კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ოპერაცია „გლოვის ზარი“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #49-50(989)

  უკვე ბნელოდა, როდესაც სეფემ მეუფე ტარიელი თბილისის რეზიდენტურის ოფისში შემინული „ჯიპით“ მიიყვანა და რეზიდენტს აახლა. აგენტი „მეტრი“ სამოქალაქო სამოსში იყო გამოწყობილი და თვალები მუქი „რეიბანით“ ჰქონდა დაფარული. მის დანახვაზე რეზიდენტს ზიზღი მოეძალა, მაგრამ საკუთარ გრძნობებს მოერია. ახალმოსულს ნაძალადევად გაუღიმა. ხელიც კი ჩამოართვა. სავარძელზე მიუთითა და უთხრა:
– დაბრძანდით, მეუფეო. როგორ გრძნობთ თავს?
– ღვთის მადლით, კარგად. ვისთან მაქვს საუბრის პატივი? – მიუგო ტარიელმა.
– ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, მეუფეო, – უთხრა რეზიდენტმა.
– როგორ მოგმართოთ?
– გენო დამიძახეთ, – უთხრა რეზიდენტმა „მეტრს“ და სეფეს გადახედა, რომელიც კედელთან მდგარ სავარძელში იჯდა და  ისე ისმენდა მათ საუბარს.
– ბატონო გენო, რა აუცილებელი იყო ჩემი აქ მოყვანა. ეს ხომ გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული? – იკითხა ტარიელმა.
– ნუ ნერვიულობთ. რისკი მინიმალურიც კი არაა. აქ ვერავინ გიცნობთ და უკან ისევე უსაფრთხოდ დაგაბრუნებთ, როგორც მოგიყვანეთ. თქვენთან სერიოზული სალაპარაკო გვაქვს და ამაზე უსაფრთხო ადგილს ვერსად ნახავთ.
– გისმენთ, ბატონო გენო, ბრძანეთ, – თქვა „მეტრმა“ და რეზიდენტს მიაპყრო მზერა.
– ალბათ, იცით, თუ რა განცხადებას აკეთებენ ამ ბოლო სამი დღის განმავლობაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეკლესიის ზოგიერთი მაღალჩინოსანი იერარქის წინააღმდეგ... – თქვა გენომ. მაგრამ ტარიელმა მას სიტყვა გააწყვეტინა და აღშფოთებული სახით თქვა:
– ესაა ყოვლად ბინძური კამპანია რწმენისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ამ დღეებში საგანგებო მიმართვით გამოვალ და დავგმობ მათ საქციელს, თან ამ ურჯულოებს ანათემას გადავცემ.
სეფეს ირონიულად გაეცინა. რეზიდენტმა კი ბოლომდე მოუსმინა „მეტრს“ და უთხრა:
– ჯერ ერთი, ნუ მაწყვეტინებთ, მეუფეო. განცხადებით კი აუცილებლად გამოხვალთ და იმას განაცხადებთ, რასაც ჩვენ გეტყვით.
– რა უნდა ვთქვა – იკითხა შეცბუნებულმა „მეტრმა“.
– უნდა თქვათ, რომ ეკლესია სიწმიდეა და ზოგიერთი მისი მაღალი იერარქი მის წაბილწვას ცდილობს, საბაბს აძლევს პოლიტიკოსებს მსგავსი განცხადების გასაკეთებლად და რომ ასეთი უღირსი მღვდელმთავრები უნდა განიდევნონ დედა ეკლესიიდან. შემდეგ თქვენ ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის ეთერში მიგიწვევენ და ჟურნალისტის კითხვაზე – თუ ვის გულისხმობთ უღირს მღვდელმთავრებში და რა უღირს საქციელს სჩადიან ისინი, იტყვით, რომ დედა ეკლესიაში სოდომური ცოდვა გამრავლდა, მას ხელს უწყობენ კონკრეტული იერარქები და რომ ეკლესიის მესაჭე ამ ყველაფერზე არა მარტო თვალებს ხუჭავს, არამედ მფარველობს კიდეც მათ.
ტარიელს ამ სიტყვების გაგონებაზე ცივმა ოფლმა დაასხა და გაფითრდა. ენა ჩაუვარდა. თვალები ჩაუწითლდა და აცახცახდა. აშკარად ჩანდა, რომ „მეტრმა“ დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო და პარალიზებული იყო.
– გასაგებია, მეუფეო, ჩემი სიტყვები თუ გაგიმეოროთ? – ჰკითხა „მეტრს“ რეზიდენტმა.
