კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რისთვის დააპატიმრეს სამაჩაბლოში კორნელი კეკელიძე, როდესაც ის მეუღლესთან ერთად იყო

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე კორნელი კეკელიძე დაიბადა 1879 წლის 18 აპრილს (30 აპრილი) ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში, სამსონ კეკელიძის მრავარიცხოვან ოჯახში... კორნელიმ წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. 1886 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში. მამას უჭირდა შვილის ქუთაისში რჩენა. მომავალი პოეტის ვალერიან გაფრინდაშვილის მამის, სკოლის ინსპექტორ ივანე გაფრინდაშვილის  დახმარებით, მომავალი აკადემიკოსი უფასოდ ჩარიცხეს სასწავლებლის ინტერნატში. შემდეგ კორნელი კეკელიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. კეთილი ადამიანის, სემინარიის ინსპექტორის, იოანიკის დახმარებით მოაწყვეს სემინარიის პანსიონში, თორემ სამსონ კეკელიძე შვილს თბილისში ვერ შეინახავდა. 1896 წელს დედა გარდაეცვალა, ორი წლის მერე – მამა. ოჯახს უფროსი და და სიძე, ამფილოქე ცინცაძე ეხმარებოდნენ.
  კორნელი კეკელიძეს, როგორც წარჩინებულ კურსდამთავრებულს, სემინარიის დახმარებით, შესაძლებლობა მისცეს, სახელმწიფოს ხარჯზე ესწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც შესანიშნავად ჩააბარა გამოცდები და სიტყვიერების ფაკულტეტზე მოეწყო. კორნელი კეკელიძემ 1904 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. ნიკო მარისა და მიხეილ ჯავახიშვილის სამეცნიერო მოგზაურობის შედეგებმა დიდი ინტერესი აღძრა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებისადმი ევროპაში. კორნელი კეკელიძე მერე წერდა: „ჩვენი მდიდარი კულტურის შესწავლა, ჰარნაკის (გერმანელი მეცნიერი) აზრით, მხოლოდ გერმანელი მეცნიერებისაგან იყო მოსალოდნელი. მე კი ვფიქრობდი, ჯერ კიდევ მაშინ, რომ ეს საქმე, პირველ ყოვლისა, უნდა თვით ქართველებმა იკისრონ, რომ თუ ვისმე შეუძლია ეს, პირველ რიგში, ქართველ მეცნიერებს. ამისათვის საჭირო არაა, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი სწერდა ერთხელ აკად. მ. ბროსეს, ევროპელებს ველოდოთ. ამ გარემოებამაც წარმართა ჩემი სამეცნიერო ინტერესები, მე განვიზრახე ჩემი წვლილიც შემეტანა ამ დიდს, თავისთავად საჭირო და აუცილებელ საქმეში.“
  კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამოავლინა, შეისწავლა, გამოსცა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქართული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშებს. იგი ყველა იმ საქმის შუაგულში ტრიალებდა, რომელიც მიმართული იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო Литургические грзинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значуние“
(„ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“). 1905-1906 წლებში ქუთაისსა და თბილისში მასწავლებლობდა. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ 1905 წელს ჟურნალ „მწყემსში“ (¹13, 14) დაიბეჭდა. 1907 წელს გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისთვის – „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ (რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908 წელს) – მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. ეს ყოფილა პირველი შემთხვევა რუსეთის იმპერიაში, როცა აკადემიაში ქართველი ქართულ თემაზე იცავდა დისერტაციას. მისი მასწავლებელი სარეცენზიო წერილში წერდა: ნაშრომს „აღბეჭდილი აქვს ის პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა, რომლის აუცილებელი