კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ვნებების ტყვეობაში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ანიკომ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაუღიმა მეგობარს, ფინჯნებში ჩაის რომ ასხამდა და ხმადაბლა ამოიოხრა. სოფომ ყურადღება არ მიაქცია. თავის ტელეფონის ეკრანს ჩასჩერებოდა და სოციალურ ქსელში რაღაცას კითხულობდა. ანიკომ ახლოს მიუჩოჩა ფინჯანი და გვერდით მიუჯდა.
– მომაქცევ ყურადღებას? – ვეღარ აიტანა მეგობრის სიჩუმე. სოფომ თავის აუწევლად ჰკითხა, – მოხდა რამე? ქმარს ეჩხუბე? სულ გადარევ მაგ კაცს.
– სალაპარაკო მაქვს. რომ არ მოგიყვე, გავგიჟდები.
– აჰა, იმიტომ გამომიძახე? – სოფომ ტელეფონი გადადო და ჩაი შეხვრიპა, – ცხელია, პირი დამეწვა!  ტასუნა სად არის?
– დღეს ბებიამისთან რჩება.
სოფომ გაიღიმა.
– არა, თქვი, როგორი ნათლული მყავს. საუკეთესო შვილია, ლამაზი, მშრომელი, საყვარელი. შვილში გაგიმართლა. გადასარევად სწავლობს, თან მუშაობს. ვგიჟდები მაგ ბავშვზე. ბებიამისსაც რას ერჩი, რაც შეუძლია უკეთებს.
– ჰო, ჩემი დედამთილი ცოტა აზრზე მოვიდა. პრინციპში  ტასუნაზე ყოველთვის ზრუნავდა. მე როგორც ვერ მიტანდა, ზუსტად ისევ ვერ მიტანს. უბრალოდ, ახლა ჩუმად არის.  ეტყობა, ხედავს, ისედაც  ზღვარზე რომ არის ჩემი და გიას ურთიერთობა.
– კარგი, რა, ანიჩკა. გეყოფა. მარტო გია არაფერ შუაშია. შენც იყავი ცოტა არეული, იმიტომ, რომ საკუთარი თავი ვერ იპოვე.  მალე ფეხზე დადგები და ყველაფერი გამოსწორდება. ჰო, მართლა, როგორ მიდის საქმე. კაფე მალე გაიხსნება?
– ცოტაღა დარჩა. მაქსიმუმ, ერთი თვე და რემონტი მორჩება. მერე – ინვენტარი. პერსონალი თითქმის შერჩეულია.
სოფო მეგობარს მიაშტერდა.
– მოიცა, თუ ყველაფერი კარგად არის, შენ სახე რატომ ჩამოგტირის, რა მოხდა, ასე სერიოზულად არის საქმე? გოგო, გია სად არის და რა გჭირს, ერთი გამაგებინე.
ანიკომ  თავი ჩაღუნა. სოფო გაწიწმატდა.
– თუ ახლა ეს ის არის, რასაც მე ვფიქრობ, მოგკლავ. აუ, კარგი რა! ხომ დამპირდი, რომ აღარ შეხვდებოდი.  ანიკო,  ხმა ამოიღე. ხომ დამპირდი, რომ დაამთავრებდი მაგ სახიფათო თამაშს.  გოგო, სულელი ხარ? რად გინდა ის კაცი.
– საქმე ასე მარტივადაც არ არის. ჯერ ერთი, ვუყვარვარ. ნერვიულობს ჩემზე. ხვდება, რომ  ჩემი ოჯახი ჩვენი ურთიერთობისთვის სერიოზული დაბრკოლებაა და განიცდის ამას.
– რას ლაპარაკობ, ნეტავი თუ ხვდები? ჰო, დაიცავი და გამოუსწორე საქციელი. რაში გადგება მაგის სიყვარული? ერთი მითხარი, რას აკეთებს შენთვის? ორჯერ შეხვდი, კაფეში დაგპატიჟა. კარგი,  ამ პერიოდში გიასთან პრობლემები გქონდა და ამიტომ გეპატიება. მაგრამ ახლა დაასრულე, თორემ იცი, რა მოხდება? ისიამოვნებს და დაიკარგება... მერე შენ მოგკლავს სინდისის ქენჯნა. მე უნდა დაველაპარაკო მაგას! ეტყობა, შენ ვერ აგებინებ ვერაფერს და სხვა გამოსავალს არ მიტოვებ.
