კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ვინ უღალატა ზაზა ურუშაძეს და როგორ გახდა ბავშვობის მეგობარი მისთვის იუდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  54 წლის ასაკში რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია – „მანდარინები“, წარდგენილი იყო „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ნომინირებული – „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.
  თორნიკე ბზიავა (რეჟისორი): როცა ეს მოხდა, იმ მომენტში მასთან არ ვყოფილვარ, მაგრამ მაშინვე დამირეკეს და მისი მეგობრებიდან პირველი ვიყავი, ვინც იქ მივიდა. თურმე, გული აწუხებდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, მეც არ ვიცოდი.
– ახლა ბევრს საუბრობენ იმ უსამართლობაზე, რომელმაც ძალიან ატკინა გული.
– ის, რამაც ზაზაზე ძალიან იმოქმედა, აკადემიის დატოვება იყო. შიდა სამზარეულოში ბევრი რამ მოხდა, რაზეც მე ვერ ვილაპარაკებ. მაგრამ ფაქტია, რომ ამ კაცმა რაც შექმნა, იმით ისტორიაში დარჩა. უპრეცედენტრო რამ მოხდა მისი წყალობით და ახლა კიდევ უფრო რთულია მსგავსის გაკეთება. ის ხალხი, ვინც მას ებრძოდა და „მოვიდნენ“, ზაზასთან შედარებით ძალიან არაჯანსაღია. იმის გამო, რომ ადამიანები ერთმანეთს არ დაჯახებოდნენ, არ უნდოდა ბევრი ადამიანის გვერდში ამოყენება, ეს თავად მითხრა. ამიტომ იკავებდა თავს, თორემ მეც აბსოლუტურად მოზიარე ვიყავი მისი შეხედულებების.
– როგორი მეგობარი იყო?
– ზაზა დემოსტრაცია იყო იმ უდიდესი ენერგიის, რისთვისაც ცხოვრება ღირს. სულ გვერდით გედგა და განუგეშებდა. როგორი ორგანიზატორი და რეჟისორი იყო – ვიცით და ამასთან ერთად, დიდი ბავშვიც იყო, რომელიც ყველაფერს ძალიან განიცდიდა. ამ წარმატების შემდეგ ზაზას „ჰოლივუდში“ მუშაობა შესთავაზეს. მაგრამ იქ ძალიან რთული კონტრაქტებია. ოთხი წელი მარტო ერთი კომპანიის პროდუქტებზე უნდა იმუშაო. მას კი უნდოდა, რასაც პროდიუსერი და თვითონ გადაწყვეტდნენ, იმაზე გაეკეთებინა კიდევ ერთი მაგარი ფილმი და არა წლების განმავლობაში  ვიღაცისთვის ეხარჯა საკუთარი შემოქმედება, თუნდაც ძალიან დიდი ფულის სანაცვლოდ. ამიტომ, როცა „ჰოლივუდიდან“ ასეთი კონტრაქტები შესთავაზეს, არ მოეწონა. მაგრამ უზარმაზარ სიხარულს ატარებდა „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირების გამო და ამის გახსენება პატარა ბავშვივით ახარებდა.
ვიცი ისიც, რომ ერთ-ერთი დიდი ქართული კომპანია ზაზას რაღაცას დაჰპირდა, მაგრამ ბოლო წამს „გადააგდეს“. ყველაზე უფრო ამას განიცდიდა. ზუსტად ამის შემდეგ „დაარტყა“ იმ ფლანგმა, რომელმაც დაარტყა. რასაც ემსახურებოდა, იმის გასაუმჯობესებლად დაჰპირდნენ ამ თანხას, შემდეგ ზაზა სხვას დაჰპირდა რაღაცებს  და რომ „გადააგდეს“ ვეღარ შეასრულა. ამას ძალიან განიცდიდა. მერე „პირი შეუკრეს“ და ყველაფერი გააკეთეს, რომ წასულიყო, არ დააფასეს მისი უზარმაზარი ღვაწლი. ეს კარგად გვიჩვენებს, რომ ცხოველთა სამყაროში ვცხოვრობთ. ზაზა ლომი იყო და ისინი აფთრებივით უვლიდნენ გარშემო. ის იმ იშვიათ ადამიანთა შორის იყო, ვისი ნახვის დროსაც ცხოვრება გიხარია და ყველაფერს დადებითად გეგმავ. მარტო სიკეთე არ კმარა. ძლიერიც უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთი განწყობა შეგიქმნას და ზაზა ასეთი იყო.
