კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ოპერაცია „გლოვის ზარი“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სამი დღის შემდეგ მონასტრის წინამძღოლი მოულოდნელი ინსულტით გარდაიცვალა. ის დიდი პატივით დაკრძალეს მონასტრის ეზოში. ეკლესიის ეს უპატიოსნესი იერარქი თავის არაერთ კოლეგას ეჩხირებოდა ყელში და მას არც ანტიქართული გარეშე ძალები სწყალობდნენ. ამიტომ მისი გარდაცვალება ორივე მხარეს აწყობდა და იმ ხანგრძლივი ოპერაციის ნაწილი იყო, რომელიც საბჭოეთის დაშლისთანავე დაიწყო და ერთ-ერთი მთავარი როლი მასში ტრისტან ძულიაშვილმაც დაიკავა.
  ბოლო აღსარება რომ ჩაიბარა და მრევლი გაისტუმრა, მეუფემ სახიდან ოფლი მოიწმინდა, წვერზე ხელები ჩამოისვა და საკურთხევლისკენ გაემართა. მას მორჩილი გედეონი წამოეწია და მოწიწებით უთხრა:
– მეუფე ტარიელ, სამრეკლოსთან ერთი კაცი გელოდებათ.
– ვინაა? – იკითხა მეუფემ ისე, რომ ნაბიჯიც არ შეუნელებია.
– უცნობია.
– სატრაპეზოდ მივდივარ და დამელოდოს.
– ასე თქვა, მეჩქარება და ველოდებიო.
მეუფეს სახეზე მრისხანება გამოესახა და მორჩილს შეუღრინა:
– ეჩქარება და წავიდეს. ჯერ არ მცალია.
მორჩილი გედეონი გაწითლდა და მეუფეს ენის ბორძიკით შეჰკადრა:
– მომიტევეთ, მეუფე ტარიელ, კადნიერებისთვის, მაგრამ იმ კაცმა მითხრა, თუ არ ეცლება, გადაეცი, ქვიშაზე ტაძარი არ შენდება და ამ საქმეს გრანიტის კლდე სჭირდებაო.
ამ ფრაზის გაგონებაზე, თითქოს გველმა დაგესლაო, მეუფე შეხტა, მაგრამ თავი მოთოკა და გედეონს უთხრა:
– თავიდანვე ასე გეთქვა, გედეონ. ჩემი სიყრმის მეგობარია და ცოტა არ იყოს ხუმარაცაა. ახლავე გავალ. შენ კი წადი და ერთი ბოთლი სუფთა, წითელი ღვინო დადგი სატრაპეზო სუფრაზე.
  მორჩილი გედეონი სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ტაძრიდან. მეუფე ტარიელმა კი მძიმედ ამოიხვნეშა. ცივი ოფლი მოიწმინდა. შემდეგ ეკლესიის სამხრეთ კარისკენ იბრუნა პირი და სამრეკლოსთან გავიდა. იქვე შავი ფერის „ტოიოტას“ „ჯიპი“ იდგა და შიგნით შუახნის უცნობი მამაკაცი იჯდა. მეუფე შედგა და უცნობი შორიდან შეათვალიერა. მან კი ხელით მიიხმო მეუფე და როცა ტარიელი უკანა სავარძელზე მოთავსდა, მიუბრუნდა და უთხრა:
– ხვდებით, ალბათ, ვინ ვარ.
– ვერა, – იუარა მეუფემ.
– მაშინ, რატომ გამოხვედით ჩემს შესახვედრად? – ირონიულად იკითხა შუახნის მამაკაცმა და დაამატა, – თქვენი რანგის იერარქებისთვის ეს უჩვეულო საქციელია.
– ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ. უფლის სახლში მომაკითხე, შვილო და როგორც კეთილ მასპინძელს შეეფერება, შესახვედრად გამოგეგებე, – მიუგო უცნობს მეუფემ.
შუახნის მამაკაცს ირონიულად გაეცინა და ტარიელს უთხრა:
– ქვიშაზე ტაძარი არ შენდება და ამ საქმეს გრანიტის კლდე სჭირდება.
მეუფე ტარიელს სახე წამოეჭარხლა და უპასუხა:
– გრანიტის სული, მხურვალე გული და ლეში ტანჯული.
– პასუხი სწორია. აბა, არ ვიცი, ვინ ხართო? – ირონიით თქვა შუახნის მამაკაცმა.
– პირველად გხედავთ და რა გნებავთ? – თქვა მეუფემ.
