კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ეკა ნიჟარაძე: მირჩევნია, აგურები ვზიდო, ვიდრე თავის მოვლის პროცედურებს დავუთმო დრო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მალე ეკა ნიჟარაძე „მთავარ არხზე“ გამოჩნდება „შუაღამის“ წამყვანად ლელა წურწუმიასა და ილო ბეროშვილთან ერთად.
  ეკა ნიჟარაძე: ბოლო პერიოდში გაუსაძლისი ვითარება მქონდა დაუსრულებელი რემონტის გამო და ჩვეულებრივი გიჟი ვიყავი. სასოწარკვეთილი ვიჯექი და ვფიქრობდი, სად მეძებნა რკინის ქალამნები ან რა გამეკეთებინა (იცინის). ასეთ დროს შემომთავაზეს წამყვანობა. ისეთი მომხიბვლელი წინადადება იყო, იმ მომენტში ცოტა დაჯერება რომ გიჭირს და რაც მთავარია – საჭირო. არ ვწუწუნებ, საკმაოდ ბევრი ვიმუშავე და ჩემს საქმეში ცოტა ნამდვილად არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ის პერიოდი მაქვს, როცა თეატრში, ჩემ გარშემო არაფერი ხდება. წლებია, ახალ სპექტაკლზე არ მიმუშავია. მხოლოდ ორ ძველ სპექტაკლში ვთამაშობ და ბუნებრივია, ეს მარტივი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოჯახი მაქვს და სახლში ძალიან ბევრი საქმეა, პროფესიული ამბები აბსოლუტურად სხვა არის. ასეა, როცა ორმოცდაათს მიუკაკუნებ, ჩვენს ქვეყანაში, რატომღაც, ჰგონიათ, რომ პენსიონერი ხარ.
– როგორ ემზადებით ახლა წამყვანობისთვის?
– ერთია, როცა რესპონდენტი ხარ, 15 წუთით ეთერში დაჯდები და კითხვებს უპასუხებ, მაგრამ მეორე მხარეს რომ ხარ და გადაცემა შენ უნდა წაიყვანო, სხვა ამბავია. საკმაოდ გამოცდილი მეწყვილეები მყავს, როგორც ილომ თქვა, პატარა სამაია ვიქნებით (იცინის). ყველაფერს ვისწავლი, რაც საჭიროა. მინდა, მალე დაიწყოს გადაცემა. ვნერვიულობ კიდეც, მაგრამ ეს სასიამოვნო ეიფორიაა. ჩემი მეგობარი ბაიკო დვალიშვილი მარიგებდა, ეს ძალიან დიდი სტიმულია, ვალდებული იქნები, სულ ფორმაში იყოო და მე ეს მჭირდება, იმიტომ, რომ არ ვარ ქალი, რომელიც დიდად უვლის საკუთარ თავს. მირჩევნია, აგურები ვზიდო, ვიდრე თავის მოვლის პროცედურებს დავუთმო დრო. თუმცა, ძალიან მომწონს სხვა ქალები, რომლებსაც საამისოდ ყოველდღიური რიტუალები აქვთ.
– პაუზაზე ისაუბრეთ, თქვენი მიზეზეითაა განპირობებული?
– არა, ჩემგან დამოუკიდებლად. მიზეზებს ვერ ვხსნი. მესმის, რომ ახალი თაობა მოდის. მეც რომ მოვედი თეატრში, შეიძლება, მაშინაც ასე იყო. ეს ბუნებრივად ხდება. რასაც 25 წლის ასაკში ვთამაშობდი, ახლა ვერ ვითამაშებ. იყო დრო, როცა წელიწადში ხუთ-ექვს პრემიერას ვთამაშობდი, ახლა ოთხი წელია, არაფერი მითამაშია. ერთხელ და ორჯერ გულზე მოგხვდება, გეწყინება, მაგრამ  მერე ეგუები. სხვა რამეში იპოვი თავს. ყოველ შემთხვევაში, ეს ტრაგედიად არ მიმიღია. თუმცა ვიცი, რომ ვიღაცისთვის ასეცაა.
– რა ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში?
– ჩემი ყოველდღიურობა, პრინციპში, ერთი და იგივეა, მაგრამ მე მომწონს, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემს შვილიშვილებთან ურთიერთობით. უფროსი ექვსი წლისაა და უკვე სკოლაში დადის. მე მიმყავს და მომყავს, იმიტომ, რომ ტასო – ჩემი შვილი მუშაობს. სახლში, როგორც ყველა ქალს, მეც ბევრი საქმე მაქვს.  
