კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 სალომე ჭაჭუა ბეირუთში ვარსკვლავებს ქორეოგრაფიულ ნომრებს უდგამს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  სალომე ჭაჭუას ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ის ბეირუთის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფად მიიწვიეს. სალომემ ბეირუთში თვე-ნაზევარზე მეტი დაჰყო, ცოტა ხნის წინ თბილისში დაბრუნდა და ახალი წლების შემდეგ კვლავ აპირებს გამგზავრებას, რადგან პროექტის პირდაპირი ეთერები იწყება.
  სალომე ჭაჭუა: ეს შემოთავაზება მაისში მივიღე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ რადგან ქვეყანაში საომარი ვითარებაა, ამიტომ თავიდან ვორჭოფობდი. შემდეგ ოჯახის წევრები, მეგობრები დავსხედით და გადავწყვიტეთ, წავსულიყავი – პროფესიიდან გამომდინარე, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იქნებოდა. შემოთავაზება დარენ ბენეტისგან მივიღე, რომელიც საქართველოში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვიდე სეზონის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. მას ძალიან მოსწონს ჩემი შემოქმედება. როგორც კი გავიცანი, მაშინვე მითხრა, რომ ჩემი რეზიუმე გამეგზავნა, ასევე, ვიდეო, სადაც ინგლისურად ვსაუბრობდი. როგორც კი საინტერესო შემოთავაზება იქნება, მაშინვე შეგეხმიანებიო და შემეხმიანა კიდეც.
– გარკვეული პერიოდი არ საუბრობდი ამ თემაზე, მალავდი.
– კი. თავიდან ეს ახლო წრემ, ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ. კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მაგრამ სანამ ბილეთს ხელში არ დავიჭერდი, მანამდე არ ვიტყვი არაფერს-მეთქი. არ მიყვარს წინასწარ რაღაცების თქმა, მერე ხელი რომ არ შემეშალოს ან არ გამოვიდეს. მოკლედ, როცა ჩავფრინდი, მერე დავჩექინდი და გაიგო ხალხმა.
– როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები?
– თავიდან ცოტა შიშის მომენტი მქონდა, მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო, პირიქით, შინაგანად ვგრძნობდი, რომ იქ კარგი იქნებოდა. მართლაც ძალიან კარგი სიტუაცია დამხვდა. ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, არ იციან, რით გასიამოვნონ. მუდმივად პოზიტივით გავსებენ. თან, საჩემო კლიმატია, სულ თბილა და ეს არის ჩემთვის ბედნიერება, ბევრ რამეში მიწყობს ხელს. სულ ოთხი ქორეოგრაფი ვართ და მე ჩავედი პირველი, რადგან დარენს უნდოდა ასე. მე და ჩემი მეწყვილე ვართ, რომელიც უკრაინიდან არის, მაგრამ ჰონგკონგში მოღვაწეობს.
– მომიყევი შენი მეწყვილის შესახებ.
– ეს არის დენის სამსონი, ჩემი კოლეგა და ახლა უკვე მეწყვილე. დენისი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავეა, მისი შედეგებიდან გამომდინარე: Blackpool-ის პრიზიორია, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და პრიზიორი. ჩემმა უცხოელმა ტრენერებმა დამაკავშირეს და სინჯი უნდა გაგვეკეთებინა. მაშინ ჰონგკონგში მომიწევდა გადასვლა, ცხოვრება, რაც რთული იქნებოდა ჩემთვის. ამიტომ, უარი ვთქვი და სინჯი არ გავაკეთეთ. ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით, თუმცა, რადგან კოლეგები ვართ, სულ გვქონდა კავშირი. ახლა დარენმა მითხრა, შენ ვისაც ჩათვლი საჭიროდ, მეწყვილედ ის წამოიყვანე, მე გენდობიო. წარმოიდგინე, რამდენად მნიშვნელოვანია, ასეთი პიროვნება, თან ბრიტანელი, რომ გეუბნება, გენდობიო. მეც შევეხმიანე დენისს, თუმცა, ვიცოდი, რომ მეწყვილე ჰყავდა, ტურნირებზე აქტიურად გამოდიოდა და შესაბამისად, მისი რეგალიებიდან გამომდინარე, შესაძლოა, არც დამთანხმებოდა, არ ეცლებოდა. თუმცა, მაინც მივწერე: ასეთი შემოთავაზებაა და ხომ არ დაფიქრდებოდი-მეთქი. მაშინვე