კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 გიორგი აფხაზავამ თეატრის შესაქმნელად საკუთარი სახლი გაყიდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პირველ დეკემბერს თბილისის კამერული თეატრი გაიხსნა. რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ ახალი თეატრის შექმნას სამი წელი მოანდომა. დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმისა და ყველაფრის მამოძრავებელი იდეის შესახებ თავად მოგვიყვება.
  გიორგი აფხაზავა: თეატრის შენება ნულიდან დავიწყეთ და სამი წელი მოვანდომეთ. ერთი მიტოვებული სარდაფი ავიღეთ, რომელიც ჭერამდე სამშენებლო ნაგვით იყო სავსე და თეატრალურ სივრცედ გადავაქციეთ. სიცივეში, წვიმასა თუ ქარში სამწლიანი, ყოველდღიური დაუღალავი შრომის, არაერთხელ დატბორვის შემდეგ შედეგი მივიღეთ. დიდი ფინანსური პრობლემებიც გვქონდა. კოშმარების მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. თეატრი მთლიანად ჩვენი ხარჯით ავაშენეთ, ორმოცდაათამდე ადამიანი მუშაობდა მის რეკონსტრუქციაზე. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ძალიან მიყვარხართ!
– ბინა გაყიდეთ ამისთვის.
– კი, ბინა გავყიდე. თუმცა, არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, თითქოს გმირობის ელფერი ეძლევა ამ ყველაფერს და ცოტა გამაღიზიანებელი ხდება. ვფიქრობ, საყვარელი საქმისთვის არაფერი უნდა დაიშურო, მით უმეტეს, მატერიალური თვალსაზრისით. ერთი ხელოსანი არ გვყოლია, ყველაფერი ჩვენი ხელით ავაშენეთ. ბევრი პროფესიის ათვისება მოგვიწია. იქამდე სახლში ნათურების გამოსაცვლელად მეგობარს ვურეკავდი, რადგან ელექტროობის პათოლოგიურად მეშინოდა. ახლა ელექტროშედუღებას ხელთათმანების გარეშე ვაკეთებ.
– არ იყო ისეთი მომენტები, როცა ფიქრობდით, რომ აღარ გამოვიდოდა?
– ყოველდღე, დილით რომ ვიღვიძებდი, საკუთარ თავს ვუსვამდი კითხვას – მინდა თუ არა? თუ უარყოფით პასუხს მივიღებდი, მაშინვე დავანებებდი თავს ამ ყველაფერს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან მინდა. აღმოჩნდა ისიც, რომ იმ ორმოცდაათ ადამიანს, ვინც თეატრის ბირთვს წარმოვადგენთ, საკმაოდ ძლიერი ფიზიკური და მორალური გამძლეობა გაგვაჩნია და ბოლომდე „გავქაჩეთ“. ამ დღეებში იქაურობის ძველ ფოტოს წავაწყდი და ისეთი კოშმარი იყო, მაშინვე თვალი მოვარიდე.
– ამდენი ადამიანის ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება და სამი წელი შენარჩუნება, თან მაშინ, როცა ფინანსებიც კი არ გქონდათ, როგორ გამოვიდა?
– 90-იან წლებში მე თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ეს დრო იყო, როცა: ვიყინებოდით, გვშიოდა, გვწყუროდა, მაგრამ ალბათ, ზებუნებრივი ძალა გვამოძრავებდა და ისეთი შემართებით ვსწავლობდით, რომ რეპეტიციებს დილის ცხრა საათზე ვიწყებდით და ღამის ორზე ვამთავრებდით, არადა, შუქიც კი არ გვქონდა. მას მერე დრო ძალიან შეიცვალა. ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა ცოტა ადამიანს ნახავთ, ვისაც ნამდვილად სჭირდება თეატრი და ხელოვნებას ხელოვნებისათვის იყენებენ და არა მატერიალური ინტერესების ან საკუთარი თავის წინ წამოსაწევად. როცა თეატრის აშენებაზე დაიწყო საუბარი, მეშინოდა. დღეს ძალიან ძნელია, შესაბამისი სულისკვეთება იპოვო ადამიანებში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ არსებობენ ამ იდეით დონ კიხოტებივით შეპყრობილი ადამიანები, ვისთვისაც შემოქმედება უპირველეს ყოვლისაა და მერე უკვე საკუთარი მე და ამბიციები. მათი ძალიან დიდი ნაწილი, ყველაზე კრიზისულ დროს შემოგვემატა. მხოლოდ ხელოვანები კი არა, გვეხმარებოდნენ ექიმები, დიპლომატი, მეღვინე, მენეჯერი.
