კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ დაისაჯა პოლიტიკური შეხედულებების გამო ზურა მანჯავიძე და ვის ჩაარტყა მან თავში მიკროფონი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  48 წლის მომღერლის, ზურა მანჯავიძის ცხოვრება არ ყოფილა მარტივად გასავლელი. თუმცა, ამას თავად არ იმჩნევს და ყველა მოვლენასა თუ ნეგატიურ ფაქტს ღიმილით იხსენებს. მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იყო დაშინება, მოქრთამვისა და დაშანტაჟების მცდელობა, თავდასხმაც კი სცადეს. მაგრამ, ჯიუტი ხასიათის გამო ვერ შეაშინეს და ვერც „შეაცდინეს“. ხოლო, რის სანაცვლოდ სთავაზობდნენ მას ბინას, სამსახურსა და მანქანას, როგორ გადაურჩა ის თავდასხმას მთაწმინდაზე და რატომ უწევდა წელიწადში რამდენჯერმე ტრავმატოლოგიურში ვიზიტი, ამას თავად მოგიყვებათ.
  ზურა მანჯავიძე: ოროთახიან „ხრუშოვკაში“ მშობლები და შვიდი დედმამიშვილი ვცხოვრობდით. სულ ვხუმრობ, სივიწროვეში გაზრდილი ბავშვი ვარ-მეთქი (იცინის), თუმცა მრავალშვილიან ოჯახში  სიყვარულში ვიზრდებოდი. ასე გაზრდილი,  უფრო მეტად მივეჩვიე ერთიანობას, ზრუნვას. სითბოს, სიყვარულის, საჭმლისა და ადგილის გაყოფას, გვერდით დგომას. დასაძინებლად რომ დავწვებოდით, უფროსი ძმები, მამა და დედა ჩაძინებამდე ათას საინტერესო ამბავს გვიყვებოდნენ. ერთი სიტყვით, შეკრული ოჯახი და თბილი ურთიერთობა გვქონდა და ის პერიოდი ძალიან მენატრება. მეც მრავალშვილიანი მამა ვარ, მაგრამ ბავშვები ასე მთლად სივიწროვეში არ მყავს, ხუთოთახიან ბინაში ვარ გამოჭიმული და ახლა რომ დავფიქრდი, მგონი, ჯობია, პატარა ბინაში გადავცვალო, რომ შვილებთან მეტი ურთიერთობა და სითბო იყოს  (იცინის). სხვათა შორის, ჩემმა უფროსმა შვილმა ცოლი მოიყვანა, მამამთილი გავხდი და ველოდები, როდის გავხდები ბაბუა. ძალიან  მიყვარს ჩემი რძალი, კარგი გოგოა. კიდევ ერთ შვილად ვთვლი, სიმღერ-სიმღერით ვხვდები და ვხუმრობ ხოლმე, ამ სიბერეში, ხუთი შვილის მამაც გავხდი-მეთქი (იცინის). ასე რომ, მატება კიდევ წინ მაქვს, ჩემთვის შვილების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება (იცინის).
– ამბობენ, ძალიან ცელქი და მოუსვენარი იყავი და ამის გამო, ტრავმატოლოგიურში იმდენად ხშირად ხვდებოდი, ექიმები ხუმრობდნენ:  ეს ცენტრი ზურას სახელობის უნდა იყოსო. ასეა?
– ნამდვილად, ასეა. ძირითადად, ხელებსა და თითებს ვიტეხავდი.  ხან აივნიდან გადმოვხტი და ხან ხის ტოტი მომიტყდა და ვიფრინე. გამძლე კი ვიყავი,  ტკივილს ვიტანდი, მაგრამ ფაქტია, თითოჯერ ყველა თითი მაქვს მოტეხილი და ხელები – რამდენჯერმე. ასე რომ, წელი არ ჩამიგდია, წელიწადში ორ-სამჯერ მქონდა ტრავმატოლოგიურში ვიზიტი გამოწერილი და იქიდან დათაბაშირებული მოვდიოდი უკან. არ დამავიწყდება, ცხვარიჭამიაში, ბანაკში ჩამიწყო დედამ საქმე, წამიყვანა და მესამე დღეს ხელმოტეხილი ჩამომიყვანეს (იცინის).