– უკვე ექვსი წლის შვილიშვილი გყავთ, მაგრამ ნამდვილად არ ჰგავხართ ბებიას. როგორი ხართ ამ ამპლუაში?
– როგორც ჩვენ დროს იყვნენ ბებიები, ალბათ, ისეთი. იმ დღეს ჩემს უმცროს შვილთან დაკავშირებით ვიხსენებდი, სკოლაში რომ მიმყავდა და მომყავდა. შვილიშვილი მეკითხება, შენ მიგყავდაო? კი-მეთქი. მოიცა, ბებია რატომ არ ატარებდაო? რადგან მე ვატარებ მას, ჩათვალა, რომ ეს ბებიის საქმეა. დავიბენი, ხომ მივხვდი, საითაც მიჰყავდა საუბარი. მაგრამ უცებ მოვიფიქრე, ბებიას მანქანა არ ჰყავდა და როგორ წაიყვანდა-მეთქი?! (იცინის) სხვათა შორის, ჩემი ეშინია, მკაცრი ვარ. რამეს თუ აშავებს, მე მიყურებს შეშინებული და თუ მე არ ვარ, დედამისს ეუბნება ხოლმე, ეკას არ უთხრაო (იცინის).
– მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა იყავით, როცა დედა გახდით, მაშინაც ბებიებისგან დამოუკიდებლად, თავად უმკლავდებოდით ყველაფერს...
– უფროსები რომ გავაჩინე 1992-1993 წლები იყო. მაშინ ძიძა თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა. დედა მეხმარებოდა, მაგრამ ის მაინც ცალკე ცხოვრობდა. იმ პერიოდში ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. მაგრამ ასეთი ტიპი ვარ, რაც უფრო მეტი საქმე მაქვს, მით უფრო კარგად ვარ. როგორც კი ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, პატარა დეპრესიული მომენტები მეწყება.
– ძალიან გყვარებიათ სოფელი და კახეთში მეურნეობის ამბებიც წამოგიწყიათ.
– ეს ამბავი ისე ვერ წამოვიწყე, როგორც მინდა. სახლი კი გვაქვს, სადაც შეიძლება, ერთი ღამე გაათენო, მაგრამ დარჩენით ვერ დარჩები, რადგან მოსაწესრიგებელია. ეს ძალიან მაწუხებს და ამ ზაფხულს აუცილებლად მივხედავ. იმდენი იდეა მაქვს, ჩემი შვილები დამცინიან. არასდროს გვქონია საკუთარი სოფელი და სულ პრობლემა იყო, სად წავსულიყავით დასასვენებლად. მთელი ბავშვობა დედაჩემს გარიყულაში დავყავდით, კასპის რაიონში. მთელი ბავშვობა იქ გავატარეთ, მაგრამ ჩვენი არაფერი გვქონდა. მერე მე ჩემს შვილებთან ერთად კოჯორში გადავსახლდებოდი ხოლმე, რასაც ბევრი პრობლემა ახლდა. ამიტომ სულ მინდოდა, რამე ჩემი მქონოდა. ჰოდა, კახეთში ვიყიდე მიწა. იქ ნამდვილი ზღაპარია. ვგიჟდები სოფელზე, თავისი ფუნით, ქათმებით, სუნით. ჯერ ვერ მივატოვებ საქმეებს, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ.
– მოსავალი უკვე გქონდათ?
– ვაზი ჩავყარეთ, რომელიც უკვე ორი წლის გახდა, ჩემი უმცროსი შვილიშვილისხელაა. წელს რომ ჩავედით ყურძნის დასაკრეფად, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი მოსავალი მოგვსვლია. ჩემი მეზობელი მეხმარება მის მოვლაში. იმდენი ყურძენი იყო, დავიბენი. მივხვდი, რომ იმდენს ვერავინ შეჭამდა. თან, ძალიან კარგი რქაწითელი მაქვს. დავწურე ღვინო და ისეთი კარგი გამოვიდა, ვგიჟდები. ცოტა საშიში ღვინოა, არ უნდა შეეთამაშო (იცინის). წლების წინ საფრანგეთიდან პომიდორი „ჩერის“ თესლი ჩამოვიტანე და ახლა წავიღე სოფელში, იქნებ ივარგოს-მეთქი. ჩემმა მეზობელმა მითხრა, ჩემთან წავიღებ და ჩავრგავ, აქეთ-იქით რომ არ ვირბინო მისახედადო. შემდეგ ჩასვლაზე მოვიკითხე და მითხრა, კი მოისხა, მაგრამ უდღეურიაო (იცინის). იმდენი ესხა, ორ ჩასვლაზე ვკრიფე, უგემრიელესი ფრანგული „ჩერი“ პომიდორი, კახური არომატით. ყაბაყიც მქონდა, რომელიც იმხელა იყო, ძლივს ვიტევდი ხელში. ყვითელი ტყემალიც ჩამოვიტანე და გავაკეთე, იმდენი იყო, ნაწილი ჩემი მეუღლის დედასაც მივეცი.
