კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რას უმზადებდა შალვა ახალციხელი ჯალალედინს, როგორ გაიგო ეს სულთანმა და რა მანევრი ჩაატარა ბამბაკის მთებში

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

შალვა ახალციხელი ტყვეობაშიც ცდილობდა სამშობლოს დახმარებას. გამოცდილ სტრატეგს კარგად ესმოდა, რომ გარნისში ქართველთა ჯარზე გამარჯვების შემდეგ, უსათუოდ ტფილისისკენ დაიძრებოდა ჯალალედინი. იცოდა, რომ ბებერი ივანე მხარგრძელის ხელში მყოფი საქართველოს ჯარი ვერ შეძლებდა ჯეროვნად მომზადებას ხელახალი ბრძოლისთვის. ისიც იცოდა, რომ მრავალრიცხოვანი ლაშქარი ჰყავდა ჯალალედინს. ამიტომ, ახალციხელის აზრით, ჩვენი ჯარი უნდა ჩასაფრებოდა მტერს ვიწრობებში და მოულოდნელად შეეტია.
ჯალალედინი ცდილობდა, შალვა და სხვა ტყვე ქართველები, დაერწმუნებინა, დახმარებოდნენ მას საქართველოს დალაშქვრაში. ამიტომ, კარგად ექცეოდა მათ. შალვასთვის რამდენიმე ქალაქიც უბოძებია ურმიის ტბის გარშემო, გვიამბობს სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი (მსგავსი ცნობა აქვს ქართველ მემატიანესაც). უნდა ვივარაუდოთ, რომ პირდაპირ ღალატს ჯალალედინი ვერ მოითხოვდა შალვა ახალციხელისგან. არარეალური იქნებოდა სამშობლოს წინააღმდეგ გალაშქრება, მშობელი ხალხის დამხობა და ქრისტიანული ქვეყნის განადგურება შეეთავაზებინა ჯალალედინს მისთვის – მთელს მსოფლიოში განთქმული ქრისტიანი მეომრისთვის. ალბათ, ჯალალედინი ჰპირდებოდა შალვა ახალციხელს და სხვა ქართველ ტყვეებს, რომ მხოლოდ ქართველებისა და ხორეზმელების გაერთიანება უნდოდა მონღოლთა მომავალი საფრთხის წინააღმდეგ.
ვინ ვერ ამოიცნობდა ჯალალედინის მზაკვრულ გეგმას, მაგრამ, სამშობლო იყო გადასარჩენი, ამიტომ, რა თქმა უნდა, შალვა ახალციხელიც შესაბამისად ღიად ვერ გამოხატავდა, რომ გრძნობდა ჯალალედინის სივერაგეს. მაგრამ ფარულად, ჩვენი გმირი წინაპარი ცდილობდა, გაეფრთხილებინა მშობელი ხალხი, როდის და რომელი გზით გამოემართებოდა მტერი ტფილისისკენ.
ამასობაში, ტფილისში, სამეფო კარზე, სამხედრო უწყება უნდა მომზადებულიყო შესაბამისად. უნდა გაეაქტიურებინათ დაზვერვა. გაემაგრებინათ გზები და ხეობები, ხელახლა შეეგროვებინათ ჯარი, დაქირავებული მეომრები გადმოეყვანათ ჩრდილოეთ კავკასიიდან, მოეწვიათ ყმადნაფიცი ქვეყნების სამხედრო ნაწილებიც, როგორც ეს გააკეთა ლაშა-გიორგიმ მონღოლებთან პირველი მარცხის შემდეგ. დრო საკმაოდ ჰქონდათ – რამდენიმე თვე.
ეს ყველაფერი, რაღაც დოზით, კიდეც მიმდინარეობდა ქვეყანაში, მაგრამ, მომდევნო ამბები გვამცნობს, რომ, სამწუხაროდ, კარგად ვერ მუშაობდა სამხედრო უწყება ჩვენს სამშობლოში.
  გარკვეული კომუნიკაცია თანამემამულეებთან, ეტყობა, მაინც მოახერხა შალვა ახალციხელმა და ჯალალედინის ჯარის წინააღმდეგ ჩასაფრების ადგილი შეათანხმა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, შალვა ახალციხელის გეგმა ჩავარდა. ალბათ, მისი წერილი ჯალალედინის ხალხმა ჩაიგდო ხელში. ჯუვეინის უცნაურად აქვს ეს მოთხრობილი, თითქოს მთვრალმა მღვდელმა, ტრაბახით გათქვა საიდუმლო, რაც ნაკლებად სარწმუნოა. მაგრამ, საიდუმლო რომ მაჰმადიანებისთვის ცნობილი გახდა, ნაღდია.
  ჯალალედინი მიხვდა, შალვა ახალციხელი ხაფანგს მიგებსო და გადაწყვიტა, გამოეცადა შალვა ახალციხელი და სხვა ქართველი ტყვეები. იმ დროს, სულთანი ჯართან ერთად, ბამბაკის მთების სამხრეთით მდგარა, სომხეთში. მოაყვანინა ისინი და ჰკითხა:
„მინდა, რჩევა გკითხოთ, რომელი გზა უკეთესია, ყარსისა თუ მარქაბის ხეობის?“
