კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ნაბო

ნინო კანდელაკი არდაშელ თაქთირიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #48-50(989)

***
– მობრძანდით, ბატონო გოგი, დაბრძანდით. დავიწყოთ სეანსი, აბა, გააგრძელეთ, რა გინდათ, რომ მომიყვეთ?
– მაშინ ბათუმში ვმუშაობდი, ნარკომანიასთან ბრძოლის დეპარტამენტის ბათუმის განყოფილებაში. სარფში ვუსაფრდებოდით ნარკოდილერებს. იმ პერიოდში საქართველო ნარკოტიკის სატრანზიტო დერეფანი გახდა, ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. მით უმეტეს, იმ ხელფასად, რასაც გვიხდიდნენ, არ ღირდა თავის შეკვლა. ძირითადად, ნარკოტიკის პარტიები ტრაილერებით შემოჰქონდათ. მიდი და ეძებე იმხელა ტრაილერში ერთი შეკვრა „წამალი“. ტრაილერში ნარკოტიკს თუ ვიპოვიდით, მძღოლს 3 000 ლარად დანიშნულების ადგილამდე გაცილებას ვთავაზობდით, სიამოვნებით გვთანხმდებოდნენ. მაგრამ სკანერები რომ შემოიტანეს, ხელფასი გაგვიზარდეს, ერთი-ორი თანამშრომელი ქრთამზე დაიჭირეს და „მატროსოვზე“ გაუშვეს, ჩვენც გაგვიჩნდა სამუშაო.
ნარკოდილერებმა რომ ნახეს, ტრაილერებს სკანერზე ვატარებდით, სხვა მეთოდი მოიფიქრეს – ტრაილერებით საზღვრამდე მოჰქონდათ ნარკოტიკი, იქ მცირე პარტიებად ანაწილებდნენ და საზღვარზე სხვადასხვა საშუალებით გადმოჰქონდათ.
ერთი პერიოდი კუჭით დაიწყეს ნარკოტიკების შემოტანა. ნარკოტიკს პრეზერვატივში ათავსებდნენ, ზედ კიდევ რამდენიმე პრეზერვატივს გადააცმევდნენ, თავს მოუკრავდნენ და ყლაპავდნენ. ჩვენი აგენტები თურქეთიდან გვაწვდიდნენ ინფორმაციას, გარეგნულად აღგვიწერდნენ, ვის შემოჰქონდა ნარკოტიკი. იმ პიროვნებას დავაკავებდით და ყოველგვარი ძალადობის გარეშე ცალკე ოთახში ვსვამდით გამომძიებელთან. გამომძიებელი უსვამდა ერთსა და იმავე კითხვებს ერთი საათი, ორი საათი, სამი საათი. ეჭვმიტანილი იწყებდა ნერვიულობას, რადგან ოთხი საათის შემდეგ კუჭის წვენი რეზინს დაშლიდა და ნარკოტიკის მომაკვდინებელი დოზა სისხლში გადავიდოდა. თვითონ გვთხოვდნენ კუჭის ამორეცხვას. ვისაც ოთხი საათის გასვლის შემდეგ არაფერი მოსდიოდა, ესე იგი, ინფორმაცია მცდარი იყო და ვუშვებდით. თუმცა, მერე გავიგეთ, რომ ნაწილს სწორი ნაწლავით შემოჰქონდა ნარკოტიკი. რაღაც საშუალებით, რომელიც აქ არ ითქმება, სწორ ნაწლავში ღრმად შეჰყავდათ ნარკოტიკის პაკეტი, ისე რომ კუდუსუნს ამოჰფარებოდა და რენტგენში არ გამოჩენილიყო. ასეთებს ვაშიშვლებდით, კუჭის ამშლელს ვასმევდით და წავკუზავდით. ცოტა ხანში გამოვარდნილი პაკეტი კედელს წნევით ეხეთქებოდა.
ერთხელ თურქეთიდან შავი „აუდი A6“ შემოვიდა. მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო, გამხდარი, ეგრევე ეტყობოდა, რომ კარგი სულის პატრონი არ იყო, ისე აცეცებდა თვალებს. მანქანას რომ ვუმოწმებდი, წინ, „ტორპედოსთან“ მიახლოვებისას, შევატყვე, ანერვიულდა. მოვხსენი „ტორპედო“ და იქიდან 140 ამპულა „მორფინი“ ამოვიღე.
