კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ შეძლო ხატია თებიძემ უმძიმესი კატასტროფის შემდეგ ფეხზე წამოდგომა და რატომ ვერ აძლევდნენ მას ექიმები იმედს

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  „სამსახურში მივდიოდი, ტაქსიში ვჯდებოდი, უკვე კარს ვაღებდი, ტრამვაის სიგნალის ხმა რომ გავიგონე. მოვბრუნდი და გავიფიქრე, ოღონდაც არ დამარტყას-მეთქი და იმავე წამებში მარჯვენა მხრიდან დამეჯახა. არ ვიცი, როგორ მოვახერხე და როგორ შევძელი, რომ დავარდნის დროს თავი ზემოთ ავწიე – არ მინდოდა, ბორბლებში მომყოლოდა. წავიქეცი და ორი ბრუნი გავაკეთე. ფეხები ბორბლებში გამეჭედა. რომ მოვიხედე, ხალხი უკვე ჩამოცლილი იყო ტრამვაიდან. ყველა შოკში იყო, კიოდნენ და წიოდნენ, ვერავინ მეკარებოდა. დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ ვერ მიახლოვდებოდნენ. როცა წყალი ვითხოვე, ერთმა ბიჭმა მოიტანა, მაგრამ ახლოს რომ მოვიდა, შემომხედა და დაინახა, სისხლი აქეთ-იქით იქცეოდა, ბოთლი ხელიდან გაუვარდა. სისხლისგან რომ ვიცლებოდი, თავი მივარდებოდა, ისიც კი ვერ შეძლეს, ახლოს მოსულიყვნენ და თავის ქვეშ რამე დაედოთ. ერთმა ქალმა ჩემი თხოვნით ჩემს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ტრამვაის ქვეშ მოვყევი და სასწრაფოდ უნდა მოსულიყო. იმ წუთასვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოვსულიყავი, როგორ დამეხსნა თავი ბორბლებიდან. არანაირი ტკივილის გრძნობა არ მქონდა, თვალი წამითაც არ დამიხუჭავს. ფეხს რომ შევხედე, საშინელ მდგომარეობაში მქონდა – ჩახვეული იყო და ჯინსის შარვალს ეჭირა ნაფლეთები. გადავწყვიტე, ეს ჯინსი გამომეყენებინა, ზედვე შემომეხვია და ფეხი გადმომეღო. როგორც იქნა, შევძელი და მარცხენა ფეხი გადმოვიღე. მოწყვეტილი არ მქონია და მიწაზე დავდე. აი, მარჯვენა კი არ ჩანდა“, – ეს ისტორია ხატია თებიძეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ უკრაინაში გადახდა. მას შემდეგ დიდი ბრძოლა გადაიტანა სიცოცხლის შესანარჩუნებლად და გაიმარჯვა კიდეც. თუმცა დაკარგა ფეხები და სიცოცხლის შენარჩუნების შემდეგ მისი მთავარი ოცნება ფეხზე წამოდგომა იყო, რაც ცოტა ხნის წინ, რეალობად იქცა.
  ხატია თებიძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარი გავატარე ეტლში. ძალიან მინდოდა პროთეზი გამეკეთებინა და ამის შესახებ ყველაფერი გავარკვიე. რაღაც პერიოდის შემდეგ, ექიმმა დამიდასტურა, რომ შევძლებდი პროთეზის გაკეთებას. გადავწყვიტე, გერმანიაში წავსულიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ ვერ დამეხმარებოდნენ იმის გამო, რომ ძალიან რთული ამპუტაცია მქონდა გაკეთებული. მოსკოვში მომიწია ჩასვლა. პირველად რომ კლინიკაში მივედი, იქაც იმედი ვერ მომცეს. მითხრეს, რომ შეუძლებელი იყო ჩემს ფეხზე პროთეზის მორგება. ფეხის მინიმალური ზღვარი, რომელზეც პროთეზის დამაგრებაა შესაძლებელი ათი სანტიმეტრია. მე რვა სანტიმეტრი მაქვს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. მაგრამ იმდენად მინდოდა ფეხზე წამოდგომა და ექიმებსაც იმხელა მოტივაცია გაუჩნდათ, რომ ჩემი ოცნების რეალობად ქცევა შეძლეს. ამას, დაახლოებით, ექვსი თვე დასჭირდა. პარალელურ რეჟიმში გავდიოდი რეაბილიტაციას და თან, პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, პირდაპირი გაგებით.
