კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ მიჰყიდეს რუსებმა 22 დეკემბრიდან ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს ტყვია-წამალი და რატომ შეუწყვიტეს პრეზიდენტის დამცველებს 28 დეკემბრიდან იარაღის მიწოდება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  საბჭოთა კავშირის დაისზე დაწყებული, ეგრეთ წოდებული, „პერესტროიკა“ 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ათის დეკლარაციით გაგრძელდა, რის საფუძველზეც შეიქმნა დსთ, სსრკ-ის ბოლო პრეზიდენტმა გორბაჩოვმა უფლებამოსილება 25 დეკემბერს მოიხსნა, ხოლო სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ 26 დეკემბერს მიიღო დეკლარაცია, რითაც დანარჩენ მსოფლიოს აუწყა, რომ საბჭოეთმა არსებობა შეწყვიტა. 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისში სისხლიანი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც 1992 წლის 7 იანვარს დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაძევებით, რასაც მოჰყვა სამოქალაქო დაპირისპირება მთელ საქართველოში და აფხაზეთის ომიც, რომელიც ყველასთვის ცნობილი შედეგით დასრულდა. იმჟამინდელი საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი გურამ ლაკია გაიხსენებს იმ დღეებს, რომელთა მიერ დასმული დაღი დღემდე ბედისწერასავით მოჰყვება ქვეყნის უახლეს ისტორიას.
– იგრძნობოდა, რომ პოლიტიკური კონფლიქტი სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, ანუ რა ხდებოდა მანამ, სანამ ქვეყანა მივიდოდა 22 დეკემბრამდე, როდესაც რუსთაველის გამზირზე ტყვია გავარდა?
– მავანი ამას დღესაც „თბილისის ომს“ უწოდებს. თბილისელებს ომი არ დაუწყიათ და ერთმანეთი არ დაუხოცავთ. ეს არის შევარდნაძის მიერ დამკვიდრებული გებელსური სიცრუის პოლიტიკის ნაყოფი, რათა როგორმე გაემართლებინა სამხედრო გადატრიალება, შეეფასებინა, როგორც დემოკრატიული მოვლენა და არა შეიარაღებული-კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალება. გახსოვთ, რომ ვაჟა ადამიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა უზენაესი საბჭო, გაემიჯნა ეროვნულ ხელისუფლებას და კარავი დადგა მერაბ კოსტავას სახლის ეზოში, სადაც თვითონაც ცხოვრობდა. მე მასთან მივედი, ვინაიდან იმ პერიოდში ვიყავი უზენაესი საბჭოს თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის უფროსი კონსულტანტი. კომისიას კი ვაჟა ადამია თავმჯდომარეობდა. მე ვუთხარი, ახლა არ არის დაპირისპირების დრო, ისედაც ჩვენი ბედი ძაფზე ჰკიდია, საბჭოეთი ასე ადვილად არ გაგვიშვებს-მეთქი. ხომ გესმით, ბატონო გურამ, ამის დღეები დათვლილიაო, ზვიადი იგულისხმა, ამიტომ მე დამიდექი გვერდში და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაშიო. მე გავახსენე, ბატონმა პრეზიდენტმა 16 სექტემბერს მკითხა, წავიდოდი თუ დავრჩებოდი თანამდებობაზე, მე მას მივეცი თანხმობა და ახლა, როდესაც უჭირს, არ ვუღალატებ-მეთქი. ესე იგი, სამხედრო დაპირისპირება წინასწარ მზადდებოდა. კიტოვანი არის მსხვერპლი, გადატრიალება მზადდებოდა ისეთი ადამიანების მიერ, როგორების იყვნენ ვაჟა ადამია და თენგიზ სიგუა. კიტოვანი, უბრალოდ, იარაღად გამოიყენეს, მას იმის თავი არ აქვს, რაღაც დაგეგმოს. როდესაც რუსეთში „გე კა ჩე პე“ მოხდა, პრეზიდენტი ფოთში ბრძანდებოდა, მე მის თბილისში დაბრუნებას ველოდებოდი. „გე კა ჩე პეში“ მონაწილეობას იღებდა მარშალი იაზოვი. მე მას ვიცნობდი – ერთად ვმსახურობდით ჩინეთის საზღვარზე, ვიცოდი მისი ხასიათი, ის შემტევი პიროვნება იყო და ამდენად, ვფიქრობდი, რომ დაგვარტყამდნენ, რადგან ჩვენ უკვე გვქონდა შექმნილი ეროვნული გვარდია, უიარაღო ახალგაზრდები დაგვეღუპებოდა და მინდოდა, სასწრაფოდ მეთქვა პრეზიდენტისთვის, რომ ეს ახალგაზრდები სახლში გაგვეშვა. პრეზიდენტმა თქვა, გამოცდილი ბიჭები დავტოვოთ და განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი შევუნარჩუნოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსო. მოვამზადეთ პრეზიდენტის ბრძანებულება, რომ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია, დავტოვეთ გამოცდილები და ეს ავხსენით იმით, რომ თბილისის, ეგრეთ წოდებული, მერვე პოლკი, ანუ საბჭოთა კავშირის მერვე პოლკი შეყვანილი იყო ცხინვალში და მილიონიანი ქალაქი დაცვის გარეშე იყო დარჩენილი. 20 დეკემბრის ბრძანებულებით, ეროვნულ გვარდიას დაერქვა „შინაგანი ჯარი: ეროვნული გვარდია“, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა და ჩვენ არ მოგვცემდნენ უფლებას, შეგვექმნა შეიარაღებული ძალა. თბილისში იდგა სსრკ-ის მეასე დივიზია, ლაგოდეხში – სადესანტო ბრიგადა და ასე შემდეგ. მთელ საქართველოში იყო განლაგებული საბჭოთა ჯარები და არავინ მოგვცემდა უფლებას, შეგვექმნა პარალელური სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევნიღბეთ ეროვნული გვარდია. მაშინ შს მინისტრის პირველი მოადგილე კიტოვანი იყო. რომ დაგვცლოდა, მარტისთვის გვეყოლებოდა 12 000-ანი ორთვიანი მომზადებაგავლილი ეროვნული გვარდია, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების საშუალება არ მოგვცეს, იმიტომ რომ მაშინ გაუჭირდებოდათ გადატრიალების მოწყობა და ჩქარობდნენ.
ბატონმა პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს მკითხა, ვის უნდა მივკედლებოდით, რომ დაგვეცვა დამოუკიდებლობა, მაშინ მე მას შევთავაზე და მანაც მომიწონა, რომ საქართველოს გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა აზერბაიჯანთან ერთად და შეგვექმნა ბუფერული ზონა კასპიისა და შავ ზღვებს შორის, რომ საბჭოთა კავშირი და „ნატო“ დაგვეცილებინა ერთმანეთისთვის.
– აზერბაიჯანთან გქონდათ მოლაპარაკებები, მათი აზრი იცოდით?
– აზერბაიჯანში მაშინ პრეზიდენტი იყო ელჩიბეი და აზერბაიჯანსაც საქართველოს მსგავსი პრობლემები ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთობლივად უნდა გვემოქმედა, ელჩიბეიც და გამსახურდიაც ეროვნული მოძრაობის თავკაცები იყვნენ და მე მქონდა იმის იმედი, რომ ისინი მოახერხებდნენ ამ საკითხზე შეთანხმებას და ამის გაცხადებას გაეროში.
– სომხეთი რატომ დატოვეთ თამაშგარედ?
– მე ძალიან კარგად ვიცი ომების ისტორია რომაელებიდან მოყოლებული და ვიცოდი, ვინ იყვნენ სომხები. ამდენად, სომხეთის იმედი არ მქონდა, ისინი იქნებიან იმასთან, ვინც მათ შეუნარჩუნებს რაღაც სახელმწიფოს მაგვარს. ისინი, ჯერ იყვნენ ქართველების ხარჯზე, მერე კი – რუსების.
– გაიხსენეთ, როგორ დაიწყო დღე 1991 წლის 22 დეკემბერს.
– 21-ში ჩემი 350 კაცით, ეროვნული გვარდიის წევრებითა და მოხალისეებით, დავიკავე უზენაესი საბჭოს შენობა. კიტოვანი ჩამოვიდა თბილისის ზღვიდან, გია ყარყარაშვილმა მიატოვა ცხინვალი და 100 კაცით ისიც თბილისში ჩამოვიდა და, ამდენად, უკვე ვიცოდით, რომ თავს დაესხმებოდნენ კანონიერ ხელისუფლებას, რომელიც იმყოფებოდა მაშინდელ მთავრობის სახლში. 22 დეკემბერს  კონფერენციაზე, სადაც შეიქმნა, ეგრეთ წოდებული, დსთ და საქართველოს დელეგაციამ უარი თქვა მასში გაწევრიანებაზე, ელცინი დაგვემუქრა და გასაგები იყო, რომ მუქარას აღასრულებდა. ასე რომ, ბევრი რამ მიუთითებდა იმას, რომ ისროდნენ. ისინი თავს დაგვესხნენ დილის 8 საათსა და 04 წუთზე, ანუ დააჩქარეს ელცინი.
