები არიან, ერთმანეთის სპარინგპარტნიორები, ერთმანეთს კვებავენ. ამიტომ, ბუნებრივია, სკოლებში დატოვეს მანდატურები. ასე ლაგდება მართვა და კონტროლი, ნაცვლად ცოდნისა და აღზრდისა. რაც შეეხება ცოდნას: ერთ პერიოდში, განმანათლებლებიდან მომდინარე, ცოდნის შეძენა იყო უმაღლესი ღირებულება, ახლა მოდის ეპოქა, როდესაც ცოდნა კი არ არის მთავარი, არამედ აზროვნება და კრეატიულობა. ინტერნეტმა ისე შეცვალა სამყარო, რომ ცოდნა მოთავსებულია კომპიუტერში და ნებისმიერ დროს შეგიძლია, გამოიტანო იქიდან და დიდი ინტელექტიც არც სჭირდება დაწკაპუნებას.
– მაგრამ აზროვნება გჭირდება ამ ცოდნის გამოსაყენებლად, ამოსარჩევად.
– აზროვნება და კრეატიულობა სხვადასხვა რაღაცაა და ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც მთავარი ღირებულება არის ინოვაცია და არა მართვა. ანუ მანდატური შორსაა ცოდნისგანაც, ინოვაციისგანაც. თანამედროვე ეპოქის მოთხოვნაა, რომ სკოლებში იყვნენ ფსიქოლოგები, იმიტომ რომ მთავარი ინოვაციაა.
– როგორი უნდა იყოს სკოლა, რომ მან აღზარდოს სრულფასოვანი, თუ, მაინცდამაინც, ზეგანათლებული მოქალაქე არა.
– სკოლაში, ბუნებრივია, უნდა ისწავლებოდეს გრამატიკა და ისეთი საგნები, რომლებიც მენტალურ მართლწესრიგს ამყარებს, რომ იცოდე, სად დასვა წერტილი, მძიმე, აბზაცი როდის დაიწყო. უამრავი რამაა, რაც დაკავშირებულია ინფორმაციის მოწესრიგებასთან, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციულ ეპოქაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის სტრუქტურიზება და მოწესრიგება. ამასთან, წინა პლანზეა კრეატიულობა, გამოგონება, რაღაც თვისებრივად ახლის შექმნა. სკოლაშიც ეს სულისკვეთება უნდა განავითარო. სხვათა შორის, რამდენიმე ბავშვმა დამოუკიდებლად, ყოველგვარი განათლების სამინისტროს გარეშე შექმნეს გამოგონებები. ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ სიმპტომია, რომ ახალმა თაობამ დაიწყო იმ სიცარიელის შევსება, რასაც ყურადღებას არ აქცევს განათლების სამინისტრო. განმავითარებელი პროექტები ჩვენთან რა არის? ცოდნა რა არის? უკვე შექმნილი ფაქტების კოლექცია, რომლებსაც შენ ითვისებ და მერე მოყვები, შეიძლება, გამოიყენო კიდეც, მაგრამ სულ სხვა რამაა კრეატიულობა. ის ახლის შექმნაა და სიახლეა. ახალი ეპოქა მოდის და უნდა შევეგებოთ განათლების სისტემით, რომელიც ორიენტირებული იქნება შემოქმედებითობასა და სიახლეზე. თუმცა ამის სიმპტომებს მე ვერ ვხედავ. რასაც ვხედავ, ყველაფერი ორიენტირებულია შესაბამისობაზე. თუ უნივერსიტეტებია, ამოწმებენ, როგორ ესადაგება სილაბუსები სტანდარტებს და სტანდარტების შესრულებაზეა აქცენტი, ეს სწორია, იმიტომ რომ რაღაც დონეზე უნდა მივიდეთ.
– ფსიქოლოგებს რა როლი აქვთ, უფრო ზუსტად, შეიძლება, ჰქონოდათ და რით გააუმჯობესებდნენ სკოლაში არსებულ ვითარებას?
– ხომ ვხედავთ, რომ არსებობს კრიზისული პერიოდები ბავშვის ცხოვრებაში. გარდამავალი ასაკიც კრიზისული პერიოდია. ყველა ბავშვი გადის ამ კრიზისს. საყოველთაოა კაცობრიობის მასშტაბით, უბრალოდ, მეტნაკლებად ეხება თითოეულს. ერიკ ერიქსონი იყო ძალიან ცნობილი ფსიქოლოგი და მან მთელი ნაშრომი მიუძღვნა ამ პრობლემას, მოზარდი, ანუ „თინეიჯერი“ არის იდენტობის მაძიებელი პიროვნება. საერთოდ, ადამიანი ძალიან ბევრ წინააღმდეგობას აწყდება საკუთარი თავის ძიებისას, რაც ბევრ კოლიზიას იწვევს იმ ასაკში, თან – იქ ათასნაირი იმპულსები იღვიძებს. მაგალითად, იმ ასაკში თუ არ იყოყლოჩინე და შენს თანატოლს არ გაუწიე ანგარიში ყველაზე მეტად, ჩამორჩენილი იქნები. ანუ ეს ასაკი ცვლილებების ეპოქაა და ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიზისია ცხოვრებაში. ადამიანები სიცოცხლის განმავლობაში გადიან რამდენიმე კრიზისს და ერთ-ერთი მწვავე კრიზისია მოზარდობის ასაკი.
