კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რატომ შეარქვეს ელენე ლოლაძეს „სისხლის ფერია“ და შეექმნა თუ არა მას მშობლებისგან პრობლემები

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  17 წლის ელენე ლოლაძე ყველაზე პერსპექტიული სპორტსმენია კიკბოქსინგსა და ტაილანდურ კრივში. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს გოგონა ნამდვილი აღმოჩენაა. ელენემ, დაახლოებით, წელიწად-ნახევარია, რაც ვარჯიში დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის ყველა შეხვედრა მოიგო. აპრილიდან დღემდე მოპოვებული აქვს რუსთავის ღია პირველობა, თბილისის თასი. არის საქართველოს ჩემპიონი და შავი ზღვის საერთაშორისო თასის მფლობელი, პროფესიონალური ორგანიზაცია E.F.S (eagle fight series) გამარჯვებული, პროფესიონალური ორგანიზაცია FFC (Free fighting championship) საჩემპიონო ქამრის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი ვაი კრუში ორგანიზაცია IFMA (International Federation of Muaythai Associstions)-ს ეგიდით, ამავე ჩემპიონატზე დაჯილდოვდა თასით, როგორც გამორჩეული ათლეტი (აღნიშნული თასი 800 მონაწილიდან მხოლოდ  რვას გადაეცა); მსოფლიო თასის მფლობელი კიკბოქსინგში WAKO (World association of Kickboxing Organizations)-ს ეგიდით ჩატარებულ ოცდამეოთხე Bestfighter wako world cup-ზე.  ელენე საკუთარ წარმატებეზე მწვრთნელთან, ნიკა ბეგოიძესთან ერთად გვესაუბრა.
  ელენე ლოლაძე: ოთხი წლიდან ვცეკვავდი ქართულ ცეკვას, ასევე მუსიკალური ცხრაწლედი მაქვს დამთავრებული, თუმცა ფორტეპიანოზე დღემდე დავდივარ. ერთხელაც გადავწყვიტე, რომ ვარჯიში დამეწყო, რათა ფორმა შემენარჩუნებინა, ამიტომ სპორტდარბაზში მივედი, სადაც ჩემი მწვრთნელი, ნიკა ბეგოიძე დამხვდა. მაშინ 16 წლის ვიყავი. ცოტა ხანში ნიკამ მითხრა, რომ კარგი მონაცემები მქონდა და იქნებ რინგზე გასვლაზე მეფიქრა. ეს სერიოზულად არ მიმიღია და ბევრი ვიცინე. არ მინდოდა რინგზე, რადგან თავიდან ცხვირზეც  რომ მხვდებოდა ხელი, ცუდი რეაქცია მქონდა, მაგრამ  ნიკამ იმდენი მელაპარაკა, რინგზე გასვლაზე დავთანხმდი. პირველი ორი ბრძოლა რომ მოვიგე, სტიმული მომეცა, თუმცა სპორტის ეს სახეობა სერიოზულად ბაქოში გამართულ ტურნირზე აღვიქვი.
– რა ხდებოდა ბაქოში?
  ნიკა ბეგოიძე: ბაქოში ცოტა უცნაური სიტუაცია  დაგვხდა. ვიცოდით, რომ ელენეს იმავე ასაკისა და გამოცდილების აზერბაიჯანელი სპორტსმენი უნდა შეხვედროდა. ფედერაციის პრეზიდენტმა კი მითხრა, არ მგონია სუსტი გოგო დაგვახვედრონო. მეც ვიფიქრე, გამოცდილებას მაინც მიიღებს-მეთქი და წავედით. თან, ელენესაც  ძალიან უნდოდა წასვლა.  მოკლედ, პირველი შეხევდრა  32 წლის ქალთან მოუწია, რომელიც შემდგარი სპორტსმენი იყო, ჰყავდა თავისი მოსწავლეები და ტურნირზე თავისი სპონსორითა და ჟურნალისტებით იყო მოსული. 21 პროფესიონალური ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და აქედან – 18 მოგებული. ეს ყველაფერი ბრძოლის დასრულების შემდეგ გავიგეთ. დაძაბული ბრძოლა გაიმართა, იქ იგრძნო პირველად ელენემ, რომ ისე მარტივად არ იყო ყველაფერი, როგორც საქართველოში. შეხვედრა ელენეს გამარჯვებით დასრულდა და ფინალში შეახვედრეს ის აზერბაიჯანელი, რომელზეც მანამდე გვქონდა ინფორმაცია. საბოლოოდ მასაც  მოუგო და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
– ელენე, რა რეაქცია ჰქონდათ მშობლებს, როცა უთხარი, რომ რინგზე უნდა გამოსულიყავი?