იმ დღეს ჩემს ხალხთან ვიმყოფებოდი უზენაესი საბჭოს მესამე სართულზე, სადაც იჯდა პრეზიდენტი და თვალს ვადევნებდი, თუ რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. ბიჭებს ეძინათ იატაკზე. როგორც კი გათენდა, რიჟრაჟზე, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა თეთრი „ნივა“, ნელა მოდიოდა. მე ხმამაღლა ვთქვი (ხმამაღლა განზრახ ვლაპარაკობდი, რადგან იქვე იმყოფებოდა „პირველი არხის“ კორესპონდენტი ჩემგან 5-6 მეტრში, რომ ჩაეწერათ), ეს დაზვერვაა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში გამოიარა შავმა „ვოლგა 24-მა“, ისიც ნელა მოძრაობდა, ისევ ვთქვი ხმამაღლა, ეს უკვე უფროსობაა. „ვოლგა“ გაჩერდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ. კარი გაიღო. ვიღაცამ ფეხი გადმოყო, მაგრამ მანქანიდან არ ჩამოსულა. რაღაც დაათვალიერეს და გაიარეს. ჩემი საუბრის ჩანაწერი იქნება „პირველი არხის“ არქივში და როცა დასჭირდებათ, ამოიღებენ, ალბათ. სულ ცოტა ხანში ვიღაცამ ქვემოდან ამოგვძახა, ლოთი ეზოში მოწყობას აკეთებსო. ბიჭებს ვუთხარი, მომყევით-მეთქი და ჩავირბინე მესამე სართულიდან ქვემოთ. კარი გავაღე, რომ ეზოში გავსულიყავი, 5-6 მეტრის გავლა მოვასწარი და ატყდა სროლა. იცით, რომ პარლამენტის შენობა რუსთაველის მხრიდან შესასვლელში დგას ბოძებზე. მათ ამოვეფარე. ისინი ისროდნენ გაღმიდან, მხატვრის სახლიდან. ამიტომ ტყვიები გვცდებოდა. უკან მივბრუნდით და ისევ მესამე სართულზე ავედით. ხალხი განვალაგე შეტევის მოსაგერიებლად, მესამე სართულზეც, მეოთხეზეც, პირველი სკოლისკენ, ჩიტაძის ქუჩისკენ და ასე შემდეგ. ჩვენ თავდაცვისთვის ვიყავით მომზადებულები. ვინც ვერ მოასწრო ჩამოსვლა, ფანჯრებთან მოფარებულად იდგა. მათ შორის იყო სლავა ალანია, გვარდიის გალის ბატალიონის მეთაური. არ ისროდნენ. მე აღელვებულმა ვუთხარი, რატომ არ ისვრით, გახსენით ცეცხლი-მეთქი. ფანჯრები იმსხვრეოდა უკვე. საშინელი ხმაური იდგა. სლავა ალანიამ გაოგნებულმა მითხრა, ბატონო გურამ, ქაშუეთიდან ისვრიან და ეკლესიას ვესროლოთო?! მე ვუთხარი, ისროლეთ, ეკლესიაში ეშმაკია ჩაბუდებული-მეთქი. აი, ამის შემდეგ გავხსენით ჩვენ ცეცხლი. რამდენიმე წუთის შემდეგ პრეზიდენტი დაცვამ დაიყოლია და კაბინეტიდან გამოიყვანა, ის დაცვის ბიჭებზე მაღალი იყო, თვალებით მომძებნა და მზერა ჩემზე შეაჩერა. ხმამაღლა მითხრა, ფეხებში ესროლეთო, იცოდა, მე ვხელმძღვანელობდი დაცვას. აი, ასეთი იყო ჩვენი პრეზიდენტი – მტერიც კი არ ემეტებოდა სასიკვდილოდ.
– რამდენი შეიარაღებული ადამიანი გყავდათ შენობაში და ხომ იცოდით, რომ ტყვია-წამალი არ გეყოფოდათ?
– ჩვენ არ ვიცოდით, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა დაპირისპირება. ტყვია-წამალს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისგან ვყიდულობდით. 28 დეკემბრის შემდეგ შეწყვიტეს ვაჭრობა და ყველანაირი წყარო გადაიკეტა და თვითონ ჩაერთნენ სამხედრო მოქმედებებში.
