კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ გაგრძელდა მუსიკოს ბაბის გარდაცვალების შემდეგ მისი ქალიშვილის ცხოვრება და როდის მიდის დედა მასთან თეთრი მატარებლით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მუსიკოსი ბაბი, იგივე თამარ ბაბილუა, დიდხანს ებრძოდა უკურნებელ სენს. საავადმყოფოში პროცედურების ჩატარების შემდეგ, პირდაპირ რეპეტიციებზე მიდიოდა, ბენდის წევრებთან ერთად უკრავდა და იმედი ჰქონდა, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილისთვის ის ოცნებები აეხდინა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. 10 წლის ნინი ბიგვავა დედას ძალიან ჰგავს – მასავით თბილი, ნიჭიერი, ენერგიული, მეგობრული და გულისხმიერი ბავშვია. ისე საუბრობს, ეჭვი შეგეპარება მის წლოვანებაში. უყვარს სპორტი, მუსიკა, სიმღერა, ხატვა და რაც მთავარია, აქვს მიზანი ცხოვრებაში. ახლახან ნინი „გურული დღიურების“ ფონდის სტიპენდიანტიც გახდა.
  ნინი ბიგვავა: ფოთში, ილია ჭავჭავაძის სახელობის მეხუთე საჯარო სკოლაში, მეხუთე კლასში ვარ. კარგად ვსწავლობ უცხო ენებს – ინგლისურს, ფრანგულსა და რუსულს, სპორტშიც კარგი ვარ. რუსული ჩემით ვისწავლე, ფრანგულ და ინგლისურ ენებს სკოლაში მასწავლიან, ხოლო რაც შეეხება სპორტს, ფეხბურთში მცველი ვარ.
– ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ნაზი და ფარფატა გოგო ფეხბურთელი ხარ.
– (იცინის) ყველას უკვირს. ფეხბურთი დროებითია, უბრალოდ, ვერთობი. ცეკვაზე, ჰიპ-ჰოპზე და ფორტეპიანოზეც დავდივარ, ვხატავ, ვუკრავ და ვმღერი. მუსიკალური ნიჭი დედისგან დამყვა, ხატვის კი – ბებოსგან. უფრო სწორად, ხატვის ნიჭი, ჯერ ბებიას ჰქონდა, მერე – დედას და მერე მე გადმომეცა.
– ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს და სწავლას როდისღა ასწრებ?
– ისე მაქვს განაწილებული დრო, რომ ვასწრებ და არ მიჭირს.
– რა გინდა, მომავალში გამოხვიდე? დედასთან თუ საუბრობდი ამ თემაზე და რას გეუბნებოდა, რა უნდოდა გამოსულიყავი?
– ალბათ, მხატვარი ან პიანისტი გამოვალ, ჯერ ზუსტად არ ვიცი, მერე გადავწყვეტ. დედას უნდოდა, პიანისტი გამოვსულიყავი და მის კვალს გავყოლოდი. ალბათ, მეც ამას ავირჩევ.
– რამდენი წლის იყავი, როცა დედიკომ ზეციურ სამყაროში გადაინაცვლა?
– ცხრა წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა. დედიკოსთან ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა, საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ყველა სურვილს მისრულებდა. უბრალოდ, დედიკო სულ მუშაობდა, მე კი სულ მის გვერდით მინდოდა ყოფნა და ბებიას რომ მასთან მივყავდი, ეს ყველაზე დიდი სიხარული და ბედნიერება იყო ჩემთვის. დედიკო სულ კი მუშაობდა, მაგრამ ჩემთვის სულ ეცალა. თბილი, მეგობრული, ლამაზი და ნიჭიერი დედა მყავდა და ახლაც ძალიან ვამაყობ. რომ იგებენ, ბაბის შვილი ვარ, მეხუტებიან, მეუბნებიან: მისი სიყვარული შენში გადმოვიდაო. ისედაც ძალიან ვგავარ, თითები სულ დედიკოსი მაქვს. საფლავზე ხშირად ავდივარ და ამაქვს მინდვრის ყვავილები – ძალიან უყვარდა. ვიცი, დედიკოს უხარია. ახლა რომ ცოცხალი იყოს, ჩემი ცხოვრება უფრო სხვანაირი იქნებოდა, თბილისში, მის გვერდით ვიცხოვრებდი და ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი.