ტარიელმა ხელით ანიშნა, – მაცადეო, შემდეგ რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. ნერწყვი გადაყლაპა, გონება მოიკრიბა და რეზიდენტრს უთხრა:
– ბატონო გენო, თქვენ მთავაზობთ, რომ მხარი დავუჭირო ამ ბინძურ ანტიეკლესიურ კამპანიას, ლახვარი ჩავცე რწმენას და საჭეთმპყრობელს ცილი დავწამო?
– საჭეთმპყრობელი უნდა შეიცვალოს. ასეა საჭირო და მისი ადგილი უფრო ახალგაზრდამ დაიკავოს, – თქვა გენომ და სეფეს გადახედა. შემდეგ ეშმაკურად აუელვარდა თვალები და დააყოლა, – საჭეთმპყრობლის პოსტს ვერ შეგპირდებით, მაგრამ მყარად გაქვთ გარანტირებული მისი მოადგილეობა. ეკლესიურად რომ ვთქვათ – მოსაყდრეობა.
„მეტრს“ თვალები გაუშტერდა და ჩაფიქრდა. პაუზის შემდეგ კი თავი გააქნია და თქვა:
– არა, ბატონო გენო. ასეთ რამეს ვერ ვიზამ და რაც არ ვიცი, ვერ ვიტყვი. სოდომური ცოდვის, მამათმავლობის დაბრალება მართალი კაცისთვის ჩემს ძალებს აღემატება. მით უმეტეს, საჭეთმყპრობლის „გაშავება“. ის ჩვენში ყველაზე დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობს და ხალხი, უბრალოდ, ჩამქოლავს. არა, გამორიცხულია!
გენომ სეფეს გახედა. „მეტრის“ კურატორმა კი ტარიელს უთხრა:.
– თქვენ აუცილებლად უნდა გააკეთოთ ეს. ასეთი კომბინაციაა ჩაფიქრებული და ვერ შევცვლით.
თითქმის პარალიზებული ტარიელი ერთბაშად გამოცოცხლდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სეფეს უღრიალა:
– მე თქვენი კომბინაციები საერთოდ არ მაინტერესებს! არა და მორჩა! გეყოთ ჩემი გაპროსტიტუტკება. უარს ვაცხადებ თქვენთან თანამშრომლობაზე და რაც გინდათ, ის გააკეთეთ. ამაღამვე გამოვალ პირდაპირი ეთერით და ყველაფერს ვიტყვი. მოვინანიებ ჩემს ყველა ცოდვას და დანარჩენი ღმერთმა იცის.
გენო ხმისამოუღებლად ისმენდა ტარიელის მონოლოგს. სეფეს კი ირონიული ღიმილი არ მოსცილებია სახიდან და წარბიც არ შეუხრია. ბოლოს კი „მეტრს“ მშვიდად წაუსისინა:
– ჩვენი კომბინაცია ზუსტად ისე გათამაშდება, როგორც დაგეგმილია და თუკი თქვენ არ გააჟღერებთ საჭეთმპყრობლის სოდომური ცოდვის მფარველობას, მაშინ ამას სხვა გააკეთებს. მთავარი ბრალდებული კი სწორედ თქვენ იქნებით და ქვეყანა გაიგებს, რომ მამათმავალი ხართ. ქვეყანა გაიგებს, რომ ეკლესიაში მამათმავლები მოამრავლეთ და ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით. მით უმეტეს, რომ ამის დამადასტურებელი ჩანაწერები გვაქვს და ისინი ინტერნეტით გავრცელდება. გასაგებია?
„მეტრი“ ჯერ კიდევ უკიდურესად იყო აღგზნებული და იმავე პათოსით უპასუხა სეფეს:
– რაც გინდათ, ის გაავრცელეთ. ეს არ მადარდებს. ბოლო-ბოლო იერარქობა შემიჩერონ და მონასტერში გამამწესონ მოსანანიებლად. საჭეთმპყრობელი დიდსულოვანი კაცია და გამიგებს.
სეფეს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ის გენომ ხელით შეაჩერა და „მეტრს“ უხეშად უთხრა:
– აგენტო „მეტრო“! ნუთუ ფიქრობ, რომ ფსევდონიმი „მეტრი“ ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით მოგანიჭეს და მართლაც პატივსაცემი სასულიერო პირი ხარ? – გენოს ცინიკურად ჩაეცინა და კბილებში გამოსცრა, – „მეტ–რი“ მეტრაკე ტრისტანია და არა პატივცემული მოძღვარი. კარგად დაიმახსოვრე ეს. შენ, შე გაქსუებულო ღორო, ისევ ისეთივე პედერასტი და ქათამი ხარ, როგორიც ავჭალის „მალალეტკებში“ იყავი და თანაც, მკვლელი. ჩვენ კი შენ კაცად გაქციეთ და ახლა გინდა, გვერდზე გადგე და უცოდველ კრავად წარმოაჩინო თავი?
