კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ჩუბჩიკას საქართველოს ისტორიის გაყალბებაზე დასაბუთებული ბრალდებები ჰქონდა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

როგორ მოიქცეოდა ჩუბჩიკა?..
  ქალბატონი მანანა (თენგიზ მირზაშვილის მეუღლე) აუღელვებლად, დაბალ ხმაზე საუბრობს. სევდით გამთბარია ეს მოგონებები, რაღაცნაირი ფრაგმენტული. ჩვენც ასევე გთავაზობთ.
  „აკადემიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა დეიდაშვილმა, რომელიც თენგიზს კარგად იცნობდა, ჩემთან, შინ მოიყვანა, რომ ჩემი ნამუშევრები ეჩვენებინა. ნახა, მახსოვს რაღაც მირჩია... აკადემიაში რომ მოვხვდი, თენგიზი უკვე ასპირანტურაში სწავლობდა. მარჯანიშვილში სპექტაკლს – „მუმლი მუხასა“ – აფორმებდა და ნახაზის გაკეთება მთხოვა. მეც დავუხაზე. სპექტაკლს ველოდებოდი, მაინტერესებდა, როგორ გააფორმა. მაგრამ პრემიერამ ისე ჩაიარა, არ დამპატიჟა. მერე აკადემიაში შემხვდა. ნაწყენი ვიყავი და ვუთხარი კიდეც. ამაყი და ნაწყენი დავშორდი... მიხსნიდა, რომ სპექტაკლით კმაყოფილი არ იყო, – ამიტომ არ დაგიძახეო. მერე ვხვდებოდით ხოლმე, ძველ თბილისში ვსეირნობდით. იმდენ რამეს ყვებოდა, მიხსნიდა... თითქოს მეც უკვე მზად ვიყავი, რომ ეს ყველაფერი სწორად მიმეღო. საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა, აღტაცებული ვიყავი როგორც ადამიანით, ისე მისი დამოკიდებულებით ყველაფრისადმი. მერე ერთდროულად აღმოვჩნდით მოსკოვში. იქ კიდევ ახალი ურთიერთობები გაჩნდა. თუშეთშიც ერთად წავედით. იქიდან რომ ჩამოვედით, მალე დავქორწინდით. ჩუბჩიკას მერე უინტერესო გახდა ყველაფერი... მაგრამ, ყოველ წუთს ვიხსენებთ, გიასაც სულ ვეუბნები: ჩუბჩიკა ასე იტყოდა, ასე მოიქცეოდა ან ასე არ გააკეთებდა. ნატო უფრო ჰგავს. ჯიუტია, თავისი უნდა რომ გაიტანოს, გია სხვანაირია...
                                                                            კომპოტში კომპეტენტური
  თენგიზის დედა, სოფიო ლემბერგი-მირზაშვილი ფრესკებისა და  ხელნაწერების ასლებს აკეთებდა. ფერის არაჩვეულებრივი შეგრძნება ჰქონდა... რაჭა რომ დაინგრა, სოფიოს მიერ გაკეთებული ასლები დარჩა – ბუგეულის, ზემო კრიხის და სხვა. ხშირად დადიოდა ბეთანიაში, თამარ მეფისა და სხვათა ფრესკები აქვს გაკეთებული. მამა, რევაზ მირზაშვილი, კინოს მხატვარი იყო. ძალიან ნიჭიერი და განათლებული კაცი. ჩუბჩიკა მშობლებთან ერთად ბევრს მოგზაურობდა, მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი. მესტიაში დაიბადა, ეს ისტორია ყველამ იცის... – განაგრძობს ქალბატონი მანანა. თუშეთი ყველაფერს
ერჩივნა. საოცარი სიმძაფრით აღიქვამდა და ღრმა შთაბეჭდილებებს თავისი მხატვრობით გვიზიარებდა. იქაურები ისე იღებდნენ, როგორც თუშს, თუშურადაც უქცევდა. თვითონ ხომ მთელი ცხოვრება დადიოდა და სხვებსაც დაუკარგა მოსვენება. ექსპედიციებში ყველას თავს დაგვტრიალებდა. ხან კენკრას, ხან ტყის ხილს მოგვიკრეფდა და უზარმაზარ ქვაბში კომპოტსაც კი გვიხარშავდა. მთვრალი არასოდეს მინახავს. ღვინის ყადრი კი იცის, მაგრამ კომპოტში უფრო კომპეტენტურიაო! – ხუმრობდა ალექსი ჭინჭარაული. მართლაც ღვინის დიდი დამფასებელი იყო. ეს იცოდნენ და საჩუქრად ყოველთვის განსაკუთრებით კარგი ღვინო მოჰქონდათ. თუშეთზე გამახსენდა: ჩვენთან ერთად იყო რამაზ პატარიძე. შენაქოში ძალიან ლამაზი მოედანია ეკლესიასთან, იქაურებს ლექციას უკითხავდა ანბანზე, ისინი კიდევ ბრაზობდნენ, რას გველაპარაკება, განა ჩვენ წერა-კითხვა არ ვიცითო? თენგიზს ძალიან უყვარდა მოგზაურობა.
