კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როდის დადო სასწორზე ლუკა კურტანიძემ ოჯახის წევრების სიცოცხლე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ლუკა-ელდარი.
გვარი: კურტანიძე.
პროფესია: მოჭიდავე; ოფიცერი –  შინაგან საქმეთა აკადემიის პრორექტორი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– აფახაზეთში დავიბადე, რომელმაც ბევრი მოგონება და მონატრება დამიტოვა. ის დრო არასდროს დამავიწყდება, როცა ბებია-ბაბუები ცოცხალი მყავდა. ფიქრებითაც ყოველთვის იმ დროში მივდივარ. ის ადათ-წესები, რაც იქ შევისწავლე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ღირებულია – მაშინ სხვანაირი მოწიწება და პატივისცემა იყო უფროსის მიმართ, რაღაც შეუბღალავი, წმინდა.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა, მფრინავი ან მეცხვარე გამოვსულიყავი. მერე, როცა გავიაზრე, მიხვდი, რომ მთავარი იყო მართალი ადამიანი ვყოფილიყავი, რადგან არ მიყვარს ადამიანის დაჩაგვრა. ამ ღირებულებამ მიმიყვანა სამართალდამცავ სტრუქტურასთან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მქონოდა სამხრეები და ფორმა ჩამეცვა. რაც შეეხება სპორტს, ჭიდაობა ჩემს სულთან ძალიან ახლოსაა. ღმერთმა მომცა იმის ძალა, რომ ეს მიმართულება ამერჩია. თან, ბავშვობაში ძლიერი, ჯმუხი და ჯიუტი კი ვიყავი, მაგრამ მოუხერხებელი – გოგონებიც მერეოდნენ ხოლმე (იცინის). ზუსტად ამ სიჯიუტემ განაპირობა ის, რომ მევარჯიშა.
– პროფესიული ჩვევა...
– ბრძოლამდე ყოველთვის ვადიდებდი ღმერთს და არასოდეს საკუთარი თავისთვის კითხვა არ დამისვამს – შევძლებდი თუ არა. როცა დაიბადა კითხვის ნიშანი, მაშინ დავამთავრე კარიერაც. „მეხმარებოდა“ ის ტრაგედიები, რაც გამოვიარე: აფხაზეთის ომში მამის დაკარგვა და მისი დახვრეტის შესახებ ცნობის მიღება, სიცივე, შიმშილი... ვარჯიში და ბრძოლა მეხმარებოდა არა ამ ყველაფრის დავიწყებაში, არამედ იმაში, რომ ამაზე არ მეფიქრა – რთული წარმოსადგენი იყო ჩემთვის, როგორ უჭირდა მამას, როცა ხვრეტდნენ.
– მშობლების როლი...
–  გამზარდეს სპარტანულად,  არ ვიცი, რა არის განებივრება. ვიზრდებოდი დისციპლინირებულად და მკაცრად. ალბათ, ამიტომაც გამოვედი მებრძოლი. გავიზარდე ადათ-წესებით. მამის სიტყვა იყო კანონი, მაგრამ დედა მასზე გაცილებით მკაცრი მყავდა. მშობლების მადლიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაზე მომავლინეს და მასწავლეს, როგორ ვყოფილიყავი მებრძოლი, ძლიერი ადამიანი.
– ადამიანში ვაფასებ...
– მართალ, არამონურ ერთგულებას. მიყვარს თავისუფალი ადამიანი, რომელსაც ეს თავისუფლება უზრდელობაში არ გადასდის. თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ შენი ქმედებებით ცხოველს გადააჭარბო. არის მორალი, რომელიც შინაგანად, ყოველი კანონის გარეშე, არეგულირებს ყველაფერს. შენმა თავისუფლებამ სხვა არ უნდა დააზიანოს.
– მწამს...
– ღმერთისა და სიყვარულის. ორივე ერთი ცნებაა, რადგან სიყვარულია ღმერთი და ღმერთშია სიყვარული. ამ რწმენამ გადამარჩინა.
– მაღიზიანებს...
– უმადურობა. როცა მადლის დანახვა არ გინდა, ეს ტრაგედიაა. უმადურობას ბევრი ტრაგედია მოჰყვება და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. მინდა, რომ ეს დასრულდეს, თუმცა ვიდრე ადამიანი იარსებებს, უმადურობა ყოველთვის იქნება. იმედია, რაღაც დოზით შემცირდება მაინც.  