– ამდენი ექიმის შემყურე, მიკვრის, თავადაც ეს პროფესია რომ არ აირჩიე. ექიმობაზე არ გიფიქრია?
– როგორ არა. პროფესიით ჟურნალისტ-მომღერალი კი ვარ, მაგრამ თავიდან სამედიცინოზე ჩაბარება და ექიმობა მინდოდა. ამის გამო, ღამის სკოლაში გადავედი, თან, სტაჟის დაგროვება ქულას ამატებდა და ორი წელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი სანიტრად. სასწაული სანიტარი ვიყავი, სულ ვღიღინებდი და თან, სასტერილიზაციო განყოფილებაში ვიყავი და იქ გავლოთდი (იცინის). ერთჯერადი შპრიცები სად იყო? ძირითადად, ჩემნაირი აბიტურიენტები მუშაობდნენ ნახმარი ნემსები და შპრიცები ჩამოდიოდა ჩვენთან და ნემსის თავებს ვლესავდით, ვრეცხავდით, ვასტერილებდით და თან, ლოთობასაც ვასწრებდით (იცინის). პარალელურად, ვემზადებოდი და ამ პერიოდს ეროვნული მოძრაობა, 9 აპრილის მოვლენები დაემთხვა და თავისთავად, სწავლისთვის თავს არ ვიკლავდი. ამ მოძრაობაში ვიყავი ჩართული, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დროშით ხელში დავრბოდი და ეროვნულ აგიტაციას ვეწეოდი ექიმებსა და პაციენტებში (იცინის). მოკლედ, იმ წელს სამედიცინოზე დაამატეს მათემატიკა და დავიღუპე და ამოვწყდი – საბუთები სასოფლოში, ბუნების დაცვაზე გადავიტანე. პირველივე ქიმიის გამოცდაზე, წარმატებით ვიყენებდი „შპარგალკას“ და გამოცდიდანაც ასე წარმატებულად გამომაძევეს (იცინის). მთელი ნათესაობა გარეთ მელოდებოდა. ისე შემრცხვა, დაცვას ვთხოვე, უკანა მხრიდან გამაპარე-მეთქი. მოკლედ, სამედიცინოზე ვერ მოვხვდი, სასოფლოდანაც გამომაძევეს და ბოლოს, საესტრადოზე ჩავაბარე და მეორად ფაკულტეტზე ჟურნალისტიკას ვსწავლობდი. ასე რომ, მივხვდი, ჩემი საქმე არც ექიმობა იყო და არც ბუნების დაცვა. თავად ცხოვრებამ მაჩვენა გზა, საესტრადოს მივადექი და მთლად დიპლომის გარეშე, არ დავრჩი (იცინის). დღეს ამას, ყველაფერს, ღიმილით ვიხსენებ, მაგრამ იოლი ცხოვრების გზა ნამდვილად არ გამივლია. რთული იყო, მაგრამ იუმორით, მიზანდასახულობითა და ოპტიმიზმით დღემდე მოვედი. არასოდეს მიცხოვრია ხელგაშლილად, ოჯახში ფინანსური პრობლემები სულ გვქონდა. ვხედავდი ჩემზე კარგად ბევრს ეცვა, დადიოდნენ უცხო ქვეყნებში, მაგრამ შურის თვალით არავისთვის შემიხედავს. პირიქით, ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევდა, ვამბობდი: მეც უნდა მივაღწიო წარმატებას-მეთქი. თორემ, სირთულეები ცხოვრებაში გუშინაც მქონდა, დღესაც მაქვს და ხვალაც მექნება, მაგრამ არ მაშინებს. იმდენი რამ გამოვიარე, გამოვიბრძმედე, ჩემი თავის იმედიც მაქვს. ოჯახი, სამეგობრო და სანაცნობო წრეც გვერდით მიდგას.