– სიზმრად თუ მოდის დედიკო შენთან?
– დედიკო სულ მესიზმრება – თეთრი მატარებლით მოდის, მეხუტება და მერე, რამდენიმე საათში, ისევ იმ თეთრი მატარებლით მიდის. დედიკოს უყვარდა სამაჯურები და სამკაულები და ძალიან, ძალიან ბევრი დამიტოვა. ახლა არ ვიკეთებ, ჯერ ძალიან პატარა ვარ იმისთვის, რომ სამკაულები და სამაჯურები ვატარო და ვინახავ. და, კიდევ უყვარდა ქუდები და მეც ვგიჟდები. მისი ქუდებიც მაქვს, ისინიც  დამიტოვა.
– ბაბის, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. თუ გირეკავენ, გკითხულობენ და მოდიან შენთან?
– დედიკოს ბევრი მეგობარი ჰყავდა და მეც, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს – ამაშიც ვგავარ. დედიკოს მეგობრები ხშირად მირეკავენ, ჩამოდიან ჩემთან, თბილისშიც ჩამოვყავარ. ელენე კალანდაძე, ნინი წიკლაური, სოფო ტოროშელიძე, თათა საყვარელიძე, მაკა შუკაკიძე და კიდევ ძალიან ბევრი დედიკოს მეგობარი მაკითხავს და ძალიან მეფერებიან. მათთვის, დედიკოსავით მესაიდუმლე ვარ.
– ბებიასთან ცხოვრობ. ის თუ არის შენი მესაიდუმლე?
– ბებო ყველაზე დიდი მესაიდუმლეა. სულ მიყვება: რომ დაიბადე, ბაბი ძალიან ბედნიერი იყოო და კიდევ, ძილის წინ მიყვება სასაცილო ისტორიებს. თურმე, ძალიან ცელქი ვყოფილვარ, რასაც ჩავდიოდი, იმას იხსენებს და სულ სიცილით ვიძინებ (იცინის). ბებო ამბობს, ბაბი სულ შენ გგავდა, სწავლაშიც ჰგავხარ და სიცელქეშიცო. ბებომ მომიყვა: დედიკოს, თურმე, ჩემსავით უყვარდა სპორტი, ჩუმად ჩაეწერა კალათბურთზე, არავინ იცოდა და მერე მასწავლებელი მიუყვანია სახლში, უკვე ნაკრებშია ჩაწერილიო (იცინის).
– ახლახან „გურული დღიურების“ ფონდის სტიპენდიანტი გახდი. ვინ გაგიწია რეკომენდაცია?
– დიახ, „გურული დღიურების“ ფონდის სტოპენდიანტი ვარ.  დაჯილდოება თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა და დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო გიორგი კეკელიძეს, რომელმაც რეკომენდაცია გამიწია.
– სტიპენდიას რაში დახარჯავ, არის ისეთი რამ, რისი ყიდვაც გულით გინდა?
– თვეში, ასი ლარი ჩამერიცხება და მოვაგროვებ. ბევრი ტანსაცმელი და ინსტრუმენტი მაქვს და აღარ მინდა. ალბათ, „აიპადს“ ვიყიდი. ძალიან მიხარია, რომ სტიპენდია დამენიშნა, მაგრამ  დედიკო ძალიან, ძალიან მენატრება და იმ „აიპადსაც“ გავცვლიდი, ოღონდ ის მყავდეს გვერდით.  მეუბნებიან, ვიცი და მჯერა, რომ დედიკო სულ ჩემ გვერდითაა, მაგრამ მინდა, მეხებოდეს და მეფერებოდეს.

скачать dle 11.3