კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 სად აშენებდა სტალინი საბჭოეთის საიდუმლო დედაქალაქს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  თვით სტალინის მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, რომ სტალინი დიდი მშენებელი იყო. მისი მმართველობის 30-წლიან პერიოდში საბჭოთა კავშირში 6 ათასი ახალი ქალაქი და 9 ათასი საწარმო აშენდა... პროფესორი სტეფანე ნოვიკოვი წერს: „იოსებ სტალინს ეკუთვნის მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი მშენებლობაში, რომელსაც არათუ ვერავინ გააუმჯობესებს ან გაიმეორებს, არამედ ახლოსაც ვერ მივლენ. ეს მაჩვენებლები, ანუ 9 ათასი საწარმო და 6 ათასი ქალაქი, იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე საბჭოთა კავშირში ახალი საწარმო შედიოდა ექსპლუატაციაში და ყოველ მესამე დღეს კი ახალი ქალაქი ფუძნდებოდა... სტალინის „სამშენებლო სტატისტიკაზე“ არავინ დავობს, რადგან ისტორიულ რეალობას ვერსად გაექცევი. ყველაფერი დოკუმენტურადაა გაფორმებული და ამ მონაცემების გაყალბება შეუძლებელია. ეს იგივეა, რომ ამტკიცო, დედამიწა, მზე და მთვარე არ არსებობენო. თუმცა, სტალინზე გაბრაზებული „მოიერიშენი“ საბჭოთა ბელადის წინააღმდეგ (მის დასაკნინებლად და გასაშავებლად) აპრობირებულ ხერხს იყენებენ და ამტკიცებენ, რომ ეს გიგანტური, არნახული მიღწევები მილიონობით ადამიანის ძვლებზეა „დაშენებულიო“. სტალინის დიდი მაძაგებელი, ნობელიანტი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი სტალინს, ერთი მხრივ, სასტიკ ტირანად რაცხავს, რომელმაც რუსეთი რუსი ხალხის ძვლებზე ააშენა (აღმშენებლობის მომენტს ვერც მატყუარა და ცილისმწამებელი მწერალი უქცევს გვერდს), მეორე მხრივ კი აღფრთოვანებას ვერ მალავს იმპერატორ „პეტრე დიდის“ მოღვაწეობით, რომელმაც დაუმთავრებელი პეტერბურგი, მართლაც რომ, რუსების ძვლებზე ააგო და თუკი მან „ფანჯარა გაჭრა ევროპაში“, სტალინმა რუსეთი მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოდ გადააქცია... მე ერთი მისხალითაც კი არ მინდა, დავაკნინო პეტრე რომანოვის მიღწევები რუსეთის წინაშე და ის მართლაც დიდი იმპერატორი იყო. თუმცა, სტალინთან მისი ამ კუთხით (სხვა კუთხეებითაც) შედარება სასაცილოა და მასთან (სტალინთან) ახლოც ვერ მივა. აქედან გამომდინარე, იოსებ ჯუღაშვილი შეუდარაბელია, აუწონავია მისი ღირებულება, პირველ რიგში, რუსეთისთვის... შერჩევითი სამართალი და მიკერძოება ისტორიული ჭეშმარიტების დამდგენ კრიტერიუმად ვერ გამოდგება. რბილად რომ ვთქვათ, „რუსეთის სინდისად“ შერაცხული „დიდი მწერალი“ ტყუის... ამ მხრივ, ვერც თანამედროვე რუსეთის მესვეურები ბრწყინავენ და თუკი სოლჟენიცინივით არ ცრუობენ, სტალინის მიღწევებზეც არ საუბრობენ. ეს კი ისტორიული უსამართლობაა და არასწორი, თუ შეიძლება ითქვას, უმადური საქციელი...
  ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინს საბჭოთა კავშირის (რუსეთის) აღმშენებლობის გრანდიოზული გეგმა ჰქონდა და ამ გეგმის განხორციელების ძირითადი ეტაპი 1926 წელს დაიწყო. გადახედეთ საბჭოთა კავშირის ისტორიას და თვალნათლივ დაინახავთ, თუ რა ჯოჯოხეთურ პირობებში უწევდა მას და ჩვენ (მის მომხრეებს) მუშაობა. უამრავი ხელის შემშლელი პირობა გვქონდა და თანაც, მტრებს ვუმკლავდებოდით როგორც საგარეო, ასევე, საშინაო ასპარეზზე. მიუხედავად ამისა, აღმშენებლობის პროცესი წამითაც კი არ შენელებულა. პირიქით – ტემპი ყოველდღიურად იზრდებოდა. ენთუზიაზმი და მომავლის რწმენის კოეფიციენტი მაქსიმუმს აღწევდა და სტალინის წინამძღოლობით, მაინც მივაღწიეთ დასახულ მიზანს“. მოლოტოვის დამოწმებამ შეიძლება, სტალინზე „მოიერიშეებში“ ეჭვი გამოიწვიოს და თქვან, – ისიც (მოლოტოვიც) სტალინურ „მარაქაში“ იყო გარეულიო, მაგრამ რა ვუყოთ ბერნარდ შოუს, ჰერბერტ უელსს, ლიონ ფოიხტვანგერს, ანდრე ჟიდსა და კიდევ უამრავ იმ „მსოფლიო სახეებს“, რომლებიც აღფრთოვანებული იყვნენ სტალინითა და სტალინური აღმშენებლობით და მთელ მსოფლიოს მოუთხრეს ამის შესახებ. მათზე ხომ არც „სტალინური რეპრესიები“ ვრცელდებოდა და ვერც თვალს აუხვევდი სიყალბით? ისინი, უბრალოდ, წერდნენ და ამბობდნენ იმას, რასაც ხედავდნენ და ეს იყო სწორედ სტალინისთვის ყველაზე დიდი „პიარი“...
  მსოფლიოსთვის „ხელის გულზე დადებული“ აღმშენებლობის პროცესის პარალელურად, საბჭოთა ბელადი, ეგრეთ წოდებულ, „საიდუმლო აღმშენებლობასაც“ ახორციელებდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია „მეორე დედაქალაქის“ მშენებლობა, რომელიც 1945 წლის იანვარში დაიწყო და 1953 წლის სექტემბერში შეწყდა. უფრო სწორად, პროფილი შეუცვალეს... როი მედვედევი წერს: „სტალინის ბრძანებით, დასავლეთ ციმბირის ფერდობზე, დაბურულ ტაიგაში, 1945 წლის იანვრიდან საბჭოთა კავშირის მეორე დედაქალაქის, თუ შეიძლება ითქვას, საიდუმლო დედაქალაქის მშენებლობა დაიწყო და 8 წლის განმავლობაში იქ იმ პერიოდისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენებოდა. კეთდებოდა ყველაფერი, რაც საჭირო იყო თანამედროვე დედაქალაქისთვის, მათ შორის, ეფექტური სამხედრო-ეკონომიკური მმართველობისთვისაც, მაგრამ საკმარისი იყო სტალინის გარდაცვალება, რომ ხრუშჩოვმა ეს უნიკალური ქალაქი სამხედროებს გადასცა, გაასაიდუმლოვა და საბჭოეთისა და რუსეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად შეარყია“.

скачать dle 11.3