– ფსიქიატრიულში მიმაქვს სამეცნიერო დანიშნულებითო, – მითხრა მძღოლმა. მეცნიერის გვარი ვკითხე. არ იცოდა,
– დიდი კაციაო, – მიპასუხა. ხეირის სუნი ვიგრძენი, რაღაცამ მითხრა, გავყოლოდი. თბილისამდე ჩამოვყევი და ასათიანზე მივედით, ფსიქიატრიულში. იქ მძღოლი პირდაპირ მთავარი ექიმის კაბინეტში შევიდა და „წამალი“ მთავარ ექიმს საწერ მაგიდაზე დაუდო. იმან, ხელი რომ მოკიდა და უჯრაში ჩაუძახა, მაშინ შევედი. შეშინებული შემომაცქერდა. შევხედე და მაშინვე ვიცანი – „ნაბო“ იყო, ზარიძე, ჩემი უბნელი. იმანაც მიცნო.
– ვა, „ნაბო“, აქ რას აკეთებ-მეთქი?
– ფსიქიატრიულის მთავარი ექიმი ვარო.
– ბიჭო, დღე და ღამე ქუჩაში იყავი, ფსიქიატრობა როდის მოასწარი?
– სამედიცინოზე ჩავაბარე და ფსიქიატრია ავირჩიე. ახლა სადოქტოროზე ვმუშაობ, ნარკოტიკით ავადმყოფებს ვმკურნალობ, რაც კანონით აკრძალულია, ამიტომ „მორფინის“ შემოტანა მჭირდებაო.
– იცოდე, ჩემთან ვალში ხარ, რომ არ გიჭერ-მეთქი! და წამოვედი. მერე მართლა დამჭირდა „ნაბოს“ დახმარება, მაგრამ ამას შემდეგ მოსვლაზე მოგიყვებით.
***
– მობრძანდი მამაო, აბა, რა ხდებოდა, აბასთუმნის ეკლესიაში რომ გადაგიყვანეს?
– დაბა აბასთუმანი ზღვის დონიდან 1 300 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. ამიტომ აქაური ზამთარი მკაცრი და უხვთოვლიანია, ახლა არ ვიცი, მგონი, გზა გააკეთეს, მაგრამ მაშინ, მთელი ექვსი თვის განმავლობაში დაბა მოწყვეტილი იყო გარესამყაროს.
ეკლესია, რომელშიც მღვდლად გამამწესეს, ახალი აშენებული იყო და მშენებელი მუშების საცხოვრებელი ვაგონი ისევ ეკლესიის ეზოში იდგა. ამ ვაგონში დავდგი შეშის ღუმელი და დავიწყე ბერული ცხოვრება. აბასთუმანი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მაღალმთიანი დაბაა და ამიტომ იქ მარტო კარტოფილი მოდის. მოსახლეობა, ძირითადად, მეცხოველეობას მისდევს.
ეკლესიას მრევლი არ ჰყავდა და ამიტომ შემონაწირი არ შემოდიოდა. მამა ზენონის შემწვარ-მოხრაკულებზე ნაჩვევს გამიჭირდა, ლუკმაპური სანატრელი გამიხდა. მეზობელი მიდიოდა მანქანით ახალციხეში. იმას გავყევი. ახალციხეში მეუფესთან მივედი და ჩემი გასაჭირი მოვუყევი.
– ითხოვე და მოგეცემაო! – დამარიგა მეუფემ. აბასთუმანში რომ ჩავედი, ვითხოვე და რა ვითხოვე, ეკლესიის სახელითა და მეუფის კურთხევით, კვირაში ერთხელ იასაულივით ჩამოვუვლიდი მოსახლეობას და ღალას ვკრეფდი. საჭმელ-სასმელი კი ვიშოვე, მაგრამ ეს რას კმაროდა, მაგისთვის დავთანხმდი ბერის მძიმე ცხოვრებას?! მე ფული მინდოდა, დიდი ფული, ამ ტანჯვის საკომპენსაციოდ.
შემოდგომის პირი იყო, ერთი მოხუცი ქალი რომ შემოფრატუნდა ეკლესიაში,
– ვარო ბებო ვარ, მაზიარეო, მთხოვა. მართალია, ბერებს გვეკრძალება ქალისგან აღსარების მოსმენა, მაგრამ მოხუცი იყო და აღსარება ჩავიბარე.
