კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 გია ჯაჯანიძე: როცა მჭირდება, ვიტყუები

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: გია.
გვარი: ჯაჯანიძე.
პროფესია: ტელეწამყვანი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ჭიათურაში არის საბაგირო გზები, ხანდახან მარტო მიწევდა ხოლმე მგზავრობა და ბევრს ვფიქრობდი ჩემს მომავალზე. საბაგიროში რაც ჩავიფიქრე, თითქმის ყველაფერი ამიხდა. ჩემი პირველი ოცნება იყო, ძალიან ვყვარებოდი ხალხს, ოღონდ არ ვიცი, ეს რატომ მინდოდა.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– პირველად რომ მუშაობა დავიწყე, ლიმონათის ყუთებს ვჭედავდი. ამ დროს სულ ვფიქრობდი, რომ ყუთებს გავაუმჯობესებდი.  სკოლა დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი, რომ თეატრალურში ჩამებარებინა, მაგრამ იმ წელს კინოსარეჟისოროზე მიღება არ იყო, ამიტომ დრო არ დავკარგე და ეკონომიკურ ტექნიკუმში ჩავაბარე. ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტი არა გართობა, არამედ სწავლა იყო. რაც შეეხება ტელევიზიას, იქ თავად ჩემმა ცხოვრებამ მიმიყვანა.
– მეშინია...
– აღარაფრის მეშინია. ადრე სიბნელის მეშინოდა, იმიტომ რომ ფეხი არაფერზე წამომეკრა, რადგან ქვიან ადგილზე ვცხოვრობდი. არ ვარ მშიშარა ადამიანი. ღამე სასაფლაოზეც ვყოფილვარ და სხვისთვის ბევრი საშიში რამ გამიკეთებია. როცა ბევრი რამე იცი, უშიშარი ხარ. ფობიებს იმით შველიან, რისიც ეშინიათ. ამ მხრივ, რისკიანი ვარ. სიკვდილის შიშიც არ მაქვს, ისე კარგად ვიცხოვრე, ისეთი ბედნიერი ვიყავი, თუ მოვკვდები, რა ვქნა, ვიღაცებს ეწყინებათ, ვიღაცებს – არა. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული.
– მაღიზიანებს...
– არ დაიჯერებთ, მაგრამ უკვე არაფერი მაღიზიანებს, მათ შორის დაუნახავი ადამიანიც  კი. ადრე განვიცდიდი ხოლმე, რატომ ვერ ხედავდნენ სიკეთეს. ახლა აღარ დავეძებ. მსგავსმა რამემ რომ გამაღიზიანოს, მე ხომ უნდა დავიტანჯო და ვინერვიულო, მაგრამ ისე მიყვარს ჩემი თავი, აღარ მინდა, რომ ვანერვიულო, ამიტომ არაფერზე ვღიზიანდები და არც ვბრაზობ.  
– ბედისწერის გჯერათ?
– ბედისწერის მჯერა მხოლოდ საუბრის დროს. ბედისწერას ჩვენ თავადვე ვქმნით. ერთ მაგალითს მოვიყვან: მე და ჩემს ახლობელს ბაკურიანში ფიცრებზე უნდა გაგვევლო, ვაკვირდებოდი ამ ფიცრებს და ავირჩიე ისეთი, რომელიც მყარი იყო. ის კიდევ არ დააკვირდა და გავლის დროს ჩაუტყდა ფიცარი. ასეა ჩვენი ბედიც, თავადვე ვჭედავთ მას.
– სიზმრების გჯერათ?
– ვცხოვრობ პარალელურ სამყაროში. მაქვს სიზმრები, ოღონდ ამ სიზმრებშივე ვცხოვრობ – მყავს ცოლი, შვილიები, მაქვს პროფესია. სხვათა შორის, ექიმი ვარ, ქირურგი, ოღონდ ადამიანის სულს ვმკურნალობ. მყავს მეგობრები, მაგრამ არა ისინი, ვინც რეალურად არიან, არამედ სულ სხვები. ეს სიზმარი არ მეორდება  და ყოველ საღამოს ვითარდება.