– თქვი, ჯიუტი, მიზანდასახული ვარო. ამის გამო, სირთულეები თუ შეგქმნია ცხოვრებაში და სიმართლეა, რომ შენი პოლიტიკური შეხედულების გამო, „ნაციონალების“ ერთგვარი მსხვერპლი იყავი და „შავ სიაშიც“ მოხვდი?
– ზუსტად ჩემი პრინციპულობისა და უსამართლობასთან შეუგუებლობის გამო შემექმნა პრობლემები. სიმართლე გითხრათ, ამის გახსენება აღარც მინდა. მახსოვს, „ფორტეს“ გოგოებს შევხვდი და ვუთხარი, მე დროებით წავალ ქვეყნიდან, რომ თქვენ მაინც არ იყოთ დაბლოკილები-მეთქი. ფაქტობრივად, შემოქმედებითი წინსვლა დაგვებლოკა და კარი ყველგან „ამოგვეკეტა“. მთელი ცხრა წელი ჩვენთვის არც ტელევიზია იყო, არც  პრესა, არც რადიო, არც კონცერტები. უცხოეთში წასვლაც ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავრისკე, რომ ამ ასაკში ყველაფერი ნულიდან დამეწყო. ისევ მომავლის იმედმა გადამარჩინა. ასე რომ, ჩემმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა და ჩემმა სიმართლემ, ჩემს კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, მაგრამ ხალხის სიყვარული ვერ „დაბლოკა“.  „ფორტე“ „შავ სიაშიც“ იყო შეტანილი. კულტურის სამინისტროში, სეიფში იდო „შავი სიები“ და იქ იყო ჩამოწერილი მომღერლებისა და ჯგუფების სახელები, რომლებიც არცერთ ღონისძიებაში არ უნდა ყოფილიყვნენ. სხვათა შორის, ომის შემდგომ, შერიგების მიზნით, რამდენიმე კონცერტზე უნდოდათ ჩვენი „შეტყუება“, მაგრამ, რომ მივხვდით, რისთვისაც იყო გამიზნული, თავად ვთქვით უარი.
– თავად, პრეზიდენტ სააკაშვილს თუ იცნობდი?
– ძალიან კარგ ურთიერთობაში ვიყავი თავიდან და თითქმის, ყველა პრეზიდენტი, ვინც ჩვენთან ჩამოდიოდა – კაჩინსკიდან დაწყებული, ნაზარბაევითა და იუშენკოთი დამთავრებული, კონცერტებით დაწყებული, ბანკეტებით დამთავრებული, სულ მის გვერიდით ვიყავით, ვიწრო წრეშიც კი. აი, ბუში რომ ჩამოვიდა, კონცერტზე ვიმღერეთ, მაგრამ ვახტანგური აღარ დაგვილევია (იცინის).
– მართალია, რომ ხელისუფლებამ შენი „მოქრთამვაც“ სცადა,  შანტაჟებიც მოგიწყო და შიკრიკებსაც ხშირად გიგზავნიდა? სანაცვლოდ რას ითხოვდნენ?
– დიახ, ძალიან ხშირად. იყო შემოთავაზებები სამსახურიდან დაწყებული, ბინითა და მანქანის ჩუქებით დამთავრებული და ამის სანაცვლოდ ჩემს გაჩუმებას ითხოვდნენ. ნუ გვაგინებს და ყველაფერში ხელს შევუწყობთო. მეც შევუთვალე: ნუ გააკეთებთ იმ საშინელებებს, რასაც სჩადიხართ და გარანტიას გაძლევთ, არ გაგინებთ-მეთქი. საზოგადოებაში ბილწსიტყვაობით არასოდეს გამოვირჩევი, მაგრამ ისე გამაგიჟეს, ვაგინებდი.
– ესე იგი, შენი მოქრთამვა ვერ შეძლეს?