– ბედისწერა  არის...
– ყოველი ადამიანის სწორ ან არასწორ ნაბიჯს რაღაც უწყობს ხელს. მჯერა იმის, რომ  ადამიანი თავისი მისიით იბადება. თავიდან ყველა ბავშვი ანგელოზია, მის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს გარემო, სადაც იზრდება და ადამიანები, ვის გარემოცვაშიც არის. როგორც მიმდინარეობს წვრთნა და სწავლება, ადამიანიც ისეთია. ცხოვრება არის ჭიდილი ბოროტსა და კეთილს შორის, თუ ბოროტი გადასწონის, მაშინ შედეგი დამანგრეველია. ბედისწერა ნამდვილად არსებობს და რაც უნდა აღსრულდეს, ის აუცილებლად მოხდება, უბრალოდ, შესაძლებელია, დროში გადანაცვლება მოხდეს.
– ცოდვა – ეს არის...
– ღალატი, რომელიც ანადგურებს ყველაფერს: ოცნებებს, ფიქრებს, იმას, რითიც დგახარ ამქვეყნად... ჩემთვისაც უღალატიათ, მაგრამ ბევრი დაცემისა და სულიერად გატეხვის შემდეგ წამოვმდგარვარ. ერთხელ მეუფე ანტონმა მითხრა: ის არის გმირობა, როცა წაქცეული ფეხზე დადგებიო და მართლა ასეა. ცოდვაა, როცა გიღალატებენ, ზურგში დანას ჩაგცემენ, მაგრამ გმირობაა, მაინც ფეხზე რომ დადგები და პირიქით, ვინც წაგაქცია დახმარების ხელს გაუწოდებ.
– რისკიანი ხართ?
– კი. ზოდიაქოთი ვერძი ვარ, შესაბამისად, ჯიუტი და მიზანდასახული გახლავართ. აფხაზეთის ომის დროს ბოლომდე დავრჩი,  ვიდრე სოხუმი არ დაეცა. 
ამბობდნენ, რომ ის ერთადერთი გზაც ჩაიკეტებოდა, რომელიც დარჩენილი იყო, მაგრამ ოპტიმისტი ვარ და იმედი მქონდა, სოხუმი არ დაეცემოდა, ყოველი შემთხვევისთვის, დარჩენილი ტერიტორიების გამაგრება მაინც მოხდებოდა. ამ იმედით 28 სექტემბრამდე ვიყავი აფხაზეთში მთელი ოჯახით – მათი სიცოცხლე დავდე სასწორზე და ეს ყველაზე დიდი რისკი იყო ჩემს ცხოვრებაში. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ სხვისთვის მიმეცა ძალა, რომ იქ ვიყავით, არსად მივდიოდით, არ გვეშინოდა... 28 სექტემბერს დილით წამოვედით და გავიარეთ „გოლგოთას გზა“, რომელზეც ბევრი სიკვდილი ვნახე და ბევრჯერ თავადაც ჩავხედე სიკვდილს თვალებში...
– მეუღლის როლი...
– მეუღლე არის ჩემი ცრემლი, საყრდენი... მისთვის არასოდეს მომერიდება ათასი პატიების თხოვნა ყველას წინაშე. თუ ადამიანს შეუძლია შენი ტვირთის ტარება, თუ ის შენი ფარი და საყრდენია, მაშინ ყველაფერი უნდა გადალახო და ამპარტავნებამ, ქედმაღლობამ არ უნდა მოგცეს იმის უფლება, რომ მას ავნო. იმ ტრადიციით გავიზარდე და ისეთ ოჯახში, სადაც არ შეიძლებოდა, ქალისამდი სიყვარულის საჯაროდ გამოხტვა, ქალის დახმარება... მაგრამ ადათ-წესში არ წერია, რომ არ გიყვარდეს, რომ მეუღლე უნდა დაჩაგრო და თუ შეცდი, პატიება არ სთხოვო. უზომოდ ბედნიერი ვარ, შემიძლია, ასე ძალიან მიყვარდეს და ეს ვთქვა ხმამაღლა. თავისუფლად შემიძლია ჩემი მეუღლის წინაშე დავიჩოქო და პატიება ვთხოვო, თუნდაც ყოველდღიური შეცდომებისთვის.