– რაც გინდათ, ის გააკეთეთ. მე თქვენ თამაშს არ ვითამაშებ! – იღრიალა „მეტრმა“.
– ძალიან ცუდი. ახლა კი მოდი, ამას შეხედე და თუკი ისევ მაგ აზრზე დარჩები, შეგიძლია, ახლავე წახვიდე ტელევიზიაში და პირდაპირ ეთერში გამოხვიდე მონანიებით. თუმცა, მაინც არაფერი გეშველება და ამ კადრების ხილვის შემდეგ არც დიდსულოვანი საჭეთმპყრობელი შეგინდობს. განგკვეთავენ და სულ მალე საშინელი სიკვდილით ამოგხდიან სულს, – უთხრა გენომ ტარიელს. პროცესორს „ფლეშკა“ მიუერთა და მონიტორი ჩართო.
კადრში გამოჩნდა აგენტი „მეტრი“, რომელიც არასრულწლოვან ჭაბუკთან სოდომური ცოდვით იყო დაკავებული... ტარიელს თვალები გაუფართოვდა, თავში შემოირტყა ხელები და იღრიალა:
– კმარა, გამორთეთ! ყველაფერზე თანახმა ვარ!
გენომ მონიტორი გამორთო და ტარიელს უთხრა:
– იმ წაბილწული ყმაწვილის მამა რომ დიდ ძალაუფლებას ფლობს და საშინელი ადამიანია, ალბათ, ჩემგან არ გესწავლება. ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში ჩაგაგდებს, როდესაც ამ კადრებს ნახავს? რომ მოკვდე, გაგაცოცხლებს და ნელა, საშინელი წამებით მოგიღებს ბოლოს.
– ვიცი, ვიცი, ყველაფერზე თანახმა ვარ, ბრძანეთ და შევასრულებ, – თქვა „მეტრმა“ და შეშლილის თვალებით მიაჩერდა რეზიდენტს.
***
  მეუფე ტარიელის „მხილებამ“ ნავთი დაასხა ქვეყანაში აგიზგიზებულ კოცონს და ცეცხლი იქაც გაჩნდა, სადაც ადრე ყველაზე ბოროტ ფიქრებშიც კი ვერ წარმოიდგენდა კაცი. ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. ყველა ყველას კბენდა და ისე აიმღვრა წყალი, რომ მასში თევზის დაჭერა მხოლოდ ამ ქაოსის შემოქმედთ შეეძლოთ. „ცენტრის“ მთავარ ოფისში მოკალათებული გენერალი სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო და მორიგი რიგგარეშე ჩინის მოლოდინში  სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდა.  ის თითქმის ყოველ ერთ საათში იღებდა ცხელ-ცხელ ინფორმაციებს თავისი რეზიდენტურებიდან და ყურადღებით უცქერდა ქაოსის დამადასტურებელ კადრებს, რასაც პირდაპირ ეთერში თითქმის ყველა ტელევიზია გადასცემდა. მთავრობა დაბნეული იყო. საკანონმდებლო ორგანო – მოშლილი. სასულიერო პირები – აღშფოთებული. ქუჩაში გამოსული სხვადასვა მიმართულების საპროტესტო ჯგუფები კი ამ ქაოსს უფრო მეტ სიჭრელეს მატებდნენ და ქვეყანა უმართავი ხდებოდა... ჭაღარა, მრავლისმნახველი გენერალი კი კულმინაციის მოახლოებას ელოდა, რათა ამ საშინელი ოპერაციის ბოლო აკორდი  დაეკრა და იმ მიზნისთვის მიეღწია, რაც გეგმით იყო დასახული.
  „მხილებიდან“ ერთი კვირის თავზე მეუფე ტარიელს იერარქობა შეუჩერეს და საჭეთმპყრობელმა ცოდვების მოსანანიებლად ის მონასტერში გაამწესა. ამ ნაბიჯმა საერთო ქაოსი ოდნავ შეაჩერა და მთავრობამაც გონზე მოსვლა იწყო. ამ ვითარებაში გენერალმა „კალიგულა“ დაიბარა „ცენტრში“ და უთხრა:
– ბატონო ვიქტორ, ახლა შენი გააქტიურების დრო დადგა და ეს აგიზგიზებული კოცონი რომ არ ჩაქრეს, საჯარო განცხადება უნდა გააკეთო და მეუფე ტარიელი დაიცვა, ანუ, ეკლესიას ახალი დარტყმა უნდა მიაყენო, რათა იქ გაჩენილი ბზარი უფრო გაფართოვდეს.