– მოხუცი ვარ, სულ გამოვყრუვდიო. ქმარი შარშან დავასაფლავე, შვილი არ დამრჩა, ძმისშვილი გავზარდე, იმანაც ქალაქელი გოგო მოიყვანა ცოლად და თბილისში ცხოვრობენ, მარტო ზაფხულობით მაკითხავენო. სოფლის შემოსასვლელში ვცხოვრობ ორსართულიან სახლში, ჩემზეა გაფორმებული, რა ჯანდაბად მინდა ამხელა სახლი, ზაფხულში ჩემი ძმისშვილი რომ ჩამოვა, იმას უნდა დავუმტკიცოო.
მეორე დღეს სახლში მივადექი ვარო ბებოს. გაიხარა მოხუცმა, ხელები დამიკოცნა, სახლში შემიპატიჟა. ვხედავ, მშვენიერი ორსართულიანი ბლოკის სახლია კოხტა ეზოთი და სახლის უკან ბაღით, ძალიან მომეწონა. მთელი ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვაკითხავდი სახლში, გვიანობამდე ვრჩებოდი მასთან. ჩაის ვსვამდით და ვსაუბრობდით. ერთ საღამოს საუბარში შემოგვაღამდა და გზაში ძაღლებს რომ არ დავეგლიჯე, თავისთან დამტოვა. ერთი კოხტა ოთახი დამითმო მეორე სართულზე. იმ ღამით ტკბილად მეძინა. აი, ბავშვის ძილს რომ ეძახიან, ისე. მაშინ ვთქვი,
– აქედან არსად წამსვლელი აღარ ვარ-მეთქი. დილით, სამზარეულოში ჩაის სმის დროს რომ ვფიქრობდი, დარჩენაზე საუბარი რით დამეწყო, თვითონ შემომთავაზა, არა, კი არ შემომთავაზა, მიბრძანა,
– აქედან ვერსად წახვალ, ჩემთან იცხოვრებო! დავიწყე თავპატიჟი, მაგრამ ვარო ბებომ თავისი გაიტანა და თვითონაც მომეხმარა ჩემი ბარგი-ბარხანის გადმოტანაში.
ვარო ბებო პენსიონერი იყო და პენსიის ასაღებად კარგა დიდი მანძილის გავლა სჭირდებოდა. მე შევთავაზე,
– პენსიის ასაღებად ამხელა მანძილს რომ გადიხარ, მინდობილობა მომეცი და მე მოგიტან-მეთქი. გაიხარა მოხუცმა, ხელები დამიკოცნა. მეორე დღეს ნოტარიუსთან მივიყვანე და გენერალური მინდობილობა მოვაცემინე. ნოტარიუსმა კი აუხსნა,
– ამ მინდობილიბით შენი სახლ-კარის გასხვისებაც შეეძლებაო, მაგრამ ვარო ბებო ისე მენდობოდა, რომ ყური არ დაუგდია, მარტო თავს უქნევდა. მეორე დღესვე ჩავედი ახალციხის იუსტიციის სახლში და სახლი და ნაკვეთი, დაჩქარებული წესით, ჩემზე გადმოვაფორმე. რა თქმა უნდა, ვარო ბებოსთვის არაფერი მითქვამს, ბოლომდე ეგონა, რომ მისია.
ზამთარში ვარო ბებო ავად გახდა, მეგონა, მოკვდებოდა და დავისვენებდი, მაგრამ ეტყობა ისეთი ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა, რომ გამოძვრა. მოკლედ, ვცხოვრობდი ვარო ბებოსთან თბილად. საჭმელი არ მაკლდა და სასმელი, თუმცა, მრევლი ვერ გავზარდე, რადგან ყველა მერიდებოდა – უთოფო ყაჩაღიაო, ამბობდნენ.
ზაფხული ახლოვდებოდა, ყოველ წუთს შეიძლებოდა, რომ ვარო ბებოს ძმისშვილი გამოჩენილიყო. თუ დააპირებდნენ სახლის გადაფორმებას, ნახავდნენ, რომ სახლი და კარ-მიდამო ჩემზე იყო გადმოფორმებული. იჩივლებდნენ და აფერისტობას დამიმტკიცებდნენ. ამიტომ, ერთ თბილ საღამოს, გულთბილი საუბარის შემდეგ, ვარო ბებომ რომ დაიძინა, შევიპარე მის ოთახში და ბალიში დავაფარე. არც განძრეულა, ისე აღმოხდა სული.