ჯუვეინი, მარქაბის ხეობას უწოდებს მდინარე დებედას ხეობას, საიდანაც ბამბაკიდან უახლოესი გზაა ტფილისამდე (ასეთ დასკვნამდე მიდის ჯუვეინის ტექსტის მთარგმნელი რევაზ კიკნაძეც).
  ქართველებმა მიუგეს: „ყარსის გზაზე გამაგრებული ქალაქებია, იქ გავლა გაძნელდება. მარქაბის გზა კი შუა გზაა და უფრო ახლოა თბილისთან. როცა იქ მივალთ, სულთნის გამოჩენის ხმაზე იმათი ლაშქარი გაიფანტება და თბილისის ვილაიეთს დავიკავებთ და დავიპყრობთ“.
  შალვა ახალციხელმა და ქართველმა ტყვეებმა არ იცოდნენ, რომ მათი შეთქმულება ჯალალედინის წინააღმდეგ ჩავარდა. გეგმას მიჰყვნენ და კვლავ სცადეს, ჯალალედინი ბამბაკის გზით წამოეყვანათ ტფილისისკენ, სადაც, დებედას ხეობაში, მტერს, ჩასაფრებული უნდა დახვედროდა ქართული ჯარი.
ჯალალედინი დარწმუნდა, – წერს ჯუვეინი, – რომ შალვა ახალციხელი და სხვა ქართველები ატყუებდნენ, ამოიღო ხმალი, შალვა მოკლა და სხვებიც დაახოცინაო.
  ჯალალედინმა გადაწყვიტა, რადგან ქართველებმა შალვა ახალციხელის ამბავი არ იციან, ასევე, არ იციან, რომ მათი გეგმა გავიგეთ და ჩასაფრებული გველოდებიან, მოულოდნელად დავესხათ თავსო.
  10 000 მეომარი წამოიყვანა ჯალალედინმა, ზამთრის სიცივეში, სწრაფი და მოულოდნელი მარშით გადმოიარა ბამბაკის ქედი და გამთენიისას, ზურგიდან დაესხა თავს ქართველებს, რომლებიც „მახეში მოხვნენ“. ჯუვეინის ზღაპრული შეფერილობით აქვს მოთხრობილი მაჰმადიანი სულთნის მანევრი ბამბაკის ქედზე:
  „ათი ათასი გულოვანი კაცი სასწრაფოდ დაიძრა და იარეს ბანდ-ე ფამბას (ბამბაკის) ხეობის კალთამდე, რომელზე გადაფრენა მხოლოდ არწივს შეეძლო. ჯალალ ად-დინი ცხენიდან ჩამოხდა და ლაშქარიც ფეხდაფეხ მიჰყვა. მთის თხები მის სვლას რომ ხედავდნენ, ქვეითად სიარულის გამო დარცხვენილნი და შეშინებულნი თავდაყირა ცვიოდნენ მთიდან. როდესაც განთიადის ნაკადულები აჩუხჩუხდა, იმ გარყვნილებამდე მიაღწიეს. ორივე მხრით სასტიკი ბრძოლა გაიმართა და ისარსა და ხმალზე იტაცეს ხელი, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ჭეშმარიტებამ არ სძლია სიცრუეს, წარმართთა სექტის დიდი ნაწილი მოსპობის მახეში მოხვდა და ცდომილი ხალხი დამღუპველმა გველებმა დაკბინეს. სულთნის მომხრეებმა გაიმარჯვეს, ხოლო ეშმაკის მეგობრები იძლივნენ“.
მაჰმადიანი მემატიანე შემდეგი დღეების ბრძოლათა აღწერას განაგრძობს. როგორც ჩანს, ჩვენი წინაპრები, ფაქტობრივად, პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ. რადგან, მეფე ქალი იყო და წინ ვერ გაუძღვებოდათ, მისი თურქი ქმარი კი თავს არ მოიკლავდა ფორმალურად მიღებული მართლმადიდებლობისთვის. ამირსპასალარი და ათაბაგი, უკვე ბერად აღკვეცილი ივანე მხარგრძელი ციხეში ყოფილა შეკეტილი, როგორც გვიამბო ჟამთააღმწერელმა. აღარც ასაკი მისცემდა საშუალებას, ბრძოლის ველზე გამოსულიყო.
  არეული სამხედრო უწყება ვერ მუშაობდა მოქნილად. მაგრამ, ჩვენი მეომარი წინაპრები თავს არ ზოგავდნენ. დებედას ხეობაში მოულოდნელად განცდილი მარცხის მერე ბევრმა უკან არ დაიხია და პატარ-პატარა ჯგუფებმა სიკვდილამდე ბრძოლა გადაწყვიტეს.
  ჯუვეინი ამას ასე აღწერს: სულთნის ნაწილებმა „იმ დღეს დაღამებისთანავე იქვე დაიბანაკეს. მეორე დღეს ლორეს ველზე მივიდნენ. ისეთი მტვერი დადგა, რომ კაცი ვეღარ ცნობდა ერთმანეთს. როცა მტვერი ჩადგა და მზე ამოვიდა, დაინახეს ქართველები, რომლებიც მახეში გაბმული ნადირივით ხუთ-ხუთ და ათ-ათკაციან ჯგუფებად შეგროვილიყვნენ. ვინც კი დაინახავდა ქართველს იქვე ჰკლავდა, სანამ ამრიგად ბევრი არ გაწყდა“.
ჯალალედინი ლორეს ციხეს მიადგა.

скачать dle 11.3