  ლიკუნა რემკა რევიშვილი (ზაზას მეგობრის, გიორგი რევიშვილის ქალიშვილი): ზაზა და მამაჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. შესაბამისად, ზაზა ბავშვობიდან კარგად მახსოვს. მისი უფროსი შვილი, ანა ურუშაძე და მე ჯგუფელები ვართ, ორივე კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობდით და მისი ოჯახი ყველა ეტაპზე ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. 2018 წლის დეკემბერში ზაზამ შემომთავაზა, რომ მასთან წავსულიყავი პროექტების მენეჯერად. მაშინ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო. იცოდა, რომ ჩემი პროექტები მქონდა, ამ სფეროსთან ძალიან ახლოს ვიყავი და ამიტომ ამიყვანა. არა მარტო კინოპროექტების მენეჯერი, მისი ასისტენტიც გავხდი. საქართველოს კინოაკადემიაში ზაზას მისვლის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა და მიძინებული, მკვდარი ორგანიზაცია გამოცოცხლდა. ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა, უმცირეს დეტალებსაც კი.  თუ პროფესიად რეჟისურას ირჩევ, ზაზა ურუშაძე უნდა იყო. ადამიანი კინოზე უზომოდ იყო შეყვარებული და ამ სიყვარულით ცოცხლობდა. გადაღების პროცესი უზომოდ უყვარდა. ამბობდა, ორმოცი რომ მქონდეს სიცხე, მაინც არ შემაწუხებს, იმდენად ბედნიერი ვარო. მისი ფილმები ძალიან ჰგავს მის ხასიათს. ბავშვურად სუფთა ადამიანი იყო, დიდი ბავშვი. ვერავინ იტყვის, მე ზაზა ურუშაძემ რაღაც მომატყუაო. ყველა მისი ფილმი სიყვარულით სავსეა და ალბათ, ამან მოუტანა ამხელა აღიარება. არ გვყავს სხვა ქართველი რეჟისორი, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია – „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი გახდა.
– ზაზას გარდაცვალების შემდეგ, ბევრი წერდა ასეთი ადამიანების დაუფასებლობის შესახებ. თვითონ რას ამბობდა?
– კინოაკადემიაში არაჯანსაღი პროცესები გაზაფხულის შემდეგ დაიწყო. ზაზასთვის მიუღებელი იყო გაურკვეველ პროცესებში ჩართვა. არავინ განუსჯია, უბრალოდ, არაჯანსაღ პროცესებს მოშორდა და წამოვიდა. მას არასდროს აინტერესებდა თანამდებობა. ზაზას უნდოდა, კინო და წამოვიდა თუ არა, სამ ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა.
  პანაშვიდზე ერთი გოგო მოვიდა, საკუთარ წერილში გახვეული ყვავილებით. ადამიანების ემოციებს რომ ვხედავ, ვხვდები, რომ ამისთვის ღირდა ცხოვრება. ზაზა უყვარდათ და აფასებდნენ. სამმა გაუგებარი წარმომავლობის ადამიანმა თუ აკადემიაში რაღაცები გახლართა, ეს არაფერია. მთავარი ზაზას ფილმები და საქართველოს მისდამი დამოკიდებულებაა.
– იუდა ისკარიოტელი ჰყოლია გვერდით, მისი ბავშვობის მეგობარი, ის ვისგანაც არ ელოდა ღალატსო, ყვებოდით...
– კინოაკადემიაში ამ ამბებმა რომ ჩაიარა, ზაზას ვეუბნებოდი, 27 წლის გოგო ვარ და აქ რომ არ მოგეყვანე ასეთ რამეს სხვაგან ვერ ვნახავდი-მეთქი. სახედაკარგულ ადამიანებს შევადარე ისინი, ვინც იქაურობის ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ. ძალიან შინაურები იყვნენ და ძალიან შეეშალათ. ეს ადამიანი მართლა ზაზას ბავშვობის მეგობარი იყო და იუდა აღმოჩნდა, რომელმაც მეგობრობა მატერიალურ კეთილდღეობაზე გაცვალა.
– გულნატკენი წავიდა ამქვეყნიდანო. ლანა ღოღობერიძეც წერდა, რომ ბოლო პერიოდში ჩაიკეტა, ზარებს აღარ პასუხობდაო.
– ზაზა საერთოდ არ ყოფილა ჩაკეტილი. უბრალოდ, კინოაკადემიაში განვითარებულ პროცესებზე ხმამაღლა საუბარი არ მოუხდებოდა. ის გულისტკივილები, რაც იმ ყველაფერმა გამოიწვია, ზაზამ იმაზე ადრე დაასაფლავა, ვიდრე ეს ყველაფერი მოხდებოდა. არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ ვიღაც შეუმდგარი ადამიანები გამოვიდნენ ამ ყველაფრის მიზეზი. ზაზას ეგენი გულს ვერ გაუხეთქავდნენ. ეს უკვე განვლილი პერიოდი იყო.
არაფრის ჩივილი არ ჰქონდა. დილით დამირეკავდა: დროზე ადექი, მე უკვე იპოდრომს წრე დავარტყი და სახლში მოვედი, საღამოს აუზზე მივდივარო. ვარჯიშობდა, ფეხით დადიოდა, ცურავდა. სულ ცდილობდა, ფორმაში ყოფილიყო. არც სიგარეტს ეწეოდა, არც სასმელს სვამდა.