დილით სასწრაფოც გამოვიძახე და პოლიციაც. ანაფორით დავხვდი, რაიმეს კითხვაც ვერ გამიბედეს, სიკვდილი დააფიქსირეს და წავიდნენ. ძმისშვილს გავაგებინეთ. მეორე დღეს ჩამოვიდა ცოლთან ერთად. მიცვალებულს უკვე ბალზამირებაც გაკეთებული ჰქონდა და „სასახლეშიც“ ესვენა. დამიწყო ძმისშვილმა მადლობების გადახდა.
– ეს პატივისცემა იმასთან რა არის, რაც ვარო ბებომ პატივი მცა, შვილად მიმიღო და სახლ-კარიც დამიმტკიცა-მეთქი. გალურჯდნენ, ვერაფერი მითხრეს. იქ ინტერნეტი არ იჭერდა, ამიტომ დაქოქეს მანქანა და ახალციხეში ჩავიდნენ ამ ამბის გასარკვევად. რომ დაბრუნდნენ,
– ამ სახლ-კარს ჩვენ ვიყიდითო! 5 000 დოლარი შემომთავაზეს. მე ვუთხარი,
– ნამუსი არ გაქვთ, ორსართულიანი სახლი თავისი ბაღით, 5.000 დოლარად როგორ მოგცეთ-მეთქი?! მოკლედ, 8 000 დოლარად დავუთმე, იმ პირობით, რომ მათი საკუთრება იქნებოდა, მაგრამ სანამ მაგ ეკლესიაში ვიქნებოდი, მე ვიცხოვრებდი. ისე, მაგ ეკლესიიდან რომ გადამიყვანეს, იმ ძმისშვილს სახლის დასაცლელი თანხა – 2 000 ლარი კიდევ წავართვი.
დაგღალე, ექიმო. მე წავალ, ამ დღეებში შემოგივლი.
***
  ხედავ, რა მოგონებები ამოალაგეს? ნამდვილი „ბრძოლა არსებობისთვის“ გაუმართავთ, მაგრამ მეთოდებს არ იკითხავ?! არავითარი „მე“ – კანონის შიში, რომ დასჯიან. არადა, კანონის დამცველი სჩადის ამას. ან კიდევ, მორალი – „ზე-მე“ სადღაა, თვით მორალის მქადაგებელი რომ სჩადის უმსგავსობებს?! ქურდზე არაფერს ვამბობ, ძალადობა მისი პროფესიაა. მოკლედ, ამ ეტაპზე სამივე „იგი“-ს დონეზეა, ერთი პრინციპით მოქმედებენ – მინდა და ვაკეთებ! ხედავთ, რა ძლიერია „იგი“-ს უარყოფითი ენერგია?! ეს „ნაბო“ ვინღაა, ჩემსავით, ფსიქიატრიულის მთავარი ექიმი რომ ყოფილა. ძალიან მაწვალებს აზრი, რომ ესენი „შეკრულები“ ხომ არ არიან და ჩემზე ჰყვებიან? მაგრამ მე რომ მსგავსი არაფერი ჩამიდენია?! აბა, ვნახოთ, შემდეგ სეანსზე როგორ განვითარდება მოვლენები.
***
– გიუშ, ჩემო მეგობარო, ქურდი ხარ, მაგრამ ქურდობაზე არაფერს მიყვები.
– ქურდობა ჩემი პროფესიაა, ექიმო, მაგაზე რა უნდა მოვყვე?
– ქურდებთან არ გქონია შეკამათება?