– სოფო, – მოიღუშა ანიკო, – ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა. მეგობარი ხარ, მაგრამ ამაში ვერ ჩაერევი.
– ისე კარგად ჩავერევი, რომ ნახავ კიდეც. აბა, დავჯდები და გულხელდაკრეფილი ვუყურებ შენს უპასუხისმგებლობას? ანიკო, არ არის გია ცუდი ქმარი. მომისმინე, ცხოვრება არ გაიმწარო. შენმა უპასუხისმგებლო საქციელმა შენს შვილს ცხოვრება არ უნდა დაუნგრიოს.
– ასე რატომ მელაპარაკები.  გიას თუ გავეყრები, აღარ მეყვარება თუ ტასო იქნება ის ერთადერთი, ვისი მშობლებიც ერთმანეთს დაშორდნენ. დიდი გოგოა, დაველაპარაკები და გამიგებს.
– ასე იმიტომ გელაპარაკები, რომ  ცოტა აზრზე მოგიყვანო და საშუალება არ მოგცე, ასეთი შეცდომა დაუშვა. არ გეპატიება. არ გახსოვს, რამდენი იწვალე? გიამ ბევრი გააკეთა შენთვის. მართალია იდეალური ქმარი არ არის და გულიც გატკინა, მაგრამ იდეალური კაცები არ არსებობენ. თან, ხომ მოგიხადა ბოდიში. ინანა თავისი საქციელი.
– ინანა ბიჭმა. ახლა მე მკითხე? – იფეთქა ანიკომ, – ჩუმჩუმელა. არაფრით მავიწყდება, როგორ გამცვალა იმ ქუჩის ქალში. შენ არ იცი, ეს რა საშინელებაა. არ წამეკითხა მაინც რა წერილებს სწერდა  და ჩემზე რაებს ეუბნებოდა. საკუთარი თავი შემეცოდა. პირველივე შემხვედრ ძუკნასთან მიწასთან გამასწორა.
 – როგორ ვნანობ, შენი ქმრის ელექტრონული ფოსტის გატეხვაში რომ დაგეხმარე, – ამოიოხრა სოფომ, – საერთოდ არ უნდა გცოდნოდა ეს. თანაც, ხომ მორჩა ეგ ამბავი. სამი წელი გავიდა. დარწმუნებული ვარ, გიას აღარც ახსოვს ეგ. შენც  დაივიწყე. ლამის სამაგიეროც ხომ  გადაუხადე – მშვენიერი ფლირტი გქონდა.
– არ ყოფილა ეს ფლირტი. სოფო, შენ ყველაფერი არ იცი.  გიასთან ვეღარ ვიცხოვრებ. სახლიც მაქვს, სამსახურიც... ტასუნაც  დიდია. აღარაფერი მიჭირს, მალე კაფეც გაიხსნება. მე დირექტორი გავხდები,  მას ცოლად გავყვები და ბედნიერები ვიქნებით.
– ჰმ, ამას უყურე რა... მგონი, მართლა არ ვიცი ყველაფერი.
– ჰო, რაღაც რადიკალურად უნდა შევცვალო. ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება.
სოფომ  ხელები გაშალა და თვალები  ჭერისკენ ააპყრო.
– ღმერთო, როდემდე უნდა იყო ასეთი გულუბრყვილო და უპასუხისმგებლოდ ექცეოდე საკუთარ ცხოვრებას... გოგო, შენ სულელი ხარ? ვის გამო ანგრევ ოჯახს? თუ უკვე დაანგრიე და გამომაპარე ეგ ამბავი. მატყუებ, ხო?