  ელენე: თავიდან მშობლებმა არ იცოდნენ, ორი ბრძოლის შემდეგ ვუთხარი, რომ  რინგზე ვიდექი  (იცინის). ნიკა რომ მეკითხებოდა, რატომ არ ეუბნები მშობლებსო, ვპასუხობდი:  ბრძოლებს ვაგროვებ-მეთქი. მერე სხვა გზა აღარ მქონდა და ვუთარი. სხვათა შორის, ნორმალური რეაქცია ჰქოდნათ. დედა მაინც განიცდიდა და ეშინოდა, მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვია და გადალახა. მიღწევებიც რომ ნახეს, დარწმუნდნენ ჩემს შესაძლებლობებში. პრობლემა არ შეუქმნიათ.
– როგორც ვიცი, მოწინააღმდეგეები შეჯიბრებამდე ერთამანეთზე ზემოქმედებას ცდილობენ. რა რეაქცია გაქვს ხოლმე?
– მიმიკებით ცდილობენ ხოლმე  ზემოქმედებას, მაგრამ ისეთი ფსიქიკა მაქვს, მსგავს რაღაცებს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას. მსგავსი ფაქტები, ძირითადად, აწონვების დროს ხდება, თუმცა ეს ჩემთვის უმნიშვნელოა.
  ნიკა: ელენე ძალიან თავშეკავებულია, ის არასოდეს საუბრობს თავის მიღწევებზე, არადა, ყველა სფეროში წარმატებულია. ძალიან კარგი მოცეკვავე იყო, მუსიკალურშიც ურჩევენ, რომ კონსერვატორიაში ჩააბაროს, სკოლაშიც  კარგად სწავლობს და მოკლედ, რომელ საქმესაც მოჰკიდებს ხელს, ყველაფერი გამოსდის. იქიდან გამომდინარე, რომ ცეკვა ეხერხება, უცნაური ტურნირი მოიგო – ტაილანდური ცეკვის მსოფლიო ჩემპიონატი. ეს გახლავთ საბრძოლო ცეკვა. უცხოელი პირველად გახდა ამ ჩემპიონატის გამარჯვებული  და, საერთოდ, ქართველმა პირველად მიიღო მასში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ფინალში გადასვლის შემდეგ იქვე გაააკეთა იმპროვიზაცია და  ცეკვა დადგა.
– ელენე, რატომ დაგარქვეს „სისხლის ფერია“?
  ელენე: სპორტის ამ სახეობაში ხშირია ტრავმებიც და სისხლიც. ერთ-ერთ ტურნირზე სისხლიანი ფერია დამიძახეს.
  ნიკა: საქართველოში ტარდებოდა საერთაშორისო შეჯიბრება. ამ ჩემპიონატამდე ორი დღით ადრე ელენეს რუსთავის თასზე ჰქონდა საკმაოდ მძიმე ბრძოლა, რომლის შემდეგაც ტრავმები დარჩა. ცოტა რომ დაესვენა, კლასთან ერთად  ყაზბეგში წავიდა ექსკურსიაზე. ფედერაციის პრეზიდენტმა დამირეკა, შეჯიბრება ტარდება და გოგო ხომ არავინ გყავსო. იმის გამო, რომ სულ სპონსორის პრობლემა გვაქვს, ვიფიქრე, უცხოური ტურნირია და იქნებ, რამეში წაგვადგეს-მეთქი. ამიტომ მივწერე ელენეს, თუმცა ეს არ ყოფილა რაღაც კატეგორიული მოთხოვნა, უბრალოდ, ტურნირის შესახებ ვუთხარი. ცოტა ხანში მომდის შეტყობინება, როგორ წამოვიდე აქედანო (იცინის). შეხვედრამდე „ფეისბუქზე“ დავდე ელენეს სურათი მხარდასაჭერად, თან, დავაწერე, რომ ამ ფერია გოგოს სჭირდებოდა მხარდაჭერა. აღნიშნულ ტურნირში ბევრი სისხლი დაიღვარა და აქედან გამომდინარე შეარქვეს „სისხლის ფერია“.

скачать dle 11.3