– „რაზბორკა“? კი ერთხელ მქონდა. მაშინ უკვე ქურდი ვიყავი. ერთი პატარა ბიჭი ცხოვრობდა მეზობლად, „კალაბოკას“ ეძახდნენ. 15 წლის ლოყაწითელა ბიჭი იყო, დაბალი, მსუქანი. ერთი შეხედვით, „დედიკოს ბიჭს“ იტყოდი, მაგრამ სკოლა ებარა და უბანშიც პატივს სცემდნენ, ზედმეტს არავის აბედინებდა. მაგ ბიჭს დავადგი თვალი, საქმეში მოვინდომე გამოყენება. გავრისკე და „ნაკოლზე“ გავუშვი. სუფთად გამოიტანა. მეორედ, მესამედ, მოკლედ, შეუცვლელი გახდა, საქმეზე სულ მაგას ვუშვებდი. უმართლებდა, ერთხელაც არ გამოსულა ხელცარიელი. ერთხელ ბინაში „დაწვეს“ და პატრული გამოიძახეს, მაგრამ მოიფიქრა, სამზარეულოდან ვედრო აიღო, შიგ ნაქურდალი ჩაალაგა, ზედ რაღაც „ტრიაპკა“ გადააფარა და სტვენა-სტვენით გადმოკვეთა ეზო, ეჭვი ვერავინ მიიტანა.
ერთხელ, სიმთვრალეში ვუთხარი:
– ჩემს თვალში ქურდი ხარ-მეთქი! დაიჯერა და უბანში იბლატავა
– ქურდი ვარ, გიუშამ წამომაყენაო! ეს რომ ქურდებმა გაიგეს,
– 15 წლის ბავშვის ქურდად წამოყენება როგორ შეიძლებაო?! „სხადნიაკზე“ დამიბარეს. ვაი, შენს გიუშას, გაჭედილი ვარ. ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე: 12 000 ლარი მქონდა შავი დღისთვის გადანახული. ის ფული „კალაბოკას“ მივეცი და ნაწილ-ნაწილ შევატანინე „ობშიაკში“. „სხადნიაკზე“ პასუხი რომ მომთხოვეს, ვუთხარი,
– თქვენ ბავშვი ეძახეთ, ნახეთ, „ობშიაკში“ რამდენი აქვს შეტანილი-მეთქი! ნახეს და პირები დააღეს – კაციც ეგა ყოფილაო!
– ციხის ამბები არ გაინტერესებთ, ქურდი როგორ გავხდი?
ორთაჭალის ციხეში რომ შემიყვანეს, პატიმრებმა უკვე იცოდნენ ჩემი სახელი. იქ სასჯელს ქურდი იხდიდა – ალოიანი, ქურთი ბიჭი იყო, ოქროს უბნელი, მანამდე ვიცნობდი. იმან ჩამაბარა „კამერა“.
  მოგრძო საკნის შესასვლელ კართან, მარჯვნივ, ტუალეტია, „პრასტოი ჩეჩმა“, რა. მარცხნივ ორი პირსაბანი აყენია. შემდეგ მაგიდა დგას ოთხი სკამით. მაგიდის ზემოთ კედელზე თაროა დამაგრებული, რომელზეც პატიმრების ჭურჭელი ალაგია. 6 საწოლი ორ რიგადაა ჩამწკრივებული. ყველა საწოლს თავისი „ტუმბოჩკა“ აქვს. სულ ესაა საკნის აღწერილობა, ყველა ერთმანეთს ჰგავს.
  საკანში 6 კაცი ვისხედით: მე, რეზო ალადაშვილი – ტიბაანელი ბიჭი – ყაჩაღობაზე იხდიდა სასჯელს. მდიდარი მეზობელი ჰყოლია. ერთხელაც დათვრა და ღამით შეუვარდა სანადირო თოფით. სახეზე ნიღაბი ჰქონია ჩამოცმული. სახლის პატრონმა, ოღონდ არ დაგვხოცოო, ყველაფერი გამოუტანა, რაც სახლში ჰქონდა. ამ სულელს, რომ მოეკიდა ხელი და ჩუმად გამოსულიყო, ხახვივით შერჩებოდა, მაგრამ დამუქრებია,
– თუ მილიციას გამოიძახებთ, დედას გიტირებთო! და თოფი ჭერში უსვრია. პატრონაში „პიჟის“ მაგივრად თავისი ძველი სასკოლო რვეულის ყდის ქაღალდი ჰქონია ჩაპრესილი, რომელზეც თავისი სახელი და გვარი ეწერა. რა თქმა უნდა, ტყვიასთან ერთად ის ქაღალდიც გამოვარდა და მილიცია რომ მიადგა, გაჰკვირვებია, როგორ გაიგეთო?
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3