მომწერა: ახლა არ მყავს მეწყვილე და მეც ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, რომ ახალი გამოცდილება მივიღო, ძალიან კარგი შემოთავაზებააო. მოკლედ, დამთანხმდა და ისიც წამოვიდა. ჩვენ გარდა, არის კიდევ ერთი წყვილი ბულგარეთიდან, ძალიან კარგები და გამოცდილები. გვერდში ვუდგავართ ერთმანერთს, ვეხმარებით, რაც სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება ხოლმე და გაგვიმართლა. მოკლედ, პირველი ჩავედი, რადგან დარენს უნდოდა, მოცეკვავეებისთვის მასტერკლასები ჩამეტარებინა. მისი მეუღლეც ადგილზე დამხვდა და ერთად ვმუშაობდით გახსნის ცეკვების ქორეოგრაფიაზე. შემდეგ ჩემი მეწყვილეც ჩამოვიდა, ბულგარელი წყვილიც და დადგმებზე მუშაობა დავიწყეთ. პირდაპირი ეთერები იანვარში დაიწყება, თუმცა ჩვენ უკვე ორი ლაივი გვაქვს გაკეთებული, 14 წყვილია და ქორეოგრაფები ცეკვებს ვინაწილებთ. იქ ყველაფერი წინასწარ არის გაწერილი. ბევრი ფიქრი გჭირდება, რადგან ერთ დადგმას რომ აკეთებ, უნდა მოიფიქრო მისი ისტორია, ასევე, ქორეოგრაფია, მონიტორზე რა გავა, ვინ საიდან უნდა გადაიღოს, ვინ როდის უნდა შემოვიდეს. ყველაფერი მე უნდა გავწერო, ფოტოები ვიშოვო, მეიქაფი, სამოსი, მოკლედ, ყველაფერზე ვმუშაობ. კვირაში ერთხელ დიდი შეხვედრა გვაქვს და უკვე იქ ლაგდება ყველაფერი. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევაა. როცა საქართველოს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი, ჩემი შემოქმედების 90 პროცენტს ყოველთვის მე ვაკეთებდი პარტნიორთან და ქორეოგრაფებთან ერთად. აქ ჩემზეა დამოკიდებული, ისინი როგორ წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. ძალიან მაგარია და მიხარია, რომ სცენის მიღმა ვიქნები. გავუძლებ, რადგან არც მიწევს ამაზე ფიქრი. სხვებზე ვფიქრობ, როგორ წარდგებიან მყურებლის წინაშე, როგორ გამოიყურებიან, როგორი ქორეოგრაფიაა. შენიშვნებისთვისაც მზად ვართ და ჯანსაღ შენიშვნებს ყოველთვის ვითვალისწინებ.
– რამდენად პოპულარულია ეს პროექტი ბეირუთში?
– ძალიან პოპულარულია, უკვე მეხუთე სეზონია, მიდის. იქაურ „ემტივიზე” გადის, რომელიც წამყვანი არხია.
– შენ მიმართაც, ალბათ, დიდი ინტერესია.
– კი, დაინტერესდნენ, თუმცა ჯერ სამზადისი მიდის და ახლა, რომ ჩავალ მერე დაიწყება ყველაფერი: ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ. იქაურ პროდიუსერებს ერთი სული აქვთ, როდის ვიცეკვებ. ალბათ, ორ ან სამ შოუს ვიცეკვებ, რადგან მითხრეს: შენი ცეკვის გარეშე არაფერი გამოვაო.
– როგორია დარენთან ერთად მუშაობა?
– ძალიან საინტერესოა. ბრიტანელია, დისციპლინა განსაკუთრებულად ესმის. ძალიან კომფორტულია და რაც არ მოგვწონს, იმას ერთად განვიხილავთ. ყველაზე მეტად რაც მომწონს, ეს არის გუნდური პრინციპით მუშაობა. ჯანსაღი კონკურენციაა. მე, დენისს და ბულგარელ წყვილსაც ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს.
– დენისს არ იცნობდი. ერთია, რომ მაღალი დონის მოცეკვავეა, მაგრამ მეორეა, როგორ შეეწყობოდით ერთმანეთს, როგორ იმუშავებდით ერთად, თან, უცხო ქვეყანაში, ახალ პროექტზე.
–  ესეც ძალიან საინტერესო იყო. ბოლო პერიოდია, სულ პოზიტიური განწყობა მაქვს. არ მიფიქრია: ვაიმე, ასეთი რომ იყოს ან ისეთი. რამდენჯერმე ტელეფონით რომ დავეკონტაქტე, მისგან პოზიტიური ენერგია მოდიოდა და ჩავთვალე, რომ მასთან მუშაობა საინტერესო იქნებოდა. თან, ადამიანს ასეთი რეგალიები, ბეგრაუნდი რომ გაქვს, გამორიცხულია, მშრომელი არ იყოს. სხვა შემთხვევაში, ამხელა წარმატებას ვერ მიაღწევდა. ანუ ვიცოდი, რომ იქნებოდა მშრომელი და ხელი არ შეგვეშლებოდა. იმაშიც გაგვიმართლა, რომ ძალიან კარგი, დადებითი ადამიანია და მარტივია მასთან კომუნიკაცია.