  ავსტრიაში შესთავაზეს გამოფენის მოწყობა, მან კი პიკო, ვანო მელიაშვილი, ედმონდ კალანდაძე წარადგინა. გაიყიდა ნამუშევრები და 2 თვე ვენაში გავატარეთ. საფრანგეთში, ნანტში ჰქონდა გამოფენა, ჩემი ნამუშევრებიც გამოფინეს. მერე საფრანგეთში ყოველ წელს ჩადიოდა. გერმანიაში კომპოზიტორ არვო პიარტის სახლში მოაწყო გამოფენა. ამერიკაში მხატვარმა იურა კრასნიმ მიგვიწვია. დენვერში პოლიტბიუროზე ანეკდოტების თემებზე შექმნილი სურათების გამოფენა გაიმართა. ერთი ხელოვნებათმცოდნე წერდა: „ეს ბოროტების იმპერიების მმართველნი მის ნახატებში გულუბრყვილო კაცუნებად ქცეულან, მხატვარი ხაზს უსვამს მათი ხასიათის ბნელ მხარეებს და მათ ისეთებად წარმოგვიდგენს, როგორებიც იყვნენ ცრუ დიდებისა და სახელის გარეშე. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ბნელი კომედიის გაგრძელებას მომდევნო მოქმედებაში ვიხილავთო“. ყველგან უამრავ ნახატს გააჩუქებდა ხოლმე. ჩვენმა შვილიშვილმა, ირაკლიმ, შეგვატყობინა, რომ დენვერში, Sloane Gallery  of Art-ში ჩუბჩიკას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
                                                „ქართველი ხალხი თავის ჭეშმარიტ თავგადასავალს არ იცნობს“
  ზუსტად არ მაგონდება, ვინ თქვა: „ჩუბჩიკა“ წერდა წიგნს საქართველოს ისტორიის რამდენიმე გაყალბებულ ეპიზოდზე, რა თქმა უნდა, ბრალდებებს ასაბუთებდა კიდეც და ძალიან ცოტა მეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად ისაუბრებდა ტაბუდადებულ თემებზე და არ შეეშინდებოდა, საზოგადოების ერთი ნაწილის რისხვისაო. უკან დახევა არ იცოდა, როცა ქართულ კულტურას ეხებოდა საქმე... დათარიღებასა და ძეგლებთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა. თუ მოსაუბრეს ვერ არწმუნებდა, ისე ბრაზობდა... ვაჩერებდი, ასე არ შეიძლება, სხვანაირი ტონით თქვი-მეთქი. ებრძოდა ხელოვნების ისტორიის მუზეუმს... შეპყრობილი იყო, სტატიებს წერდა, ერთი შეხლა-შემოხლა ჰქონდა... მერე კიდევ „ვეფხისტყაოსანზე“ გადაერთო. დაუდგრომელი და შეუპოვარი ადამიანი იყო...
                                                                          სხვანაირი ჩუბჩიკა
  სახელოსნოსთან ახლოს, ქუჩაში, ვისაც კი ხვდებოდა, ზოგს არც კი იცნობდა, უბრალოდ, ესალმებოდა, ეპატიჟებოდა, ამოდით ჩემთან, ჩაის დაგალევინებთო,
თავისი მოხარშული მურაბით გაუმასპინძლდებოდა, აუცილებლად ნახატსაც აჩუქებდა, ყველაფერს გამოჰკითხავდა... ვინც ერთხელ მაინც მოხვდებოდა მის ჭერქვეშ, თითქოს იზიდავდა, მერეც განაგრძობდნენ სტუმრობას... უამრავი ხალხი ესხდა, ლაპარაკობდა, თან, მუშაობდა. ყველგან, ყველას თანდასწრებით შეეძლო ეხატა.
  თავდაპირველად დაბადების დღეების აღნიშვნა არ უყვარდა, მე შევაჩვიე, გვიან მოდიოდა, ქუდს მოისროდა ბზრიალ-ბზრიალით, პალტოს იქვე დააგდებდა... აი, ასე შემოდიოდა ხოლმე. ძალიან დაბნეული იყო. ერთხელ ორი კაშნეთი გავიდა, ჯერ ერთი გაუკეთებია, ზემოდან – მეორე. ერთ მშვენიერ დღეს უკან მობრუნდა, თურმე, ჩითების გახდა დავიწყებია. ხელოვნების მუზეუმში რომ შესულა, რას ხედავს – ფეხზე რა აცვია! ცივად გამობრუნდა. კომფორტი მისთვის უხერხულობა იყო, თავს კარგად ვერ გრძნობდა. შეეძლო, სადღაც საძილე ტომარაში გაეთენებინა. მასზე არც ამინდი მოქმედებდა, თუ დავიწყებდით წუწუნს: მზე არ არის, ქარია... როგორ არ გრცხვენიათ, ამას როგორ ამბობთ, ყოველი დღე კარგიაო. დაღლილიც ერთთავად ამბობდა: მალე გათენდეს, ისევ სამუშაოდ წავიდეო. ძალიან ინდივიდუალური ტიპი იყო. ასე მოყოლა მასზე ძნელია... ბოლოს ბროდსკის ინტერვიუები ვიყიდე. ვუთხარი, ჯერ წავიკითხავ, მერე გაჩუქებ-მეთქი. საღამოობით მართმევდა და კითხვის დროს მეუბნებოდა: მანანა, იცი, მეც ზუსტად ასე ვფიქრობო. ძალიან სწრაფად, რაღაცნაირად ერთბაშად კითხულობდა. რაც მოსწონდა, რაც აღელვებდა, ყველაფერი შეიტანა თავის წიგნში, დაწყებული მხატვრობიდან, გათავებული მუსიკალური ნაწარმოებებით...