– ოჯახურ ამბებს დავუბრუნდეთ და შვილებზეც ვისაუბროთ. რით არიან დაკავებული?
– უმცროსი საახალწლოდ ჩამოვიდა არდადეგებზე. ყველა ერთად ვცხოვრობთ, ნოდარის გარდა, რომელიც ამერიკაში, არქიტექტურულზე სწავლობს. უყვარს თავისი პროფესია და ძალიან ბევრს მეცადინეობს. მის უნივერსიტეტში ძალიან რთულია სწავლა, ვღელავდი, ხომ შეიძლება, ვერ გაუძლოს და აღარ მოინდომოს-მეთქი. პროფესიის არჩევაც რთულია. როცა ახალგაზრდა ხარ, გგონია, ეს ის არის, რაც გინდა, მთელი ცხოვრება აკეთო. ჩემმა შუათანა შვილმა – ჯეჯიმ თეატრალური დაამთავრა. რომ აბარებდა, ვუთხარი, არ გინდა, შვილო-მეთქი. მგონია, რომ კაცისთვის ეს პროფესია ჩვენთან ძალიან რთულია. მინდოდა, სამედიცინოზე ჩაებარებინა. ადამიანების ძალიან პატარა პრობლემასაც ისე გულით უდგება, მგონია, რომ ძალიან კარგი ექიმი გამოვიდოდა. გულგრილობის წვეთი არ დევს მასში. მაგრამ არ დამიჯერა და ახლა მეუბნება, ახლა ვხვდები, მაშინ რას გულისხმობდიო. უნდა, სხვა მიმართულებითაც გააგრძელოს სწავლა, თან, თავისი საქმე ჰქონდეს. ტასოს რაც შეეხება, ორი შვილის დედაა, თან, კერამიკული სახელოსნო-მაღაზია აქვს „ფაბრიკაში“ – „კერამიკ სტუდიაო 1300“ და საკმაოდ კარგად მუშაობენ.
– როცა საქმე შვილების პირად ცხოვრებას ეხება, როგორი ხართ?
– თუ რაღაც ისე არაა, როგორც მათ სურთ, ეს ძალიან მტკივნეულია. ბევრად უფრო, ვიდრე საკუთარი პირადი. ძალიან მიყვარს ჩემი შვილების მეორე ნახევრები. ეს მათი არჩევანია და სხვანაირად არც შეიძლება, იყოს.
– უკვე რამდენიმე წელია, რეზო თაბუკაშვილზე ხართ დაქორწინებული.
– მალე ხუთი წელი გახდება, რაც ერთად ვართ. გავმრავლდით, ჩვენ უკვე ერთად ვიყავით, რეზოს ქალიშვილი რომ გათხოვდა და ორი შვილი ჰყავს. ახლა ჯამში ოთხი პატარა გვყავს. რაც მთავარია, ჩვენ ისევ შეყვარებულები ვართ. გვქონდა პრობლემები და სირთულეები, მაგრამ ამ ასაკში კიდევ სხვანაირად აფასებ რაღაცებს. სიყვარული ნებისმიერ ასაკში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და ხვდები, რომ თავიდან იწყებ ცხოვრებას. თან, რაღაც მომენტში, გგონია, რომ ეს აღარ მოხდება. მაშინ ჩემთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო – ოპერაცია ახალი გაკეთებული და რეზოს, რომელსაც შორიდან ვიცნობდი, უცებ სხვა თვალით შევხედე. უფრო სწორად, ჯერ – იმან (იცინის). მერე აეწყო, აეწყო და ამასობაში კი ხუთი წელი გავიდა. ხშირად მიფიქრია ამაზე, ყველას აქვს რთული პერიოდი, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რაღაც კარგი.

скачать dle 11.3