– რაში მჭირდება, რომ მოგატყუო? – ხმა აუთრთოლდა ანიკოს  და თვალები ცრემლით აევსო, – სოფო,  ასე იმიტომ ლაპარაკობ, რომ არ იცი, სიყვარული რა არის.
– მადლობა ღმერთს, რომ სიყვარულს ჯერ არ გამოვუშტერებივარ. არაფერში მჭირდება უსარგებლო, ავადმყოფური ემოციები. ამის გარეშეც მშვენივრად გავთხოვდი.  უპასუხისმგებლო კაცს მაინც არასოდეს  მოვაშლევინებ ნერვებს. იცი, რას ვერ ვხვდები? მოიცა, მაგ ტიპს ცოლი ხომ ჰყავს.
– ჰყავდა. აღარ ცხოვრობს მასთან. უფრო სწორად, ჯერ ერთ სახლში ცხოვრობენ – ბავშვების გამო. მაგრამ დაიფიცა, რომ  არაფერი აქვთ საერთო.
– ღმერთო, ეს რა მესმის. შენ რომელი კაცი გინახავს, ქალს აბამდეს და სხვა რამეს ეუბნებოდეს, მაგ სიტყვების გარდა.  
– არა, არა, ილოს შემთხვევაში საქმე სხვანაირად არის. მართლა ვუყვარვარ. ყოფილ ცოლთან უნდა ბოლომდე დაალაგოს ურთიერთობა. ხომ გითხარი, რისაც ეშინია – ბავშვები რომ აღარ ანახოს. მესმის მისი.
 – აჰა, გესმის, ხომ? აი, მე კი არ მესმის. რას ნიშნავს ბავშვებს არ აჩვენებს. პოლიცია არსებობს ამისთვის. რაღაცაშია საქმე. ვაიმე, ანიკო, თავს რატომ იტყუებ, გოგო...  გიასაც რომ ატყუებ. ამაზე აღარაფერს ვამბობ.
– გიამ რაც გააკეთა, იმაზე ფიქრიც აღარ მინდა. მე თუ რამეს ვაშავებ, მაგან უარესი დააშავა. ჩემს გულში რომ სხვა კაცისთვის გათავისუფლდა ადგილი, ვისი ბრალია? მაგრამ, მეც მირჩევნია, ყველაფერი სკანდალების გარეშე მოხდეს. რამდენიმე თვე გავუძლებ და თქვენი დახმარების იმედიც მაქვს. შენ გგულისხმობ და მართას – უცებ ანიკო გაჩუმდა და დაქალს ისე შეხედა, აშკარა იყო, რაღაც საიდუმლო და მნიშვნელოვანი ამბავი ჰქონდა სათქმელი.
– სოფო,  პირობა მომეცი, რომ არ გადაირევი. ისედაც ძალიან აფორიაქებული ვარ და მხარდაჭერა მჭირდება.
– ვაიმე! – წამოიძახა სოფომ, – ეგ შენი ტონი და გამომეტყველება ძალიან არ მომწონს.
– ზოგჯერ ისეთი შეუბრალებელი ხდები, მაშინებ. მტერი ხარ ჩემი?
– მტერი რომ ვიყო, შენს ყალბ ბედნიერებას გავიზიარებდი, ანიკო.  იცი, ახლა როგორ ვნერვიულობ? – სოფო მეგობარს მოეხვია და ლოყით ლოყაზე მიეხუტა.
– ფეხმძიმედ ვარ... – ანიკომ ეს სიტყვები თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა, მაგრამ სოფოსთვის საკმარისი აღმოჩნდა – გველნაკბენივით შეხტა და იყვირა:
– არ არსებობს! რა თქვი? გაიმეორე, რა თქვი!
– ნუ ყვირი, გეხვეწები, – შეშფოთდა ანიკო, – ასეთი განსაკუთრებულიც არაფერი მომხდარა. ვინ არ ყოფილა ფეხმძიმედ.
– ვინ არ ყოფილა? შენ ნორმალური ხარ? გოგო, მოქმედი ქმარი გყავს და სხვა კაცისგან დაორსულდი. არა, მართას უნდა დავურეკო. მე მარტო ამ ამბავს ვერ გავუმკლავდები, – სოფო ტელეფონს ეცა.