– ანუ თქვენც გაძლევდნენ იარაღს და მათაც, ვინც უტევდა პარლამენტის შენობას? რით ადასტურებთ, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვნენ შენობის შტურმში?
– სამხედრო ჰოსპიტალში 6 იანვარს, დილით, მიმიყვანეს დაცვით. ჩემს პალატაში იწვა ფეხმოკვეთილი ჯარისკაცი. მის სანახავად მოვიდნენ სხვა რუსი ჯარისკაცებიც, ვკითხე, სად დაკარგე ფეხი-მეთქი. კიტოვანმა ჩვენი „ბე ტე ერი“ და უფროსი კაპიტანი იქირავა და რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგე პრეზიდენტს ვესროდითო. „ბე ტე ერის“ ლუქი ღია მქონდა, მას ტყვია მოხვდა და იმან მომწყვიტა ფეხიო. ლაგოდეხის სადესანტო ბრიგადიდან იყო. მეორეც – მე პროფესიონალი სამხედრო ვარ. ყუმბარმტყორცნიდან ისროდნენ უზენაესი საბჭოს შენობის ეზოში და ჩემთვის გასაგები იყო, რომ რუსები ისროდნენ და არა ჩვენები. ჯერ ერთი, კიტოვანს არ ჰქონდა 120-მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნი და, მეორეც, ისინი ასეთი სიზუსტით ვერ ისროდნენ. მესამე – რუსულნომრიანი ტანკები დაჯლიგინებდნენ რუსთაველზე. ნომრები არ მახსოვს, მაგრამ ჩაწერილია. რუსების ქვეითი-საბრძოლო მანქანა ავაფეთქეთ რუსთაველზე ყუმბარმტყორცნიდან.
– რის იმედით უწევდით წინააღმდეგობას? თუ რაკი სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, თქვენ სხვაგვარად, უბრალოდ, აღარ შეგეძლოთ, გემოქმედათ? გამოსავალს ხედავდით?
– 28 დეკემბრამდე, სანამ რუსეთი უშუალოდ ჩაერთვებოდა, მანამდე იმედი იყო. ჩვენ ვაპირებდით ჭკუით, პროფესიონალიზმითა და მოტივაციით მათ განეიტრალებას. ჩვენთან იყო ხალხი, რომლებიც საკუთარი ნებით დადგნენ კანონიერების მხარეს. მაგრამ 28 დეკემბრიდან უკვე ვიცოდით, რომ ვერაფერს გავხდებოდით. იმ დღეებში გაგვექცა თავდაცვის მინისტრი ფირცხალაიშვილი, გავიდა, ვითომ ტყვია-წამლის მოსატანად. ჩემი სამხედრო ქურთუკი ჩაიცვა. ჯერაც არ დაუბრუნებია... დამაიმედა, გავიდა და გაქრა. მაგრამ ჩვენ იმდენად მოტივირებულები ვიყავით, უკან არ დავიხევდით. უკვე გაფრთხილებული მყავდა პრეზიდენტის მძღოლი, როგორ უნდა გავსულიყავით, მაგრამ შემდეგ გია უჩავამ ჩაფუშა ეს გეგმა. ის მათი შემოგზავნილი იყო გარედან. როდესაც მივხვდი, რომ გვიღალატეს, პრეზიდენტი უკვე მანქანაში იჯდა და გადიოდა შენობიდან. სხვა მოქალაქეებთან ერთად მე დავჯექი ავტობუსში, რომელიც დახვრიტეს მეტეხის ხიდთან და დღემდე ვატარებ მარჯვენა ფილტვში ტყვიას, რომელიც გოგა ხაინდრავამ მესროლა ავტომატიდან, 5,45-მილიმეტრინი ტყვიაა.
– დაინახეთ, რომ ხაინდრავამ გესროლათ? რით ამტკიცებთ?
– სხვას არ ჰქონდა ისეთი ავტომატი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში აჩუქეს, მაშინ თქვას, ვის ათხოვა?! თვითონ ჯაბა იოსელიანმაც კი უსაყვედურა თავის წიგნში, გასულებს, რომლებსაც მისცეს გარანტია, რომ არ ესროდნენ, როგორ ესროლეთო. მე პრეზიდენტის გაყვანას ვაპირებდი ახალქალაქიდან აჭარაში და იქ პრეზიდენტი გამოვიდოდა ტელევიზიით, მაგრამ ეს გეგმა ჩაიფუშა და ამის ავტორია გია უჩავა.

скачать dle 11.3