– როგორ გამოიყურება თქვენი წყვილი ცეკვის მხრივ?
– ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორც დარენი გვეუბნება, ვიქცევთ ყურადღებას, რადგან ვიზუალური მხარეც ბევრს ნიშნავს. კარგი აღნაგობის, სიმპათიური მამაკაცია და რაც მთავარია, მაღალია. ეს ისე გამიხარდა, რადგან ვიზუალურადაც ვეწყობით ერთმანეთს.  ჩემი წინა პარტნიორი არაჩვეულებრივი მოცეკვავეა, მაგრამ ცოტა სიმაღლეში ვერ ვეწყობოდით. ვიზუალურ მხარეს რომ ცეკვის ხარისხიც მოჰყვება, უკვე კარგი პროდუქტი გამოდის. მოკლედ, ჩვენი წყვილი ძალიან მოსწონთ.
– ვისთანაც დადექი წყვილში, ყველასთან დაგაწყვილეს და ალბათ, ახლაც გაჩნდება გარკვეული ჭორები შენზე და დენისზე. ამისთვის მზად ხარ?
– ყოველთვის ასე ხდება. იმედია, ადამიანებს გაუხარდებათ, რომ შემოქმედების მხრივ, ახალი, კარგი ეტაპი მაქვს და ჩემთვის არამნიშვნელოვან ჭორებს არ მიაქცევენ ყურადღებას. თუმცა, ვიცი, როდესაც საჯარო პირი ხარ, ჭორებს ვერ ასცდები. ამისთვის მზად ვარ, მაგრამ გამიხარდება, თუ  ჩემი შემოქმედებითი წინსვლა გაუხარდებათ.
– ვინ არიან მონაწილეები?
– ძალიან კარგი მოცეკვავეები არიან, თან, ჩემი ასაკის და პირიქით, კარგად მიმიღეს, კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. მოცეკვავეებს ძალიან მოსწონთ, როდესაც არა მხოლოდ სიტყვიერად უხსნი, არამედ სხეულითაც. სხვანაირი ენერგეტიკა შევიტანეთ მე და დენისმა, რადგან ორივე ცოცხლები და ენერგიულები ვართ, აქტიური მუშაობა გვიყვარს და მუშაობის პროცესში ეს კარგ ქაოსს იწვევს. მოცეკვავეები სულ მწერენ, როდის ჩამოდიხართო. რაც შეეხება ვარსკვლავებს, მძიმეწონიანები არიან. ერთ-ერთი მისტერ მსოფლიოა. ყველა უშუალო და კონტაქტურია. ამაშიც გაგვიმართლა, რადგან არავის არ აქვს ისეთი განსაკუთრებული თვისება, რაზეც შეიძლება, ავეწყოთ. კარგად მოგყვებიან და ყველას უნდა ფინალში მოხვედრა. მოკლედ ჯანსაღ კონკურენციაში არიან და გიჟებივით მუშაობენ.
– შენ და დენისს გაქვთ სამომავლო გეგმები?
– შეჯიბრებაში – არ მგონია, რადგან ორივე შოუს თვალსაზრისით ვფიქრობთ. როგორც წყვილს, ორი ძალიან კარგი შემოთავაზება გვაქვს. ჯერ ეს პროექტი დავამთავროთ კარგად და მერე გადავწყვეტთ. ახლა თბილისში ჩამოვა და ერთად ვიმუშავებთ. მერე, ალბათ, ერთად წავალთ ბეირუთში. შემდეგ შემოთავაზებაზე, უკვე, როგორც მოცეკვავე, ისე უნდა წავიდე და ძალიან საინტერესოა ჩემთვის.
– ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ძალიან აკლიხარ. როგორ მიიღო ხალხმა შენი გადაწყვეტილება?
– როცა ამ შემოთავაზებაზე დავთანხმდი და უკვე მივდიოდი, მაშინ დამიკავშირდნენ. თან, ჯობია ქართველმა ხალხმა დაისვენოს ჩემი შემოქმედებისგან. მაგრამ შევცდი, პირველი ლაივი რომ გავიდა, ჩემი სოციალური ქსელი აფეთქდა: ეს რა გაგვიკეთე, აღარ ვუყურებთო. ახლა, აქ რომ მხედავენ, ცივად მეკითხებიან: ეს ჩვენ გაგვიკეთე, რატომ არ ხარ პროექტშიო. მინდა ვუთხრა ყველას, რომ მომავალ სეზონზე თუ აქ ვიქნები, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ახლა კი დროებით ჩამოვედი და ისევ მივდივარ, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. 26 იანვარს იწყება პირველი ლაივშოუ და მაისამდე ბეირუთში დავრჩები.

скачать dle 11.3