– თავიდან თუ შეუძლებელი იყო, რა შეიცვალა?
– ასეთი რამ მსოფლიოში პირველად მოხდა. ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ სპეციალურად ჩემთვის დაემზადებინათ ინდივიდუალურად მორგებული პროთეზი. სანამ ისინი საცდელ პროთეზებს ამზადებდნენ, მე მიკეთდებოდა მასაჟები და სპეციალური ვარჯიშები. ეს იყო მოსამზადებელი პერიოდი პროთეზზე შესადგომად. ისე კარგად გავართვი თავი ამ ვარჯიშებს, რომ რეაბილიტოლოგი ძალიან კმაყოფილი იყო. იმ მდგომარეობაში ჩემთვის იმ ვარჯიშების გაკეთებაც შეუძლებელი იყო.
– ალბათ, ფსიქოლოგიურმა განწყობამაც დიდი როლი ითამაშა.
– კი. მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა. როცა გავიგე, რომ შეიძლებოდა, ფეხზე ვერ დავმდგარიყავი, იმის მიუხედავად, რომ უკვე კლინიკაში ვიყავი, არ დავნებებულვარ. პირიქით, ყველანაირად შევეცადე, მთელი ჩემი რესურსი გამომეყენებინა. გამოვიდა, ვარჯიშმა შედეგი გამოიღო. შემდეგ ჩატარდა კონსილიუმი და გადაწყვიტეს, რომ პროთეზირება უნდა გაკეთებულიყო. დარწმუნდნენ, რომ რაც უნდა რთული ტიპის პროთეზი გაეკეთებინათ, მე მასთან გამკლავებას შევძლებდი – „გავქაჩავდი“.
– იმ ყველაფრის შემდეგ ცოცხალი გადარჩი და ნელ-ნელა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდი. ამ პერიოდში, შენი მთავარი ოცნება ფეხზე წამოდგომა იყო. როცა გითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო, როგორ იპოვე ძალა ბრძოლის გასაგრძელებლად?
– ძალიან რთულია, როცა ეს სიტყვები გესმის. ერთი დღე ვიჯექი და ვფიქრობდი, რადგან მე გადავრჩი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოვა. უნდა გამოვიდეს! ხომ შეიძლებოდა, მენერვიულა, მეტირა და ასე გამომეხატა ჩემი ემოციები? ამის ნაცვლად ძალიან მშვიდად ვიყავი, ზედმეტად მშვიდად. შეიძლება, ასეთი მშვიდი ადამიანი ვერც იყო. არანაირი ემოცია. მაგრამ ეს სიმშვიდე სულაც არ მაწყნარებდა. პირიქით, მძაბავდა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ძალიან მზრუნველი ექიმები შემხვდნენ. მთელი გულით მგულშემატკივრობდნენ. თან, როცა ჩემში განადგურებული და შეშინებული ადამიანი ვერ დაინახეს, მათაც უფრო მოინდომეს. ყველანაირი ძალა იხმარეს, რომ სპეციალურად ჩემთვის დაემზადებინათ პროთეზი, უფრო სწორად, მისი ზედა ნაწილი, რომელიც საშუალებას მომცემდა, ფეხზე დავდგარიყავი. პროთეზირების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მათ რამდენიმე ერთში გამიერთიანეს და ასე შევძელი გავლა. იმდენად მოკლე იყო ჩემი ფეხის სიგრძე იმპლანტსაც კი ვერ ჩამიდგამდნენ. მაგრამ ისე მოინდომეს, რომ უკეთესი რაღაც შექმნეს. გამოვიდა და დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით, ახლობელი თუ სრულიად უცხო, სახელმწიფო და ყველასი უზომოდ მადლიერი ვარ.