– აუ, ნუ რეკავ, ჯერ არ ატეხო ამბავი!
– ჯერო? – სულ გადაირია სოფო, – შენ გგონია, რომ ამ ამბავს დამალავ? ასეთ ამბავს?
-  დამალვა არც მიფიქრია, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ. ნუ დარეკავ, ჯერ მე და შენ დავილაპარაკოთ.
სოფომ ამოიოხრა. მობილური სავარძელზე მიაგდო და წამოხტა, – ყავა უნდა დავლიო, ისეთ შოკში ვარ, ცოტა გამოფხიზლება არ მაწყენს.
– ძალიან გთხოვ, დამშვიდდი და ისე განვიხილოთ ეს ამბავი, კარგი?
სოფომ არ უპასუხა. მხოლოდ ბრაზით შეხედა. გაზქურაზე ყავას ადუღებდა და თავისთვის რაღაცას ბურტყუნებდა.
***
  გაფართოებული სხდომა ორი დღის შემდეგ შედგა, სოფოს დაჟინებული მოთხოვნით. ეს ამბავი მართასაც აუცილებლად უნდა გაეგო. პირდაპირ გამოუცხადა ანიკოს, – მე მარტო ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ და მართაც მჭირდება, სწორი სტრატეგიული გეგმა რომ დავსახოთო.
მართა სოფოზე ადრე მივიდა. ანიკოს ლოყაზე აკოცა და სავარძელში მოკალათდა.
– აბა, რა ხდება, რატომ არის ჩემი საყვარელი მული ასეთი აჟიტირებული და რატომ დამიბარა აქ, შენთან. თანაც ასე  სასწრაფოდ?
– აი, მოვიდეს  და გეტყვი.
– მშვიდობაა? – შეშფოთდა მართა, – კაფე ვერ გახსენით და რამე პრობლემაა?
– არა, ჯერ ორი თვე უნდა მაგ ამბავს. ინვენტარია შესატანი, ჯოზეფიც ვერ ჩამოვიდა. პერსონალს ხომ უნდა შეხვდეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ.
– პრეზენტაცია არ გამომაპარო.
– ვერ გამოგაპარებ, იმიტომ რომ სოფომ უნდა დაგეგმოს ეგ ყველაფერი, შენმა მულმა.  ჟოზეფს უკვე ველაპარაკე, სამსახურში ავიყვანთ.
მართას სახე გაებადრა.
– სოფომ იცის თავისი საქმე. კარგი გადაწყვეტილებაა. მადლობა, რომ მასზე იფიქრე.
– სოფო იმიტომ არ შევარჩიე, რომ შენი მული და ჩემი მეგობარია. ისე, თქვენ როგორ ახერხებთ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვთ. მეც არ ვიტყოდი უარს შენნაირი რძალი  რომ მყოლოდა.
– გოგო, შენი დაქალი ვარ. ჩემი რძლობა რაღად გინდა, – გადაიკისკისა მართამ, – ერთი სული მაქვს, კაფეს დირექტორი როდის გახდები. ისეთი ლამაზი ხარ, ხალხი მარტო შენს სანახავად მოვა. ყველაფერი კარგად გამოვა. ფულიც გექნება. უფრო დიდ ბინას იყიდი, მაგარ „შმოტკებს“, გია გააფრენს შენზე და კიდევ ერთხელ ინანებს, რომ გაწყენინა... უჰ, კარგი ქენი, რომ არ გაშორდი. მეც ვფიქრობ, რომ მისთვის შანსი უნდა მიგეცა. სამაგიეროდ, ახლა დამნაშავის სინდრომი აქვს შეყრილი და ფეხის წვერებზე ივლის.  
ანიკო  გაწითლდა. მეგობარს სახე მოარიდა. მართა რაღაცას მიხვდა.