– რამდენ კრიზისს გადის ადამიანი ცხოვრების განმავლობაში?
– ზოგი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყოველი 7-8 წლის შემდეგ კრიზისი დგება. ერთი კრიზისია, თუმცა მსუბუქად გამოხატული, როდესაც ბავშვი მიდის საბავშვო ბაღში, იმიტომ რომ ოჯახს სცილდება. გამოყოფის პრობლემაა. შემდეგ სკოლაში უკვე ერთგვარი მზაობით შედის, რადგან ოჯახი ზეიმობს ბავშვის სკოლაში წასვლის ფაქტს, მაგრამ იქ უკვე კრიზისი აქვს დედას, იმიტომ რომ მანამდე შვილი მასთან იყო და ახლა განიცდის ბავშვისგან განცალკევების პროცესს. იმიტომ რომ შვილი ახლა ეკუთვნის მასწავლებელს, ანუ კონკურენტი ჰყავს უკვე.
  შემდეგი პერიოდია გარდატეხის ასაკი და ამის შემდეგაც მოდის ასევე რთული ეპოქა – ინტიმურობის ეპოქა. უნდა დაოჯახდეს, შეყვარებული გაიჩინოს, 18 წელს რომ გადასცილდება. იგივე პერიოდი ემთხვევა სტუდენტობას და ისიც ბევრ კრიზისს შეიცავს. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, გული უყივის, შექმნას ოჯახი, მაგრამ, მეორე მხრივ, კარიერული წინსვლა მოითხოვს ძალიან დიდ დაბანდებებს  – დროის, ძალისხმევის.
  ამის შემდეგ მოდის 40 წლის კრიზისი, როდესაც შედიხარ სიბრძნეში, ასაკშიც, მართალია, ხანდაზმულობა შორი არ არის, მაგრამ უკვე იცი, რომ შენც მოგიწევს, გახდე პენსიონერი. იქითკენ მიდის გზა. ბევრს ამ ასაკში მშობელი უკვდება და უკვე თავად უნდა არჩინოს ოჯახი, თუ მამაკაცია. მანამდე მამამისი არჩენდა.
  და ბოლოს, დგება საპენსიო ასაკი, მართლაც კრიზისი, იმ გაგებით, რომ მთელი ცხოვრება იმუშავე და ახლა გეუბნებიან, თავისუფალი ხარ, წადიო. სკოლაში ბავშვმა გარდაუვლად უნდა გაიაროს კრიზისი და ფსიქოლოგის როლი ამ შემთხვევაში წამყვანია, იმიტომ რომ ეს პრობლემა ფსიქოლოგიურია. თვითონ ბავშვთან მუშაობას მიაქვს დიდი დრო, მაგრამ, გარდა ინდივიდუალური სამუშაოსი, უნდა იყოს ჯგუფური სამუშაოებიც.
– მაგრამ ეს მეთოდები ხომ არსებობს? სკოლაში მიღება, ბავშვების გადანაწილება ხასიათისა და პრობლემების მიხედვით, რომ კონფლიქტი დაიყვანო მინიმუმამდე კრიზისულ პერიოდებში?
– ეს, რაც შეეხება კრიზისულ პერიოდებს, მაგრამ ამას გარდა, უამრავი პრობლემაა. მაგალითად: ინკლუზიურ სწავლებასაც თავისი პრობლემები აქვს, იქაც ფსიქოლოგმა უნდა იმუშაოს ბავშვთან, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირია და, მეორე მხრივ, იმ ბავშვთან, რომელსაც უწევს შშპ-თან ურთიერთობა. ანუ რა საკითხიც უნდა აიღო, ყველგან აშკარად ჩანს ფსიქოლოგის როლი, სხვა საქმეა, ვინ როგორ შეასრულებს ამ როლს, მაგრამ ფსიქოლოგის პროფესიონალური როლი აშკარად იკვეთება, როგორც საჭირო. სხვა სპეციალობა ამ როლს ვერ შეასრულებს. დღეს მანდატურს ავალებენ ფსიქოლოგობას, რაც სისულელეა.
– გამოდის, რომ „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი“, რომ მანდატურმა ჩააქროს კონფლიქტის კერები სკოლაში მართვით და არა ისე, რომ კონფლიქტი გაანეიტრალოს.
– სხვათა შორის, კონფლიქტიც მნიშვნელოვანი თემაა. არსად ასწავლიან, არადა, წესით, უნდა ასწავლონ. უნდა ისწავლებოდეს კონფლიქტის დაძლევა. კონფლიქტოლოგიის გაკვეთილები უნდა არსებობდეს სკოლებში და ბავშვებმა ეს უნდა იცოდნენ. აი, როგორც ფიზმომზადებას სჭირდება წვრთნა და ვარჯიში, ისევე სჭირდება წვრთნა და ვარჯიში იმ თვისების გამომუშავებას, როგორიცაა კონფლიქტის დაძლევა. ცხოვრება კონფლიქტის გარეშე ვერ მიმდინარეობს და ამიტომ საჭიროა ამის ათვისება.

скачать dle 11.3