– იცით, რაშია საქმე? შეიძლება, იმდენს არ მთავაზობდნენ, „მოკეტვად“ რომ მიღირდა (იცინის). თავდასხმაც კი მოხდა ჩემზე – ამაზეც წავიდნენ. მთლად სასიკვდილოდ ვერ გამიმეტებდნენ, მაგრამ მანქანიდან რომ გადმოვეყვანეთ, სერიოზული ტრავმა არ ამცდებოდა. ორი მანქანა აგვეკიდა და გამიმართლა, რომ დასახლებული ადგილი იყო, მთაწმინდაზე, ჩემი ძმებიც მანქანაში ისხდნენ და მოსახლეობაც გამოგვექომაგა.
– ამ ამბის შემდეგ, შენი ძმა აქტიურად ჩაება პროცესებში და პოლიტიკაშიც წავიდა. ვიცი, შენც არაერთი შემოთავაზება გქონდა, რატომ თქვი უარი პოლიტიკაზე?
– პოლიტიკურ პროცესებში, მეც და ჩემი ძმაც სულ ვიყავით ჩართულები. მაგრამ პოლიტიკა ჩემი სფერო არ არის. პოლიტიკოსს, სხვა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს – გაწონასწორებული უნდა იყოს, საღი კამათი შეეძლოს, არგუმენტირებულად დასაბუთება... მე კი, როცა უსამართლობას ვაწყდები, ტვინში სისხლი რომ მასხამს, ვფეთქდები და ენა მებმება. ისე ვცოფდები, თავს ვერ ვაკონტროლებ. ჩვენს ქვეყანაში კი გიჟი და გადარეული ისედაც ბევრია და ჩემი დამატება აღარ არის საჭირო (იცინის).
– ზურა, გავიგე, ერთ-ერთი ასეთი „აფეთქებისა“ და აფექტის დროს, ერთ კაცს მიკროფონი ჩაარტყი თავში და დაჭერას გადაურჩი. ეს სად მოხდა?
– რესტორანში, წამყვანი ვიყავი ექიმების შეკრებაზე. იმ პერიოდში რუსეთ-საქართველოს შორის ვიზების ამბები იყო. მოკლედ, ავედი სცენაზე და თემატურად, სოსო პავლიაშვილის რუსული სიმღერა შევასრულე – „ტებე ჟდიოტ გრუზინ“. ერთი ტიპი მოვიდა და რაღაცები დამიწყო. კულტურულად გავატარე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და რომ აღარ გაჩერდა და გაჭიმვა-გამოჭიმვა დაიწყო, ჭკუიდან გადამიყვანა და მიკროფონი ვდრუზე თავში. კიდევ კარგი, ხელში სხვა არაფერი მეჭირა და მის თავს რადიომიკროფონი შეეწირა. არ მიჩივლა იმ კაცმა და დაჭერას გადავრჩი. თან, დიდი ტრავმაც არ მიიღო, ალბათ, არ იყო ის მიკროფონი ხარისხიანი, ჩინური იქნებოდა (იცინის).
– მიუხედავად გამოვლილი რთული გზისა, ამ ხელისუფლებამ დააფასა შენი შრომა და „ფორტეს“ ვარსკვლავი გაუხსნა. რა გრძნობაა, როცა საკუთარ ვარსკვლავს ჩაუვლი და ხვდები, რომ სიცოცხლეშივე დაგაფასეს და გაღიარეს?
– სხვათა შორის, „ფორტეს“ ვარსკვლავის გახსნას დათო ოქიტაშვილი ხუთი წელი გვთავაზობდა და ჩვენ უარს ვამბობდით. გვერიდებოდა, მაგრამ რომ გადავხედეთ და მივხვდით, 30 წელია, სცენაზე ვართ, გადავდგით ეს ნაბიჯი და მივიღეთ ის სიყვარული, რაც ვარსკვლავის გახსნით მოგვანიჭეს. ტაშს რომ გვიკრავდნენ, ემოცია იმდენად მომაწვა, ცრემლებმა დამახრჩო და სიმღერა გამიჭირდა. ახლა რომ ვუყურებ, კორიფეების ვარსკვლავების გვერდით ჩემი სახელიც არის ამოტვიფრული ვარსკვლავზე, ძალიან ამაყი ვარ.

скачать dle 11.3