უცნობმა ირონიითვე განაგრძო:
– ლეში მაინცდამაინც ტანჯულისა არ გიგავთ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, გირჩევთ, ცოტა „იკაჩაოთ“, თორემ ძალიან დიდი ღიპი დაგდებიათ და სიარულში ხელს გიშლით. მე უფრო თქვენი სული და გული მაინტერესებს.
ტარიელი ისევ გაწითლდა და უცნობს გააწყვეტინა:
– ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – სამშობლოს, ლეში კი...
უცნობმა იგივე სვლა გაიმეორა და მეუფეს უთხრა:
– არ გინდათ. თქვენგან ამბროსი ხელაია არ გამოვა და ასე შეგიძლიათ, მხოლოდ მრევლი დააბოლოთ. მე თქვენი კურატორი ვარ და აქ თქვენს გასაცნობად მოვედი. ასე ვთქვათ, სამუშაო ვითარებაში. გასაგებია?
– გასაგებია, – ამოიოხრა მეუფე ტარიელმა.
– ძალიან კარგი, რომ გასაგებია. დიდი ხანია, სერიოზული საქმისთვის არ გამოგვიყენებიხართ და უახლოეს მომავალში დაგვჭირდებით. ასე რომ, დიდი საქმისთვის მოემზადეთ.
– რა უნდა გავაკეთო? – იკითხა მეუფე ტარიელმა, რომელსაც სულაც არ ეპიტნავა ახალ კურატორთან შეხვედრა.
– დრო რომ მოვა, მაშინ შეიტყობთ, – მოკლედ მოუჭრა უცნობმა.
– გასაგებია. წავალ.
– მოითმინეთ. ჯერ არ დამიმთავრებია.
– გისმენთ.
– ერთ საათში თქვენთან დიაკვანი ზურაბი მოვა. თქენ მას იცნობთ. ის თქვენს თანაშემწედ უნდა აიყვანოთ და გვერდით იყოლიოთ.
– კარგი. მოვიდეს.
– და, კიდევ ერთი, თქვენი ახალი ფსევდონიმია „მეტრი“ და ჩვენი მეკავშირეები ამ სახელით გამოგეცნაურებიან.
– ჰმ, „მეტრი“. საპატიო ტიტულია და ბატონს, მეუფეს ნიშნავს. ასე მიმართავდნენ ადრე სასულიერო პირებს, – თქვა ტარიელმა.
უცნობს ჩაეცინა და უთხრა:
– დიახ. რა თქმა უნდა. ახლა კი შეგიძლიათ, წახვიდეთ.
– თქვენს სახელს არ მეტყვით, – ჰკითხა ტარიელმა.
– სეფე დამიძახეთ, – მიუგო მეუფე ტარიელს ახალმა კურატორმა და ის მანქანიდან გაისტუმრა.
***
  უცნობი მამაკაცი, რომელიც ტარიელს სეფეთი გაეცნო, ეროვნებით ქართველი, საქართველოს მოქალაქე, მაგრამ უცხო ქვეყნის დაზვერვის თანამშრომელი იყო. სეფე მეუფე ტარიელის, იგივე ტრისტან ძულიაშვილის ახალი კურატორი იყო და სწორედ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა შეუწყო ხელი, რომ ყაჩაღობისთვის „ნამალალეტკარი“ ტრისტანი დედა ეკლესიის ერთ-ერთი იერარქი გამხდარიყო. ამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოში რამდენიმე რეზიდენტურა ჰქონდა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. თითოეულ მათგანს სხვადასხვა „კრიშა“ (საფარი) ჰქონდა. ძირითადად, ეს „კრიშები“ სხვადასხვა ბიზნეს და კომერციული ორგანიზაცია იყო. რეზიდენტურები „ცენტრს“ სხვადასხვა სახის ინფორმაციებს აწვდიდნენ. ასევე, ასრულებდნენ „ცენტრის“ დავალებებს, რომელთა სპექტრი განუსაზღვრელი იყო – დაწყებული წვრილმანი საინფორმაციო პატაკებით, შეკვეთილი მკვლელობებით დამთავრებული... ქვედანაყოფი, სადაც სეფე ირიცხებოდა, ერთ-ერთი ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის საფარქვეშ მუშაობდა. ამ კომპანიას თბილისის ცენტრში ჰქონდა ოფისი. სეფე იქ დისტრიბუტორად ირიცხებოდა. კომპანიის დირექტორი კი რეზიდენტი იყო, რომელიც „ცენტრიდან“ იღებდა ინსტრუქციებს. შემდეგ კი ამ ინსტრუქციებს თავის აგენტებს აცნობდა. „ფარმაკომპანიის“ რეზიდენტურამ „ცენტრიდან“ ახალი დავალება მიიღო და „მეტრის“ გააქტიურების ბრძანება გასცა. „ცენტრმა“ ახალი, ანტიქართული ოპერაცია წამოიწყო, რომლის მიზანიც დედა ეკლესიაზე დარტყმას ისახავდა მიზნად. ამ ოპერაციას ეწოდებოდა „გლოვის ზარი“ და მეუფე ტარიელი, იგივე აგენტი „მეტრი“, ამ ოპერაციის ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებოდა.