– იდეალური ქალი არის...
– პირველ რიგში, სულიერად და ფიზიკურად ძლიერი. ყველანაირი განსაცდელის დროს ის უნდა იყოს ადამიანი, რომელთანაც ნავსაყუდელს იპოვი, რომელსაც ღალატი არ შეუძლია, ვისთანაც გიხარია და მიიჩქარი. როცა გშორდება, თუნდაც ერთი მეტრით, იბუტები, იმიტომ რომ გაკლია. ეს ყველაფერი შეიძლება, რთულია ქალისთვის, მაგრამ არ უნდა დაიღალოს ამით,  მას უნდა აბედნიერებდეს ის, რომ მისი მეუღლე, საყვარელი ადამიანი ასეთი მესაკუთრეა. მამა მეუბნებოდა, ზღვა რომ ასეთი მღელვარე არ იყოს, დაჭაობდებაო. სიყვარულსაც ყოველთვის ახლავს მღელვარება, მაგრამ, როცა წყნარდება, ძალიან სუფთაა.
– დრო და სიყვარული...
– თუ სიყვარული ბობოქარი არ არის, ის ვერ გაუძლებს დროს. ქალისა და კაცის სიყვარული სხვადასხვანაირიაა – კაცის უფრო მკაცრია, მაგრამ ძალიან ძლიერი. კაცმა უნდა დაიცვას მისი ბობოქარი სიყვარული და ეს უნდა გაიგოს ქალმა – არ უნდა შეეცადოს მის შეცვლას.
– კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
– ქალს პატივი უნდა სცე, მის მიმართ მოწიწება უნდა გქონდეს, მაგრამ როცა ქალი კაცობას მოინდომებს, მაშინ იწყება კონფლიქტი. აფხაზეთში ქალის თანდასწრებით ბილწსიტყვაობა არ შეიძლებოდა – მამას ბევრჯერ სახლიდან სტუმარიც კი გაუშვია ამ მიზეზით. ძლიერი ქალი პატივსაცემია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას კაცობა უნდოდეს. ქალი ისედაც ყოველთვის აღმატებულია კაცთან თავისი მანდილითა და სიფაქიზით. მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, რამდენიმე ადამიანი შემიძლია მიწაზე დავცე, მაგრამ ჩემი მეუღლე ჩემზე ძლიერია, არა ფიზიკურად, არამედ სულიერად – მას შეუძლია მატიროს. სწორედ მისი გადმოსახედიდან ვაფასებ ქალს და არა ზოგადად.
 – შეგშურებიათ?
– თუ ვინმე ჩემზე აღმატებულია, ის ჩემთვის მაგალითია.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– დიდი სიყვარულითა და მიმტევებლობით, რაც გაჰკვირვებია თვითონ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც დამეჩაგროს. ჩემს მეუღლესაც ხშირად უთქვამს, რომ ძალიან მიმტევებელი ვარ. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ძალაა.
– ვტირი...
– როცა ძალიან მიყვარს და  ბედნიერი ვარ.
– ბილწსიტყვაობთ?
– კი და შენდობას ვითხოვ, როცა წამომცდება ხოლმე. ეს არის ყოველდღიურ ცხოვრებაში და  მაწუხებს.
– ვემალები...
– ადამიანი ვერაფერს დაემალება. სადაც უნდა იყო, ბედისწერა მაინც მოგძებნის. თუ იმალები, შიში ჩნდება, შიშით ცხოვრება კი ძალიან რთულია. ამიტომ არაფერს დაემალო, ყველაფერს უნდა დაელოდო.
– მრცხვენია...
– ადამიანის გონება იმდენად რთული მექანიზმია, იმდენ რაღაცას გაფიქრებინებს, რომ ზოგჯერ ჩემი ფიქრებისა და შეცდომების მრცხვენია. კარგია, როცა გრცხვენია, ესე იგი, ნანობ.
– მაკომპლექსებს...
– თხოვნა. ძალიან განვიციდი და მრცხვენია, როცა ვინმეს რამეს ვთხოვ, ვაწუხებ. მე რომ მთხოვენ, მიყვარს, ოღონდ თუ არ შემიძლია დახმარება, მერე ამაზე ვღელავ.
რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– გიყვარდეს, გიყვარდეს, გიყვარდეს და იჩქარე, რომ გიყვარდეს!

скачать dle 11.3