– რა არის ცოდვა?
– ადამიანს რომ გულს ატკენ, ეს არის ცოდვა. ძალიან ვუფრთხილდები ადამიანებს და ვიტანჯები ხოლმე, როცა ვაწყენინებ. ცოდვაა ქურდობა, მკვლელობა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ცოდვებს ვერ განვიხილავ. მიუხედავად იმისა, რომ ტყუილები მიყვარს, არ ვატყუებ ადამიანს საქმეში, ფულში, სიყვარულში. არ დავაზიანებ სხვას. აქედან გამომდინარე, გულს არავის ვტკენ.
– შეგშურებიათ?
– სად მცალია შურისთვის. ახალგაზრდობაში კი რა დროს შური იყო, უნდა მესწავლა და ჩემი მომავლისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ჩემთვის შური, ჯიბრი და მსგავსი რაღაცები ზღაპარია.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– სპეციალურად გადამიხდია კარგად, კი არ მდომებია, მაგრამ ამ საქციელით ჩემს თავს ვაჯობე. ჭიათურიდან რომ ჩამოვედი, ჩემს ამხანაგ ბიჭთან მივედი
სახლში, რომელმაც მაჩვენა ნამდვილი ფრანგული სუნამო. არასდროს მქონდა ნანახი ფრანგული სუნამო და რომ მითხრა ფრანგულიაო, სიხარულისგან დავიყვირე: ვაიმე, დამასხი! მომიტრიალდა და მითხრა, რომ ვერ დამასხამდა. მოვკვდი ადგილზე, ოღონდ იმან კი არ მომკლა, რომ სუნამო არ დამასხა, არამედ იმან, რომ როგორ გავბედე და ვთხოვე. ეს უხერხულობა რომ გადამეტანა, ვთხოვე, სუნს თავსახურით შევიგრძნობ-მეთქი, მაგრამ ამაზეც უარი მივიღე – თავი რომ ავხადო, აორთქლდებაო.  ეს იყო და ეს, აღარაფერი მითქვამს. შემდეგ გადის წლები, გავხდი სუნამოების კოლექციონერი – თუ რამე სუნამო გამოდის, ისეთიც კი, რომელიც ჯერ შემოსულიც არაა, მე მაქვს. სახლში უზარმაზარ მაგიდაზე მაქვს ყველა დალაგებული. ეს მეგობარი რომ მოდის ჩემთან, ვეუბნები: აიღე და დაისხი, რომელიც გინდა. არავინ იცის, ცხოვრებაში რა გველოდება. ხვალ შეიძლება, ქუჩაში აღმოვჩნდე „ბომჟად“, მაგრამ იქაც ლამაზად ვიცხოვრებ.
–  ეჭვიანი ხართ?
–  არა, ეჭვი არის ცილისწამება და არ მაქვს ეს თვისება. მე უნდა ვნახო ფაქტი და ფაქტის ნახვის შემდეგ ეჭვიანობა ვეღარ გამომდის.
–  გღალატობდნენ თუ ღალატობდით?
– თუ მღალატობდნენ, არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მე ცოტათი მიღალატია – მერე მინერვიულია ამაზე.
– როდის ყვირით?
– არასოდეს ვყვირი. არის ხოლმე შემთხვევა, როცა უნდა ვიყვირო, მაგრამ იმ საყვირალსაც ისეთ დაბალ ტემბრში ვამბობ, რომ ყვირილზე უარესია.
– რას ემტერებით?
–  ადამიანებს, რომლებიც ცხოველებს ჩაგრავენ.
– სიყვარული – ეს არის...