                                                                                   ***
  „ჩემს თაობას კარგად ემახსოვრება ეს არაყველასნაირი ადამიანი, რომელსაც საკუთარი სტილი ჰქონდა – პროფესიაშიც და ჩაცმაშიც. სწორედ არაორდინარულობის გამო მიიწვია იგი მასავით არაყველასნაირმა ანდრეი ტარკოვსკიმ, „ჰამლეტის“ გასაფორმებლად. დღეს გიამბობთ ამერიკაში მცხოვრები ფერმწერის კატია კომპანეეცის მოგონების ეპიზოდს „ჩუბჩიკასა“ და ტარკოვსკისზე, რასაც ჩემი „პირით“ და სტილით, ანუ ჩემებურად მოვყვები:
თენგიზი განათლებით თეატრალური მხატვარი იყო და სცენაზე „მაკბეტის“ დადგმის იდეა აწუხებდა, მუდმივად ციტირებდა შექსპირს, ის კი არადა, ერთხელ მისი ინგლისური წიგნი ამოიღო და წაკითხვა მთხოვა. (თეა ფირცხალავა) მე ვკითხულობდი, ის ესკიზებს აკეთებდა, თუმცა არ იცოდა, ვის ან სად უნდა დაედგა „მაკბეტი“. ხანდახან თენგიზი გიორგი კალატოზიშვილთან ჩადიოდა მოსკოვში. ერთხელაც ანდრეი ტარკოვსკიც მივიდა... საუბარი რომ დაიწყეს, თენგიზმა „მაკბეტის“ დადგმის ჟინი გაუმხილა. ტარკოვსკიმ, თურმე, ეგრევე უთხრა, ლენკომში „ჰამლეტის“ დამდგმას ვგეგმავ, მხატვარს ვეძებ და შენ წამოდიო. მერე თენგიზი მიყვებოდა, კაცო, სად „მაკბეტი“ და სად „ჰამლეტი“, თუმცა ორივე მაინც შექსპირიაო... დათანხმდა, მაგრამ ეჭვობდა, შეძლებდა კი ტარკოვსკისთან მუშაობას?! თენგიზი სენსიტიური იყო ხალხის მანერების მიმართ, ტარკოვსკი კი, მისი აზრით, ნერვიული ადამიანი იყო, გეგონებოდა, კბილებში ისრუტავდა ჰაერს... თენგიზი შიშობდა, ვაითუ მეც დამეწყოს „წიკებიო“, ამიტომ მთხოვა, რომ მასთან ერთად მემუშავა „ჰამლეტის“ კოსტიუმებზე, მე ადვილად მეგუებოდა, თან თბილისში უწევდა ჩასვლა, სადაც ოჯახი და შეკვეთები ეგულებოდა, სპექტაკლზე მუშაობას კი მუდმივად მოსკოვში ყოფნა დასჭირდებოდა. ჰოდა, მეც დავთანხმდი. მალე თენგიზმა ტარკოვსკის გასაცნობად წამიყვანა მის სახლში და იმანაც ეგრევე დაიწყო „ჰამლეტის“ პასტერნაკისეული თარგმანის ხმამაღლა კითხვა და ორივენი თარგმანის ზოგიერთ უზუსტობას იწუნებდნენ... მოკლედ, მალე მე და თენგიზმა ინგლისურ-ფრანგული გუაშები დავახვავეთ, წიგნებში ჩავეფლეთ და დავიწყეთ კოსტიუმებზე მუშაობა. ამოსავლად ავიღეთ აღორძინების ხანა. მესაფლავეთა და დესპანთა კოსტიუმები ბოსხთან ვიპოვეთ, ოფელია – კრანახთან, „ჰამლეტი“ დიურერის ავტოპორტრეტში დავინახეთ... მალე დაგვათენდა კიდეც და ტარკოვსკიც მოვიდა, მაგიდას დახედა თუ არა, წამოიძახა, ოფელია – კრანახის უნდა იყოს, „ჰამლეტი“ – დიურერის... და თითქმის ყველაფერი ჩვენსას დაემთხვა“.


скачать dle 11.3