გავლენის ქვეშ იმყოფება ახალგაზრდა ავტორი – თავისი მშვენიერი, მაგრამ უბედური სამშობლოს კანონიერი შვილი. აღზრდითაც და სამსახურებრივი მდგომარეობითაც კი იგი იმყოფება თანამედროვე ცხოვრებისა და ლიტერატურის ნაციონალისტურ მოძრაობათა შუაგულში“ (წყარო: „ბურუსი“). კორნელი კეკელიძემ უარი თქვა კიევის აკადემიაში კათედრა ჩაებარებინა და სამშობლოში დაბრუნდა, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა მისნაირი შვილები. თედო ჟორდანია, მისი პედაგოგი სემინარიიდან, კორნელი კეკელიძეს სწერდა: „მივიღე ძვირფასი საჩუქარი – თქვენი ახალი წიგნი „Иурусалимский Канонар“ (რომელმაც დაიმსახურა მ.ნ. ახმატოვის სახელობის პრემია), თვალი გადავავლე და მადლობა შევწირე ღმერთს, რომელმაც აღმისრულა მე ჩემი წადილი: როგორც იყო, ამ ბოლო ჟამს მოგვივლინა ქართველებს გამჭრიახი, საქმიანი და მცოდნე გამომძიებელი ქართული ხელნაწერებისა… აქამდის თუ პატივსა გცემდით, ახლა ძმაზე უძმესი ხართ ჩემთვის… თქვენი მეცადინეობა, ახალგაზრდობა, ნიჭი, ცოდნა, სიყვარული მეცნიერებისადმი ჭეშმარიტს, უმწიკვლოს მოჰფენს დიდებულს ისტორიას… თქვენი უკანასკნელი შრომა არის გვირგვინი თქვენი ნაშრომებისა, ღირსი სამეცნიერო დოქტორობის ხარისხისა (დაუცველად). თქვენი ყოფილი მასწავლებელი დღეს თქვენ ათასჯერ მეტად გაფასებთ, ვიდრე დღემდი. დამიჯერე, ჩემს ძმასთან უძმესო კორნელი, რომ ჩვენ უნდა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლოთ დასაცველად ჩვენის მწერლობა-ისტორიის ღირსებათა. რაც კარგი ვნახოთ, ის შევითვისოთ, გამოვააშკარავოთ, გამოვაბრწყინოთ, ხოლო ნაკლულევანებანი, დეე, მტრებმა ეძიონ“… თანამშრომლობდა „კიევის სასულიერო აკადემიის შრომებში“, 1912-1917 წლებში – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში, „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელმა სამეცნიერო ნაშრომებმა („იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა“, რუსულ ენაზე, 1912 – მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; „ძველი ქართული არქიერატიკონი“, რუსულ ენაზე, 1912 წელი) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათსა და სვანეთში დაცული ქართული ხელნაწერები...  
  კორნელის ორი ცოლი ჰყავდა, პირველი მეუღლისგან სამი შვილი შეეძინა: ალექსანდრე, კოტე და ილია. მეორე მეუღლე მოგვიანებით შეირთო, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია. ალექსანდრემ 1924 წელს დააარსა იატაკქვეშა გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“. მაშინ ალექსანდრე 18 წლის იყო. ორგანიზაცია ერთ-ერთმა წევრმა გასცა, გვარად ბარათაშვილმა. ორგანიზაციის წევრები და, მათ შორის, ალექსანდრე დააპატიმრეს. ალექსანდრე კეკელიძე თავისუფლების მოედანზე დახვრიტეს. კორნელიმ მძიმედ გადაიტანა შვილის დაღუპვა. იმ პერიოდში კორნელი მეუღლესთან ერთად სამაჩაბლოში იყო. ჩეკისტებმა კორნელი იქ დააპატიმრეს და ისე ჩამოიყვანეს თბილისში. მაგრამ როდესაც დაკითხვების შედეგად დარწმუნდნენ, რომ კორნელის ამ ორგანიზაციასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა, გაათავისუფლეს. კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა (1923-1960 გამოიცა ოთხჯერ). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, 1938). 1955 წელს რომში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა მ. თარხნიშვილისა და ი. ასფალგის მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი... კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრიცხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში...

скачать dle 11.3