– რა გამოვიდა?
– თეატრი უკვე გაიხსნა, ვითამაშეთ პირველი პრემიერა – უილიამ შექსპირის „ქარიშხალი“, რომელიც თბილისის მერიის კულტურის სამსახურისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. დარბაზში ორმოცდაათი ადგილია. არ გვიფიქრია შემოქმედების ხარჯზე ფინანსურ მოგებაზე. აქედან გამომდინარე, არ შევამცირეთ სცენა და არ მოვუმატეთ ადგილების რაოდენობა. პრემიერა შთამბეჭდავი გამოვიდა და ძალიან ბედნიერები ვიყავით, დღემდე ეიფორიაში ვართ. ჩვენი დასის წარმომადგენლები ნელ-ნელა ემატებოდნენ ჩვენს გუნდს. ყველა პროფესიონალი მსახიობია, ერთი – პროფესიით რეჟისორი და სამი  კი –  თეატრალურის სტუდენტი.
– ადრე ამბობდით, იმედი მაქვს, „კეთილი ბიძიები“ გამომჩნდებიან და დაგვეხმარებიანო. გამოჩნდნენ?
– არავინ გამოჩნდა. „კეთილ ბიძიებს“ ვხვდებოდით, მაგრამ ისეთ პასუხს გვეუბნებოდნენ, ლამის იყო, თეატრი გაგვეყიდა და იქით დავხმარებოდით. ეტყობა, ძალიან უჭირდათ იმ პერიოდში და მეცოდებიან. თუმცა, მე მაინც ველოდები კეთილ ადამიანებს, ვინც თეატრს გვერდით დაუდგებიან. მაგალითად, ძალიან საჭირო მომენტში გამოჩნდა ბატონი დათო, რომელმაც გაიგო, რომ სპექტაკლისთვის იშვიათი მასალა გვჭირდებოდა, რომელიც მას ჰქონდა. მოგვიტანა და დაგვიტოვა. შიგნით არც შემოსულა, ვიცი, რომ კარგ საქმეს მოახმართ და გქონდეთო.
– რა შეგრძნებაა, როცა ამ ყველაფრის შემდეგ, ეს ამბავი გამოვიდა?
– უი, უი, საშინელებაა. არ დაიჯეროთ, თუ ვინმემ თქვა: ვსო, დავისვენეთო. რას ლაპარაკობთ, საშინელი კატორღაა, ყოველდღიური. ერთი წამითაც არ ჩათვალოთ, რომ ეს არის პრივილეგია, რომელიც ვინმეზე რამით ზემოთ გაყენებს. ყოველდღიური საშინელზე საშინელი შრომა და ბევრად დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი ტვირთი, რომელიც არასდროს დამთავრდება. პრივილეგიულ მდგომარეობაში უნდა იყოს დასი და არა მმართველი. ეს ხშირად ავიწყდებათ.
– აქამდე იყო გრძელი გზა თეატრალურ სამყაროში, თუმცა კონკრეტულ დასთან ურთიერთობა ცუდად დასრულდა.
– თეატრში მუშაობა თოთხმეტი წლისამ დავიწყე. ვიყავი სცენის მემანქანე, ღამის დარაჯი და დამხმარე შემადგენლობის მსახიობი მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი  ნიკა ჯანდიერი იყო და მთავარი რეჟისორი კი – გია კიტია, ჩემი აღმზრდელი, რომელიც ახლაც ჩემ გვერდითაა. ეს იყო ზღაპრული სამყარო, სადაც თოთხმეტი წელი გავატარე. მერე ყველაფერი შეიცვალა. მოვიდა ერთი ბოროტი ბიძია და ჩვენი სახლიდან გამოგვყარა. იმ პერიოდში გაჩნდა ეჭვები, იქნებ საერთოდ მოეღოს ბოლო თეატრალურ საქმიანობას?! ეს იმდენად დიდი გულისტკენა იყო, თეატრში საერთოდ აღარ დავდიოდი. მაშინ ამიყვანეს თეატრალურ უნივერსიტეტში პედაგოგად და ვიფიქრე, პრაქტიკული რეჟისურიდან თეორიულზე გადავალ-მეთქი. შემდეგ ნელ-ნელა გავიაზრე, რომ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც თეატრი და სპექტაკლები სჭირდებათ. მერე ყველაფერი ფანტასტიკურად აეწყო, ეს ღვთის წყალობა და დიდი სასწაულია.

скачать dle 11.3