„მეტრთან“ შეხვედრის შემდეგ სეფე ცენტრალურ ოფისში დაბრუნდა. მანქანა ეზოში გააჩერა და ანგარიშის ჩასაბარებლად რეზიდენტს კაბინეტში ეახლა.
– აბა, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა „მეტრზე“? – ჰკითხა რეზიდენტმა სეფეს.
– ტიპური გაქსუებული ღორია. ნაძირალა დემაგოგი და ფულისტი. რაც მის დოსიეში წერია, ყველაფერი ერთი ერთში ჯდება, მიუგო სეფემ რეზიდენტს.
– ძალიან კარგი. ესე იგი, ამ ოპერაციისთვის გამოდგება.
– ვფიქრობ, რომ გამოდგება, მაგრამ შესაძლოა, ცოტა გაჯიუტდეს და საქმე გაგვირთულოს.
– გაგვირთულოს?
– დიახ.
– მაინც, როგორ?
– გვითხრას, რომ ასეთ ამორალურობაზე ხელს არ მოაწერს.
რეზიდენტმა გადაიხარხარა და სეფეს უთხრა:
– დავიჯერო, ორგიების ვიდეოკადრები არ დააცხრობს მის ზნეობრივ შთაგონებას?
– რომ არ დააცხროს? – თავი გააქნია სეფემ.
– მაშინ, ეს ნახე, – თქვა რეზიდენტრმა. კომპიუტერს ფლეშკა შეუერთა და სეფეს ათწუთიანი ფარული კადრები ანახვა.
ჩვენება რომ დასრულდა, სეფემ თავი გააქნია და რეზიდენტს უთხრა:
– ჰო, მართლაც რომ, შთამბეჭდავია და სიკვდილის შიში, ვფიქრობ, მას ყველაფერზე ხელს მოაწერინებს. ამის გადაღება როგორ მოახერხეთ?
– მორჩილი გედეონის დამსახურებაა. მან დააყენა იქ ფარული კამერა.
სეფემ ხელები გაშალა და რეზიდენტს უთხრა:
– მართლაც რომ, სუპერორგანიზაციაში ვმუშაობთ და მას განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს. ვფიქრობ, ეს მყარი არგუმენტი იქნება „მეტრის“ წინააღმდეგ. თუმცა, მაინც არ მომწონს ეს გაქსუებული ღორი და თანამშრომლობის რაღაც ეტაპზე შეიძლება, ჩაგვიგდოს კიდეც საქმე.
– ნუ დარდობ. „ცენტრში“ ამ საკითხზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და „გლოვის ზარი“ რომ დასრულდება, „მეტრს“ სხვა ფუნქცია მიენიჭება.
– რა ფუნქცია? – იკითხა სეფემ.
– ამის შესახებ შემდეგ ვილაპარაკოთ. ახლა კი მთავარია, „გლოვის ზარი“ ჩავატაროთ უნაკლოდ. შეგიძლია, წახვიდე. საჭირო რომ გახდები, გამოგიძახებ.
– ნახვამდის, – უთხრა სეფემ რეზიდენტს და მისი კაბინეტიდან გავიდა.