– მერე და, ამან რომ არ გაამართლოს და ამის გამო ჩემი მომხრეებიც დავკარგო? – თქვა „კალიგულამ“.
– გაამართლებს. ანალოგიურს იტყვიან ოპოზიციონრებიც, თანაც ახალ საპროტესტო ტალღას ავაგორებთ და ქაოსს გავაღრმავებთ, – თქვა გენერალმა.
– როგორ?
– ტარიელს მოკლავენ. ეს ყველაფერი მთავრობასა და ეკლესიის იერარქებს მიეწერებათ და ამით ორ კურდღელს ერთად დავიჭერთ, – თავდაჯერებულად თქვა გენერალმა.
„კალიგულა“ დაბნეული იყო და კვლავ იკითხა:
– ორ კურდღელს როგორ დავიჭერთ?
– ტარიელის სიკვდილი საჭეთმპყრობლის კომპრომეტაციას გამოიწვევს, რა თქმა უნდა, შესაბამისი შავი პიარის ფონზე. ის იძულებული გახდება, გადადგეს და ჩვენს კაცს გავიყვანთ – ეს ერთი კურდღელი. მეორე კი თქვენი დაბრუნება იქნება პარალიზებული პოლიტიკური კრიზისის დროს და სულიერ და პოლიტიკურ სადავეებს კვლავ ხელში ჩავიგდებთ.
გაურკვეველ ვითარებაში უკან დაბრუნების პერსპექტივა „კალიგულას“ სულაც არ ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმოდა, რომ მკვეთრი უარის თქმა მისი დაღუპვის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ გენერალს „შემოუარა“ და ჰკითხა:
– ჩემმა დაბრუნებამ რომ არ გაამართლოს ან, სულაც, ტერორისტი რომ მომიგზავნონ?
– ნუ გეშინია. ჩვენი დაცვის ქვეშ ხარ და თმის ღერიც არ ჩამოგივარდება. ახლა კი წადი და განცხადების გასაკეთებლად მოემზადე, – უთხრა გენერალმა და კუდამოძუებული ვიქტორ გაგრიანი კაბინეტიდან გაისტუმრა.
იმავე დღეს თბილისის რეზიდენტურამ მიიღო დაშიფრული დეპეშა, რომელშიც მითითებული იყო, რომ მას მერე, რაც სამ-ოთხ დღეში „კალიგულა“ დაბრუნდებოდა, მისი ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ სნაიპერის მეშვეობით. პარალელურად კი, სტატუსშეჩერებული მეუფე ტარიელი მორჩილ გედეონს უნდა მოეწამლა და განეცხადებინა, რომ ის მთვარობის დავალებით მოქმედებდა.
***
  ინსტრუქციას რომ გაეცნო, რეზიდენტმა შიფროგრამა გაანადგურა, სეფე იხმო და ცენტრის გეგმა გააცნო. შემდეგ გააბოლა და უთხრა:
– ამ გეგმის შესრულება შენ გეკისრება და აბა, შენ იცი, არაფერი შეგეშალოს.
გენოს სიტყვები სეფეს სულაც არ ეპიტნავა, რადგან იცოდა, რომ ოპერაციის ერთი დეტალიც რომ გამჟღავნებულიყო, „ცენტრის“ რისხვას რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, კანონი არ დაინდობდა და სიცოცხლის ბოლომდე ციხეში ჯდომა არ ასცდებოდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნიდან გაასწრებდა, მისი სახელი სამშობლოს მოღალატეთა სიაში ჩაიწერებოდა. მიუხედავად ამისა, მას უარის თქმა არ შეეძლო და გენოს უთხრა:
– პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოთ.
– დარდი ნუ გაქვს. მათ ხვალვე გადავიყვანთ უსაფრთხო ადგილზე, – მიუგო რეზიდენტმა.
– ერთი კითხვა მაქვს.
– თქვი.
– „კალიგულას“ და „მეტრის“ ლიკვიდაციით რა ხეირს მივიღებთ?
– „კალიგულას“ მკვლელობა ამ მთავრობას დაასრულებს და ჩვენ ხალხს მოვიყვანთ. „მეტრის“ სიკვდილით კი ახალ საჭეთმყრობელს მივიღებთ და ის ჩვენი აგენტი „მოციქული“ გახდება. ასე რომ, ჩიტი ბრდღვნად ღირს და დიდი ისტორიულ მისია გაკისრია. მზად ხარ ამითვის?
– კი. მზად ვარ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. სულ მალე ჩამოჰკრავს გლოვის ზარი...
დასასრული

скачать dle 11.3