– შეჩვევა, პატივისცემა, ნდობა, ლტოლვა, სიახლოვე – ეს ყველაფერი სინთეზში. სიყვარულის ნაწილია ვნება. სიყვარული არის ხე, რომელსაც აქვს ტოტები. ჩემს სიზმარში ეზოში მაქვს სიყვარულის ხე, რომელიც ძალიან ლამაზია, ოქროსფერი. ყველა მის ტოტს საკუთარი სახელი აქვს. ეს ტოტები, მთლიანობაში, ქმნის სიყვარულს.
– როგორია თქვენთვის იდეალური ქალი?
– წლებთან ერთად ამ კითხვაზე პასუხიც იცვლება. დღეს იდეალური ქალის გარეგნობას საერთოდ ვერ ვამჩნევ. იდეალური ქალი ჩემთვის არის სულიერად ამაღლებული, ძლიერი, განათლებული. თუ ეს ყველაფერი აქვს ქალს, ჩემთვის უკვე უმნიშვნელოა მისი ჩაცმულობა, ბრენდები, მაღალი ფეხები... ადრე ისეთი სნობი ვიყავი, ფიზიკურობასაც ვანიჭებდი უპირატესობას.
– კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
– ძლიერ კაცებს – არა და სუსტებს – კი. ეშინიათ იმიტომ, რომ მას არ აჯობონ. კაცი ბუნებით ლიდერია და ამ ლიდერობაში კონკურენციის ეშინია.
– როდის იტყუებით?
– როცა დამჭირდება. ვინც ამბობს არ ვიტყუებიო, ცრუობს. იცოდეთ, რომ ყველა იტყუება. არასოდეს ვამბობ, რომ არ მიყვარს ტყუილი და მძულს ის ადამიანები, ვინც იტყუება. მომატყუეთ რამდენიც გინდათ.
– ჭორაობთ?
–  სხვათა შორის არა, ძირითადად, ვისმენ და არ მჯერა.
– რას აგროვებთ?
– ქვებს ვაგროვებ ყველნაირს – ძვირფასს, ნახევრად ძვირფასს, ჩვეულებრივს. ასევე, ქვასანაყებს ვაგროვებ, მომწონს და ბევრიც მაქვს.
– იმედი გაგცრუებიათ?
– ასეთი უცნაური რაღაც მჭირს, როცა იმედის გაცრუებაზე დგება საქმე, მაშინვე „ყურში ვსტაცებ“ ხოლმე ხელს და ახალ გეგმას ვსახავ, რომელიც  აუცილებლად გამომდის. არასოდეს ვყოფილვარ იმედგაცრუებული.
– როდის ზარმაცობთ?
– ყოველთვის, როცა მინდა. თავს უფლებას ვაძლევ კვირაში ერთი დღე ვიზარმაცო.
– არასოდეს დამავიწყდება...
– ერთხელ „ტოიოტას“ ცენტრში დამიბარეს, ქოლგა უნდა გაჩუქოთო. წავედი მეც, მივედი და მითხრეს, რომ ამერჩია მანქანა დაბადების დღის საჩუქრად. მეგობარმა გამიკეთა ეს საჩუქარი. ასეთი რამ ბევრი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ვერ წარმომიდგენია, ცაში წვერიანი კაცი და ასე შემდეგ. ღმერთი არის ძალა და სამყარო, რომელიც განაგებს ყველას და ყველაფერს.
– ჯადო გაუკეთებიათ თქვენთვის?
– კი, გაუკეთებიათ, სიყვარულს ეხებოდა, მაგრამ ჩემზე არ უმოქმედია. ისე, მჯერა მსგავსი რაღაცების, ბოლო-ბოლო ეკლესია აღიარებს.
– რისთვის იბადება ადამიანი?
– რომ მოკვდეს. მაგრამ მინდა, ვურჩიო ადამიანებს: არ დაიბადონ მხოლოდ სიკვდილისთვის.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– ბებიას რჩევები მახსოვს. ხშირად მეუბნებოდა: ყოველთვის შეინახე ადამიანის საიდუმლოო.

скачать dle 11.3