***
  სადაზვერვო „ცენტრის“ მთავარ ოფისს 65 წლის გენერალი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ამ საქმეში, როგორც იტყვიან, ჭიპი ჰქონდა მოჭრილი და მის დამსახურებათა ნუსხაში უამრავი ოპერაცია ირიცხებოდა. თმაჭაღარა გენერალს არაერთი ქვეყნის ცნობილი სახე ჰყავდა გადაბირებული, რომლებსაც წარმატებით იყენებდა თავის საქმიანობაში. მის აგენტებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც გენერალმა ადრეულ ასაკში „დაავერბოვკა“ და მხოლოდ ამის მერე გახდნენ ისინი „ვიპ“ პერსონები, რა თქმა უნდა, გენერლისა და მისი უწყების ხელშეწყობით. ამ უკანასკნელთა შორის იყო ვიქტორ გაგრიანიც, რომელიც „ცენტრის“ საგანგებო ნომენკლატურაში ირიცხებოდა და მისი აგენტურული ფსევდონიმი იყო „კალიგულა“. ამ ჯერ კიდევ ნახევარსაუკუნემიუღწეველ სუბიექტს პოლიტიკოსის ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული და „ცენტრის“ საგანგებო დავალებებს ასრულებდა თავისი სამშობლოს განადგურების, დაკნინებისა და დისკრედიტაციის კუთხით. „კალიგულას“ წლების წინ თავის სამშობლოში მოწინავე პოზიციები ეკავა და წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა შემდგომ მას რაღაც აერია ტვინში, არაადეკვატური გახდა და „ცენტრმა“ ჯერ მისი ფიზიკური ლიკვიდაცია გადაწყვიტა, რომ მასთან კავშირი არ გამჟღავნებულიყო, შემდეგ ეს გეგმა შეცვალა – „კალიგულა“ ქვეყნიდან გააპარეს და მას დასვენებისა და მკურნალობის საშუალება მისცეს. „ცენტრს“ სამომავლოდ ახალი ჩახლართული ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი და მის მთავარ ფიგურანტად „კალიგულა“ მოიაზრებოდა. ხოლო „ცენტრისა“ და „კალიგულას“ თანამშრომლობა რომ არ გაშიფრულიყო, ვიქტორ გაგრიანს ფული მისცეს და ერთ პატარა, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში დაასახლეს. სწორედ „კალიგულას“ ელოდებოდა ჭაღარა გენერალი თავის ოფისში, რომ მასთან მომავალი ოპერაციის დეტალები დაეზუსტებინა. მას მერე, რაც „კალიგულას“ მოსვლის შესახებ აცნობეს, გენერალმა მისი კაბინეტში შეყვანის განკარგულება გასცა და შემოსულს შუა ოთახში შეეგება. კარი რომ გაიღო და ახალმოსული სირაქლემას ნაბიჯებით შევარდა გენერალთან, ყოვლისმნახველ ჭაღარას ლამის ხარხარი აუტყდა. მან მხოლოდ მიხვრა-მოხვრით იცნო „კალიგულა“, რომელსაც ისეთი უცნაური გრიმ-პარიკი ეკეთა, რომ სიცილისგან თავის შეკავება ნებისმიერს გაუჭირდებოდა. „კალიგულამ“ კომუფლაჟი მოიხსნა, ყველაფერი მაგიდაზე დააწყო, კაბინეტის მასპინძელს ხელი ჩამოართვა და განუმარტა.:
– ხომ იცით, გენერალო, მთელი ქვეყანა მიცნობს და ეს გრიმ-პარიკი უსაფრთხოებისთვის გავიკეთე.
– რა თქმა უნდა, ბატონო ვიქტორ, რა თქმა უნდა. სწორად მოქცეულხართ, – მიაგება გენერალმა „კალიგულას“ და დაამატა, – როგორ იმგზავრეთ, ხომ არ შეწუხდით?
– ცოტა არ იყოს, შევილახე, მაგრამ არა უშავს. საერთო საქმის წარმატებისთვის ერთ არაკომფორტულ მგზავრობასაც აიტანს კაცი, – მიუგო „კალიგულამ“.
– აბა, რა სიახლეები ჩამოგვიტანეთ, ბატონო ვიქტორ, – ჰკითხა გენერალმა.
– როგორც შევთანხმდით, ყველაფერი ისე მიდის, გენერალო. ჩემთან ვითომდა ჩემი მოწინააღმდეგე ოპოზიციონერი ლიდერები იყვნენ და ისინი მზად არიან, შეასრულონ თქვენი ინსტრუქციები. მთავარია, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და საკუთარ დედასაც დაახრჩობენ და მამას კი – დახვრეტენ.
– ესე იგი, ეკლესიაზე მტკიცედ მიიტანენ დარტყმას? – დააზუსტა გენერალმა.
– რა თქმა უნდა. მათ თავიანთი მოსაზრებები უკვე გამაცნეს და ანტიპიარის თემა შემუშავებული აქვთ.
– ძალიან კარგი, – თქვა გენერალმა.
– თქვენთან როგორაა საქმე? – დაინტერესდა ვიქტორ გაგრიანი.
– შესანიშნავად. ოპერაცია „გლოვის ზარი“ უკვე დაიწყო, ფართომასშტაბიან შეტევას ვაპირებთ, – თქვა გენერალმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3