– რა შეიძლებოდა, გამხდარიყო მისი გარდაცვალების მიზეზი?
– არ ვიცი, ამაზე პასუხს ვერასდროს გაგცემთ. დილით რომ გავიღვიძე, საოცრად სასიყვარულო წერილი დამხვდა მისგან. ყოველდღე სიყვარულში მაცხოვრებდა ეს ადამიანი. იმ დილით მწერდა, ჩემი შვილი ხარ, მეამაყები. შენნაირი კარგი ადამიანი არ შემხვედრიაო. ამაზე მეტს ცხოვრებაში ვერავინ ვერაფერს მეტყვის. აუზზე ტაქსით რომ მიდიოდა, ტელეფონზე ვლაპარაკობდით. მითხრა, ცხრაზე გამოვალ და  პირდაპირ შენთან მოვალო. სცენარზე უნდა გვემუშავა. წავედი, წავედი, გკოცნიო და გამითიშა. მერე იქიდან მესიჯი მომწერა. რამდენიმე წუთში მირეკავენ და მეუბნებიან, ზაზას გულის შეტევა აქვსო. მერე იყო რამდენიმე ზარი და შეტყობინება: სწრაფად მიპასუხე, ზაზა აღარ არისო.
– გიორგი კალანდია წერდა, ძალიან უბრალოდ ცხოვრობდა: გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები...
– ვერ დავეთანხმები გიორგი კალანდიას მაგ ნაწილში. შეიძლება, ემოციების ქვეშ იყო და ამიტომ დაწერა ასე. ზაზას ძალიან მოწესრიგებული და პატარა, ლამაზი სახლი აქვს, ახალი გარემონტებული. მას უნდა იცნობდეთ, პათოლოგიური დამოკიდებულება ჰქონდა ჩაცმაზე. ეგრე მამაკაცს გამოპრანჭვა და ჩაცმა უყვარდეს, მეორე დედამიწის ზურგზე არ დადის. ხვალისთვის არაფერს გადადებდა. ყოველდღე ბედნიერი იყო, სულ ინიციატივები ჰქონდა. მოწყენილი ზაზა ურუშაძე, ალბათ, მის მეუღლესაც არ ჰყავს ნანახი.
– როგორი მეუღლე იყო, როგორი მამა...
– ზაზას მეუღლე, თამუნა, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, თითქოს, ლიმიტირებული გამოშვებაა. ერთადერთია და ისიც ზაზას შეხვდა ცხოვრებაში. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე ვლაპარაკობდით და მითხრა, ბავშვობაში ხომ ყველას გვიოცნებია, როგორი ცოლი გვინდა და ზუსტად ეგეთია ჩემი ცოლიო. თამუნა რომ არ ყოფილიყო, ვინ გამიძლებდაო. ცარიელი სიყვარულია, მისი მეუღლე. „ბედნიერა“ დავარქვი ამ ადამიანს. ერთხელ თანამშრომელი გოგო სამსახურში გაბრაზებული მოვიდა – ქმართან ვიჩხუბეო. მახსოვს ზაზას სიტყვები: რაო? მე და თამუნა ოცდაათი წელია ცოლ-ქმარი ვართ და ერთხელ არ გვიჩხუბია არაფერზეო.
  ამ დღეებში ბევრჯერ მომხვდა ყურში. ქართველები როგორ არ ვაფასებთ სიცოცხლეში ადამიანებსო. ზაზას ამ განცდით არ უცხოვრია. წინა კვირას აუზიდან ტაქსით მოვიდა ჩემთან. გვიყვებოდა: თქვენხელა ბიჭი შემხვდა, ფული არ გამომართვა და ძალიან „მიტყდებაო“. „ცხელი ძაღლიდან“ მოყოლებული, ჩემი ფილმებიდან ისეთ დეტალებზე მელაპარაკა, გავგიჟდიო. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. დაფასება რას ნიშნავს? ხალხის სიყვარულს ყველგან გრძნობდა. დიდი პატრიოტი იყო და მისთვის ძალიან მტკივნეული იყო ოკუპაციის თემა. ერთხელ მითხრა, ოკუპანტი ქვეყნიდან მომივიდა შემოთავაზებაო – რაღაც უნდა გადაეღო ძალიან დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ. აბა, რა პასუხს გავცემდიო, – მკითხა. დაახლოებით ვიცი, მაგრამ სიტყვა-სიტყვით ვერ გეტყვი-მეთქი. რა და ვუთხარი: ჯერ თქვენი ტანკები გაიყვანეთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნეთ, მერე ჩამოვალ და სულ უფასოდ გაგიკეთებთ ყველაფერსო.

скачать dle 11.3