– როგორია შენი ცხოვრების ეს ახალი ეტაპი?
– ნამდვილად ახალი ეტაპია, როცა უკვე შეგიძლია, ფეხზე იდგე, სახლში მოსულ სტუმარს ყავა შესთავაზო და ნელი ნაბიჯებით მიართვა. არ გჭირდება არავის ლოდინი, არ გჭირდება ემოციების დამალვა – ვისთანაც გინდა, მიხვალ და ჩაეხუტები. ძველ ხატიას განახლებული ხატია დაემატა და ეს უმაგრესი შეგრძნებაა. ახლა თითოეულ დღეს უფრო მეტად ვაფასებ.  პირველად რომ მომარგეს პროთეზები და წამომაყენეს, მითხრეს, ხელი გაგვიშვი, შენ უკვე შეგიძლია ფეხზე დგომაო. არ ვიჯერებდი. არასწორად, მაგრამ მაშინვე დავიწყე სიარული. ვეღარ ვჩერდებოდი. არ ვიცი, რას უნდა შევადარო ის ემოციები. მეგობარი, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს, მაფრთხილებდა, რომ ამ დროს შეიძლებოდა, თავბრუ დამსხმოდა, მტკენოდა. მაგრამ იმდენად გახარებული ვიყავი, ემოციებმა ყველაფერი გადაფარა და ტკივილი საერთოდ ვერ ვიგრძენი. თან, ეტლითაც ძალიან აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი და ეს დამეხმარა. მაგრამ მეორე დღეს უკვე ვეღარ შევძელი ფეხზე წამოდგომა. მერე ნელ-ნელა მასწავლეს ნაბიჯის გადადგმა, მუხლის მოხრა, ყველა დეტალი  და ხელმეორედ ავიდგი ფეხი. მეშინოდა და თავიდან ძალიან გამიჭირდა. ცივ სხეულთან შეგუებაც ძალიან რთული იყო. პირველად რომ ხელი შევახე, ძალიან ცუდად გავხდი. მაგრამ მალე მივხვდი, რომ უაზრობაზე ვფიქრობდი და ყველაფერი გავაკეთე მის გადასალახავად. ახლა აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ. სახლში ვეღარ ვჩერდები, მინდა, ყველგან წავიდე. ჩემს შედეგს რომ უყურებენ, ყველას უხარია და ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მოდის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან. ახლა მინდა, ჩემი საქმე წამოვიწყო – სილამაზის სალონი გავხსნა, სადაც შშმ პირები იქნებიან დასაქმებული. ყველას დავანახვებთ, რომ ჩვენთან მიახლოება საშიში არაა და ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.
– ამ ყველაფერში, შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ალბათ, მეუღლეა. რომელმაც ის შეძლო, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია.
– მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი ძალაა. მან ჩემზე მეტად განიცადა ის ტკივილი, რაც მე ფიზიკურად გამოვიარე. ორივემ ერთად შევძელით გამკლავება. მარტო ერთი რამის თქმა შემიძლია მასზე – ძალიან მიყვარს. არც უარვყოფ, რა თქმა უნდა, რთული დღეები იყო და იქნება სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მე ჩემი ამბავი საკმაოდ კარგად მივიღე! ყოველი წუთი ბედნიერებაა, რომელიც არ მეორდება და თვალზე ცრემლის ჩამოდენას ყველაზე ნაკლებად უნდა ვუწყობდეთ ხელს! ყველა ტკივილი იმაზე დიდი ძალის მომცემია ვიდრე თვითონ ტკივილი!

скачать dle 11.3