– რა მოხდა? იმიტომ ხომ არ დაგვიბარე, რომ შორდები? ამის სათქმელად შეგვკრიბე? არა, რა! ორი წელი გავიდა და რით ვერ დაივიწყეე. ანუშკი, კარგი რა, ერთხელ ყველა კაცი იქცევა ისე, როგორც შენი ქმარი მოიქცა. მთავარია,  მიხვდა თავის დანაშაულს და იმ ბოზს შენ გამჯობინა.  გაგივლის წყენა, ცოტაც მოითმინე...
სამივე  ჩუმად იჯდა, გაბუტულებივით, ერთმანეთს სახეში არ უყურებდნენ. სოფომ სიგარეტს მოუკიდა, მართამ ხელი აუქნია, – აივანზე გადი, არ შეიძლება ამისთვის. მოიცა, მეც გამოვალ.
აივნის კარი რომ მიხურა, მართამ სოფოს ჰკითხა:
– აბა, რას იტყვი, მაგარი სიურპრიზი მოგვიწყო, ხო?
სოფომ  სავდიანად გაუღიმა რძალს. ფერფლი ჩამოიფერთხა კაბიდან და მხრები აიჩეჩა.
– საკუთარ თავს მოუწყო სიურპრიზი. ახლა რა მოხდება? გეფიცები, მართლა არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ ამან ბავშვის დატოვება გადაწყვიტა.
– რას გულისხმობ?
– რას და ჩამოვა გია, ეს კი, გაბერილი დახვდება.
– მოიცა ერთი, გაბერვამდე და გიას ჩამოსვლამდე დროა კიდევ. მანამდე რაღაცას მოვიფიქრებთ. მგონი, მაქვს გეგმა, – მართამ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა, – იმას უნდა შევხვდეთ. ბავშვის მამას.
– ჩვენ? – გაიკვირვა სოფომ, – უხერხულია. ბავშვები ხომ არ არიან ან რა უნდა ვუთხრათ. აგერ არის და გადაწყვიტოს თვითონ. რადგან ორსულობამდე მივიდა საქმე, ესე იგი, რაღაც აქვთ გადაწყვეტილი. ასე არ ფიქრობ?
– რა გითხრა. მაგრად ტეხავს, ქმარი ჰყავს და ორსულად სხვისგანაა. თან ხომ იცი, რომ ის ტიპი არ მომწონს. არ ვენდობი. დარწმუნებული ვარ, რომ  ატყუებს ამ სულელს.
– მოიცა, რა? ანუ...
– ანუ და... არ იქნება ცოლთან გაშორებული, რაღაც გული მიგრძნობს.
– უთხრათ ანიკოს?  – არა. აზრიც არა აქვს. იმისი უფრო სჯერა. თან, არც რაიმე ფაქტი აქვს. არაფერს ვიტყვი და ისე მივჩხრეკ-მოვჩხრეკ. ეს ქალაქი პატარაა, არაფერი დაიმალება.
სოფომ ამოიოხრა.
– მეცოდება ეს შტერი. ტასუნიაც მეცოდება და ისიც წარმოიდგინე, მაგის დედამთილი რომ გაიგებს, რა ამბავს ატეხს. აიო, ხომ ვამბობდიო... ვიცოდი, ქუჩის ქალი რომ იყოო... – უცებ სოფო გაჩუმდა და რძალს შეხედა... მართა.  იქნებ  ჯობდეს იმან შეირთოს და ამით ყველაფერი მოგვარდეს.
– ეუჰ, მაგარი რამე თქვი, ხომ იცი. კაცს, რომელსაც  ორი შვილის მიტოვება არ გაუჭირდა, მესამე შვილი  შეუცვლის ხასიათს? არ მჯერა მე მაგის.
– არ ვიცი, არ ვიცი... მიუხედავად ამისა, აბორტს ვერ ვურჩევ. ამ საცოდაობაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.
– მეც არ ვაპირებ, ვურჩიო აბორტი გაიკეთოს. რა სისულელეა! ბავშვმა რა დააშავა?
– მოკლედ, მე იმ იდიოტზე მეტი ინფორმაცია უნდა მოვიძიო. დანარჩენს დრო და სიტუაცია გვიჩვენებს.
გოგოები ოთახში დაბრუნდნენ.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3